კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„არ გადაიხდით წყლის საფასურს, იჯექით სიბნელეში!..“ - ფოთელებისთვის ეს განაჩენი განსაკუთრებულად მკაცრია

12 ნოემბერი, 2010
ინგა გვასალია, სამეგრელო

ფოთში წყლის ჩაფლავებული პროექტის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. წლების განმავლობაში საქართველოს მთავარ საპორტო ქალაქში არაფერი იცვლება - ფოთს წყალი ისევ გრაფიკით, ორ დღეში ერთხელ, უბნების მიხედვით და მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდება. როდის დამთავრდება ქსელის აღდგენაზე მუშაობა, არავინ იცის. წყლის რეაბილიტაციისთვის, როგორც ირკვევა, ისევ კოლოსალური თანხებია საჭირო. 

ამას ემატება ისიც, რომ ხშირად ონკანებიდან სასმელად უვარგისი წყალი მოედინება. წყლის გადასახადის ძველი დავალიანების ამოღებაც რთული და მტკივნეული პროცესია. ბევრ საცხოვრებელ კორპუსს რამდენიმე დღით საერთოდ შეუწყვიტეს სასმელი წყლის მიწოდება დასჯის და დაშინების მიზნით. თუმცა, ამ „სადამსჯელო ოპერაციაში“ ის აბონენტებიც მოყვნენ, რომლებიც ყოველთვიურად კეთილსინდისიერად იხდიან წყლის გადასახადს. 

როგორც ჩანს, დასჯის მარტივმა მეთოდმა არ გაამართლა და წყლის მესვეურებმა ახალი წესი შეიმუშავეს - დეკემბრიდან წყლის დავალიანების გამო აბონენტს შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდებაც, მნიშვნელობა არა აქვს, ექნება თუ არა მას გადახდილი დენის ფული. ასეთი გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ  მიიღო. „თელასსა“ და „ენერგოპრო ჯორჯიას“ აბონენტის მიმდინარე დავალიანების აღრიცხვა დაევალათ. 

კომისიის თავმჯდომარის, გრიგოლ ჩალაგაშვილის განცხადებით, წყლის ძველ დავალიანებასთან დაკავშირებით კომისიამ დაავალდებულა წყლის მიმწოდებელი კომპანიები, რომ მიმართვის შემთხვევაში, ისინი მომხმარებლის დავალიანების რესტრუქტურიზაციას მოახდენენ. რესტრუქტურიზაცია დავალიანების მინიმუმ 36 თვეზე გადანაწილებას გულისხმობს. რაც შეეხება სადავო დავალიანებებს, ჩალაგაშვილის თქმით, მომხმარებელს უფლება აქვს, შესაბამისი სარჩელით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ  კომისიას მიმართოს. 

ქალაქში დავალიანებების ამოღების პროცესი სექტემბრიდან  დაიწყო უმკაცრესი სანქციებით და მოთხოვნებით. „წყლის ფულიც უნდა გადაიხადოს ყველამ! დენს ხომ იხდით?!“ -  გვითხრეს „დასავლეთი წყალის“ ფოთის სერვისცენტრში. ეს ამ უწყების ხელმძღვანელის არაოფიციალური განცხადებაა,  რადგან როგორც გვითხრა, მას კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვს. უპასუხოდ რჩება მრავალი კითხვა, რომელიც  თანამოქალაქეებს აწუხებს.

დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ გავარკვიეთ, ზუსტად რა თანხაზეა საუბარი და რამდენია მოსახლეობის მთლიანი დავალიანება. სავარაუდოდ, საუბარია  211 000 ლარზე, ხოლო ამოღებულია დაახლოებით 76 000. ჩვენ ასევე ვერ მივიღეთ პასუხები მრავალ საინტერესო საკითხზე, მაგალითად - წლების განმავლობაში არ ხდებოდა მოხმარებული წყლის რაოდენობის სწორი აღრიცხვა. ბევრი აბონენტი საერთოდ არ იყო სიაში. ეს განსაკუთრებით კორპუსებში მაცხოვრებლებს ეხებათ. ზოგან დავალიანებები მთლიან კორპუსებზე გადანაწილდა ოჯახზე 10 ლარის ოდენობით. 

