კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა სარგებლობა მოაქვს გუბერნატორობას

3 დეკემბერი, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი

შიდა ქართლის გუბერნატორს ზურაბ არსოშვილს წინამორბედმა გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა მემკვიდრეობით დაუტოვა განკარგულებები, რომლითაც სახელმწიფო ხარჯებით ჩინოვნიკებს სამი ბინის ქირა აქვთ გადასახდელი. ასევე თვეში განსაზღვრული 1 600 ლიტრი ბენზინიდან 1000 ლიტრი კონკრეტულად გუბერნატორისთვისაა გათვალისწინებული, ხოლო 600 ლიტრი - მოადგილისთვის და ა.შ. ეს განკარგულებები დღესაც ძალაშია. ყოველ შემთხვევაში, 2010 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით (არსოშვილის დანიშვნიდან სამი თვის შემდეგ), ჯერ კიდევ არ იყო გაუქმებული. ვარძელაშვილი პრეზიდენტმა სააკაშვილმა სანიმუშო მუშაობისთვის დააწინაურა - სპეციალურად მისთვის ახალი სამინისტრო შექმნა, რომელსაც სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ეწოდა.

რა შეიძინა ვარძელაშვილმა ბოლო 2 წელს

ლადო ვარძელაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორად 2008 წლის 11 თებერვალს დაინიშნა. 2008 წლის 30 აპრილს მან ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, საიდანაც ვიგებთ, რომ კულტურის მინისტრის მოადგილის რანგში მას სულ 32 250 ლარი აქვს აღებული, ხოლო იმავე სამინისტროში ყოფნის პერიოდში სამივლინებო ხარჯად 9 200 ლარი ერგო. სულ კულტურის მინისტრის მოადგილეობისას აუღია 41 550 ლარი. 2008 წლის აპრილს შევსებულ დეკლარაციაში ვარძელაშვილს არა აქვს მითითებული  სხვა შემოსავალი ან ქონება. შიდა ქართლის გუბერნატორად დანიშვნიდან ორი თვის შემდეგ შევსებულ დეკლარაციაში ვარძელაშვილი უთითებს, რომ თი-ბი-სი ბანკში გახსნილ მის მიმდინარე ანგარიშზე დარჩენილი იყო სულ 28 000 ლარი. არა აქვს მითითებული მის ხელთ არსებული ნაღდი ფულის რაოდენობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იმ პერიოდში „ჯიბეგაფხეკილი“ იყო.  

2009 წელს შევსებულ დეკლარაციის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ ორი წლის განმავლობაში ამხანაგობა „ნუცუბიძე 26“-სთან გაფორმებული ხელშეკრულებით,  ვარძელაშვილმა დაფარა მშენებარე ბინის საფასური, რომლის ღირებულებაა 180 000 (ასოთხმოცი ათასი) დოლარი. თბილისში, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, ნუცუბიძის ქუჩა #26-ში დგას მრავალსართულიანი ახლადაშენებული კორპუსი, რომლის მე-9 სართულზე მდებარეობს ლადო ვარძელაშვილის ბინა.

ვარძელაშვილის ხელფასი ოფიციალურად შეადგენს 2 950 ლარს. 2008 წელს იგი 11 თვის განმავლობაში იყო გუბერნატორის პოსტზე. ამდენად მისი წლიური შემოსავალი ხელფასის სახით შეადგენს 32 450 ლარს. აქედან ხელზე აიღებდა - 25 960 ლარს.
 
პრემიებიანად მან 2008 წელს აიღო 35 309 ლარი, რაც აღნიშნულია კიდეც დეკლარაციაში.

რაც შეეხება 2009 წელს, 12 თვის განმავლობაში მის სახელფასო შემოსავალი 35 400 ლარს შეადგენს, აქედან ხელზე აიღო 28 320 ლარი. ამას დავუმატოთ მისი ყოველთვიური პრემია იგივე ხელფასის ოდენობით, გამოდის, რომ 2009 წელს ვარძელაშვილმა აითო ორჯერ 28 320 ლარი, ანუ ჯამში - 56 064 ლარი.

თუკი შევკრიბავთ 2008 წლის და 2009 წლის მონაცემებს, გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა ორი წლის განმავლობაში  2008-2009 წელს ხელზე აიღო 91 464 ლარი. ბინაში კი 180 000 დოლარი გადაიხადა, რაც დაახლოებით 315 000 ლარია. საიდან გადაიხადა 223 536 ლარი, ეს ოფიციალურ დოკუმენტებში არ ჩანს. შეთანხმების მიხედვით, ეს თანხა ვარძელაშვილმა უკვე განვლილი ორი წლის განმავლობაში უნდა დაეფარა.

2009 წლის 6 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ლადო ვარძელაშვილმა მხოლოდ 2009 წელს მიიღო, შემოსავლის სახით, 70 800 ლარი, ხოლო იმავე წლის პუნქტში სათაურით ,,მოგზაურობა, სწავლა, ბინა, რემონტი" აღნიშნული აქვს, რომ გახარჯა 65 000 ლარი.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კი თბილისში ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნუცუბიძის ქ. #26-ში მე-9 სართულზე მდებარე #15 ბინა, რომლის მესაკუთრედ 2009 წელს ლადო ვარძელაშვილი საკუთარ თავს თვლიდა, იპოთეკით ორჯერ დაიტვირთა - პირველად 2009 წლის 8 დეკემბერს ,,ალფაკრედიტში", ხოლო მეორედ ,,ლიბერთი ბანკში" 2010 წლის 8 სექტემბერს

ახლა ვნახოთ, როგორ ხარჯა ბიუჯეტი ვარძელაშვილმა განხვლილ ორ წელიწადში.

