კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ლეიბორისტები“ პარტიის ოფისთან მომხდარ აფეთქებას პოლიტიკურ ტერაქტად აფასებენ

29 ნოემბერი, 2010
ინტერპრესნიუსი

„ლეიბორისტები“ 28 ნოემბერს ღამით მათი პარტიის ოფისთან მომხდარ აფეთქებას პოლიტიკურ ტერაქტად აფასებენ და მასზე პასუხისმგებლობას უშუალოდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მისი მთავრობის წარმომადგენლებს აკისრებენ.

როგორც 29 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, მომხდარი უძლიერესი აფეთქება, რომელსაც მსხვერპლიც მოყვა, მიხეილ სააკაშვილის კრიმინალურ-ტერორისტული რეჟიმის მიერაა ორგანიზებული და ის ხალხის დაშინების გზით ძალაუფლების შენარჩუნებას ისახავს მიზნათ.

რაც შეეხება იმავე ღამეს მომხდარ მეორე აფეთქებას, რომელიც მუხიანში ნონეშვილის ქუჩაზე მოხდა, როგორც შალვა ნათელაშვილი აცხადებს, ეს აფეთქება ყურადღების გადატანისთვის იყო გამიზნული.

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ ამერიკის კონგრესისა და ევროპარლამენტის დეპუტატთა ჯგუფებს საქართველოში სასწრაფოდ ჩამოსვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მათ აქ ჩამოსვლის შემთხვევაში ფაქტებით დაუდასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი კლასიკური ტერორისტია.

„ლეიბორისტების“ ბრიფინგს „ხალხის პარტიის“ ლიდერი, კობა დავითაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც ლეიბორისტულ პარტიას „ეროვნული საბჭოს“ სახელით სოლიდარობა გამოუცხადა. მან აფეთქების ფაქტი პოლიტიკურ ტერაქტად შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ შემთხვევას სასწრაფოდ არ გამოიძიებენ, ეს იქნება მანიშნებელი, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილმა აიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩის #88 კორპუსთან აფეთქება 28 ნოემბერს, 01.30 საათზე მოხდა. ინციდენტის შედეგად ჯავახიშვილის ქ. #73-ში მცხოვრები 65 წლის ნინო გორდეზიანი დაიღუპა, დაიჭრა კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები, დაზიანდა მიმდებარე საცხოვრებელი სახლები და „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისი.

02:56 საათზე კი აფეთქება მოხდა მუხიანის პირველი მიკრორაიონის #13 კორპუსში მდებარე სუპერმარკეტის წინ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანებულია თავად მაღაზია, სადაც ჩამსხვრეულია ვიტრინები, დამტვრეულია ჭურჭელი, მაცივრები, განადგურებულია საქონელი. მიმდებარე საცხოვრებელ სახლებში კი ჩაიმსხვრა მინები.

გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველო საქართველოს სსკ–ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს. ამ მუხლის პირველი ნაწილი გაზის, ბენზინის, ნავთის ან სხვა ნივთიერების განზრახ აფეთქებას და ამით შეგნებულად სიცოცხლისათვის, ჯანმრთელობის ან ქონებისათვის საფრთხის შექმნას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ აფეთქების ადგილზე ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი შედეგების თანახმად, ორივე შემთხვევაში ერთი და იმავე ტიპის ასაფეთქებელი ნივთიერება იყო გამოყენებული.

აფეთქების სხვა დეტალების დადგენას გარკვეული დრო ესაჭიროება. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის საბოლოო შედეგებს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას შეატყობინებს.

ახალი ამბები