კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის“ - უფლებადამცველთა კონფერენცია თბილისში

19 ნოემბერი, 2010
სალომე აჩბა

„თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის“ - ამ სლოგანით 13 და 14 ნოემბერს  „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ორგანიზებით თბილისში რეგიონალური კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის -  „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ ფარგლებში „შერატონ მეტეხი პალასში“ ჩატარდა და მასში საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის უფლებადამცველები მონაწილეობდნენ. ასევე მოწვეული იყვნენ უფლებადამცველები რუსეთიდან.

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ 2009 წელს ჩამოყალიბდა. ქსელი სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს 30 უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. ისინი ერთობლივ მონიტორინგს ახორციელებენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. ქსელი გაერთიანებული ძალებითა და რესურსებით, ხელს უწყობს უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემოს შექმნას უფლებადამცველთა საქმიანობისათვის. წევრი ორგანიზაციები დროდადრო იკრიბებიან და ერთმანეთს გამოცდილებასა და მოსაზრებებს უზიარებენ.

ორდღიანი კონფერენციის პირველ დღეს მონაწილეებმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში უფლებადამცველების უფლებების მდგომარეობაზე და განიხილეს ის საფრთხეები და პრობლემები, რაც უფლებამდაცველებს საქმიანობისას ექმნებათ. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უფლებადამცველთა გარდა, კონფრენციას სხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა, ნანა კაკაბაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა იმ წინააღდეგობებზე, რასაც საქართველოში უფლებადამცველები მუშაობისას აწყდებიან. კაკაბაძემ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარება სთხოვა: „ერთადერთი ბერკეტი უფლებადამცველების დასაცავად არის არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა. საქართველოში უფლებადამცველებს უმძიმეს ვითარებაში მუშაობენ. არა გვაქვს ციხეების მონიტორინგის უფლება. რთულია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან. მინდა ვისაგებლო შემთხვევით და დონორ ორგანიზაციებს ვთხოვო მხარდაჭერა, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეგავლენა“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

კონფერენციის მეორე დღის მთავარი თემა პოლიტპატიმრები იყო. მონაწილეებმა ისაუბრებს თავიანთ ქვეყნებში  ადამიანების პოლიტიკური  დევნისა და დაპატიმრების ფაქტებზე და განაზოგადეს არსებული ტენდენციები. კონფერენციაზე ნაჩვენები იყო ერლინგ ბორგენის დოკუმეტური ფილმი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის -  ეინულა ფატულაევის შესახებ, რომელიც ამჟამად ციხეში იმყოფება. როგორც უფლებადამცველებმა განაცხადეს, ჟურნალისტი უდანაშაულოა და მისი დაკავების ერთადერთი მიზეზი იყო მისი მხრიდან ხელისუფლების ღია კრიტიკა  გაზეთ „რეალური აზერბაიჯანის“ ფურცლებზე, რომელსაც ფატულაევი რედაქტორობდა.

კონფერენციას მრავალი უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული ვლადიმერ ვახანიას ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. მათ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის უფლება ითხოვეს. ვლადიმერ ვახანიას დამ და დაკავებულის ადვოკატმა, ილია ლომიამ საზოგადოებას საქმის არსი გააცნეს და განაცხადეს, რომ ვახანია პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული, დახმრება კი საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს სთხოვეს.

„მინდოდა, შეკრებილი საზოგადოებისთვის გამეცნო, რა მძიმე პირობებში უხდება ვახანიას თავისი უკანონო სასჯელის მოხდა. ვფიქრობ, ამ უკანონობის შესახებ საერთაშორისო არასამთავრობო და უფლებადაცვითი ორგანიზაციები უნდა ფლობდნენ ინფორმაციას“, - განაცხადა ილია ლომიამ.

საქართველოში მომუშავე უფლებადამცველებმა აღნიშნეს, რომ ჩვენს ქვეყანაში ამჟამად სამოცამდე პოლიტპატიმარია.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფერენციის მეშვეობით, ჩვენ შევძელით საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიგვექცია და მათთვის დაგვენახებინა ჩვენს რეგიონში პოლიტპატიმრების კუთხით შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა. მე ვფიქრობ, ამგვარ სიტუაციაში, აუცილებელია ერთიანი საერთაშორისო მექანიზმების შექმნა. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ პოლიტპატიმრების დახმარებას და მათ გათავისუფლებას“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონი ხალხისათვის“ წარმომადგენელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც ადამიანის უფლებათა კუთხით არსებობს დღეს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ასევე ვიმსჯელეთ, როგორ ვიმუშავოთ უფრო ეფექტურად. რაც მთავარია, ამ კონფერენციაზე უფლებადამცველებმა ერთმანეთს გამოცდილება გავუზიარეთ. სამწუხაროდ, ხშირად არ გვეძლევა ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა. ამდენად, ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - აღნიშნა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა.

„ყოველთვის საინტერესოა ამგვარი რეგიონული კონფერენციები, მით უფრო მაშინ, როცა ის ადამიანის უფლებებს ეხება. ამგავრ შეხვედრებზე უფლებადამცველები ერთმანეთს აზრს, გამოცდილებასა და პროფესიულ პრობლემებს ვუზიარებთ და ვეძებთ გზებს ამ პრობლემების ერთად გადასაჭრელად. ჩვენი საქმიანობა ყოველთვის უკავშირდება რისკს და საფრთხეს. ამიტომ ასეთი შეხვედრები და ერთმანთის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ წარმომადგენელმა, ლია მუხაშავრიამ.

„ვფიქრობ, ჩვენს ქვეყნებში ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის მიმართულებით არსებული პრობლემები იმდენად მასშტაბური და სისტემურია, რომ მათი დაძლევა მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი. ქსელის ორწლიანი მუშაობის მანძილზე ჩვენ დავინახეთ წარმატების კონკრეტული მაგალითები, შევძელით დავხმარებოდით საფრთხეში მყოფ უფლებადამცველებს და დაგვემყარებინა მჭიდრო თანამშრომლობა უფლებადამცველებსა და სხვა მნიშვნელოვან ჯგუფებს შორის ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია.  როგორც კონფერენციაზე გადაწყდა, მეტი სოლიდარობა, კოორდინაცია, პროფესიონალიზმის ამაღლება და სტრატეგიული დაგეგმვა უნდა გახდეს არასამთავრობო სექტორისა და უფლებადამცველების მომავალი საქმიანობის უმთავრესი პრინციპები, მხოლოდ ასე შევძლებთ ეფექტურად ვებრძოლოთ უფლებადარღვევებს და გავხდეთ ანგარიშგასაწევი ძალა როგორც ხელისუფლების, ასევე სხვა ჯგუფებისათვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს მიღმა“, – განაცხადა „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ კოორდინატორმა საქართველოში, ანა ნაცვლიშვილმა

კონფერენციის ბოლოს მონაწილეეებმა შეიმუშავეს ერთიანი სტრატეგია წამოჭრილი პრობლემების ერთად გადაჭრის მიზნით.

ახალი ამბები