კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ ცხოვრობენ აფხაზეთში დაღუპული მეომრების ოჯახები

12 ნოემბერი, 2010

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს მთავრობა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების მემორიალთან მიდის. ის ოჯახები კი, რომელთა შვილების, ქმრებისა და მეგობრების გვარები ხსოვნის მემორიალს ამშვენებს, სხვადასხვა რეგიონებში ცხოვრობენ და ყოველდღიურ პრობლემებს ებრძვიან.

აფხაზეთის ომში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული 23 წლის გიორგი აფციაურის მამა დღეს უმისამართოდ ცხოვრობს. „მე ჩემ შვილს ვთხოვდი, არ წასულიყო ომში, მაგრამ სახლიდან გაგვეპარა. ტყვიით არ იყო გიორგი მკვდარი. სხეულზე შტირის ასამდე ნაჩხვლეტი ჰქონდა. სხვებზე მეტად იმით გამიმართლა, რომ ჩემი შვილის საფლავი მაქვს“, – გვიყვება გიორგის მამა ისიდორე აფციაური. იგი რუსთავში კოსტავას ქუჩაზე ახლობელთანაა შეკედლებული. გვაჩვენებს ბინაში ფარდით გამოყოფილ მის კუთხეს, სადაც აქვს საწოლი, კარადა და სკამი.

„მე წარმოშობით ფასანაურიდან ვარ. იქ სახლი მიწისძვრამ დამინგრია. ჩემი გიორგის ტანსაცმელიც იმ სახლში დამრჩა. ბევრი ვეხვეწე მთავრობას, სახლის აღდგენაში დამხმარებოდა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მერე მეც არ მქონდა მაგათთან კარზე დგომის ძალა და თავი დავანებე. რუსთავში თბილისის ქუჩაზე შევედი ერთ ოთახში. გავარემონტე, ფანჯრები და იატაკი - ყველაფერი მოვაწესრიგე. მითხრეს, ამას დაგიკანონებთ, ოღონდ ჯერ ფასანაურიდან ამოეწერეო. მე კი ამოვეწერე, მაგრამ მანადე აქ ის ვიღაც უფროსი გელაშვილი შეუცვლიათ და სხვამ რუსთავში ფართი აღარ დამიკანონა. ასე დავრჩი ქუჩაში. ახლა არც იქ ვარ რეგისტრირებული და არც აქ. ამათმა კი შემიფარეს, მაგრამ როდემდე ვიქნები ასე?!“ - ამბობს ისიდორე აფციაური და გვიყვება, წლების წინ ელენე თევდორაძეს როგორ მისწერა წერილი, - „ძალიან გულისხმიერი პასუხი მომწერა. მერე მაშინდელ გუბერნატორსაც მისწერა ჩემზე, დაეხმარეო, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ახლა ყველაფერზე ხელი მაქვს ჩაქნეული. აღარ მყოფნის ნერვები, ეს საბუთები ვაგროვო და ერთი სამინისტროდან მეორეში ვიარო“.

თავის გაჭირვებაზე გვიამბობს აფხაზეთში დაღუპლი ბადრი შუბითიძის მეუღლე, მედეა ახალაია: „ერთადერთი, რაც დამრჩა მემორიალია, სადაც ჩემი ქმრის სახელი და გვარი წერია. ეს არის ჩვენი სასაფლაო. მე ვერ შევძელი მისი აფხაზეთიდან გადმოსვენება. ნაღმზე იყო აფეთქებული და შეკოწიწებული სხეულის ბალზამირება ვერ მოხერხდა. ორი შვილი მყავს და როგორც მარჩენალდაკაურგული 46 ლარს ვიღებ. დღეს ოჯახის რჩენა ყველას უჭირს, ჩვენ - განსაკუთრებით. აფხაზეთიდან გადმოსვლის შემდეგ ბევრი ბრძოლა დაგვჭირდა საცხოვრებლისთვის და ყველაფრისთვის. ახლა ჩემმა ერთმა ბიჭმა თონეში მუშაობა ისწავლა და ძალიან უნდა, თავისთვის გააკეთოს. კაპიკებს უხდიდნენ და თქვა - უკვე ასე აღარ შემიძლიაო. მე ვერაფრით ვეხმარები. ჩვენი ბინა კი, ხედავთ, რა დღეშია. დევნილთა სამინისტროს ადგილობრივ შტაბში ვიყავი მისული, ვკითხე - გაგვირემონტებდნენ თუ არა, მაგრამ ჯერ არაფერს ამბობენ. თვითონაც არ იციან, შეუძლიათ თუ არა“.

მედეა ახალაია ახლა სოციალურად დაუცველთა პროგრამაშია ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ აქვს სამედიცინო პოლისი, მაინც ვერ იკეთებს მისთვის აუცილებელ ჩიყვის კვანძების გახსნის ოპერაციას. „ეს ბურთები ყელზე დღითიდღე იზრდება. ექიმი მაძლევს ცნობას, რომ მჭირდება ოპერაცია, მაგრამ პოლისი არ მიფინანსებას ამას. ასე მითხრეს - ჩვენ დაგეგმილ ოპერაციებს არ ვაფინანსებთო“. 

ახალი ამბები