კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოტეჯი, ან 10 000 აშშ დოლარი - ახალგორის დატოვების სანაცვლოდ

16 ნოემბერი, 2010

მარი ოთარაშვილი, ახალგორი-თბილისი

ახალგორელი, რომელიც არ დატოვებს ქსნის ხეობას და კობა სუბელიანის უწყებას არ გამოუცხადებს - გამოვიქეციო, დევნილის სტატუსს ვერ მიიღებს. დევნილის სტატუსის გარეშე კი ვერც საცხოვრებელ ფართს მიიღებს, ვერც ფულად კომპენსაციას და ვერც რაიმე ტიპის დახმარებას სახელმწიფოსგან. 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს იურისდიქციის მიღმა დარჩენილ ახალგორში დღეს ადგილობრივ მოსახლეობა მხოლოდ 20% დარჩა. დღეს ახალგორელები (ზოგი ხმამაღლა, ზოგიც კი ჩუმად) აცხადებენ, რომ ქსნის ხეობის გაუკაცრიელება საქართველოს ხელისუფლების სინდისზეა. როგორც ამ ჟურნალისტური მოკვლევით დადგინდა, ახალგორის ქართველებისგან დაცლა ლამის სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი. სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ ახალგორელი, რომელმაც დატოვა ახალგორი, ყველანაირად პრივილეგირებულია, ახალგორში დარჩენილი კი – ბედის ანაბრად მიტოვებული.     

მიუხედავად ამისა, ახალგორში დარჩენილები მაინც ცდილობენ, სახელმწიფო დახმარებებში როგორმე თავიანთი წილი იპოვონ. საამისოდ არ წყდება მათი გამოსვლები, წერილები და მიმართვები.

რამდენ ახალგორელ დევნილს გადაეცა საცხოვრებელი ფართი, ან მის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია? რა შემთხვევაში იღებს დევნილი სტატუსს? რა კრიტერიუმით მოხდა აღნიშნული დახმარებების გაცემა დევნილებზე და კონკრეტულად ვინ არიან ეს ადანიანები, რომლებმაც მიიღეს? –  „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ამ საკითხებით დაინტერესდა.  

ვიდრე საჭირო რესპოდენტებს დაველაპარაკებოდით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მივმართეთ თხოვნით, მოეწოდებინა იმ ახალგორელთა სიები, რომელთაც აიღეს დევნილთათვის განსაზღვრული საცხოვრებელი ფართი, ან ფულადი კომპენსაციაა (10 000 აშშ დოლარი). ასევე, მოვითხოვეთ იმ ადამიანთა სიებიც, რომელთაც უნდა მიიღონ აღნიშნული ტიპის დახმარება.

წერილი სამინისტროში 18 ოქტომბერს გაიგზავნა. სამ დღეში პასუხად კობა სუბელიანის პირველი მოადგილის, თამარ მარტიაშვილის წერილი მოვიდა: „თქვენი წერილის პასუხად წარმოგიდგენთ შემდეგი სახის ინფორმაციას: 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით სახელმწიფოს მიერ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით აშენდა 4 379 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, რეაბილიტაცია გაუკეთდა 1 524 ბინას და შეძენილ იქნა 300 ბინა, ანუ დაახლოებით 22 000 ადამიანი დაკმაყოფილდა გრძელვადიანი თავშესაფრით. დაზარალებული ოჯახების იმ კატეგორიამ, რომელმაც უარი განაცხადა ზემოაღნიშნული ფართების მიღებაზე, 10 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ფულადი კომპენსაცია. აღნიშნული პროცესი რეგულირებულია საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის #915, 2009 წლის 12 იანვრის #10, 2009 წლის 19 თებერვლის #127, 2009 წლის 24 ივლისის #534, 2010 წლის 2 მარტის #267 და 2010 წლის 3 ივლისის #856 განკარგულებებით. დღეის მდგომარეობით 10 000 დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით თანხა მიღებული აქვს 1939 ოჯახს (4 932 პირს)“.