პარალელურ რეჟიმში მოქალაქეებს  ახდევინებენ სულადობრივ გადასახადს - სულზე 2,40 ლარს თვეში. განსხვავებულია მრიცხველებით წყლის გადასახადი -  ერთ ტონა მოხმარებულ წყალზე, კორპუსებში 80 თეთრის გადახდას ითვალისწინებს, ხოლო კერძო სახლებში - 55 თეთრს. იურიდიულ პირებზე წყლის გადასახადი თვეში ერთ ტონა მოხმარებულ წყალზე, 3 ლარსა და 40 თეთრს შეადგენს. გამკაცრებული სანქციების პარალელურად, იზრდება მოსახლეობის უკმაყოფილება. ხშირად კერძო პირებთან, წყლის ავზზე დაყენებული მრიცხველის პარალელურად, სულადობრივი გადასახადის ქვითარიც მიაქვთ, რასაც იმით ხსნიან, რომ ასეთ შემთხვევაში მრიცხველი არ არის ფიქსირებული და ამიტომ მომხმარებელმა ორმაგად უნდა გადაიხადოს. 

მრიცხველების საკითხი დაბნეულობას იწვევს, რადგან წინა წლებში დაყენებული ჩინური წარმოების მრიცხველები არ შეესაბამება სტანდარტს და შესაცვლელია. ესეც იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას. არსებობს წყლის რუსული სტანდარტული მრიცხველი, რომელიც 50 ლარი ღირს. სწორედ ეს უნდა დააყენოს ყველა მომხმარებელმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაეკისრებათ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. 

საუბრის ცალკე თემაა წყლის ხარისხი. წყალკანალში თავს იმართლებენ, რომ ქალაქში ძველი, დაზიანებული და დაჟანგული მილებია. მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გამოიცვალოს და ქალაქში უნდა ჩაიდგას საერთო ჯამში 112 კმ სიგრძის მილები. მანამდე კი, როგორც გვითხრეს, წყლის ხარისხზე პასუხისმგებლები ვერ არიან, რადგან სათავე ნაგებობიდან არანაირი პრობლემა არაა, წყალს ყოველ საათში ერთხელ ქლორავენ და ფილტრავენ. წყალი დაჟანგული და უკვე დამტვრეული მილებიდან ბინძურდება. ნიადაგიდან ცუდი ნივთიერებები ერევა წყალს, შესაბამისად, შეიძლება, ქალაქის ერთ უბანში სუფთა, მეორეში კი დაბინძურებული წყალი მოდიოდეს. 

„დასავლეთი წყალის“ ფოთის სერვისცენტრში თითქმის ყოველდღე მიდიან მოქალაქეები კონკრეტული უბნებიდან დაზიანებული მილის შეკეთების მოთხოვნით. შეკეთების პროცესი კი ჭიანურდება. როგორც აქ განმარტავენ, შესაბამისი და საკმარისი ტექნიკა არა აქვთ და დაზიანებების აღმოფხვრა დროულად ვერ ხდება. ამასობაში, წყლით მოწამლული ადამიანი, უფრო ხშირად - ბავშვები, თითქმის ყოველდღე ხვდებიან საავადმყოფოში. 

ფოთში ძალიან მწვავეა კანალიზაციის პრობლემაც. მართალია, ამ საკითხის მოსაგვარებლად ბევრი გაკეთდა, მაგრამ ქალაქის უმეტესი ქუჩებისა და კორპუსების მიმდებარე ტერიტორიები ხშირად იტბორება ფეკალური წყლით.
 
ასეთი მდგომარეობის ფონზე, აჯობებდა, მომხმარებლისთვის სასმელად ვარგისი წყალი მიეწოდებინათ, მილების რეაბილიტაცია მომხდარიყო და მხოლოდ ამის შემდეგ გატარებულიყო ასეთი მკაცრი ზომები. არავინ დავობს, რომ გადასახადი ყველამ კეთილსინდისიერად უნდა გადაიხადოს, მაგრამ შესაბამისად უნდა ხდებოდეს მომხმარებლის უფლებების გათვალისწინებაც. სულ მალე, თუკი ისინი წყლის საფასურს არ გადაიხდიან, უწყლო ცხოვრებას უშუქობაც დაემატება.

შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები ჟურნალისტებს კომენტარზე უარს გვეუბნებიან და  წესად ექცათ სხვაგან გადამისამართება. ამდენად, სტატიის მომზადებისას უშედეგოდ ვცდილობდით იმაზე მეტი გაგვეგო, რაც აქ გიამბეთ. აღმოჩნდა, რომ არც ფოთში და არც რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციასი ჩვენს კითხვებს არავინ პასუხობს. ვერც პრესცენტრებიდან მივიღეთ სასურველი პასუხი. 

ახალი ამბები