კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სააკაშვილი რასაც სიკეთეს ლაპარაკობს, ჩვენ ეგეთი არაფერი გვეტყობა და ალბათ, მეორე საქართველოა სადმე უკეთესი და ჩვენ გვიმალავენ“

15 ნოემბერი, 2010
ინგა გვასალია, სამეგრელო

ფოთში აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ავტოსადგური, სადაც ძირითადად ფოთის მიმდებარე სოფლებისა და ქალაქების  ავტოტრანსპორტი ჩერდებოდა. გლეხებს ბაზარში საკუთარი პროდუქციის შემოტანა უადვილდებოდათ. თავისთვის საჭირო პროდუქტსაც იქვე განლაგებულ მაღაზიებში ყიდულობდნენ და შინ ბრუნდებოდნენ.  ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით,  ავტოსადგური „ქაოსური სიტუაციის აღსაკვეთად და ტერიტორიის კეთილმოწყობის“ მიზნით აიღეს და „ისტორიულ ადგილზე“ - ჯერ კიდევ გაურემონტებელ ავტოსადგურში დააბრუნეს.

ახალი წესრიგი არც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას და არც მძღოლებს არ მოეწონათ, მაგრამ, როგორც იტყვიან,  გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ რამდენიმე უკმაყოფილო ადამიანმა მიმართა. ახალი ავტოსადგურის მდებარეობა მათთვის მოუხერხებელია. როცა ტვირთი აქვთ, ბაზართან მისვლა უჭირთ, რადგან ავტოსადგურიდან ბაზარში ტვირთის მიტანა და პირიქით, დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ადრე, როცა ავტოსადგური ახლოს იყო, საჭირო პროდუქტს ყიდულობდნენ და იქვე ავტობუსში დებდნენ. ახლა კი ყველაფერი გართულდა.

„ეს ვიღაცას აწყობს, ალბათ, ვიღაცის ბიზნესს და ჯიბის გასქელებას ემსახურება. აბა, ხალხის საკეთილდღეოდ და ცხოვრების გასაადვილებლად ვინ იკლავს თავს? ახალი სადგური რა, მოწესრიგებული და დალაგებულია? ჯერ გაეკეთებინათ მაინც, მოეწესრიგებინათ და მერე გაეხსნათ და გადმოეყვანათ ხალხიც“, - ჩივის ერთ-ერთი გლეხი, რომელმაც გვთხოვა, არ გავამხილოთ მისი ვინაობა, რათა მერე პრობლემები არ შეექმნას, - „ბაზრიდან ტვირთის მოტანისთვის ურიკის მფლობელი 2 ლარს ითხოვს, ტაქსი კი 5 ლარს. ისედაც არა აქვს ხალხს ფული, უჭირს გლეხს და ხელისუფლება კიდევ უფრო ურთულებს ისედაც მძიმე ყოფას. ხალხი როგორ გააწამონ, იმას ცდილობენ! ხელისუფლებას ხალხი სულ ფეხებზე ჰკიდია. მაგათი ტელეშოუებიდან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კოსმოსიდან მართავენ ქვეყანას. ჩვენ, ეტყობა, სხვა საქართველოში ვცხოვრობთ, თორემ რასაც სააკაშვილი სიკეთეს ლაპარაკობს, ჩვენ არაფერი გვეტყობა და ალბათ, მეორე საქართველოა სადმე უკეთესი და ჩვენ გვიმალავენ? გადაწყვეტილებას როცა იღებ, ცოტა ხალხს ხომ უნდა ჰკითხო, რა ურჩევნია?! რაღაცაში მაინც ხომ უნდა გაგვიწიონ ანგარიში?! პურის ფქვილი ისე ძვირი ღირს, ძლივს ვახერხებთ ყიდვას და აქამდე მოტანაშიც კიდევ გარკვეული თანხა უნდა გადავიხადოთ. აბა, ზურგით ხომ არ მივიტან 50-კილოგრამიან ტომარას? იქნებ, ჩვენი მთავრობის გაზულუქებული წევრებისთვის ეს 2 ლარი სასაცილო თანხაა, ჩემთვის კი საარსებო წყაროა. ისედაც ასეთი სიძვირეა ბაზარში და ეს ხელისუფლება კიდევ უფრო ართულებს ყველაფერს. იმის ნაცვლად, რომ გაუადვილონ ხალხს ცხოვრება, კიდევ წიხლს გვაჭერენ. ისე, ჩვენი ხალხისაც გამკვირვებია! ბრბოდ არ უნდა გადაიქცე და არ უნდა ითმინო ყველაფერი! ხელისუფლებაც ისე გვექცევა, როგორც ჩვენ ვაძლევთ ამის საშუალებას. ამდენი ფული ვის აქვს, შვილო, ხალხი მუშაობს სადმე თუ რა?“