2008 წელი

ვლადიმერ ვარძელაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორად 2008 წლის თებერვალში დაინიშნა. დანიშვნისთანავე 11 თებერვალს  გამოსცა განკარგულება მძღოლის შეცვლის თაობაზე. 15 თებერვალს გამოსცა განკარგულება საწვავის ხარჯის ზღვრული ლიმიტის დაწესების შესახებ.  ვარძელაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხულ „მერსედეს-ბენცს“, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ პირველი პირები იყენებდნენ, თვეში 600 ლიტრი საწვავი გამოუწერა.

20 თებერვალს ახლადდანიშნულმა გუბერნატორმა ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „მაგთიკომთან“ ულიტიმო ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებით ახალი ხელშეკრულება გააფორმა. მანამდე ყოფილ გუბერნატორს - ვლადიმერ გეგელაშვილს გამოცემული ჰქონდა განკარგულება სატელეფონო მომსახურების ლიმიტით სარგებლობის თაობაზე, მათ შორის - საკუთარ ტელეფონზე. ვარძელაშვილმა ეს განკარგულება გააუქმა. ყოფილ გუბერნატორს გეგელაშვილს სალაპარაკო ლიმიტი მაგთისნომრიან ტელეფონზე მხოლოდ 70 ლარი ჰქონდა. მომდევნო გუბერნატორმა ვარძელაშვილმა კი მაგთისნომრიან ტელეფონზე სარგებლობა „ულიმიტო“ გახადა.

გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა, გარდა კორპორაციული მაგთისნომრიანი ტელეფონისა, საკუთარი პირადი ნომერიც სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფაზე გადაიყვანა. 2008 წლის 4 მარტის განკარგულებით, ვარძელაშვილმა კომპანია ,,ჯეოსელთან” გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ,,სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე აყვანილ სატელეფონო ნომერზე 877 79-89-06 სააბონენტო ლიმიტი თვეში 500 ლარად განსაზღვრა, ხოლო 2008 წლის 1 ივლისს ამ განკარგულებაში ცვლილებები შეიტანა და თვეში 500 ლარი ლიმიტი  1 000 ლარამდე გაზარდა”. შეგახსენებთ, ,,ჯეოსელის" აღნიშნული ნომერი მისი პირადი ნომერია, რომლითაც დღესაც სარგელობს.

2008 წლის პირველ ივლისს #63 განკარგულებით, ვარძელაშვილმა 1 400 ლარად გორში ქართველ მსროლელთა დივიზიის ქუჩაზე #5-ში მდებარე საცხოვრებელი ორსართულიანი სახლი იქირავა. ამ სახლის მფლობელი მაია გოდერძიშვილია. 2008 წლის 10 ივლისს ვარძელაშვილმა გამოსცა #65 განკარგულება, რომლის მიხედვით მის მოადგილეებს – ზურაბ ჩინჩილაკაშვილს და გიორგი ავალიანს პრემიები მისცა. „შრომის ანაზღაურების ეკონომიის ხარჯზე გაიცეს პრემიები შემდეგი ოდენობით: სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველ მოადგილეზე – ზურაბ ჩინჩილაკაშვილზე 2360 ლარი, ხოლო რეგიონული სამსახურის უფროსზე გიორგი ავალიანზე – 1 180 ლარი“, – წერია განკარგულებაში.

 2008 წლის 30 ივლისს #74 განკარგულებით ცნობილი ხდება, რომ ეკონომიკის სამინისტროს შიდა ქართლის ქონების სამმართველომ შიდა ქართლის გუბერნატორს გადასცა ახალი მანქანა ,,ტოიოტა პრადოს” მარკის ავტომანქანა სახელმწიფო სანომრე ნიშნით ,TOK- 387". ბალანსზე რიცხული ,,ტოიოტა პრადოს” მარკის ავტომანქანისთვის (სანომრე ნიშნით TOK-387) დაწესდა საწვავის (ბენზინის) ხარჯვის ზღვრული ლიმიტი თვეში 600 ლიტრის ოდენობით. ავტომანქანა განპიროვნებული იქნეს რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მძღოლის – დავით სარაულის სახელზე).
 
რაც შეეხება იმ მანქანას, რომელიც მანამდე ემსახურებოდა ვარძელაშვილს, ესაა მერსედეს ბენცის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრითGUU- 515 განპიროვნებულ იქნა პირველი მოადგილის ზურაბ ჩინჩილაკაშვილის სახელზე. 2008 წლის 1 სექტემბერს ვარძელაშვილმა მოითხოვა 8 -25 (აგვისტოს მოვლენების  პერიოდი) აგვისტოს დახარჯული საწვავის ჩამოწერა, რადგან ამ პერიოდისათვის საომარი მოქმედებების გამო, არ ხდებოდა საგზურების გამოწერაო. ვარძელაშვილმა, რომლის მანქანას ზღვრული ლიმიტი 600 ლიტრი ჰქონდა თვეში, მოითხოვა 1 000 ლიტრის ჩამოწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუბერნატორის ადმინისტრაციის ბუღალტერს საბუთებში უნდა ეჩევენებინა, რომ 8-25 აგვისტოს გუბერნატორმა 1 000 ლიტრი გახარჯა. რეალურად, არავის შეუმოწმებია, ამ პერიოდში რამდენს გახარჯავდა გუბერნატორი. ასევე არავის შეუმოწმებია ავტომანქანის ,,გარბენილი" კილომეტრები აღნიშნულ პერიოდში.