კონკრეტულად რომელ ოჯახს, ან რომელ პირებს მიეცათ საცხოვრებელი ფართი, ან ფულადი კომპენსაცია, ამ საკითხებს სამინისტრო, როგორც ჩანს, ასაიდუმლოებს. სხვანაირად ასეთ ზოგად პასუხს ვერ ვხსნით. ჩვენ სამინისტროსგან გამოვითხოვეთ კონკრეტული სიები, სახელებით და გვარებით და არა ასეთი ზოგადი ტიპის ინფორმაცია, რაც ჩვენთვის ისედაც ცნობილი იყო. პერსონების დაკონკრეტება კი აუცილებელია, რადგან როგორც ახალგორელები ამბობენ, ახალგორელი დევნილებისთვის განკუთვნილი ფულადი კომპენსაცია არასწორად გადანაწილდა.

მაშინ, როცა არაერთი ახალგორელი ყოველგვარი დახმარების გარეშე დარჩა იმ მიზეზით, რომ ის დღესაც ცხოვრობს ახალგორში, ამ დროს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ახალგორის ლეგიტიმურ მთავრობასთან „რაღაცა კავშირებით“ ფულადი კომპენსაცია აიღო. ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციაში იმასაც აცხადებენ, რომ ახალგორის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებმა  ვლადიკავკაზიდან სპეციალურად ჩამოიყვანეს მათთვის საჭირო პიროვნებები, რომლებსაც 10 000 აშშ დოლარიდან 5 000 მისცეს, 5 000 კი თავად ჩაიდეს ჯიბეში.

ყოველივე ეს რამდენად მართალია, სწორედ ამის გასარკვევად გვესაჭიროებოდა კონკრეტულ ადამიანთა სიები, რომლებსაც კოტეჯი ან ფულადი კომპენსაცია გადაეცათ. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ სამინისტროს 2 ნოემბერს კიდევ ერთხელ მიმართა სიებისთვის, მაგრამ - ამაოდ.

ჩვენთვის საინტერესო შეკითხვებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსს, ვალერი კოპალეიშვილს ასეთი პასუხები აქვს: „საერთოდ, დევნილებზე გაცემულია დაახლოებით 4 400 საცხოვრებელი კოტეჯი. რა კრიტერიუმით მოხდა ამ კოტეჯების დარიგება? დევნილმა, რომელმაც სურვილი გამოთქვა დევნილობაზე, იმას მიეკუთვნა საცხოვრებელი ფართი. შესაბამისად, ვინც ამ კოტეჯებში ცხოვრობს, დევნილის სტატუსი ყველას აქვს. დევნილად ითვლება ის ახალგორელი, რომელიც გამოვიდა ახალგორიდან და განაცხადა, რომ დევნილია. ანუ მოვიდა ჩვენთან და მოითხოვა, რომ დევნილია. ვინც ახალგორში ცხოვრობს დღეს, ის დევნილად არ ითვლება“.

შეკითხვაზე – არიან ახალგორელები, რომლებიც დღესაც ახალგორში ცხოვრობენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, მათგან ზოგს კომპენსაცია აქვს აღებული, ზოგსაც - კოტეჯი, კოპალეიშვილის პასუხი ასეთია: „ასეთები თუ არსებობენ, ვერ გეტყვით. შესაძლებელია, ახალგორელი გამოვიდა ახალგორიდან, მიიღო დევნილის სტატუსი, კომპენსაცია აიღო და დაბრუნდა ისევ ახალგორში. მათ, ალბათ, ფული გადაუხადეს ოსებს და შევიდნენ ახალგორში. თეორიულად აფხაზეთიდან დევნილებსაც შეუძლიათ დაიკანონონ სახელმწიფოს მიერ მიცემული ფართი და შემდეგ სოხუმში შევიდნენ. საქართველოს ტერიტორიაა და რა, აუკრძალავთ გადაადგილებას?! თუ ვინმე დევნილია, ის მიიღებს ამ სტატუსს და დახმარებასაც. არიან ახალგორელი დევნილები, რომლებიც იღებენ დახმარებას. ასევე, არიან ახალგორელები, რომლებიც არ გამოვიდნენ ახალგორიდან და იქ აგრძელებენ ცხოვრებას. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, თუ მას აქვს დევნილის სტატუსი, მიიღებს დახმარებას“.

