კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სირიაჩქონი - სოფელი, რომელიც წყალს მიაქვს

29 ნოემბერი, 2010
ინგა გვასალია, სამეგრელო

რიონზე ბორანით გადავედით. სირიაჩქონისკენ მივდივართ.  ეს არის სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში, ზემო ჭალადიდთან, რიონს გაღმა. გასული საუკუნის 30-იან წლებში სირიაჩქონში 200 კომლი ცხოვრობდა. დღეს სოფელი გარესამყაროს საერთოდ მოწყვეტილია. ბოლოდროინდელი გადაუღებელი წვიმების გამო რიონმა კვლავ შეიცვალა მიმართულება და სოფლის ბოლოს დამბა თითქმის წაიღო. კიდევ ერთი წყალუხვი წვიმების სეზონი და შეუბრალებელი რიონი, ალბათ, სოფელში დარჩენილ გლეხებსაც წალეკავს. გლეხები შეშინებულნი არიან. ჩვენ - სამეგრელოს რეგიონის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებით დატვირთული ორი ცხენშებმული ურმით სწორედ მათკენ მივემართებით.

სოფლის ბოლომდე 8კმ-ია. რიონმა გზაც წაიღო და მალე სოფლამდე არსებულ კოლხეთის ეროვნული ტყე-პარკის მონაკვეთსაც წაიყოლებს. ირგვლივ ყველაფერი დატბორილია. ფესვიანად მოგლეჯილი ხეები მდინარის უკვე დამბადაშლილ კალაპოტებზე ყრია. ამ ტყეში ტურა ყოველთვის ბინადრობდა. ბოლო დროს კი აქ მგლებიც მომრავლდნენ. ისინი სოფელში შედიან და პირუტყვს ანადგურებენ.

სირიაჩქონზე ამ სოფლის მკვიდრს აკაკი თოფურიას წიგნიც აქცს დაწერილი სახელწოდებით - „იყო ასეთი სოფელი“. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, სოფელს სირიელების ხომალდი მოადგა და წინ ვეღარ წავიდა. „ჩქონი“ ნარიონალ, ქვიშნარ ნაპირს ეწოდება ახლაც. სოფლის სახელწოდებაც ამ ტოპონიმიკიდან მოდის.

სოფელში სამი მეურნეობა არსებობდა. იყო სკოლაც. ხალხი მუშაობდა. დღეს ყველაფერი მოშლილია. ვინც სოფელს შემორჩა, 8 კმ გზის ურმით გავლა უწევთ რიონის ბორნამდე, რათა ქალაქში ჩააღწიონ. „გზა“ ხმამაღლა არის ნათქვამი. სინამდვილეში ეს ხეებში გაჭრილი დატბორილი სავალია, სადაც ურემიც ძლივს მიჭრიალებს.

როგორც იქნა, მივუახლოვდით სოფლის ბოლოს პირველ ფიცრულ სახლს, რომელსაც დამბადაზიანებული რიონი ესაზღვრება. სირიაჩქონში ყველას ფიცრული სახლები უდგას. ეზოებიც ხის სარებით აქვთ შემოღობილი.

„ეს პირველი სახლი ჩემია. 45 წელია, აქ ვცხოვრობ. ერთ დღეში წაიღო წყალმა დამბა. ღამე არ მძინავს. სულ გამოვდივარ და დავხედავ ხოლმე. სულ მესმის ამ წყლის ხმა. არ მინდა აქედან წასვლა, მაგრამ რა ვქნა?! წყალს ხომ არ დავახრჩობინებ თავს ამ სიბერეში?!“ - შემოგვჩივლა გული დანელიამ.

„ჩვენ ქართველი პაპუასები ვართ. ხომ ხედავთ, რა პირობებში ვცხოვრობთ?! ორი შვილი მყავს. აქ არც სკოლაა და არც არაფერი. 8 კმ ურმით სად ვატარო ბავშვები? თქვენც ხომ ხედავთ რა მდგომარეობაა? წყალი რომ გადმოდის კალაპოტიდან, მერე ახალ გზასაც ჩვენ ვჭრით და დაზიანებულ ელექტრობოძებსაც ჩვენ ვამაგრებთ. წყალი გადმოვა თუ არა, ეგრევე შუქი ქრება. ვინ გვაქცევს ყურადღებას? რომ იყვნენ და დაათვალიერეს, რა გააკეთეს? მხოლოდ არჩევნების დროს ვახსენდებით. 7 თვის წინ დავწერეთ განცხადება. მივმართეთ თხოვნით გამგებელს. იყო კომისია. მოვიდნენ, ნახეს, მაგრამ რა შეიცვალა? პრეზიდენტი ტელევიზორში იძახის - „შუქი ყველა სოფელს“, „გაზი ყველა სოფელს“. გაზი კი არა, შუქი ძლივს გვაქვს და მალე წყალი დაგვახრჩობს“, - ამბობს თანასოფლელების სატკივარს ლალი ფაჩულია.