იმავე პირველ სექტემბერს ლადო ვარძელაშვილმა ახალი განკარგულება #80 გამოსცა, რომლითაც ,,ტოიოტა პრადოს” სახელმწიფო ნომრით ტოკ-387 ავტომანქანაზე ბენზინის ხარჯვის ზღვრული მოცულობა 600 ლიტრიდან 1 000 ლიტრამდე გაზარდა. 2008 წლის 7 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტით ვიგებთ, რომ გუბერნატორის ადმინისტრაციაზე რიცხულ ავტომანქანას დასჭირდა ტექნიკური შეკეთება. ,,მერსედეს-ბენცის” მოვლა-შენახვის პუნქტიდან მანქანის შესაკეთებლად 2013 ლარი გამოიყო. 2008 წლის 27 ოქტომბერს ლადო ვარძელაშვილმა დამატებით ახალი ბინა იქირავა. განკარგულებაში ვკითხულობთ: ,,სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის სამსახურებრივ მოვალეობათა ეფექტურ შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაფორმდეს ქირავნობის ხელშეკრულება გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორსა და ქ. გორში სტალინის გამზ. #10/5 – ში მცხოვრებ ქეთევან ძიძიგურს შორის. საცხოვრებელი ბინის ქირის გადასახადი განისაზღვროს თვეში 600 ლარის ოდენობით.” – წერია განკარგულებაში.

იმავე დღეს ვარძელაშვილმა მეორე ბინა პირველი მოადგილისთვის იქირავა. ,,გუბერნატორის პირველი მოადგილის სამსახურებრივ მოვალეობათა ეფექტურ შესრულებასთან დაკავშირებით გაფორმდეს ქირავნობის ხელშეკრულება სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორსა და ინდსაწარმო ,,გიო 2006″-ის წარმომადგენელს ჯიმშერ ფეიქრიშვილს (მცხ. გორის რაიონის სოფელ ზერტი) ქ. გორში სტალინის გამზ. #24/13-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ქირავნობაზე. საცხოვრებელი ბინის ქირის გადასახადი განისაზღვროს თვეში 800 (რვაასი) ლარის ოდენობით” – წერია განკარგულებაში. 2008 წლის 7 ნოემბერს გუბერნატორის მანქანას ,,ტოიოტა პრადოს” ტექნიკური შეკეთება დასჭირდა და მისი რემონტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 794 ლარი გამოიყო.

2008 წლის 14 ნოემბრის #95 განკარგულებით ლადო ვარძელაშვილმა გადაწყვიტა ყველა თანამშრომლის სახელზე პრემიები გასცეს. ოღონდ ამ ფაქტს რელიგიური სახე მისცა.

კერძოდ: ,,სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე გიორგობის რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცეს ფულადი პრემიები” – ვკითხულობთ განკარგულებაში. საგულისხმოა, რომ გუბერნატორმა პრემია იმაზე მეტი აიღო, ვიდრე მისი ხელფასი შეადგენს. ეს იყო ვარძელაშვილის მოღვაწეობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ვარძელაშვილმა პრემიების მასშტაბურად გაცემა დაიწყო. დანარჩენ წლებში ამან უფრო დიდი მასშტაბები მიიღო. 2008 წლის 2 დეკემბერს გუბერნატორის ორივე ავტომანქანას ტექნიკური დახმარება დასჭირდა. გუბერნატორმა განკარგულებით აღნიშნა, რომ ,,ტოიოტა პრადო” და ,,მერსედ ბენცი” შპს ,ავთოსთან” მიეყვანათ შესაკეთებლად. მერსედ-ბენცის ტექნიკური შეკეთებისთვის 1526 ლარი, ხოლო ტოიოტა-პრადოს ტექნიკურ შეკეთებასთან დაკავშირებით 1 260 ლარი გამოიყო.

2009 წელი

2009 წლის დასაწყისში ვარძელაშვილმა წინა წლის მსგავსად  განაგრძო ბიუჯეტის თანხების ხარჯვა. 2009 წლის 5 იანვარს ვარძელაშვილმა შპს ,,გიო 2006"-ის წარმომადგენელთან ჯიმშერ ფეიქრიშვილთან ბინის ქირასთან დაკავშირებით ხელშეკრულება ერთი წლით გააგრძელა. აღნიშნული  ბინა, რომლის ფართობია 50 კვ.მ , მდებარეობს გორში სტალინის ქ. 24/13. აღნიშნული ბინის ქირის რაოდენობა 900 ლარად განისაზღვრა. ამ ხელშეკრულების პირობები ოქტომბერში შეიცვალა და ბინის საფასური - 750 ლარამდე ჩამოვიდა. 

5 იანვარს ვარძელაშვილმა ასევე გორში, სტალინის ქ. 10/5-ში მდებარე 87 კვ.მ ფართობის ბინა დაიქირავა. ყოველთვიურად ამ ბინის პატრონს ლადო ვარძელაშვილი 600 ლარს ურიცხავდა. ამ ხელშეკრულების ვადა 6 თვით განისაზღვრა, შემდგომში კიდევ 6 თვით გაგრძელდა.

იმავე 5 იანვარს კომპანია „ვისოლ-პეტროლიუმთან“ დაიდო ხელშეკრულება 19 200 ლიტრი „პრემიუმ“ საწვავის შესყიდვის თაობაზე.  ერთი წლის განმავლობაში ვისოლ-პეტროლიუმი ვალდებული იყო შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის მიეწოდებინა 27 840 ლარის ღირებულების საწვავის მიწოდება.

