კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაზეთ „გურია ნიუსის“ რედაქცია დაარბიეს

11 ნოემბერი, 2010
შორენა ღლონტი, გურია

28 ოქტომბერს გაზეთ „გურია ნიუსის“ ჩოხატაურის ოფისი დაარბიეს. როგორც გაზეთის რედაქციაში აცხადებენ, ოფისში მისულ თანამშრომლებს მეტალოპლასტმასის ორმაგი ფანჯრის მინები მოზრდილი ქვებით ჩამსხვრეული დახვდათ. „პოლიციის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან  ნახევარი საათის შემდეგ მოვიდნენ“, - აცხადებს „გურია ნიუსის“ დამფუძნებელი ია მამალაძე.

მომხდარს ოპოზიციური პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხმად ვანდალურ ფაქტს უწოდებენ. „გურია ნიუსმა“ კი რამდენიე საათში საგანგებო განცხადება გაავრცელა:

„მიუხედავად იმისა, რომ შენობას დაცვის სამსახური იცავს, ხოლო პოლიციის განყოფილება არც თუ დიდი მანძილითაა დაშორებული, დამნაშავეს არც არაფრის შიში ჰქონია და მისთვის ხელიც არაფერს შეუშლია. ეს ვანდალური ფაქტი წარმოადგენს ზეწოლის ლოგიკურ გაგრძელებას, რასაც ხშირად აქვს ადგილი გურიაში საჯარო მოხელეების მხრიდან ჟურნალისტებისადმი მუქარის თუ შეურაცხყოფის სახით. როგორც ჩანს, მწვავე პუბლიკაციები, ჟურნალისტური მოკვლევები, რომლებიც ამხელენ გურიაში კორუფციის, მიწების დატაცების ფაქტებს, შესყიდვებსა და ტენდერებში არსებულ განუკითხაობას, თანამდებობის პირებში მწვავე რეაქციებს იწვევენ. ჩვენ ვაცხადებთ - გაზეთის არც ერთი თანამშრომლის ფიზიკური ხელშეუხებლობა და სიცოცხლე ამგვარ გარემოში დაცული არ არის! გაზეთს, ჟურნალისტებს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს საჯარო ინფორმაციის მასობრივი დაბლოკვა, მისი გამოთხოვისთვის დღითიდღე გაზრდილი გადასახადი - ერთი ჟურნალისტური მოკვლევის, სრულფასოვანი სტატიის მომზადება უკვე იმდენად ძვირი ჯდება, რომ ვერც ერთი მედიაორგანიზაცია, რაც არ უნდა გამართული მენეჯმენტი ჰქონდეს, ამ ტვირთს ვერ შეეჭიდება. უზარმაზარ ტვირთად გვაწევს სასამართლო პროცესებისთვის არსებული გადასასახადიც. ამას ემატება საჯარო მოხელეების ცინიკური დამოკიდებულება მოსახლეობისადმი, ამომრჩევლისადმი, როცა ისინი უარს აცხადებენ, ჟურნალისტს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხზე კომენტარი მისცენ. გამოძიება არ ჩატარებულა აქამდე მომხდარ არც ერთ ფაქტზე: ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციის განყოფილებაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების პირველი პირების მუქარები, რომლის შესახებაც მთელმა საქართველომ სიუჟეტი ტელეეთერშიც იხილა, არჩევნების დროს ჟურნალისტების შეურაცხყოფა... ხოლო პროკურატურიდან დღემდე  სტანდარტულ პასუხებს ვიღებთ: „უწყების ადგილობრივი წარმომადგენლები საჯარო მოხელეთა ამ ქმედებებში -დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავენ.

საფრთხეშია ჟურნალისტების სიცოცხლე, რომლებიც უმძიმეს პირობებში ახერხებენ მრავალრიცხოვანი მკითხველისთვის არგუმენტებითა და ფაქტებით გამყარებული მასალების მიწოდებას. ასევე საფრთხეშია მათი შვილების, ოჯახების წევრების სიცოცხლეც, რადგან დაუსჯელობისა და უფლებამოსილებების განუსაზღვრელი, უკონტროლო გადამეტების გამო, გურიაში საჯარო მოხელეები დღემდე კანონს მიღმა დგანან! ამიტომ, მთელ პასუხისმგებლობას უკვე მომხდარი ამაზრზენი ფაქტის ან მოსალოდნელი საფრთხის გამო, ვაკისრებთ ხელისუფლებას და სამართალდამცავებს. მივმართავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია სიტყვისა და გამოხატვის გაიშვიათებული ჰაერის თითოეული ნამცეცი: ამოგვიდექით მხარში, რადგან ჩვენი მოთხოვნები მარტივია - მოვითხოვთ არსებობისთვის,  ჩვენი პროფესიული მოვალეობის განხორციელებისთვის ელემენტარულ უსაფრთხოებას! მოვითხოვთ ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავის კანონის შესაბამისად დასჯას! მოვითხოვთ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას! მოვითხოვთ საჯარო მოხელეთა კანონმორჩილებას და ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე“.

პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯომარე შოთა გოგიბერიძე მომხდარ ფაქტს ვანდალიზმს უწოდებს: „თვით ფაქტი, ყველა შემთხვევაში, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულ აქტად მიმაჩნია. საფუძვლიანი ეჭვი გამაჩნია, რომ სამართალდამცავი და ძალოვანი სტრუქტურები ტრადიციულად უპასუხოდ დატოვებენ ამ ფაქტს, რაც თავისთავად, კიდევ ერთი დასტური იქნება, რომ ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმი დიქტატურული რეჟიმის სახეს იღებს. ქვეყანაში არ არის სამართლიანი სასამართლო და ობიექტური გამოძიების პერსპექტივები. ე.ი. არ არსებობს შანსიც იმისა, რომ აღნიშნული ვანდალური ფაქტი იქნას გამოძიებული და დამნაშავე დასჯილი. მიზანს კი ამგვარი ფაქტებისა წარმოადგენს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინება, რათა მათ ვერ შეძლონ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულება“.

ასევე ვანდალიზმად აფასებს მომხდარს პოლიტიკური პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თემურ სალუქვაძე: „ეს ყველაფერი ემსახურება ადამიანების და კერძოდ, ამ შემთხვევაში, თავისუფალი ჟურნალისტების დაშინებას. მე მოვუწოდებ, სამართალდამცავ ორგანოებს სასწრაფოდ გამოიძიონ ეს ფაქტი. ამ ფაქტს საზოგადოების უდიდესი ნაწილი შეაფასებს, როგორც თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობას. ობიექტური გამოძიება ხელისუფლების ინტერესში უნდა შედიოდეს, თუ ის არ ემსახურება ჟურნალისტიკის დაშინებას, თუ ის ხელს უწყობს ადამიანის თავისუფალ აზროვნებას და გამოხატვას. მაშინ ეს საქმით და გამოძიებით უნდა დამტკიცდეს“.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მექვაბიშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ქმედება ვანდალიზმი და ხულიგნობაა. ადამიანი ამას შეგნებულად თუ აკეთებს, ბუნებრივია, ის ფსიქოლოგიურად ვერ არის მოწესრიგებული. დარწმუნებული ვარ, გამოიძიებენ, ნახავენ, ვინ გააკეთა ეს და აღკვეთენ ასეთ ფაქტს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი ფაქტია და მიმაჩნია, რომ ასეთი რამ არ უნდა მოხდეს”.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოზურგეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.

არასამთავრობო ორგანიზაციამ - „მედია და საზოგადოება“ 30 ოქტომბერს მიმართვა გაავრცელა. „არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია და საზოგადოება“ გაზეთ „გურია ნიუსის“ მიმართ განხორციელებული ძალადობის კიდევ ერთ გამოვლინებას გმობს და მოუწოდებს, როგორც სახელისუფლებო, ისე ძალოვან სტრუქტურებს, სასწრაფოდ გამოიკვლიონ ის დივერსიული ფაქტი, რომელსაც გაზეთის რედაქციის მიმართ ჰქონდა ადგილი და დამნაშავეები შესაბამისად დაისაჯონ. არ არსებობს ძალა, რომელიც პროფესიონალ ჟურნალისტებს, უარს ათქმევინებს თავის საქმეზე, ვერც ქვების და ვერც ტყვიების სროლის ხარჯზე. ამ ფაქტის, ისევე, როგორც სხვა დანარჩენის გამოძიება, თავისუფალი მედიის მიმართ, ხელისუფლების მიდგომის დემონსტრირება იქნება. ამიტომაც, იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად მაინც გაირკვევა, დაისჯება და არ განმეორდება მსგავსი ფაქტები“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ფოთში მომუშავე ჟურნალისტების ერთი ნაწილი და საზოგადოების წარმომადგენლები უერთდება.

ახალი ამბები