„რაიონის გამგებელი გვეუბნება - დღეს, ხვალ, დღეს, ხვალ. 7 თვეა უკვე ველოდებით და არაფერი გაკეთებულა. სანამ წყალი კიდევ არ გადმოსულა, მანამდე გვინდა პატრონობა. ბოლოს რომ მაგარი წვიმები იყო, მაშინ წაიღო ეს დამბა. კიდევ ერთი ძლიერი წვიმა უნდა და დავიხრჩობით. დასატირებლადაც ვერ გვიპოვიან“, - აცხადებს ჯემალ ბერაია.

„მაგარი წვიმები რომ იყო, ვმორიგეობდით. ღამე არ გვეძინა. გასაჩერებელი ადგილი არ არის აქ. გზა არ არის და არაფერი. სანამდე უნდა ვიცხოვროთ ასე შიშის ქვეშ?! აქ დავიბადეთ, გავიზარდეთ და გვენანება. არავის არ უნდა აქედან წასვლა, მაგრამ რა ვქნათ? თუ წყალი ვერ შეაკავეს და დამბა არ გაკეთდა, მაშინ გადაგვასახლონ სადმე ისევ ამ თემში, რომ შევძლოთ ცხოვრების გაგრძელება. უპატრონოდ რომ ვართ მიგდებული“, – თავის სატკივარს გვიზიარებს ვალერი ცხვიტარია.

სირიაჩქონში ამჟამად სულ 23 მოსახლეა. სოფლის ბოლოს ახალსოფლის უბანში -  ყველაზე საშიშ და სავალალო ზონაში, 9 კომლია. დამბა ჩაშლილია. კარგ ამინდში რიონი დაბალია. წვიმების დროს კი, როგორც მოსახლეობა ამბობს, 3 მეტრამდე დიდდება და არის საშიშროება, გახეთქილი დამბიდან ცუნამივით გადმოვიდეს.

„ფაქტობრივად, სოფელი იშლება და ისტორიაც იკარგება. როგორც იცით, სოფლის თავში არის ეროვნული ტყე-პარკი. როცა ტყეს ეროვნული ტყე-პარკის სტატუსი მიეცემა, ამან სოფლის განვითარებასაც უნდა შეუწყოს ხელი, მაგრამ მოხდა პირიქით. ტყე-პარკს არავითარი ყურადღება არ ექცევა. ერთადერთი, ხეების მოჭრაა აკრძალული, მაგრამ ამ დროს ხეები რიონს მიაქვს და განმკითხავი არც ტყე-პარკის ხელმძღვანელობაა. მე, როგორც საკრებულოს წევრმა, გულთან მივიტანე ამ მოსახლეობის თხოვნა. პირადად ჩემი ძირიც ამ სოფელს უკავშირდება. ბავშვობიდან მახსოვს აქაურობა და გული მტკივა. საკრებულოშიც დავაყენე ეს საკითხი და გამგეობასაც მივმართე. პარლამენტშიც გავაგზავნით წერილს. იმედია, მიიღებს ცენტრალური ხელისუფლება შესაბამის ზომებს, თუ ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ გასწვდება ამ პრობლემის მოგვარებას. დროებით გადავასახლოთ ეს ხალხი ზემო ჭალადიდში, სადაც გვაქვს ცარიელი ქუჩები. წინააღმდეგი ვარ ფულადი კომპენსაციის გაცემის, თორემ ყველა ქალაქში წავა. ხალხს სოფელში ვერ დავამაგრებთ და ჩვენი მუშაობაც ფუჭად ჩაითვლება. მინდა, რომ სოფლის ბირთვი შენარჩუნდეს და ეს ხალხი ისევ ამ თემში დარჩეს. გაზაფხულამდე რამე ზომები თუ არ მივიღეთ, რიონი წალეკავს ამ ხალხს“, - აცხადებს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდიდან არჩეული საკრებულოს წევრი მამუკა ბაბილუა.

ურმით ჩვენთან ერთად  მგზავრობდნენ საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებიც.

„მტკივნეული თემაა, რასაც სჭირდება გონივრული გადაწყვეტა. უახლოეს მომავალში მოხდება აზრთა შეჯერება. მთავარია, მივიდეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე“, - ასეთი ზოგადი სიტყვებით შემოიფარგლა პრობლემის კომენტირებისას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე სოსო მიქავა.

სენაკის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი რომან თოდუა ადასტურებს, რომ 7 თვის წინ მოსახლეობამ მართლაც მიმართა გამგეობას: „გამგეობამ, შესაბამისად, დააყენა საკითხი ზემდგომი ორგანოების წინაშე. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში 2-3 წერილია გაგზავნილი. გამგეობას არ გააჩნია სახსრები, რაც საჭიროა ამ გამაგრებითი სამუშაოებისთვის. ელოდებიან გადაწყვეტილებას და მე მგონი, მალე გაკეთდება. სერიოზული საპროექტო სამუშაოებია ჩასატარებელი, რაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება“.

ვნახოთ, ცენტრალური ხელისუფლება რა ზომებს მიიღებს. ჩვენც თვალს მივადევნებთ ამ საკითხის მოგვარებას და თუ საჭირო იქნა, ისევ გავივლით 16 კილომეტრს ურმით.

ახალი ამბები