კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გომბორის გზა მწყობრიდან გამოვიდა

17 ნოემბერი, 2010
მადონა ბატიაშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ვაზიანი - გომბორი - თელავის გზა, რომლის რეაბილიტაციაზეც, ოფიციალური ინფორმაციით, 43 მილიონი ლარი დაიხარჯა, საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წლის 2 ოქტომბერს გახსნა. პრეზიდენტი შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილი დარჩა. ახლადრეაბილიტირებული გზის გახსნიდან ორი თვეც არ არის გასული და გზა უკვე დაზიანებულია, მოძრაობა კი სახიფათო.

„ვაზიანი - გომბორი - თელავის გზაზე პირველად სამი თვის წინ ვიმგზავრე. ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ფოტორეპორტაჟის მოსამზადებლად საგარეჯოს რაიონის ერთ-ერთ სოფელში მივდიოდი. მაშინ გზა იმდენად დაზიანებული იყო, რომ თელავიდან დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას 5 საათი დასჭირდა. გზა ბევრ ადგილზე ჩანგრეული იყო, ორმოებში კი გამაფრთხილებელი ნიშნების ნაცვლად, ხის ტოტები ჩაეყარათ. პარალელურად გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. ორივე მხარეს ისე ვიმგზავრე, რომ გზად სულ 3 მანქანა შემხვდა. მგზავრობა ღამით უფრო გაჭირდა. მანქანა ორმოში ჩაგვივარდა და დაზიანდა. სამსახურში ღამის პირველ საათზე დავბრუნდი. მომდევნო დღეებში, როცა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან არაერთხელ დაგვიკავშირდნენ. სამინისტროს თანამშრომლებმა დაგვადანაშაულეს, რომ „მთავრობის მიერ გაკეთებულ საქმეებს ვერ ვხედავთ“ და „დაგვამშვიდეს“, - „გზის 55 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, როგორც პრეზიდენტი კახელებს დაპირდა, სექტემბრის ბოლოს დასრულდება და ყველაფერი ხარისხიანი იქნებაო“.

რაც გზაზე ვნახე, იმ მდგომარეობიდან გამომდინარე ასეთ მოკლე დროში სამუშაოების დასრულება შეუძლებლად მეჩვენებოდა, მაგრამ დაასრულეს.

2 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გომბორის გზის 55 კილომეტრიან მონაკვეთზე დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. მთელი დღის განმავლობაში ცენტრალური ტელევიზიები პრეზიდენტის განცხადებებს ავრცელებდნენ. „თბილისიდან თელავამდე პრეზიდენტი სწორედ ამ გზით ჩავიდა. იგი კმაყოფილი დარჩა შესრულებული სამუშაოებით, რადგან ამიერიდან თბილისიდან თელავამდე ჩასვლა ერთი საათით ნაკლებ დროშია შესაძლებელი. აღნიშნულ გზაზე აშენდა ორი ახალი ხიდი, ოთხს კი სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. პრეზიდენტის განცხადებით, ათწლეულების განმავლობაში ეს გზა დაკეტილი იყო და მნიშვნელოვანია ის, რომ ძველი ვიწრო და საშიში გზა საგრძნობლად გაფართოვდა“, - აცხადებდნენ საინფორმაციო გამოშვებების წამყვანები.

„როდესაც აქ გია არსენიშვილი იყრიდა კენჭს, კახელებს სწორედ ამ გზის აღდგენას დაპირდა. გია აქ გუბერნატორი იყო და მართლაც ძალიან გვიყვარს. მისი მთავარი წინაასარჩევნო დაპირება იყო აქ გზის გამოყვანა. მინდა რომ ყველას ახსოვდეს - ჩვენს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებთ, ჩვენი დეპუტატები საკუთარ დაპირებებს ყოველთვის ასრულებენ. არ ყოფილა მომენტი, რომ ბატონ გიას ეს არ შეეხსენებინა ჩემთვის. სხვა რომ არაფერი ვთქვა, მრცხვენოდა კიდეც მასთან შეხვედრა ეს გზა რომ არ დასრულებულიყო. აი, რას ნიშნავს როდესაც მთავრობა, დეპუტატი, ადგილობრივი ხელისუფლება, სხვადასხვა უწყებები ერთად მუშაობს. დაპირებები ასე სრულდება. მინდა ბატონ გიას და ყველა თქვენგანს მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

12 ნოემბერს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის დავალებით, გომბორის ხეობის სოფლებში წასვლა კიდევ ერთხელ მომიწია. კახეთის საინფორმაციო ცენტრი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც სოფლებიდან ფოტორეპორტაჟებს ვამზადებთ. ამჯერად ფოტორეპორტაჟი სოფელ უჯარმიდან უნდა მომემზადებინა. უჯარმაში ჩასვლა ისევ დამაგვიანდა. ახლადრეაბილიტირებული გზა უკვე დაზიანებულია. ასფალტი ბევრგან დაბზარული და აყრილია, ნაპირები ჩანგრეულია, რამდენიმე ადგილი კი დამეწყრილია. მუშებიც შემხვდნენ, რომლებიც დაზიანებულ გზას ასწორებდნენ. იმ კომპანიის სახელი, რომლის დავალებითაც მუშაობენ, არ გაამხილეს. მხოლოდ ის მითხრეს, რომ გზა მეწყერსაშიშ ზონაშია მოქცეული და ამიტომ ზიანდება. მათივე თქმით, ასფალტის საფარის სისქე 7-დან 12 სანტიმეტრამდეა. დაზიანებულ მონაკვეთზე ასფალტის საფარის სისქე გავზომეთ და 3-4 სანტიმეტრი აღმოჩნდა.

ვაზიანი - გომბორი - თელავის ახლადრეაბილიტირებული გზის დაზიანების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში კომენტარი გააკეთეს. „აღნიშნულ გზაზე არსებობს მეწყერული ზონები, რომლებიც პერიოდულად აქტიურდება და იწვევს სავალ ნაწილზე მცირე დეფორმირებებს. მათი აღმოფხვრა სისტემატურად ხორციელდება საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ექსპლუატაციის სამუშაოების ფარგლებში“, - განაცხადა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა.

ახალი ამბები