ხალხს მძღოლებიც ეთანხმებიან, რადგან ახლა ისინი მგზავრების ნაკლებობას უჩივიან: „სოფლებიდან ხალხი აღარ მოდის უკვე ფოთში. ურჩევნია, ზუგდიდში, სენაკში წავიდეს, სადაც უფრო მოხერხებულია ვაჭრობა, პროდუქტების გაცვლა-გამოცვლა. ძირითადად, ჩვენს მგზავრებს სოფლის ნაწარმი მოაქვთ გასაყიდად. თუ ამის შესაძლებლობა მოვუსპეთ, რისთვის ჩამოვა ფოთში?! წავა იქ, სადაც ამის პრობლემა არ ექნება! სოფლის ნაწარმის წამოღებას კი სხვა ტრანსპორტით  ვერ ახერხებენ. ეს პრობლემა უფრო სოფლის ხაზებზე მომუშავე მიკროავტობუსებს გაუჩნდა. ძალიან შემცირდა მგზავრები. ასეთ ხაზზე მომუშავე მძღოლები, მგზავრების გადაყვანის გარდა, მათ მომსახურეობასაც ეწეოდნენ. ზოგი გლეხი მძღოლს ატანდა ფულს და მას ჩაჰქონდათ სოფელში საჭირო პროდუქტი. ახლა კი ეს შეუძლებელია. ჯერ არ მახსოვს, რომ საწვავის ფული არ ამომეღო. ახლა კი მოგებას ვინ ჩივის, წაგებაზე გადავედით. ბაზართან გაჩერების საშუალება არა გვაქვს. მკაცრი სანქციებიც შემოიღეს. უნდა ჩამოსვა მგზავრი ბაზართან და უკან უნდა გაბრუნდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა 40 ლარია. ასე თუ გაგრძელდა, მძღოლები  მუშაობას მიატოვებენ“.

მძღოლები გადასახადის მომატებასაც უჩივიან, თუ ადრე გაყიდული ბილეთებიდან 15 პროცენტს იხდიდნენ, ახლა 20 პროცენტია გადასახადი. ამასთან ერთად, რამდენიმე სხვა გადასახადიც აქვთ გადასახდელი და მათი შემოსავალი მინიმუმამდე დავიდა. ამდენად, ისინი ერთ ფიქსირებულ გადასახადს ითხოვენ და სურთ, სხვა გადასახადები მოუხსნან. პრეტენზიის გამოთქმისაც ეშინიათ, რადგან ემუქრებიან -  პროტესტის შემთხვევაში საერთოდ დაკარგავენ ხაზებს და მათ ნაცვლად მორჩილ, ასე ვთქვათ, „თავიანთ მძღოლებს“ მოიყვანენ. ასეთები, თურმე, უკვე გამოჩნდნენ კიდეც. მათ ძველი მძღოლები „ხიშნიკებს“ (მტაცებლებს) უწოდებენ.

ახალი ავტოსადგურის ტერიტორია 8000 კვადრატული მეტრია და ნავთობკომპანია „ვისოლს“ ეკუთვნის. ამჟამად, ავტოსადგური არენდით აქვს აღებული შპს „ნიმარს“. როგორც უკვე ვთქვით, ავტოსადგურის რემონტი ახლაც მიმდინარეობს: „თანდათან, როგორც საშუალება გვაქვს, ვარემონტებთ სადგურს. ვაკეთებთ სასტუმროს, მოსაცდელ დარბაზს, ახალ წლამდე დასრულდება შენობის კეთილმოწყობა. „ვისოლი“, ვისგანაც არენდით ავიღეთ ეს შენობა,  ითხოვს წინასწარ არენდის ფულს. ამიტომ იძულებული გავხდით, დაუსრულებელი ავტოსადგური აგვემუშავებინა. „ვისოლმა“ არ მოგვცა საშუალება, გაგვეკეთებინა და მერე გადაგვეხადა არენდის ფული. წინა ხედი ორ კვირაში დასრულდება“, - გვითხრა „ნიმარის“ წარმომადგენელმა, დავით შონიამ.

