კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამერიკელი დიპლომატების ძალისხმევა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის პრევენციის საქმეში

6 დეკემბერი, 2010

ივ კლუსმანი, SPIEGEL

ამერიკელი დიპლომატების მიმოწერა ცხადყოფს, თუ როგორი იყო აშშ-ის უკანასკნელი დიპლომატიური ძალისხმევა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის პრევენციის საქმეში 2008 წლის აგვისტოში - მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში აშშ საქართველოს სამხედრო პოტენციალის განმტკიცებას უწყობდა ხელს.

ამერიკელებმა ზედმიწევნით იცოდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე. აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთ წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი საქართველოს მთავრობაში „აფხაზეთის საკითხებში ყველაზე რეაქციულია“. ამიტომაც კავკასიაში აშშ-ის წარმომადგენელი, მეთიუ ბრაიზა მერაბიშვილს 2008 წლის 12 მაისს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში შეხვდა.

„ბრაიზამ გააფრთხილა მერაბიშვილი, რომ ომი საქართველოსთვის ცუდი გადაწყვეტილებაა“, – ნათქვამია ერთ-ერთ ამერიკულ წერილში – „ომი ქვეყანას მოუსპობს როგორც ნატო-ში გაწევრიანების ნებისმიერ შანსს, ასევე ის მას ვაშინგტონისა და ევროპის დედაქალაქების მხარდაჭერის დაკარგვის ფასად დაუჯდება“.

იმ მომენტისთვის კავკასიაში სიტუაცია ფეთქებადსაშიში იყო: საქართველო პრეტენზიას აცხადებდა აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის რეგიონებზე, რომლებიც ქვეყანას 1990-იანი წლების დასაწყისის ომების დროს გამოეყო. ორივე რეგიონში რუსი მშვიდობისმყოფელები იყვნენ დისლოცირებული და დე-ფაქტო რესპუბლიკები სულ უფრო მეტად იხრებოდნენ რუსეთისკენ.

ქართველები აშშ-ის ახლო მოკავშირეები იყვნენ, მაშინ როცა აფხაზებს და სამხრეთ-ოსეთის მოსახლეობას რუსეთი უჭერდა მხარს. არც რუსებს და არც ამერიკელებს რეგიონში სიტუაციის ესკალაცია არ სურდათ. თუმცა, არც დაძაბულ ურთიერთობებზე ამბობდნენ უარს. ეს ძალიან სახიფათო მიდგომა გახლდათ, რასაც საბოლოო ჯამში უსიამოვნო შედეგები მოჰყვა.

2006 წლის 11 თებერვალს, მოსკოვში ამერიკის საელჩო ვაშინგტონს აფრთხილებს და  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სიტყვები მოჰყავს: სერბეთისგან კოსოვოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერა – ნაბიჯი, რასაც აშშ მიესალმება – „პრეცედენტს შექმნის“.

ცხადი იყო, რომ ეს კავკასიის ორ გამოყოფილ რეგიონზე მინიშნება გახლდათ. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, მოსკოვში ამერიკის საელჩო პირდაპირ წერს რუსეთ-საქართველოს ომის საფრთხეზე. წერილში ნათქვამია, რომ საჭიროა ზეწოლა არა მხოლოდ მოსკოვზე, არამედ თბილისზეც: „ჩვენ ამავდროულად თბილისიც უნდა ვაიძულოთ, კონცენტრაცია მოახდინოს იმაზე, რომ ძალის ნებისმიერი გამოყენება არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ სახიფათოც“.

აშშ-ს საჯარო მხარდაჭერამ სააკაშვილი გაამხნევა

თუმცა ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და მისი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი საქართველოს უპირობო მხარდაჭერას განაგრძობდნენ. ეს პოლიტიკური კურსი ამხნევებდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ის ვარაუდობდა, რომ სიტუაციის გართულების შემთხვევაში, აშშ პროცესში ჩაერთვებოდა. აშშ-ის დახმარებით შთაგონებულმა მასშტაბური სამხედრო მომზადება დაიწყო. ის იმუქრებოდა და პირობას სდებდა, რომ სეპარატისტულ რესპუბლიკებს მორჩილებას აიძულებდა, მაგრამ მისი ძალისხმევა ფუჭი აღმოჩნდა.

სწორედ ამ სიტუაციაში შეხვდა აშშ-ის წარმომადგენელი კავკასიაში მეთიუ ბრაიზა 2008 წლის მაისში შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს და მას აფხაზეთის მთავრობასთან მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შესთავაზა. ცოტა ხნით ადრე ბრაიზამ აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად შავი ზღვის სანაპიროზე ისადილა. ამერიკელებს სჯეროდათ, რომ ის შუამავლის როლს შეასრულებდა.