5 იანვრის განკარგულებით ვარძელაშვილმა დაადგინა, რომ მის განკარგულებაში მყოფი ავტომანქანა  (ტოკ-387) თვეში გამოიყენებს 1000 ლიტრ საწვავს, ხოლო მისი მოადგილის ზურაბ ჩინჩილაკაშვილის მქანანა მერსედეს-ბენცი (გუუ-515) თვეში 600 ლიტრ საწვავს. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებით და გადარიცხვის ქვითრებით დასტურდება, რომ სამხარეო ადმინისტრაცია „ვისოლ-პეტროლიუმ ჯორჯიას“ თვეში 1600 ლიტრი საწვავის საფასურს ურიცხავდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ შეძენილ საწვავს ვარძელაშვილი და ჩინჩილაკაშვილი მხოლოდ საკუთარ განკარგულებაში მყოფ მანქანებისთვის იყენებდნენ.

15 იანვარს ვარძელაშვილმა „პოპულის“ მაღაზიას შეუკვეთა „ბორჯომის“ 240 ცალი ჩვეულებრივი, ხოლო 600 ცალი გაზიანი წყალი; 600 ცალი „კოკა-კოლა“ და 40 ცალი ყავა „ჯაკობსი“. ეს ყველაფერი 1 492 ლარი დაჯდა.

2009 წლის 20 იანვარს ვარძელაშვილის #13 განკარგულებით ვიგებთ, რომ გუბერნატორის სახელზე 2009 წლის განმავლობაში ყოველთვიურად კვლავ გაიცა ფულადი თანხა პრემიის სახით 2950 ლარის ოდენობით). ეს განკარგულება მთელი წლის განმავლობაში ძალაში იყო.

02 თებერვალს ვარძელაშვილმა მისი ერთ-ერთი მოადგილის გიორგი ავალიანის სატელეფონო ხარჯებიც განსაზღვრა. ავალიანის პირადი ნომერი 877 51 55 59 ადმინისტრაციის ბალანსზე აიყვანა და მის ანგარიშზე თვეში 100 ლარის ლიმიტი განსაზღვრა,. ერთ-ერთი გადარიცხვის ქვითრით ირკვევა, რომ ავალიანს არ ჰყოფნიდა 100 ლარის სალაპარაკო თანხა და დამატებით დავალიანების სახით კომპანია „ჯეოსელს“ 30 ლარი გადაერიცხა.

3 თებერვალს ვარძელაშვილმა 1 509 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა და 745 ლარის „ელ-ჯი“-ს ფერადი ტელევიზორი შეიძინა.

23 თებერვალს ვარძელაშვილმა 3 მარტის და 8 მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით თანამშრომლებს პრემიები მისცა. ყველა თანამშრომელმა ხელფასის ოდენობის პრემია აიღო. სულ ჯამში ეს სარვამარტო და საქალთადღეობო პრემიების გაცემა ცალ-ცალკე 19 710 ლარი დაჯდა.

5 მარტის განკარგულებით ვარძელაშვილის მდივანს ნათია მდინარიძეს დეკრეტულ შვებულების გამო მიეცა ანაზრაურებადი შვებულება 140 დღის განმავლობაში. ვარძელაშვილის გამოცემულ  #22 განკარგულების მეორე პუნქტში ვკითხულობთ, რომ ნათია მდინარიძეს „ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარებასთან ერთად მიეცა კონპენსაცია შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად“.

25 მარტს მუსხელიშვილის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი იქირავა თვეში 1 140 ლარად. მთელი წლის განმავლობაში ამ ბინით სარგებლობა ბიუჯეტს 10 260 ლარი დაუჯდა.

6 აპრილს ავტომანქანა ,,ტოიოტა პრადოს" (სახელმწიფო ნომრით ტოკ-387) 551 ლარის დიაგნოსტიკური სამუშაოები თბილისში ,,ტოიოტას" ცენტრში ჩაუტარდა.  14 აპრილს კი ,,მერსედეს-ბენცს" პროფილაქტიკა გორში შპს ,,ავთოს" პროფილაქტიკურ ცენტრში ჩაუტარდა, რომლის მფლობელი გახლავთ ქალაქის ყოფილი გამგებლის პაატა ჩხეიძის ძმა გელა ჩხეიძე. ანუ ის ჩხეიძე, რომელიც თავის დროზე გორში ბამბეულის კომბინატის დირექტორი იყო, და რომლის მმართველობის პერიოდში ბამბეულის კომბინატი ჯართის სახით გაიყიდა.  ,,ქართლის ხმას" და humanrights.ge-ს (  http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=6233&lang=geo ) არაერთი სტატია აქვს მიძღვნილი ძმებ ჩხეიძეების შესახებ. გელა ჩხეიძის პროფილაქტიკაში ვარძელაშვილმა სარკის, ავზის, ზეთის, საბურავების, ნათურების, ჰაერმზომის, სტარტერის და ა.შ. სათადარიგო ნაწილების შეძენისთის მარტო 6 აპრილს 3 800 ლარი დატოვა. ჩვენს მიერ მოკვლეული მასალებით, შპს ,,ავთოს" ვარძელაშვილი არაერთხელ სტუმრებია.

ინდსაწარმო ,,ავთოს" თანხა 551 ლარი ჯერ 28 აპრილს ჩაერიცხა, ხოლო 30 აპრილს კიდევ დამატებით 3 800 ლარი გადაერცხა. ორივე თანხის გადარიცხვის დანიშნულებაა სათადარიგო ნაწილები და თანმდევი მომსახურების საფასური.

