კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფორმა #9 - ფარატინა მაშველი რგოლი ახალგორელებისთვის

12 ნოემბერი, 2010
მარი ოთარაშვილი, ახალგორიდან

მეტად საჭირო საბუთის - ფორმა #9-ის გაცემის პროცესი ახალგორში 2 კვირით შეწყდა. ამის მიზეზი რაიონში ნოტარიუსის არყოფნაა. როგორც ადგილობრივი ჩინოვნიკები ამბობენ, ნოტარიუსი ავად არის და თავის მოვალეობას 2 კვირის შემდეგ აუცილებლად გააგრძელებს, მანამდე კი ახალგორიდან თბილისისკენ და პირიქით გადაადგილებისას პრობლემები მგზავრებს არ შეექმნებათ.
 
ფორმა#9  საცხოვრებელი ადგილის ცნობის მსგავსი ფორმულიარია ფოტოსურათით, რომელშიც მითითებულია გვარი, სახელი, მამის სახელი და საცხოვრებელი ადგილის მისამართი. მის ასაღებად მსურველს სჭირდება 4 ფოტოსურათი, ცხინვალელი ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დაბადებისა და პირადობის მომწმობების ასლი და საცხოვრებელი ადგილის ცნობა, რომელსაც ახალგორის ადგილობრივი საბჭო გასცემს. საბჭოს წარმომადგენელი ახალგორის მილიციაში ზის, რათა ფორმის გაკეთების მსურველმა საბჭოში მისვლისთვის დრო არ დაკარგოს.     

თბილისიდან ახალგორისკენ სამარშრუტო ტაქსი მთლად სავსე არ გასულა. თუმცა, წეროვნიდან ამოსული მგზავრებით მანქანა ისე დაიხუნძლა, რომ, როგორც იტყვიან, ნემსი ძლივს ჩავარდებოდა. 

ვიდრე ახალგორში  ფორმა#9-ების ისტერია ატყდებოდა, პირიქით იყო - ახალგორის „მარშრუტკა“ თბილისიდან სავსე გადიოდა და წეროვანში ცარიელდებოდა. როგორც ჩანს, აღნიშნული დოკუმენტი წეროვანში მცხოვრები ახალგორელებისთვის მნიშვნელოვანია და ამაზე ხმამაღლაც საუბრობენ. 

„რა ვქნათ, აბა?! სხვანაირად მგზავრობა გაგვიჭირდება“, – ხელებს ასავსავებენ ადგილობრივები. 

ჩვენი მგზავრობა იმით იყო საინტერესო, რომ სამარშრუტო ტაქსში ერთ-ერთი მგზავრი რუსი გახლდათ. ყველა მას უყურებდა გაკვირვებული და არავის სჯეროდა, რომ უცხოელი და თანაც რუსი თბილისიდან ახალგორში მიდიოდა.

„მარშრუტკა“ სოფელ ახმაჯთან, ქართულ ბლოკ-საგუშაგოზე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მივიდა. აქ წესისამებრ მძღოლმა პირადობის მოწმობები აკრიფა და ქართულ პოლიციას წარუდგინა. ბოლო დღეებში ახმაჯთან ქართულ ბლოკ-საგუშაგოზე გაცილებით მეტი პოლიციელი პატრულირებს, ვიდრე ეს ადრე იყო. შესაძლებელია, ადრეც ამ რაოდენობის იყვნენ, მაგრამ არ ჩანდნენ. ახლა კი ახალგორში  ფორმა #9-ების დარიგების ბრალია, თუ უბრალოდ, მზიანი დღეებისა, ბლოკ-საგუშაგოსთან გარეთ 10 პოლიციელი მაინც დგას. მათთან არის უშიშროების რამდენიმე წარმომადგენელიც. ზოგიერთი პოლიციელი გზას უყურებს, ზოგიც - დურბინდით  გასწვრივ მთებისკენ მდგარ რუსების კარვებს.  

სამარშრუტო ტაქსის მძღოლის მიერ პირადობის მოწმობების გადაცემის შემდეგ ცოტა ხანში ერთ-ერთმა პოლიციელმა რუსი მგზავრი დაბლა ჩაიყვანა. ეს კაცი საინფორმაციო ვებ-პორტალის - „კავკაზსკიი უზელის“ ჟურნალისტი აღმოჩნდა და მოსკოვიდან ახალგორში რეპორტაჟის გასაკეთებლად მიდიოდა. 

მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყველა ფორმალური მხარე კანონის დაცვით – ვიზით დაწყებული და სხვა ოფიციალური მიმართვებით დამთავრებული – საქართველოში მოგვარებული აქვს და, წესით, პრობლემები არ უნდა შეექმნას. თუ არ ჩავთვლით 30 წუთზე მეტ ხანს გაჩერებას ქართულ ბლოკ-საგუშაგოზე. რუსი ჟურნალისტის გადადგილების საკითხი ქართულმა პოლიციამ საგულდაგულოდ გაარკვია სხვადასხვს ინსტაციებში დარეკვით. საბოლო ჯამში „კავკაზსკი უზელის“ ჟურნალისტს, გრიგორი შვედოვს ქართულ საგუშაგოზე პრობლემა არ შექმნია. 

სულ რაღაც რამდენიმე მეტრში რუსული საგუშაგოს რიგიც დადგა. 

- პირადობებიც მომაწოდეთ, – ისმის ჯიხურიდან რუსი „მესაზღვრის“ ძახილი ქართულად.

- ვაა, ქართული ისწავლეს უკვე?! – უკვირს ერთ მოხუც კაცს მგზავრთაგან.