მაგრამ მერაბიშვილს აშშ-ის დიპლომატის წინადადებები არ მოეწონა. მან განაცხადა, რომ მომდევნო მოლაპარაკებებში საქართველო სამუდამოდ დაკარგავს აფხაზეთს. შეხვედრის ამერიკული ოქმის თანახმად, მერაბიშვილი ომზე არ საუბრობს, თუმცა დოკუმენტის მიხედვით ცხადი ხდება, რომ ქართველები სამხედრო კონფლიქტის დაწყების ზღვარზე დგანან.

დაახლოებით ორი თვის შემდეგ, ომის დაწყებამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე, სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსკოვში აშშ-ის საელჩოდან კონფიდენციალური გზავნილი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ რუსები ინფორმირებულები არიან სააკაშვილის ომისადმი მიდრეკილებაზე. „რუსეთის სადაზვერვო ინფორმაციით, საქართველო „მნიშვნელოვანი სამხედრო მოქმედებების“ დაწყებას გეგმავს“.

„შეინარჩუნეთ სიმშვიდე“

მომდევნო დღეებში, ცენტრალურ საქართველოსა და სამხრეთ-ოსეთს შორის საზღვართან ადგილი ჰქონდა სროლებს. თუმცა, ეს მხოლოდ ფრაგმენტული სროლები იყო. აშშ-ის ელჩი თბილისში ჯონ ტეფტი, შეეცადა პრეზიდენტის დარწმუნებას, რომ მას თავი უნდა შეეკავებინა: „ელჩი არწმუნებდა საგარეო საქმეთა მინისტრს და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, ზედმეტად მწვავე რეაქცია არ ჰქონოდათ და მოეხდინათ სიტუაციის დეესკალაცია“... მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო.

7 აგვისტოს ღამით, სააკაშვილმა გადაწყვიტა, ყველა ეს გაფრთხილება არად ჩაეგდო. პრეზიდენტმა სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქზე შეტევის განხორციელების ბრძანება გასცა. ქართულმა რაკეტებმა ცხინვალი დაბომბა. სააკაშვილის არტილერიამ უშუალოდ რუსეთის სამხედრო ბაზაზეც მიიტანა შეტევა და ჯარისკაცები მოკლა.

8 აგვისტოს 10:05 საათზე, ტეფტი ვაშინგტონში ჩინოვნიკებს წერილში წერს, რომ სააკაშვილმა ის დაარწმუნა, რომ „საქართველო აკონტროლებს სამხრეთ-ოსეთის თითქმის მთელ ტერიტორიას, მათ შორის - ცხინვალს“. ტეფტი მოტყუვდა – „ყველა მტკიცებულება რაც ქვეყნის გუნდს გააჩნია, ადასტურებს სააკაშვილის განცხადებას, რომ ეს ბრძოლა საქართველოს განზრახული არ ჰქონდა“. ელჩი შემდეგს აცხადებს – „მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო ცხინვალის აღების ოპერაცია, რაც სამხრეთ-ოსეთიდან ქართულ სოფლებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს“.

მაგრამ ეს ტყუილი გახლდათ და ოდნავ მოგვიანებით ის თავად სააკაშვილმაც უარყო.

8 აგვისტოს დილით, რუსებმა სამხრეთ ოსეთის მხარე დაიჭირეს და კონფლიქტში ჩაერთვნენ. ერთი დღის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტი თავის საიდუმლო ანგარიშში აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ავიაცია ქართველების პოზიციებს ანადგურებს. „საელჩო თბილისში იუწყება, რომ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო რესურსი ამოიწურა, რაც მათ არმიას რუსეთის საავიაციო შეტევებისთვის მოწყვლადს ხდის“.

„ისინი თბილისს აიღებენ“

მანამდე, სააკაშვილმა აშშ-ის ელჩი ისევ მოატყუა – როგორც ჩანს, აშშ-ის მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით. ელჩი ტეფტი საკუთარ თავზე წერს – „პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღისით სატელეფონო საუბარში ელჩს უთხრა, რომ რუსები საქართველოს დაპყრობას და ახალი რეჟიმის დამყარებას აპირებენ. ისინი სამხრეთ ოსეთის დაკავებით არ დაკმაყოფილდებიან და თბილისსაც აიღებენ“.

სინამდვილეში, რუსეთის გენერალური შტაბი საქართველოს დედაქალაქის აღებას არ გეგმავდა. ორი დღის შემდეგ რუსეთის არმიამ დაიკავა სამხრეთ ოსეთი, კონტროლი დაამყარა საქართველოს საჰაერო სივრცეზე და 12 აგვისტოს მათი ქვეითი ჯარები თბილისიდან 50 კილომეტრის (31 მილი) მოშორებით განთავსდნენ.