2009 წლის 26 აპრილის განკარგულებით, მდინარე ლიახვის კალაპოტში დინების სარეგულაციო სამუშაოების ჩასატარებლად 01 მაისამდე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას დროებით გადაეცა ბულდოზერი, ამ ბულდოზერს სხვათა შორის, ტენდერებში „გამარჯვებული“ კომპანიები იყენებდნენ. 01 მაისის შემდეგ ბულდოზერი ქარელის გამგეობის განკარგულებაში გადავიდა.

18 მაისს გუბერნატორის მოადგილეს გიორგი ავალიანს სამსახურებრივ მოვალეობათა „სანიმუშო შესრულებისთვის“, პრემიის სახით  ფულადი თანხა 2 250 ლარი გადაერიცხა. რის საფუძველზე დაიმსახურა გიორგი ავალიანმა ეს თანხა, ვარძელაშვილმა განკარგულებაში არ ასახა. ანუ ოფიციალურად უცნობია, თუ რა მოვალეობა შეასრულა სანიმუშოდ გიორგი ავალიანმა?

პრემიების გაცემა მასობრივად ერთ თვის შემდეგ მოხდა. 12 ივნისის განკარგულებით ვარძელაშვილმა ყველა თანამშრომელს ხელფასის ოდენობის პრემია მისცა.

1 ივნისს ვარძელაშვილმა გორში შინდისის გზატკეცილზე მდებარე შპს „ბ და ც“-სგან შეიძინა საოფისე მაგიდის კომპლექტი, რომელიც ბიუჯეტს 510 ლარი დაუჯდა.  იმავე 1 ივნისს ვარძელაშვილმა  1 750 ლარის ფარგლებში კომპიუტერული ტექნიკის ერთი ცალი კომპლექტი შეიძინა.

16 ივნისს ლადო ვარძელაშვილმა ამჯერად ავტომანქანა ,,ტოიოტა პრადო" (ტოკ-387) წაიყვანა გელა ჩხეიძის პროფილაქტიკურ ცენტრში, სადაც 492 ლარის სათადარიგო ნაწილები (სამუხრუჭე ხუნდები) შეიძინია. ჩვენ რამდენიმე პროფილაქტიკურ ცენტრში ვიყავით, სადაც გვითხრეს, რომ ტოიოტას ფირმის ავტომანქანებისთვის უპრიანია სათადარიგო ნაწილების შეძენა ,,ტოიოტას ცენტრში" და არა რომელიმე კერძო პროფილაქტიკაში.

იგივე მანქანას (ტოიოტა-პრადო)-ს და ასევე „მერსედეს-ბენცს“ ვარძელაშვილმა გელა ჩხეიძის პროფილაქტიკაში 14 სექტემბერს კვლავ პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაუტარა. ამ დღეს ვარძელაშვილმა 1 410 ლარის სათადარიგო ნაწილები შეიძინა.

28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლადო ვარძელაშვილმა გამოსცა განკარგულება #54, რომლის თანახმად: რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიეცათ პრემიები“ საერთო ჯამში 20 740 ლარი.

4 სექტემბრის განკარგულებით ირკვევა, რომ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას გადმოეცა ახალი ბულდოზერი და გრეიდერი.

5 ოქტომბერს შიდა ქართლის გუბერნატორის თანამშრომლებზე გაიცა ფულადი პრემიები, ჯამში 19 740 ლარი.

9 ნოემბერს ვარძელაშვილმა ჭავჭავაძის ქ. 37-ში მდებარე ინდმეწარმე დავით ქებაძისგან ორი ცალი კონდინციონერი შეიძინა, რომლის საერთო ღირებულებამ 1 400 ლარი შეადგინა.  9 ნოემბრის ხელშეკრულებითვე ცნობილი გახდა, რომ ვარძელაშვილმა 1 816 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა შეიძინა.

10 ნოემბრის ხელშეკრულებით ცნობილი ხდება, რომ ვარძელაშვილმა ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“ შპს „ავთოს“ პროფილაქტიკაში მიიყვანა და მასში 250 ლარის ღირებულების ზეთი ჩაასხა, რომელსაც ასევე ფილტრი დაუყენა. დამატებით 250 ლარი დაუჯდა ვარძელაშვილს მეორე მანქანაზე ზეთის ჩასხმა და ამ ზეთის ფილტრის დაყენება.

14 დეკემბრის განკარგულებით ვიგებთ, რომ გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი ავალიანი ტალინის უნივერსიტეტის რექტორის მიწვევის საფუძველზე  „საგანმანათლებლო სემინარებზე მონაწილეობის მისაღებად“ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებით წავიდა. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ არ მოგვაწოდა აღნიშნული ხარჯების გადარიცხვის ქვითრები. ასევე არ ვიცით, რა სტატუსით მიიწვიეს ტალინის უნივერსიტეტიდან გიორგი ავალიანი, როგორც ჩინოვნიკი თუ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი თვითმმართველობის თავმჯდომარე?

21 დეკემბრის განკარგულებით ეკონომიკური განვითარრების სამინისტრომ კიდევ დამატებითი გრეიდერი და ბულდოზერი გადასცა გუბერნიას. გამოდის, რომ ამჯერად გუბერნიას სამი წყვილი ბულდოზერი და გრეიდერი ჰყავს. ეს ის ტექნიკაა, რომელიც ეკონომიკის სამნისტრომ მას შემდეგ აიყვანა ბალანსზე, როდესაც ის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ჩამოართვეს.

