კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პერევი დეოკუპაციის შემდეგ

19 ნოემბერი, 2010
შორენა ლათათია, პერევი-თბილისი

თითქმის ერთი თვეა, საჩხერის რაიონის სოფელ პერევში რუსული საგუშაგო გაუქმდა და რუსეთის სამხედრო ნაწილებმაც მოშორებით გადაინაცვლეს. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პერევში სპეციალურად ჩავიდა, რათა ოცდაექვსთვიანი ოკუპაციის შემდეგ იქ მცხოვრებ მოსახლეობას გასაუბრებოდა.

საჩხერის რაიონის სოფელი პერევი უშუალოდ ესაზღვრება ჯავის რაიონსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე განლაგებულ  სოფლებს - სინაგურსა და ქარძმანს, რის გამოც იგი მნიშვნელოვან სტრატეგიულ ტერიტორიას წარმოადგენს.

რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, რუსული საგუშაგოს გაუქმებას მოსახლეობის ნაწილი პესიმისტურად უყურებს. ამ ნაწილის აზრით, სოფლის ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ ფაქტს არავითარი პოზიტიური შედეგი არ გამოუღია. „რუსმა სამხედროებმა სოფლის შემოსასვლელი გზა გახსნეს და ახლა ხიდს გაღმა სოფელ ქარძმანის შესასვლელში დგანან. ამით აქ მნიშვნელოვანი არაფერი შეცვლილა. თუ აქამდე ხიდს გამოღმა იდგნენ ახლა ხიდს გაღმა დგანან. სულ ესაა“, - განაცხადა პერევის მკვიდრმა, გიორგი ბერიძემ. 

ნაწილი კი ფიქრობს, რომ მათი უსაფრთხოება ახლა უფრო დაცულია: „სოფლის შესასვლელში საგუშაგოს გაუქმების შემდეგ თავს უფრო დაცულად ვგრძნობთ. ერთი ეგაა, რომ ბოლო ორი თვეა, სასურსათო დახმარებები არ მიგვიღია. თუმცა, გვპირდებიან რომ მომავალში დახმარებების რაიოდენობა გაიზრდება. ჩვენც ამ იმედით ცხოვრობთ“, - განაცხადა პერევის მკვიდრმა  გურამ მაჯაზარაშვილმა.

პერევის მკვიდრი მერაბ შუკაძე მწუხარებით აღნიშნავს: „წელს ცუდი მოსავალი იყო. მაგალითად, თუ აქამდე ჰექტარზე 100 კილო სიმინდი მოდიოდა, წელს 10 კილოც არ მოსულა.  ზამთრისთვის ვერც შეშის მომარაგება შევძელით, ვინაიდან ტყეს რუსები აკონტროლებენ და იქ შესვლის საშუალებას არ გვაძლევან“.

პერევის მოსახლეობა ვერ იხსენებს რუსი სამხედროების მხრიდან ძარცვის ან ქურდობის  ფაქტს. ახალგორის რაიონისგან განსხვავებით, მათ არც რაიმე  სახის ტვირთის (მათ შორის - საშენი მასალის) სოფელში შეტანისას პრობლემა ჰქონიათ. „საგუშაგოს გაუქმებამდეც და ახლაც  რუს სამხედროებთან არანაირი პრობლემები არ შეგვქმნია. პასპორტს რომ ვაჩვენებდით, უპრობლემოდ გვატარებდნენ, სოფელში ჩამოსული სტუმრებისთვის კი რუსულად ნათარგმნ პირადობის მოწმობებს ითხოვდნენ. ისინი  საკვებ-საჭმელით მარაგდებოდნენ და ცდილობდნენ, მოსახლეობისგან რაც შეიძლება შორს დაეჭირათ თავი. თუკი ოსურ სოფლებში გვიწევდა გადასვლა, იწერდნენ ხოლმე, რამდენი სული საქონელი გაგვყავდა, რათა მოპარვის ან დაკარგვის შემთხვევაში, დაგვხმარებოდნენ. ისიც ფაქტია, რომ რუსი სამხედროები ოსებისაგან გვიცავდნენ. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ოსებს მთელი სოფლის საქონელი უკვე წაყვანილი ეყოლებოდათ“, - განაცხადა პერევის მკვიდრმა გიორგი ბერიძემ.

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ასევე უმუშევრობა. „სოფელის ახალგაზრდებას  აქ დარჩენის სურვილი აღარა აქვთ, ვინაიდან აქ დასაქმების არავითარი შესაძლებლობა არ არსებობს“, - განაცხადა შუკაძემ.

„რუსები პერევიდან ადრე თუ გვიან მაინც გავიდოდნენ და ეს თავიდანვე ნათელი იყო. აგვისტოს ომის დროს რუსებს ჰქონდათ ინფორმაცია,  რომ   ქართული ჯარი პერევის გავლით ჯავისკენ მიიწევდა. მართალია, მაშინ ქართველები ჯავაში ვერ შევიდნენ, მაგრამ  რუსებმა ამ სოფლიდან მომავალი საფრთხე დაინახეს. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი,  რის გამოც ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში პერევში რჩებოდნენ. პერევიდან რუსების გასვლა სულაც არ ნიშნავს დეოკუპაციის დაწყებას“, - ამბობს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი.

სამწუხაროდ, ბოლო ორი თვეა, პერევში მცხოვრებ მოსახლეობას ყოველთვიური სასურსათო დახმარება არ მიეწოდება, რაც კიდევ უფრო მძიმეს ხდის მათ ყოველდღიურ ყოფას. ოკუპირებულ პერევში მოხმარებული ელექტროენერგიის აღწერა რადგან ვერ ხერხდებოდა, მოსახლეობას იგი უფასოდ მიეწოდებოდა. უცნობია, რა მოხდება ახლა. მოსახლეობა იმედოვნებს, რომ   ელექტროენერგია ისევ უფასო იქნება. 

ახალი ამბები