- შენ ის თქვი, ჩვენ არ დაგვავიწყდეს ქართული, თორემ ესენი ვერ ხედავ, სწავლობენ, – მწარედ გაეცინა მის გვერდით მდგარ ქალს და რუს ოფიცერს პირადობის მოწმობა და ნოტარიულად დამოწმებული რუსულად ნათარგმნი ასლი გადააწოდა. 

აღსანიშნავია, რომ ქართული პირადობის დამდასტურებლი მოწმობების რუსული ასლი ახალგორის რუსულ საგუშაგოზე იანვრიდან მოქმედებს. თავიდან მხოლოდ თარგმანს ითხოვდნენ, ახლა კი უკვე რამდენიმე თვეა, მასთან ერთად დედანსაც აქცევენ ყურადღებას, რადგან როგორც თავად ამბობენ, ასლის ნამდვილობას მხოლოდ ასე ადგენენ. ისიც საგულისხმოა, რომ ფორმა #9-ის ძალაში შესვლის შემდეგ ძალადაკარგულად პირადობის მოწმობის „პერევოდები“ (როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ) მაინც არ ჩაითვლება, რადგან ჯერჯერობით რუსები ოსურ ფორმა#9-ს არ ცნობენ. შესაბამისად, ფორმა#9 მგზავრებს, ოსურ საგუშაგოზე გამოადგებათ, რომელიც რუსული საგუშაგოს შემდეგ არის. საერთო ჯამში თბილისიდან ახალგორისკენ მიმავალ მგზავრს სამი ბლოკ-პოსტის გავლა უწევს - ქართულის, რუსულისა და ოსურის.

სწორედ ოსურ ბლოკ-საგუშაგოზე შეექმნათ მგზავრებს პრობლემები ორშაბათსა და სამშაბათს. ისინი ფორმა#9-ის არქონის გამო ახალგორში გააბრუნეს. 

აღმოჩნდა, რომ აღნიშნული დოკუმენტი ახალგორელთა დიდ ნაწილს არ ჰქონდა აღებული. ამის გამო ახალგორის მილიციამ ფორმების გაცემის პროცესი გაახანგრძლივა. 

რა ვადებით გახანგრძლივდა ეს – ვიდრე ამას დაწვრილებით მოგითხრობდეთ, ჯერ მგზავრობის ამბავს გავაგრძელებთ.

რუსი ჟურნალისტი იმედოვნებდა, რომ ქართულ ბლოკ-საგუშაგოზე რაკი არ შეექმნა პრობლემები, რუსული პოსტიდან მით უმეტეს არ გაუჭირდებოდა მგზავრობის გაგრძელება. მწარედ მოტყუვდა. რუსმა „მესაზღვრეებმა“ ყველა მგზავრის რეგისტრაციის შემდეგ „მარშრუტკის“ მძღოლს უთხრეს - შეგიძლია, გზა გააგრძელოო, ოღონდ რუსი ჟურნალისტის გარეშეო. გზის გასაგრძელებლად უკვე დაძრულ სამარშრუტო ტაქსში მჯდარ ხალხს მომღიმარმა გრიგორი შვედოვმა დამშვიდობების ნიშნად თავაზიანად დაუქნია ხელი. 

სოფელ მოსაბრუნთან არსებული ოსური ბლოკ-საგუშაგოს გავლის შემდეგ სამარშრუტო ტაქსი ახალგორში შევიდა. 

წინა დღის მსგავსად ახალგორი ხმაურიანი აღარ იყო. წინა დღით იმდენად იყო ახალგორი ახმაურებული, რომ უცებ იფიქრებდით, სხვა ქალაქში მოვხვდიო. ახალგორის ქუჩები სავსე იყო ფურცლებით ხელში მოსიარულე ხალხით, რომელთაგან ზოგი მილიციაში მიიჩქაროდა, ზოგი დე ფაქტო ადმინისტრაციის შენობაში, ზოგიც - აღმასკომში.

გუშინ კი ახალგორი ისევ ცარიელი იყო. 

როგორც გავარკვიეთ, ნოტარიუსი, რომელსაც ხალხი გუშინ ელოდა, ისევ არ იყო ადგილზე. მის გარეშე კი ფორმა#9-ის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მიგრაციის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებიც ოსურ ბლოკ-საგუშაგოზე არიან ხოლმე, განაცხადეს, რომ ნოტარიუსი ავად არის და 2 კვირის განმავლობაში თავის მოვალეობას ვერ შეასრულებს. შესაბამისად, მის გამოჯანმრთელებამდე ფორმა#9 ვერ გაკეთდება. მათ ისიც დასძინეს, რომ ვიდრე ყველა ახალგორელი არ გააკეთებს ფორმა#9-ს, ოსურ ბლოკ-საგუშაგოზე (სადაც ამ დოკუმნეტს ითხოვდნენ ამ დღეებში) მგზავრებს ამ დოკუმენტს არ მოსთხოვენ. 

ჩვენ იმის გარკვევაც ვცადეთ, თუ რატომ შეექმნა რუს ჟურნალისტს პრობლემა და, საერთოდ, რა ბედი ეწია მას. როგორც რუსულ ბლოკ-საგუშაგოზე მყოფმა ერთ-ერთმა ოსმა სამართალდამცველმა გვითხრა, იმის გამო, რომ ჟურნალისტს ცხინვალიდან არ ჰქონდა აკრედიტაცია, იგი უკან - თბილისში გააბრუნეს. 

ფორმა#9-ის გაცემა კი თვის ბოლომდე გაგრძელდება. ამ საბუთს ძალა ერთი თვის განმავლობაში ექნება, იანვარ-თებერვლიდან კი ახალგორში ოსური პასპორტიზაციის ბუმი დაიწყება.                                           

ახალი ამბები