იგი  არ იზიარებს მძღოლების პრეტენზიას მგზავრების ნაკლებობის შესახებ და ამტკიცებს, რომ სოფლისა და ქალაქის ხაზები ერთმანეთიდან გამიჯნული არ არის. რაც შეეხება მგზავრების ნაკლებობას, შონია ამას არა სადგურის გადატანით, არამედ გასაყიდი პროდუქციის ნაკლებობით ხსნის: „ჩვენი გადაწყვეტილებით, სოფლის ხაზებზე მომუშავე მიკროავტობუსები დილით ბაზართან ჩამოსვამენ მგზავრებს და გასვლის დროსაც შედიან ბაზარში მგზავრების ასაყვანად. სოფლის ხალხს აქ არაფერში ეშლება ხელი. ადრე არ იყო ბილეთები და სწორედ ეს არ მოსწონს ზოგიერთ მძღოლს, განსაკუთრებით - სოფლის ხაზზე მომუშავეებს. თბილისისა და სხვა ქალაქების ხაზებზე მომუშავე მძღოლებში ეს სიახლე არ იწვევს უკმაყოფილებას. თითო  გაყიდული ბილეთიდან 20% რჩება ავტოსადგურს“, - ამბობს შონია.

ავტოსადგურის მისამართის შეცვლით არც მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები არიან კმაყოფილნი.  „სადგურის გადატანის მერე კლიენტები დავკარგეთ და ჩვენი შემოსავალი შემცირდა. ვაჭრობა გვიჭირს და რა ვქნათ, არ ვიცით. ისე, ჩვენც გვემუქრება აქედან აყრა. ვიცით, რომ დღეს-ხვალ აგვყრიან. გარევაჭრობა არსად არ არისო და ქალაქი უნდა გაკოხტავდესო. მეც მინდა ლამაზ და კოხტა ქალაქში ცხოვრება, მაგრამ ეს უშველის ჩვენს გაჭირვებას? როგორ ვარჩინოთ ოჯახები? მიპასუხოს ამაზე ვინმემ და არა იმაზე მესაუბრონ  ყოველდღე ტელევიზიით , რომ საოცრებაში ვცხოვრობთ და ამერიკას და ევროპას ვუსწრებთ ცხოვრების დონით! ვის ატყუებენ? ჩვენი მთავრობის ტრაბახი ყელში ამოგვივიდა! მე, გენაცვალე, რომ მიყურებ, უმაღლესი განათლება მაქვს, მაგრამ ვაჭრობით ძლივს ვირჩენ თავს, რადგან უკვე „ჩამრეცხეს“ და რა ვქნა?“ - ცხარობს ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

ფოთის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსს თემურ დუნდუას თქმით, ქალაქში ადრე ოთხი ავტოსადგური არსებობდა. მათგან არც ერთი არ აკმაყოფილებდა შესაბამის მოთხოვნებს. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს მოთხოვნით, ავტოსადგური ძველად არსებულ ადგილს დაუბრუნდა: „შენობა კერძო საკუთრებაშია, მაგრამ ხელშეკრულებაშივე იყო ჩადებული თავის დროზე, რომ მეპატრონე წლების განმავლობაში შენობას პროფილს არ შეუცვლიდა. ეს ჩვენც გვაწყობდა. მართალია, ჯერ არ არის საბოლოოდ კეთილმოწყობილი და მხარეებსაც გარკვეული უკმაყოფილება აქვთ, მაგრამ გპირდებით, რომ ჩვენი ამ გადაწყვეტილებით არავინ დარჩება დაზარალებული და ქალაქიც გალამაზდება“.    

ავტოსადგურის გადატანით ჯერჯერობით, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქაოსი არ შეცვლილა და არც ქალაქში „გაკოხტავებულა“ რამე, მაგრამ დუნდუა როგორც გვპირდება, წლის ბოლომდე ყველაფერი მოწესრიგდება.

ახალი ამბები