კოპალეიშვილი იმასაც ამბობს, რომ კომპენსაცია-კოტეჯების გაცემა ახლაც მიმდინარეობს: „ვისაც ეკუთვნის, მიიღებს. ასეთები ცოტანი დარჩნენ. თუ ვინმე გამოგვრჩა, აუცილებლად მივცემთ დამხმარებას. მაგალითად, ამ კვირაში რამდენიმემ მიიღო“.

საგულისხოა, რომ ახალგორიდან იძულებით გამოსული პირი, პრაქტიკულად, არ არსებობს, რადგან ოკუპანტები და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ახალგორში არათუ ვინმეს უვარდებიან სახლში, ან რაიმე ფორმით ავიწროებენ, პირიქით, „ახალი სახელმწიფოს მშენებელ“ დე ფაქტო მმართველებს არაფერში სჭირდებათ დაცლილი დაბა. ისინი ახალგორლებს მოუწოდებენ კიდეც, დაბრუნდნენ და როგორც მოესურვებათ, ისე იცხოვრონ. ამ მხრივ, გამონაკლისი მხოლოდ ის პირები არიან, რომელთაც 90-იანი წლებისა და შემდეგდროინდელ ქართულ-ოსურ დაპირისპირებებში რაღაცა წვლილი მიუძღვით; გამონაკლისები არიან, ასევე, ქართულ სამართალდამცავ სტრუქტურებში მოღვაწე ახალგორელებიც.   

კოპალეიშვილი კი კვლავ იძულებით გადაადგილებაზე საუბრობს და იმასაც  ამბობს, რომ არც გაუგია სულადობრივად ბევრმა რომ მიიღო არასწორად ფულადი კომპენსაცია, ან კოტეჯი.

„არ ეკუთვნოდა და მიიღო?!.. ეს კანონდარღვევაა. თუ ასეთი რამე მოხდა, დასასჯელია. მე, პირადად, ასეთი ფაქტი არ მაქვს და არც არასდროს მქონია. შემიძლია დავიფიცო შვილები. მოგვწერეთ წერილი, თუ გნებავთ და გიპასუხებთ“, – აცხადებს სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი.

იმავეს ამბობს ახალგორის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი გია ჩიტიშვილი, რომელიც კომპენსაცია-კოტეჯების განაწილების კომისიას თაოსნობდა.

გია ჩიტიშვილი: „საცხოვრებელი ფართი გადაეცა დაახლოებით 1950 ოჯახს. 400-ზე მეტმა ოჯახმა კი მიიღო ფულადი კომპენსაცია. კომპენსაციას იღებდა ის დევნილი, ვინც თავისი გადაწყვეტილებით საცხოვრებელ ფართზე უარს იტყოდა. ოჯახში სულადობრივად თუ 6 ან მეტნი იყვნენ, ასეთებს კომპენსაცია ორი გამოსდიოდათ. დანარჩენი რაოდენობის ოჯახს (6 სულამდე) ერთი კომპენსაცია ეძლეოდა. იმ ახალგორელებს, რომლებიც დღესაც ახალგორში ცხოვრობენ, მიეცემათ თუ არა კომპენსაცია ან კოტეჯი, ამაზე პასუხი აქვს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. ყველა ახალგორელმა კარგად იცის, რომ ფულადი კომპენსაციის გაცემაზე პასუხისმგებელია სამინისტრო და არა ახალგორის ლეგიტიმური მთავრობა. ასე რომ, ყველა ასეთ შეკითხვაზე სამინისტროს მიმართეთ, რადგან ჩვენმა კომისიამ მაშინ შეწყვიტა ფუნქციონირება, როცა პირველი განაწილება დამთავრდა“.

