კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურ დახმარებას სახელმწიფო მოხელეები იღებენ, ღატაკები - ვერა

2 დეკემბერი, 2010
მაკა მალაყმაძე, აჭარა

ბათუმში პუშკინის ქ.#13-ში რუხაძეების ოჯახი მძიმე სოციალური პირობებში ცხოვრობს. ღარიბული ფიცრული ქოხი ცხრასულიანი ოჯახის ერთადერთი თავშესაფარიია. ოჯახის შემოსავალი მხოლოდ 72 წლის ნადეჟდა რუხაძის პენსიაა. ორი თვის წინ, მათ სოციალური დახმარება იმ მიზეზით შეუწყდათ, რომ ოჯახის წევრი, გიორგი რუხაძე სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფში“ მუშაობდა.

„გიორგი მხოლოდ 20 დღის განმავლობაში მუშაობდა „ცენტრ პოინტში“. ეს წერილობითაც აუხსნა სოციალური დახმარების სააგენტოს, მაგრამ მაინც არ გაითვალიწინეს და აგვისტოს შემდეგ დახმარება მოგვიხსნეს“, - ჩივის თინათინ რუხაძე.

ოჯახის წევრები „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ ბათუმში არსებულ ყოფილი ოფისის მისამართზე მივიდნენ და ცნობა სთხოვეს სოციალური სააგენტოსთვის, რომ გიორგი რუხაძე მათი თანამშრომელი არაა. თუმცა, მსგავსი ცნობა ვერ მიიღეს, რადგან აღნიშნულ მისამართზე სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი“ აღარაა. როგორც ამ კომპანიის ვებ-საიტიდან www.centerpoint.ge-დან ირკვევა, 2010 წლის 29 იანვარს, „ცენტრ პოინტი ჯგუფი“ დახურულ აუქციონზე გასხვისდა და კომპანიის რეაბილიტაციას  „დექსუსი“ მართავს.

არათუ ოცდღიან სამუშაოს, 12-თვიან საჯარო მოხელეობასაც კი ხელი არ შეუშლია დავით ინაიშვილისა და ლევან ცხომელიძის ოჯახებისთვის, 2009 წელს სოციალური შემწეობა მიეღოთ. ისინი ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვას მკვიდრი არიან.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსის, მალხაზ ჯინჭარაძის მიერ მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში მითითებულია, რომ ლევან ცხომელიძე ლეღვას თემის ტერიტორიული ორგანოს წამყვან სპეციალისტად, ხოლო დავით ინაიშვილი 2009 წლის 20 ივლისიდან წლის ბოლომდე ხელშეკრულების საფუძველზე აყვანილი იყო ლეღვას თემის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტად.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან გამოითხოვა ქობულეთის რაიონის ლეღვას თემის ოჯახების სია, რომელთა სარეიტინგო ქულა 2009 წლის მდგომარეობით არ აღემატება 57 000-ს. ამ ოჯახებს შორისაა ზემოთაღნიშნული ორი საჯარო მოხელის ოჯახიც. თუმცა, გრაფაში - ოჯახის წარმომადგენლები, მითითებულია მათი ოჯახის სხვა წევრები.

ლეღვას თემის მკვიდრია გულიკო ხაბაზის ოჯახიც. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ვერც ის იღებდა 2009 წელს სოციალურ დახმარებას. მიზეზი  მაღალი ქულაა, რაც სოცაგენტმა მიანიჭა და თან ურჩია - რამდენი ქოთნის ყვავილი გქონია. გაყიდე და გექნება ფულიო. „ამ ყვავილებით რა თანხას ვიშოვი? საწოლად ჩავარდნილი, ნაოპერაციები მეუღლე მყავს“, - ამბობს გულიკო ხაბაზი.

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი - ხაბაზების ოჯახს 2007 წლის ნომებრიდან 2009 წლამდე 56 980 ქულა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ოთხსულიან ოჯახს ფულადი შემწეობა უნდა მიეღოთ, თანხა არასდროს მიუღიათ. 2009 წლის დასაწყისში კი სოცაგენტმა მათ ოჯახს 76 270 ქულა მიანიჭა.

„არაფერი შემიძენია ოჯახში. სად მქონდა ამისთვის თანხა? ამის მიუხედავად, ქულა 20 000-ით გაიზარდა. როგორ ხდება ეს ყველაფერი, ვერ გაგვიგია“, - უკვირთ ხაბაზებს. მათ სახლს არც სახურავი აქვს და არც იატაკი. ოჯახში შემოსავალი მხოლოდ მიმდინარე წელს დანიშნული პენსიაა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ორი დღის განმავლობაში ცდილობდა ამ საკითხებზე უფრო დეტალური პასუხის მიღებას სოციალური მომსახურეობის სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელისგან, მინურ აბულაძისგან. ბატონმა მინურმა დროის უქონლობისა და თბილისიდან სტუმრების მასპინძლობის მომიზეზბით, მოადგილეებთან გადაგვამისამართა. მოადგილეები კი მოცემულ ტელეფონის ნომრებზე არ გვპასუხობდნენ.

ახალი ამბები