ტეფტმა 10 აგვისტოს ვაშინგტონს მისწერა – „ქართველებმა ღამის განმავლობაში საშინელი დანაკარგი (შეფასებებით ეს რიცხვი ათასებს აღწევს) განიცადეს“. აშშ-ის ელჩის თქმით, სააკაშვილის გენერლებმა ფიასკო უკვე ამერიკელებს დააბრალეს – „საქართველოს სამხედრო ჩინოვნიკები პირად საუბრებში ღრმა იმედგაცრუებას გამოთქვამენ შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მიმართ, რომლებმაც მეტი მხარდაჭერა არ აღმოუჩინეს მათ რუსული შეტევის წინააღმდეგ“.

მსხვერპლის რაოდენობას ათასებისთვის არ მიუღწევია. თუმცა, სერიოზულ სროლებში 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქართველებმა კი მომდევნო თვეები იმას მოანდომეს, რომ ომზე  პასუხისმგებლობისთვის თავი აერიდებინათ. 2009 წლის მარტში, სააკაშვილის ახლო მრჩეველმა მერაბიშვილმა ელჩ ტეფტთან ევროკავშირის მიერ დაწყებულ საგამოძიებო კომისიაზე დაიჩივლა. გამოძიებას, რომელსაც შვეიცარელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა, ხუთდღიანი ომის დაწყების მიზეზები უნდა გაერკვია.

ქართული შფოთი ევროკავშირის გამოძიებაზე

საქართველოს მთავრობა, პირველ რიგში, შეშფოთებული იყო კომისიის ორი ექსპერტით - ბრიტანეთის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკით კრისტოფერ ლანგტონით და ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორით, ოტო ლუჰტერჰანდტით. 2009 წლის 10 მარტის შეტყობინებაში ტეფტი წერს, რომ მერაბიშვილის აზრით, ისინი არიან „პრორუსები და ანტიქართველები“.

მერაბიშვილის თანახმად, თავად გამოძიება „გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა (ფრანკ-ვალტერ) შტაინმაიერმა დაგეგმა“. საქართველოს ლიდერების აზრით, შტაინმაიერიც ასევე „პრორუსი და ანტიქართველი“ იყო. მერაბიშვილი შიშობდა, რომ გამოძიება „საქართველოს დისკრედიტაციის საშუალება“ გახლდათ.

ამავდროულად საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ამტკიცებდა, რომ მას უღალატეს. ამას ტეფტის შეტყობინება მოწმობს, სადაც მოყვანილია ელჩის საუბარი თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან, რომელიც ასევე სააკაშვილის ახლო მოკავშირეა. უგულავამ ელჩს განუცხადა: „მთავრობაში არსებობდა მოსაზრება, რომ ცხინვალის შენარჩუნება შესაძლებელი იყო, თუმცა - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საერთაშორისო თანამეგობრობა უმალ დაიცავდა საქართველოს ქმედებებს“.

ამერიკელები სულ უფრო გაღიზიანებულები ჩანდნენ საკუთარი თავის სიბრალულით შეპყრობილი კავკასიელი მოკავშირეებით. ტალიავინის კომისიამ საკუთარი დასკვნა სექტემბრის ბოლოს გამოაქვეყნა. სააკაშვილი ჩიოდა, რომ „დასკვნა ძალიან ანტი-ამერიკული“ იყო. ამერიკის საელჩოს ხელმძღვანელმა ამას ცივად უპასუხა, რომ ვაშინგტონი „წინ იყურება და არა უკან“.

მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელებს სთხოვა - იმაში მაინც დამეხმარეთ რომ ლათინური ამერიკის ქვეყნებმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ აღიარონო, რაზეც აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თანაშემწე ალექსანდრე ვერშბოუმ მას უპასუხა, რომ შეერთებული შტატები ყოვლისშემძლე არ არის. 2009 წლის 2 ნოემბერს თბილისში ამერიკის საელჩოს მიერ დაწერილ წერილში ჩანს, თუ რა სწრაფად შეიცვალა ამერიკელების დამოკიდებულება  სააკაშვილისადმი და ის აგდებული გახდა. აშშ-ის ჩინოვნიკებმა პრეზიდენტს უთხრეს, რომ „ბევრ ისეთ ქვეყანაში, რომელიც საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების საკითხს განიხილავს, შეერთებულ შტატებს მათ პოლიტიკაზე გავლენის შესაძლებლობა შეზღუდული აქვს“.

ფოტოზე:ომისგან მიყენებული ზარალი ცხინვალში

ორიგინალი

წყარო: http://foreignpress.ge/?p=15772

ახალი ამბები