კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის ტელევიზიის დირექტორს თავს დაესხნენ და დაჭრეს

15 ნოემბერი, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

გუშინ, ღამით, თელავის დამოუკიდებელი ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორი ენრი კობახიძე დაჭრეს. კობახიძეს წელზე დაზიანება აქვს მიღებული. ინციდენტი თელავის რაიონის სოფელ ფშაველში მოხდა, სადაც ის ნათესავის ქორწილში იმყოფებოდა. ენრი კობახიძის გადმოცემით, მას თავს სპეციალური დანიშნულების რაზმის ოფიცერი გელა ჭვრიტიძე დაესხა. კობახიძე მომხდარს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირებს. მისი თქმით, ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე ჭვრიტიძემ მას ტელევიზიის ერთობლივი მართვა შესთავაზა, რაზედაც უარი მიიღო.

ენრი კობახიძე: „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით სოფლის დახმარების პროგრამის შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებებს ვამზადებთ. მას შემდეგ, რაც ტელევიზიამ ჟურნალისტური გამოძიებების ეთერში გაშვება დაიწყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი თანამშრომლების მხრიდან ზეწოლის მცდელობის ფაქტები გახშირდა. ცოტა ხნის წინ, გელა ჭვრიტიძე შემხვდა, რომელიც შს სამინისტროს თანამშრომლად გამეცნო. შემომთავაზა, რომ ტელევიზია ერთად გვემართა, რაზედაც უარი ვუთხარი. ამის შემდეგ ის სხვადასხვა გზით ზეწოლის მოხდენას ცდილობდა. იყო დაშინების მცდელობაც. რამდენჯერმე ამიშარდა და ჩემს გამოწვევას ცდილობდა, მაგრამ პროვოკაციას თავს ვარიდებდი. გუშინ, დაახლოებით 21:00 საათზე კი როცა მეუღლის ნათესავის ქორწილში ვიმყოფებოდი, თავს დამესხა და წელზე დანა დამისვა, რის შედეგადაც სხეულის დაზიანება მივიღე“.

მისივე თქმით, ინციდენტის დროს ქორწილში მყოფი კიდევ ერთი პირი დაიჭრა, თუმცა მისი ვინაობა კობახიძისთვის უცნობია.

თელავის ტელევიზიის დირექტორის დაჭრის შესახებ ინფორმაცია დღეს, დილით კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა. შს თელავის რაიონულ სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე სწორედ მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე აღიძრა.

როგორც თელავის პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გვითხრა, პოლიცია თვითდაზიანებების მიყენების ვერსიას ამუშავებს. ამასთან დაკავშირებით, შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ. სატელეფონო ზარებს არც კახეთის საოლქო პროკურორი თამაზ ცაბუტაშვილი პასუხობს.

კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, კობახიძეს პოლიციისთვის არ მიუმართავს და არც ჩვენება მიუცია. „ძალიან ცუდია, თუ ასეთი ფაქტი მოხდა“, - განაცხადა ღვინიაშვილმა.

თელავის დამოუკიდებელი ტელეკომპანია „თანამგზავრის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნატო მეგუთნიშვილი ადასტურებს, რომ თავდასხმამდე ენრი კობახიძეზე სხვადასხვა პირების მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა.

„2006 წელს, როცა თელავის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა მამაცაშვილი იყო, ადგილი უკვე ჰქონდა კაბახიძის დაკავების მცდელობას. დიდი უსამართლობა იქნება, თუ იგივე განმეორდება, ან უარესი მოხდება. ენრი კობახიძე არ არის ის ადამიანი, რომ საკუთარი თავისთვის დაზიანებები მიეყენებინა, როგორც ამას პოლიციის ზოგიერთი თანამშრომელი ამბობს. როცა ერთად ვმუშაობდით, ჩემთანაც არაერთხელ ჰქონდა საუბარი მასზე და მის სხვა კერძო ბიზნესზე განხორციელებული ზეწოლისა და ძალადობის ფაქტების შესახებ“, - აცხადებს ნატო მეგუთნიშვილი.

ენრი კობახიძემ დახმარებისათვის საქართველოს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს მიმართა და ომბუდსმენის წარმომადგენლებს ახსნა - განმარტება მისცა.

თელავის ტელევიზიის დირექტორზე თავდასხმის ფაქტზე სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს რეგიონული მაუწყებლების ასოციაციამ. ასოციაცია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, სასწრაფოდ და ობიექტურად იქნას გამოძიებული აღნიშნული ფაქტი. ამასთან, ასოციაცია სთხოვს პარტნიორ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო, ადგილობრივ ფონდებსა და დიპლომატიურ კორპუსს ჩაერთონ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული პროცესების მონიტორინგში.

აღსანიშნავია, რომ თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრი“ ერთადერთი ადგილობრივი ტელევიზიაა კახეთში, რომელიც ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. „თანამგზავრის“ ეთერში ხშირად გადის ისეთი სიუჟეტები, სადაც ხელისუფლების საქმიანობა მწვავედ არის გაკრიტიკებული.

ახალი ამბები