კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიცოცხლე რისკის ქვეშ

12 ნოემბერი, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახმეტის რაიონის სოფელ ქორეთში გოგიტიძეების სამსულიანი ოჯახი უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს. გოგიტიძეები აჭარიდან 6 წლის წინ ჩამოასახლეს. საცხოვრებელ სახლში წვიმის დროს წყალი ჩადის, ნესტისგან კედლები იშლება, იატაკი კი ისეა დაზიანებული, რომ ოჯახის წევრები სარდაფში ვარდებიან.

„შუაღამისას ჩავარდა იატაკი და საწოლიანად ჩამიტანა სარდაფში. ძლივს ამომიყვანეს იქიდან. თავი რაღაცას მივარტყი და იმის შემდეგ სულ მტკივა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, ადრეც რამდენჯერმე ჩაგვენგრა იატაკი. სულ დამპალია ფიცრები. შიშით დავდივართ, რომ კიდევ არ ჩავარდეს. ამ სახლში ცხოვრება შეიძლება? იმდენი ბინაა უპატრონოდ, ხომ შეიძლება, რომ სხვაგან შეგვასახლონ, სადაც უსაფრთხოდ ვიქნებით“, - ამბობს ჟუჟუნა გოგიტიძე.

ოჯახის უფროსი მუხამედ გოგიტიძე აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი სახლი შესახლებამდეც მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული. მუხამედ გოგიტიძემ ოჯახის სხვა ბინაში გადაყვანის თხოვნით ან აჭარაში უკან დასაბრუნებლად ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს არაერთი განცხადებით მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის შეძენილი საცხოვრებელი სახლების განაწილება ოჯახის სულადობის გათვალისწინებით, კენჭისყრის წესით ხორციელდება. „რადგან გოგიტიძეების ოჯახი შედგება 2 წევრისგან, შეხვდათ ერთსართულიანი სახლი, რის გამოც ამ წლების განმავლობაში გამოთქვამენ უკმაყოფილებას და აცხადებენ, რომ სახლი საცხოვრებლად გამოუსადეგარია“, - აღნიშნულია სამინისტროს წერილში.

სამინისტროს ცნობით, 2006 წელს, მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სოფელ ქორეთში ადგილზე იქნა შესწავლილი გოგიტიძეების საკითხი. „სამინისტროს პოზიცია წამოყენებულ უსაფუძვლო პრეტენზიებთან დაკავშირებით მუხამედ გოგიტიძეს არაერთგზის ეცნობა, როგორც წერილობით, ასევე სიტყვიერად. რაც შეეხება აჭარაში დასაბრუნებლად მათი ოჯახის ტრანსპორტირების საკითხს, სამინისტროს ბიუჯეტში ამ სახის მატერიალური ხარჯების გასაწევად თანხა გათვალისწინებული არ არის“, - ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ წერილში.

მუხამედ გოგიტიძე ამბობს, რომ მათთან საცხოვრებელი სახლის შესამოწმებლად სახელმწიფო სამსახურებიდან არავინ მისულა.

გოგიტიძეების ოჯახი დახმარებას საქართველოს სახალხო დამცველს და უფლებადაცვით ორგანიზაციებს სთხოვს.

ახალი ამბები