21 დეკემბერსვე ცნობილი გახდა, რომ ქიბარ ხალვაშისგან ჩამორთმეული „ტოიოტა კოროლა“, სახელმწიფო ნომრით „მეგ-404“ და ვაზ-2107 მარკის ავტომანქანა სახელმიწფო ნომრით „ქიი-980“, ეკონომიკის სამინისტრომ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას გადასცა. ამის შესახებ ჩვენ ვწერდით.     (http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=7901&lang=geo )  „ტოიოტა კოროლას“  საბაზრო ღირებულებაა 16 500 ლარი, ხოლო ვაზ-2107 მარკის ავტომქანა 4 500 ლარად შეფასდა.

2009 წლის წლის ბოლოს კი რაც გააკეთა ვარძელაშვილმა ეს იყო თანამშრომლებისთვის სავიზიტო ბარათების შეძენა. ვარძელაშვილისა და მისი თანამშრომლებისთის სავიზიტო ბარათების დამზადება სახელმწიფო ბიუჯეტს 446 ლარი დაუჯდა.

2010 წელი

1 მარტს ვარძელაშვილმა ათამდე განკარგულება ერთდოულად გამოსცა. ამ განკარგულებებიდან მნიშვნელოვანია მისი პირველი მოადგილის გიორგი ავალიანის და ადმინისტრაციის უფროსის, ზურაბ ლომიძის პოლონეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია. ვარძელაშვილმა ნება დართო მათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათი მგზავრობის ანაზღაურება მომხდარიყო, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამგზავრო ხარჯებთან ერთად ავალიანს და ლომიძეს 1 228 ლარი დამატებით მიეცათ, რათა პოლონეთში წასაღებად საჩუქრები ეყიდათ. ავალიანი და ლომიძე პოლონეთში 2010 წლის 5-11 მარტს იმყოფებოდნენ და მმართველი პარტიის „სამართალი და სამართლიანობის“ ვიცე-პრეზიდენტის, ადამ ლიპინსკის მიწვევით პარტიის კონგრესს დაესწრნენ. ვარძელაშვილის სახელით წასულმა დელეგაციამ ინდმეწარმე „ინეზა მაქარაშვილისგან“ შეიძინეს პოლინეთში წასაღები საჩუქრები. მგზავრობის ხარჯებთან ერთად ავალიანმა და ლომიძემ ბიუჯეტიდან სამივლინებო ხარჯებიც მიიღეს.

1 მარტი კიდევ იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ სამხარეო ადმინისტრაცია და, შესაბამისად, ვარძელაშვილის მოადგილის პოსტი ტელეკომპანია „თრიალეთის“ დამფუძნებელმა ბადრი ნანეტაშვილმა დატოვა. ხოლო გორის გამგებლის მოადგილე ზურაბ ჩხეიძემ ვარძელაშვილის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. 15 მარტიდან ჩხეიძემ ოფიციალური დოკუმენტების ხელისმოწერის უფლებაც მოიპოვა.

1 მარტის ხელშეკრულებით, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ 3 ცალი ავტომობილი შპს „იბერია ავტოლენდისგან“ შეიძინა. თითოს ფასი - 24 500 აშშ დოლარს შეადგენდა. სულ 73 500 დოლარი გაიხარჯა. როგორც ირკვევა, ეს ავტომანქანები ახლად შექმნილ საგანგებო სიტუაციების განყოფილებას შეუძინეს. იმავე 1 მარტს ამ სამსახურს 89 990 ლარის ღირებულების კომპლექსი შეუძინეს. ამას გარდა, ტანსაცმელი და შესაბამისი აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციების სამმართველოს თანამშრომლებისთვის 7 700 ლარი გაიხარჯა.

რაც შეეხება კუთვნილ სამსახურებრივ ავტომანქანას „ლენდ კრუიზერს“ (GQG 020), ვარძელაშვილმა მას პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაუტარა. კერძოდ 120 ლარი დაახარჯა პლასტმასის სამუშაოებს, სამღებრო სამუშაოებს კი 150 ლარი. პირველ მარტსვე გუბერნატორის საფინანსო სამსახურის სპეციალისტებმა ვარძელაშვილის განკარგულებით ინდმეწარმე ინეზა მაქარაშვილისგან საქართველოს შესახებ დაწერილი 5 წიგნი 925 ლარად შეიძინეს., ხოლო 5 ყანწში 240 ლარი გადაიხადეს. რაც შეეხება ძველი თბილისის სურათებით გამშვენებულ თეფშებთან და გობელენთან ერთად ჯამში 1 228 ლარი გაიხარჯა.

3 მარტს შიდა ქართლის გუბერნიამ 1 042 ლარის ღირებულების ელექტროენერგიის საფასური გადაიხადა. 18 მარტს კი კომპანია „ჯეოსელს“ 1 655 ლარის ღირებულების მომსახურების საფასური გადაურიცხა.

15 მარტს ვლადიმერ ვარძელაშვილმა განკარგულებით ძალაში დატოვა ის ფაქტი, რომ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხულ 30 ერთეული სააბონენტო ნომრების სასარგებლოდ შპს „ჯეოსელის“ ანგარიშზე თვეში 1 925 ლარი ირიცხება. აქედან 1000 ლარის საავანსო ღირებულება მხოლოდ გუბერნატორის კუთვნილ მობილურს განესაზღვრა.

