კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლების სპონსორი „მადნეული“ გარემოს „ისტორიულად აბინძურებს“

15 ნოემბერი, 2010
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

გარემოს დამცველები წლებია, საუბრობენ საწარმო „მადნეულის“ ნარჩენებით ბოლნისის მდინარეების - კაზრეთულასა და მაშავერას დაბინძურებაზე. ერთ-ერთი ბოლო სერიოზული დაბინძურება მათი და ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, 2010 წლის მაისის-ივნისში მოხდა.

„მორიგ დაბინძურებაზე ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობისგან მივიღეთ. მათი თქმით, ერთი პერიოდი მდინარე მაშავერა მართლაც დასუფთავდა. შესამჩნევი იყო, რომ „მადნეულის“ მიერ გამოყენებული წყლები და ნარჩენები მდინარეში არ ჩადიოდა. მკვდარ მდინარედ ცნობილ მაშავერაში თევზებიც კი გაჩნდნენ. თუმცა, ზაფხულში, ადგილობრივების თქმით, მდინარემ დახოცილი თევზები ნაპირზე გამორიყა. ამ დაბინძურებაზე ინფორმაციას ფლობს გარემოს დაცვის სამინისტროც. მათი დავალებით შესაბამისი ანალიზები გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა“, – გვესაუბრება „კავკასიის გარემოს დამცვითი არასამთავრობო რგანიზაციების ქსელის“ პროექტის კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი, - „გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემები საგანგაშოა. თავისთავად დგას მადნეულის პასუხისმგებლობის საკითხი და ამას თქმაც არ უნდა, მაგრამ ჩნდება კითხვა: რატომ არ გახადა სამინისტრომ და ზოგადად მთელმა მთავრობამ აღნიშნული შემოწმების შედეგები საჯარო?! ბოლნისელებს, რომლებიც დაბინძურებულ გარემოში ცხოვრობენ, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით მინიჭებული აქვთ უფლება, ჰქონდეთ ეს ინფორმაცია. მათ უნდა იცოდნენ, რა საფრთხეებია მათ საცხოვრებელ გარემოში, რათა თავადაც ჰქონდეთ საშუალება, გაერიდონ მას“.

„მადნეულთან“ დაკავშირებით ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე გარემოს დაცვის სამინისტრომ პასუხები არ მოგვწერა, თუმცა როგორც ჩვენი კოლეგა „ნეტგაზეტი“ მადნეულის შესახებ წერს -  გარემოს დაცვის სამინისტრომ მას „მადნეულის“ მიერ მდინარეების ბოლო დაბინძურების მონიტორინგის შედეგები სრულიად შემთხვევით გადასცა.

„შემთხვევით“ გადაცემულ ამ დოკუმენტში, რომელიც გარემოს დაცვის ინსპექციის დაკვეთით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოამზადა, ასეთი შედეგები გვაქვს; მძიმე ლითონების კონცენტრაცია მდინარე მაშავერაში ბევრად აღემატება დასაშვებ ნორმებს. მათ შორის სპილენძის კონცენტრაცია 14-ჯერ, თუთიის 5-ჯერ, რკინის 9-ჯერ და მანგანუმის 2-ჯერ.

გამოკვლევის შედეგებით ირკვევა, რომ მდინარე მაშავერას დაბინძურება მხოლოდ იმ მონაკვეთიდან იწყება, სადაც მას კაზრეთულა უერთდება. კაზრეთულა კი „მადნეულის“ სიახლოვეს გადის. ორივე მდინარეს ბოლნისის მაცხოვრებლები სარწყავად იყენებენ. შესაბამისად, მძიმე მეტალებით გამდიდრებული ნიადაგიდან იღებენ საკვებ პროდუქტებს.

წლების წინ ბოლნისის რაიონის ეკოლოგიურ პრობლემებზე ქართველი ექიმებიც საუბრობდნენ. მაგალითად, დავით ტატიშვილის ცენტრი აცხადებდა, რომ არსებული ეკოლოგიური სურათის გამო ბოლნისში ონკოლოგიური დაავადებების კონცენტრაცია შენიშნებოდა. მაშინ აღნიშნულ ცენტრს მოქალაქეთა გასინჯვა თავად ბოლნისის გამგეობამ სთხოვა. „გასინჯული 706 ბოლნისელი ქალბატონიდან 253-ს სარძევე ჯირკვლის ფიბროზული მასტოპათია აღმოაჩნდა. ამ ინფორმაციიდან ცოტა ხანში ყველა სამედიცო დაწესებულებამ და მათ შორის ტატიშვილის ცენტრმა ამ თემაზე საუბარი შეწყვიტა.

„მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე გვაჩვენებს წერილს, რომელიც მათ ერთ-ერთ ანგარიშში მოხვდა. აღნიშნული წერილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სამედიცინო დაწესებულებებს გადაუგზავნა. მასში ვკითხულობთ საკრებულოს მითითებას, რომელიც „რაიონის ინტერესებიდან გამომდინარე“ სამედიცინო დაწესებულებებს მათ ხელთ არსებული ინფორმაციის გაცემას საკრებულოს პრესსამსახურების შეთანხმებით ავალებს.

„ყველაზე დიდი დანაშაული „მადნეულის“ მიმართ მთავრობამ პრივატიზაციისას დაუშავა. პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ ინვესტორს არ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა საწარმოს ძველ ისტორიულ დაბინძურებაზე. ტერმინს - „ისტორიული დაბინძურება“ კანონი საერთოდ არ იცნობს. პრივატიზაციისას საწარმოს ახალ მფლობელზე გადადის ყველა ის გარემოს დაცვითი ვალდებულება, რაც მანამადე  საწარმოს ჰქონდა. საქმე ისაა, რომ არ ჩატარებულა აუდიტი, რათა გაგვეგო, რა იყო ეს „ისტორიული დაბინძურება“ და რა მიამატა ახალმა ინვესტორმა. შეიქმნა სიტუაცია, როცა ინვესტორს ყოველთვის შეუძლია ახალ დაბინძურებაზე თქვას - ეს წარსულის არისო. ასეთ სიტუაციაში თავი ხელისუფლებამ თვითონ ჩაიგდო“, – ამბობს ნინო გუჯარაიძე.

„მადნეულის“ მეპარონე ამჟამად რუსული კომპანია „პრომიშლენიე ინვესტორია“. მოსახლეობას რომ ყურში ცუდად არ მოხვედროდა ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს რუსებისთვის გადაცემა, თავიდან ითქვა, რომ მყიდველი მსოფლიოში თავისი წარმატებულობით ცნობილი ბრიტანული კომპანია Stanton Equitieze Corporation იყო. მოგვიანებით კი ამ უკანასკნელს აღმოაჩნდა შვილობილი რუსული კომპანია, რომელიც აღმოჩნდა „მადნეულის“ რეალური მეპატრონე.

რუსული კომპანიისადმი მთავრობის უჩვეულო მფარველობით დამოკიდებულებაზე გუჯიაშვილიც საუბრობს - „ეს კომპანია დღეს გარემოს დაცვით ნებართვებს საოცარი სიმარტივით იღებს“.

„მადნეულისა“ და მთავრობის შეხმატკბილებულ თანაარსებობაზე სხვა ფაქტებიც მეტყველებს. ყველა გენერალური დირექტორი, რომელიც „მადნეულს“ ჰყოლია, მთავრობასთან დაახლოებული პირია. ერთ-ერთი იყო ბოლნისის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ნაყოფია, რომელმაც „მადნეულში“ „ნაყოფიერი“ მუშაობის შემდეგ პარლამენტში გადაინაცვლა. მეორეა მანუჩარ ახალაია, რომელიც, მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, ახლო მომავალში აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელადაც კი მოგვევლინოს.

 „მადნეული“, ფაქტობრივად, ხელისუფლების გავლენიანი წრეების სპონსორია. „საწარმო რუსების ხელშია, მაგრამ ბუნებრივია, ქართველებიც აკეთებენ ფულს. მდინარეების დაბინძურების გარდა, სხვა უსერიოზულესი პრობლემაც არსებობს. მოპოვებული მადანი გადააქვთ ე.წ კუდსაცავებში - დაბა კაზრეთში. იქ ნედლეულის გორები დგას. ტექნოლოგიურად სისტემა ასეა მოწყობილი - მთის თავზე არის დრენაჟი, საიდანაც ნედლეულს რწყავენ ნატრიუმის ციანიდით. ეს უაღრესად მომწამლავი და შხამიანი ნივთიერებაა. წლების განამავლობაში ასე ხდება. იქაურობა სულ გაჟღენთილია ამ ნივთიერებით და იქ ყველაფერი მკვდარია. ჩვენ ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ასეთივე ტიპის საწარმოს მსგავსი კუდსაცავი ჩაინგრა რუმინეთში და ეს ლამის გენოციდის ტოლფასი იყო“, – ამბონს მწვანეთა პარტიის ხელმძღვანელი გიორგი გაჩეჩილაძე.

გარემოს დაცვის სამინისტროს მსგავსად, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ „მადნეულის“ ადმინისტრაციასაც მისწერა წერილი. თუმცა, წერილი ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხი არ „მადნეულიდან“ მიგვიღია. ზოგადად კი როცა საუბარი ეკოლოგიას ეხება, „მადნეულის“ ადმინისტრაცია ყოველთვის აცხადებს, რომ ამ კუთხით სერიოზული პრობლემები არა აქვთ. ადგილობრივები კი მედიასთან ამ თემაზე ღიად საუბარს გაურბიან, რადგან ხშირად, ამ საწარმოში არიან დასაქმებული.

ახალი ამბები