ჩიტიშვილისვე თქმით, ტყუილია ის, რომ ნათესაობით ან რამე სხვა ნიშნით დარიგდა კოტეჯები ან კომპენსაციები: „ყოჩიშვილს [ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარე] მიღებული აქვს მხოლოდ ერთი ბინა, სადაც თვითონ ცხოვრობს. აბრალებენ, რომ დედამისმა ცალკე მიიღო კომპენსაცია. არავითარი კომპენსაცია არ მიუღია. რაც შეეხება ქართველიშვილს [ახალგორის ლეგიტიმური მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანცელარიის უფროსი], ეგენი ცხოვრობდნენ ორად და მიიღეს 2 ბინა, რადგან იყო თავიდან ასეთი კრიტერიუმი, რომ ბინა ბინაზე მიდიოდა. ტერიტორიული ორგანოების რწმუნებული გვაძლევდა ჩვენ სიებს და ამ სიების მიხედვით გადანაწილდა ეს ყველაფერი. ანუ მე არ გამინაწილებია, ვის რამდენი კომპენსაცია მიეცეს და როგორ; მე საიდან ვიცოდი, რაიონში ვინ სად ცხოვრობდა?! ეს იცოდა მხოლოდ რწმუნებულმა. მათ მიერ წარმოდგენილი სიებით გაიცა ეს ყველაფერი, რასაც კურირებდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. არც ჩიტიშვლი, არც ყოჩიშვილი და არც გამგებელი, აქ არაფერ შუაში არაა“.

ახალგორელ დევნილებზე გაცემული კომპენსაცია-კოტეჯების საკითხით საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, გია ცაგარეიშვილი დაინტერესდა. მან ერთი თვის წინ სამინისტროს მიერ ამასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი გამოითხოვა, მაგრამ დღემდე არანაირი პასუხი არ მიუღია.

გია ცაგარეიშვილი: „მე მაქვს მუდმივი კავშირი ახალგორელ მოსახლეობასთან. ვიცი, რომ ამ მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. კოტეჯებისა და ფულადი კომპენსაციების გადანაწილებისას მოხდა დიდი უსამართლობა. მე ვფიქრობ, რომ აქ დანაშაულია ჩადენილი, პირდაპირ გეტყვით - სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან მოხდა შერჩევა იმ ადამიანებისა, რომლებიც არიან დაკავშირებულები „ნაციონალურ მოძრაობასთან“. დევნილის სტატუსი ერგოთ იმათ, ვინც იყვნენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თვითმართველობაში. ეს არ არის ჰაერზე მოტანილი სიტყვები. მე ვეფუძნები კონკრეტულ ფაქტებს“.

ცაგარეიშვილი ჩვენთან საუბრისას იმასაც ამბობს, რომ „არაპრივილეგირებული“ ახალგორელების ფენაში არიან როგორც ქართველი, ასევე ოსი ეროვნების მოქალაქეები: „ჩემთან საუბარში ოსები პირდაპირ ამბობენ იმას, რაც მათ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უთხრეს - ჩვენ, ოსები, ქართულ სახელმწიფოს, არ ვჭირდებითო და ამიტომაც დახმარებას არ გვაძლევენო. ფაქტები მიანიშნებს, რომ ახალგორში მცხოვრები ადამიანების უფლებები დარღვეულია. სჯობდა, არავისთვის არ მიეცათ ფულადი კომპენსაცია, თუ საცხოვრებლი ფართი, ვიდრე ასე გამორჩევით. ეს შენ ახალგორში ნუ დარჩები, აქეთ გამოდი და მაშინ მოგცემ დახმარებასო – ამას რომ ეუბნებიან, ეს არის საკუთარი ხალხის ღალატი! იმის ნაცვლად, რომ ახალგორში დარჩენილს უფრო მიეხმარო და პრივილეგირებულად აქციო, მას ყველანარად ჩაგრავ“.

ცაგარეიშვილის ინფორმაციითაც, დევნილისთვის განკუთვნლი ფულადი კომპენსაცია ზოგიერთმა ცხინვალელმა და ვლადიკავზელმა ჩინოვნიკებმაც მიიღეს. „წარმოიდგინეთ, სპერატისტებსაც კი აქვთ აღებული ეს ფულადი კომპენსაცია მაშინ, როცა ყველა ახალგორელს ამ თანხას არ აძლევენ. ანუ ძალიან დიდ დარღვევებთან გვაქვს საქმე. მე მინდა მივმართო არა მარტო შესაბამის ორგანოს (ამ შემთხვევაში - ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს), არამედ კონტროლის პალატასაც, რათა შეისწავლოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით მიმდინარე პროცესები“.

ახალი ამბები