16 მარტს სამაშველო სამსახურისთვის დამატებითი აღჭურვილობისთვის და ხელსაწყოებისთვის 19 050 ლარი გაიხარჯა.

16 მარტსვე შიდა ქართლის გუბერნატორმა ახალი ტელევიზორი LG 345 ლარად შეიძინა. ხელშეკრულების მიხედვით, ვიგებთ, რომ ამ ტელევიზორის დამონტაჟებაში ვარძელაშვილმა ბიუჯეტიდან დამატებით 750 ლარი გადაიხადა.

18 მარტს ვარძელაშვილმა კაბინეტს ჩაის ჭიქები, საფერფლე, კოვზები, თერმოსი და სხვა აქსესუარები 621 ლარად შეუძინა. იმევა დღეს ვარძელაშვილმა 410-ლარიანი სავარძელი იყიდა. ეს სავარძელი ინდმეწარმე ზურაბ ჯოხაძემ მიაწოდა, რომელიც გორში ნინოშვილის ქუჩა #26-შია დარეგისტრირებული.

22 მარტს ვარძელაშვილს ჩვენთვის დაუდგენელი სტუმრები ესტუმრნენ. მათი მასპინძლობა 201 ლარი დაჯდა. საკვები და სასმელი „პოპულისგან“ შეიძინეს.

24 მარტს ბინის ქირა ლიანა ჯიოშვილს 1140 ლარი გადაერიცხა, იმავე დღეს ტელეკომს - 131 ლარი, ხოლო „სახელისუფლებო სპეცკავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს“ - 196 ლარი.

 29 მარტს ვარძელაშვილმა სათვალთვალო კამერების შეძენაში 4 524 ლარი გადაიხადა. თუმცა იქვე მითითებულია, რომ სათვალთვალო კამერების დაყენებაში გადახდილმა ხარჯმა 990 ლარი შეადგინა. ჩვენთვის უცნობია, სად დააყენეს ეს სათვალთვალო მოწყობილობები.

 31 მარტს კი საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ 172 ლარი გადაერიცხა. აღნიშნულ სააგენტოს ვებ-გვერდზე სისტემატიურად ქვეყნდებოდა მხოლოდ ვარძელაშვილის საქმიანობის ამსახველი სტატიები მხოლოდ დადებითი კუთხით.

როგორც აღვნიშნეთ, ვარძელაშვილმა საკუთარ სარგებლობაში მყოფ ავტომანქანას  პროფილაქტიკური სამუშაოები 1 მარტს ჩაუტარა, ზუსტად ერთ თვეში 1 აპრილს ვარძელაშვილმა ავტომანქანას პროფილაქტიკური სამუშაოები შპს „ავთოსთან“ ჩაუტარა, ვარძელაშვილმა ავტომანქანას სამუხრუჭე ხუნდები (უკვე მერამდენჯერ?)  240 ლარად შეუცვალა.

პირველივე აპრილს ვარძელაშვილმა კაბინეტში ჩამოსაკიდი თარო, ტელევიზორის მაგიდა და ჩარჩოიანი სარკე შეიძინა, რაშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 330 ლარი გადაიხადა.

1 აპრილის ხარჯვა ამით არ დამთავრებულა. ვარძელაშვილის განკარგულებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე გაიცა ხელფასის ოდენობის  პრემიები.

13 აპრილს ვარძელაშვილმა გადაწყვიტა ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის დაკრძალვაზე დასწრება. მან პირველ მოადგილესთან გიორგი ავალიანთან და ადმინისტრაციის უფროსთან ზურაბ ლომიძესთან ერთად გამოწერა ხარჯები. რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ შიდა ქართლის დელეგაცია პოლონეთში ვერ წავიდა. ამის მიზეზი ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევისას წარმოქმნილი  ფერფლი გახდა და ვერ გაფრინდნენ. ჩინოვნიკებმა სახელმწიფო ბიუჯეტს დაუბრუნეს ბილეთების ღირებულების თანხა - 2388  ლარი, ხოლო ვარძელაშვილი იქვე უთითებს, რომ სამივლინებო თანხები მხოლოდ პირველმა მოადგილემ და ადმინისტრაციის უფფროსმა დააბრუნა. არ ჩანს, მის მიერ უკან დაბრუნებული სამივლინებო ხარჯები. დღიური სამივლინებო თანხა - შეადგენდა 184, 56 ლარს თითოეულზე.

16 აპრილს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ 1 046 ლარი გამოჰყო „კოლორ კამერის“, მიკროფონების შესაძენად.  16 აპრილს 650 ლარად იქნა ასევე შეძენილი პანასონიკის სისტემის ტელეფონი.

30 აპრილს კი ვარძელაშვილმა ორივე ავტომობილზე, ტოიოტა პრადოს და LC 200 სათადარიგო ნაწილების შესაცვლელად 925 ლარი გამოყო. ამ თანხაში ავტომანქანებისთვის შეძენილ იქნა წინდა და უკანა ხუნდები, კომპიუტერული დიაგნოსტიკა და ა.შ. რამდენიმე დღეში კი 2010 წლის 5 მაისს 2 800 ლარად შეიძინა 4 საბურავი, ოღონდ ხელშეკრულების მიხედვით, არ არის აღნიშნული თუ რომელი ავტომანქანისთვის იქნა შეძენილი ეს საბურავები.

იმავე 5 მაისს კომპანია „ვისოლპეტროლიუმთან“ გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით 31 დეკემბრამდე კომპანია „ვისოლს“ ლადო ვარძელაშვილისთვის უნდა მიეწოდებინა 4 000 ლიტრი საწვავის დამადასტურებელი ტალონები. ეს შესყიდვა ვარძელაშვილს ბიუჯეტიდან 7 800 ლარი დაუჯდა. განკარგულებით ირკვევა, რომ ეს 4 000 ლიტრი დიზელის საწვავს საგანგებო სიტუაციების სამსახური გამოიყენებდა.

მას შემდეგ რაც ლადო ვარძელაშვილმა ავტომანქანებს დიაგნოსტიკური შემოწმება და სათადარიგო ნაწილების შეცვლა დასჭირდა, ჯერ კიდევ არ იყო გასული 2 კვირა, რომ იგი ავტომანანებს კვლავ რემონტს უკეთებს. 13 მაისს ტოიოტა პრადოს, რომელსაც მისი პირველი მოადგილე გიორგი ავალიანი იყენებდა, კვლავ სათადარიგო ნაწილების შეცვლა „დასჭირდა“. ამჯერად, გიორგი ავალიანის სარგებლობაში მყოფ ავტომანქანას 840 ლარი დაახარაჯეს. სათადარიგო ნაწილებში შევიდა - წინა და უკანა ხუნდები, შეზეთვა, საბურავების დაშლა-აწყობა, სამღებრო სამუშაოები და ა.შ. არა და, როგორც 30 აპრილის ხელშეკრულების ვნახეთ, ტოიტოტა პრადოზე უკვე შეცვლილი ჰქონდათ წინა და უკანა ხუნდები, ასევე შეცვლილი ჰქონდა ზეთი და სხვა ნაწილები.  ეს კიდევ არაფერი, 13 მაისის შემდეგ, 17 მაისის ხელშეკრულებით, ვარძელაშვილს კიდევ ერთხელ მიჰყავს ორივე ავტომანქანა სათადარიგო ნაწილების შესაცვლელად და ამჯერად მას ეს სიამოვნება 2 622 ლარი დაუჯდა.

2010 წლის 28 მაისს ლადო ვარძელაშვილმა უცხოელი სტუმრებისთვის სადილის გასამართავად ბიუჯეტიდან გამოყო თანხა და რესტორან „კოპალაში“ დახარჯა. ეს რესტორანი საკმაოდ პრესტიჟულ ადგილზე მდებარეობს. ეს სადილი ვარძელაშვილს 700 ლარი დაუჯდა. ოფიციალურ დოკუმენტებში დაფიქსირებულია, რომ ეს სუფრა გაიშალა პოლონეთიდან ჩამოსული სამთავრობო დელეგაციის საპატივსაცემოდ.

15 ივნისს შპს „ჯეოსელს“ ერთი თვის საფასური 1 323 ლარი გადაურიცხა. ელექტროენერგიის გადასახადმა კი 160 ლარი შეადგინა. იმავე დღეს საკვების შეძენაში 38 ლარი გადარიცხა, რომელიც სტუმრებს მოახმარა, ხოლო ბენზინგასამართ სადგურში „ვისოლი“ 1 950 ლარის დიზელი შეიძინა.

16 ივნისს „ტოიტოტა ლენდ კრუიზერს“, სახელმწიფო ნომრით (GQG 020) 665 ლარის სათადარიგო ნაწილები: ტაოტი, ზეთი, ხუნდები და ა.შ. შეუცვალა.

17 ივნისს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესსნიუსს“ პიარის განსახორციელებლად 172 ლარი გადაურიცხა, ხოლო ტელეკომის მემკვიდრე კომპანია „სილქნეტს“ საქალაქთაშორისო ტელეფონის ხარჯი 153 ლარი გადაურიცხა.

1 ივლისს ბუღალტრული აღრიცხვის კურსებზე ფინანსური განყოფილების თანამშრომელი გაიგზავნა, რომლის სერტიფიცირება ბიუჯეტს 750 ლარი დაუჯდა. იმავე 1 ივლისს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ 3 000 ლარის საკანცელარიო ნივთები შეიძინა. იმავე პირველ ივლისს „პოპულის“ ხარჯმა 40 ლარი შეადგინა, თუ ვის დასაპურებლად შეიძინა საკვები, ამჯერად ოფიციალურ დოკუმენტებში არ არის ცნობილი.

1 ივლისს ლადო ვარძელაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „ტოიოტა პრადო“ სახელმწიფო ნომრით „ტოკ-387“, რომელსაც მისი პირველი მოადგილე სარგებლობდა,  გადაეცა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოს. სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ბალანსიდან ამ ავტომანქანის მოხსნის საფუძველი გახდა 2010 წლის 30 ივნისს #155 შსს მინისტრის მიმართვა. ვარძელაშვილმა ტოიტოა-პრადოსთვის განკუთვნილი თვეში 500 ლარის საწვავი საკუთარ ავტომანქანის ხარჯებს მიამატა და გახდა თვეში 1500 ლიტრი. ხოლო მისი ადმინისრაციის ბალანსზე რიცხულ მერსედეს ბენცს კი 400 ლიტრის ნახვლად გაუხდა თვეში 600 ლიტრი ბენზინი.

2 ივლისს პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ვარძელაშვილმა თანამშრომლებზე ხელფასის ოდენობის პრემიები გამოწერა, სულ ჯამში - 27 910 ლარი.

13 ივლისს კი გუბერნატორი ვარძელაშვილი არსოშვილმა შეცვალა. პირველი განკარგულებით, ზურაბ არსოშვილმა 900-ლარიანი სეიფი შეიძინა და ამით დამთავრდა ვარძელაშვილის ხანა შიდა ქართლში.

ახალი ამბები