15:17, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გიორგი ბარათელზე ინფორმაციას პრესა.გე ევროსასამართლოსგან მოითხოვს

03.12.2010

ნინო მიქიაშვილი, პრესა.გე

პრესა.გე იძულებულია საჯარო ინფორმაციის მოპოვებაში დახმარება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს სთხოვოს. საქმე ეხება ინფორმაციას აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელზე; კერძოდ, სად, რომელ საპყრობილეში იხდის იგი სასჯელს.

საქართველოს სასამართლოებში სამივე ინსტანცია გავიარეთ და სამივემ ჩათვალა, რომ ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოა. თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში ჩვენს უფლებებს იცავდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტები: თათული თოდუა, თამარ გურჩიანი და ანა შალამბერიძე.

წელიწადზე მეტია, რაც პრესა.გე ცდილობს მოიპოვოს საჯარო ინფორმაცია მსჯავრდებულ გიორგი ბარათელზე. 2009 წლის 10 სექტემბერს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების იმჟამინდელ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ორი განცხადებით მივმართეთ – ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37–ე, 38–ე მუხლების საფუძველზე, ერთ განცხადებაში ვითხოვდით ინფორმაციას ამირან (ბუტა) რობაქიძის და გიორგი გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების (გრიგოლ ბაშალეიშვილისა და ვახტანგ აბუაშვილის) შესახებ, ხოლო მეორე განცხადებაში ბატონ შაშკინს ვთხოვდით ჩვენთვის მოეწოდებინა ინფორმაცია გიორგი ბარათელზე.

ამ განცხადებებს მოჰყვა ადმინისტრაციული საჩივარი და შემდეგ პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც 2010 წლის 29 იანვარს გაიმართა. მოსამართლე ნანა დარასელიამ ჩვენი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაავალა ჩვენთვის მოეცა ინფორმაცია რობაქიძისა და გამცემლიძის მკვლელებზე, მაგრამ გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის მოცემაზე უარი გვითხრა.

საქალაქო სასამართლოს შემდეგ სააპელაციო სასამართლოს მივმართეთ. 2010 წლის 11 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (თავმჯდომარე ლეილა მამულაშვილი, მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ნანა ჭიჭილეიშვილი) “საქართველოს სახელით“ დაადგინა – “აპელანტ ნინო მიქიაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
 
2010 წლის 29 ივნისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სახელზე საკასაციო საჩივარი იმ იმედით ჩავაბარეთ, რომ ჩვენს სამართლიან მოთხოვნას ის მაინც დააკმაყოფილებდა – უზენაესი სასამართლოსგან ვითხოვდით, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ, 2010 წლის 11 მაისს გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმებას და ამ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, ახალი სამართლებრივი დასაბუთებით.

ჩვენი იმედი ფუჭი გამოდგა – 2010 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (თავმჯდომარე ლევან მურუსიძე, მოსამართლეები: მაი ვაჩაძე, პაატა სილაგაძე), ჩვენი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მაისის განჩინება უცვლელად დატოვა.

უზენაესი სასამართლოს განჩინება ხელზე 24 ოქტომბერს ჩაგვბარდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მივედით. ამ ორგანიზაციის იურისტები, რომლებიც სტრასბურგის საქმეებზე მუშაობენ, ჩვენს საქმეს თითქმის ერთი თვე სწავლობდნენ. 1 დეკემბერს მათთან შეხვედრისას შევიტყვეთ, რომ მზად არიან მოამზადონ და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაგზავნონ ჩვენი სარჩელი.

პრესა.გე თანადგომისა და გულისხმიერებისთვის მადლობას უხდის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის წარმომადგენლებს: ანა შალამბერიძეს, თამარ გურჩიანს და თათული თოდუას.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ პრესა.გე საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით ითხოვდა ინფორმაციას, რომელიც არის საჯარო და წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. იმათ, ვინც გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელი საიდუმლოდ ჩათვალა, შევახსენებთ, რომ ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციას და აგრეთვე, იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი სახელმწიფო, პროფესიულ, ან კომერციულ საიდუმლოებას არ შეიცავენ.

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია, არც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, არც პროფესიულს და არც კომერციულს, მაგრამ უდაოა, რომ წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს;

ამ ინფორმაციის დამალვა კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს 2007 წლის 20 მაისს, მელიქიშვილის გამზირზე დახვრეტილი გურამ შარაძის საქმის ირგვლივ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC