კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ გაიყიდა „კავკასუსი“?

3 დეკემბერი, 2010
ნანა საჯაია, ლიბერალი

„კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელმა ქვეყანა დატოვა. მისი კომპანიის ახალი მფლობელებისთვის ყველა ის კარი გაიღო, რომელიც მამია სანადირაძისთვის დალუქული იყო.

„კავკასუს ონლაინმა" 5 ნოემბერს რებრენდინგის პრეზენტაცია გამართა. ახალი სერვისების პრეზენტაციის პომპეზური ცერემონია „თბილისი ივენთ ჰოლში“ გაიმართა. პერფორმანსი  სპეციალურად ამ საღამოსთვის  ლონდონიდან ჩამოსულმა ჯგუფმა FTF-მა წარმოადგინა: სცენის ერთ კუთხეში მოწყობილი იყო  საცხოვრებელი სახლის ოთახი იმის საჩვენებლად, რომ სახლში ყველას შეეძლება, ჰქონდეს სამი პროდუქტი ერთდროულად: ინტერნეტი, IP ტელევიზია და IP ტელეფონი.

IP (internet protocol) ტელევიზია და ტელეფონი გლობალურ ბაზარზეც სრულიად ახალი პროდუქტია, რომელიც უმაღლესი ხარისხის სატელევიზიო გამოსახულებისა და ხმის, განვლილი გადაცემების ნებისმიერ დროს ყურებისა და მრავალფეროვანი არხების მიღების საშუალებას აძლევს კლიენტს. მისი საქართველოში დანერგვის უფლება კი კონკურენტებთან და ქალაქის მთავრობასთან ორწლიანი ბრძოლის შემდეგ კომპანია „კავკასუსმა“ იმ ადამიანის გარეშე მოიპოვა, ვინც ამ პროექტის ლობირება „კავკასუსის“ სახელით თავიდან დაიწყო.

IP ტექნოლოგიის სიკეთეებზეც 5 ნოემბრის პრეზენტაციაზე „კავკასუსის“ შემქმნელის, მამია სანადირაძის ნაცვლად, კომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, გია ადეიშვილმა ილაპარაკა: „მიწისქვეშა ოპტიკური სადენი თითოეულ სახლთან მიდის. მომხმარებელი მიიღებს სწრაფ, ხარისხიან და სტაბილურ ინტერნეტს, ასევე IP ტელევიზიას მრავალფეროვანი ფუნქციებით და ისარგებლებენ IP ტელეფონით, რომელშიც ხმოვანი სიგნალის გადაცემა ციფრულად ხდება. მომხმარებელს მომსახურების მაქსიმალურ კომფორტს ვპირდებით“, - განუმარტა ადეიშვილმა საკუთარ კლიენტებს, რომლებიც უკვე წლებია, უკმაყოფილონი არიან, „კავკასუსის“ არასტაბილური ხარისხის მქონე ინტერნეტით.

გია ადეიშვილმა პრეზენტაციაზე ოპტიკური ინტერნეტის სადენი სიმბოლურად თბილისის მერთან ერთად შეაერთა.

თვალისმომჭრელი ილუმინაციებით განათებულ სცენაზე ქალაქის მერი და ინტერნეტბაზრის ყოფილი ლიდერი კომპანიის დირექტორი ორ მომხიბვლელ გოგონასთან ერთად ავიდნენ და განათებული კაბელი საზეიმოდ მაღლა ასწიეს.

გიგი უგულავამ „კავკასუსის“ ტრანსფორმაციას ისტორიული ნაბიჯი უწოდა, მისი თქმით, თანამედროვე ქალაქისთვის მთავარი სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტია.

როდესაც განახლებული კომპანიის პომპეზური ზეიმი მიმდინარეობდა, „კავკასუსის“ დამფუძნებელი თბილისში არ იყო. სანადირაძე უკვე რამდენიმე თვეა, ოჯახთან ერთად, ლონდონში ცხოვრობს. მისი ბავშვობის მეგობრის და „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“ ფინანსური დირექტორის, ბესო გაბუნიას თქმით კი, სანადირაძემ კომპანიის 50 პროცენტი პრობლემების გამო გაყიდა: „ეტყობა, ამ ფირმის დანგრევას არჩია, გაეყიდა, სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა. ორ წელს გრძელდებოდა ბრძოლები, მიდიოდა ჩაჭრები, ყველაფერს ხომ აქვს თავი და ბოლო. 500 ადამიანი მუშაობს "კავკასუს ონლაინში" და წარმოიდგინეთ, თითოეული მათგანი ყოველ დილას მოდიოდა სამსახურში ისე, რომ არ იცოდა, კიდევ იარსებებდა კომპანია თუ არა“.

სანადირაძეს პირველი პრობლემა კონკურენტ „გაერთიანებულ ტელეკომთან“ 2008 წელს შეექმნა. ამ დროისთვის „კავკასუსი“ უკვე ფლობდა ინტერნეტბაზრის 78 პროცენტს. „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ „კავკასუსს“ ჯერ 3 მილიონი ლარის გადახდა მოსთხოვა, მერე კი კომპანიის  DშL სისტემის მომხმარებლები გათიშა.

მოგვიანებით საქმეში მერიის ზედამხედველობის სამსახურიც ჩაერთო, რომელმაც ქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში „ჯელინკის“ ქსელები ჩაჭრა.

საბოლოოდ „კავკასუსი“ და ზედამხედველობის სამსახური შეთანხმდნენ, რომ კომპანია კაბელებს მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაში ჩადებდა, თუმცა მიწისქვეშა საკომუნიკაციო არხებს თბილისში „გაერთიანებული ტელეკომი“, „ახალი ქსელები“ და „ახტელი“ ფლობდნენ, რომლებმაც კონკურენტ კომპანიას ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის გასაყვანად თავიანთი ინფრასტრუქტურის გამოყენების ნება არ მისცეს. ამიტომაც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში „ჯელინკის“ ქსელის გაფართოება შეუძლებელი გახდა. ამ პრობლემებს ისიც დაემატა, რომ „ჯელინკის“ ქსელებს ფარულად ჭრიდნენ, რისთვისაც „კავკასუსმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა, თუმცა საქმეები არ გახსნილა.

ამავე პერიოდში გაჩნდა ვარაუდი, რომ მამია სანადირაძის კომპანიას მთავრობა არასასურველი პოლიტიკური შეხედულებების გამო ავიწროებდა.

ბესო გაბუნია ამბობს, რომ ის „კავკასუსის“ ამჟამინდელ მფლობელებს არ იცნობს, კომპანიის შიგნით წილების გადანაწილების პროცესს კი ასე აღწერს: „მოლაპარაკებების პროცესი დაახლოებით ნახევარ წელს გრძელდებოდა. ვიცი, რომ ხელშეკრულება ოფშორში გაფორმდა. 20 პროცენტის მფლობელია ერთ-ერთი ინგლისური საინვესტიციო კომპანია, 30 პროცენტი შეინარჩუნა მამიამ, დანარჩენი 50 პროცენტის მფლობელი კი, მე როგორც ვიცი, არის GMC ჯგუფი. ეს კომპანია თბილისში გაფორმებული ჩვეულებრივი შპს იყო. შემდეგ ყველა მხარემ ერთად ჩამოაყალიბა ოფშორული კომპანია „ინთერნეიშენალ ონლაინ ნეთვორქს“ და წილები მის შიგნით გაიყვეს“.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვითაც, „კავკასუსის“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელი 12 მარტიდან ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია „ინთერნეიშენალ ონლაინ ნეთვორქსია“. ამასვე ადასტურებს „ნეთვორქსის“ მიერ დაქირავებული დირექტორი, გია ადეიშვილიც: „ნეთვორქსში“ 50 პროცენტს „გროუს მასტერ ჰოლდინგზ“ ფლობს, 19.94 პროცენტს - „ნელგადო ლიმითედ“, ხოლო  30.06 პროცენტი ისევ მამია სანადირაძეს ეკუთვნის“, - ამბობს ადეიშვილი.

კომპანიის ყოფილი მფლობელი, სანადირაძე მედიასთან საუბარს ჯერჯერობით თავს არიდებს. ის არც სატელეფონო ზარებს პასუხობს და არც - ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ წერილებს. ამ ფონზე „კავკასუსის“ ახალი რეალური მფლობელის შესახებ ინფორმაციის მოპოვება კიდევ უფრო რთულდება. ინგლისური სახელწოდებების მქონე კომპანიების უკან მდგარი პირების ანონიმურობას ოფშორული კანონმდებლობა დარაჯობს.

საგულისხმოა ისიც, რომ რაც ხანგრძლივი ბრძოლის მიუხედავად არ გამოსდიოდა სანადირაძის „კავკასუსს“, ახლა იოლად მოსაპოვებელი გახდა ინკოგნიტო „ინთერნეიშენალ ონლაინ ნეთვორქსისთვის“. მისი სახელით, კომპანიის ახალი დირექტორი, გია ადეიშვილი „კავკასუსის“ შეჩერებული პროექტების განხორციელებას იწყებს და გრძელვადიან სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

კითხვაზე, როგორ მოახერხა ახალმა მენეჯმენტმა კონკურენტებთან და მთავრობასთან პრობლემების მოგვარება, ბესო გაბუნია პასუხობს, რომ ამჟამინდელმა მფლობელებმა ნებართვა მერიისგან აიღეს: „ეტყობა, მათ მერიასთან საერთო ენა გამონახეს“. მისი თქმით, „კავკასუსის“ პრობლემები წილების გადანაწილებით მოგვარდა: „ადეიშვილი არის დაქირავებული დირექტორი. ადეიშვილს არანაირი წილი არა აქვს“.

ახალი ამბები