კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონსტიტუციაში პირის დაპატიმრების შესახებ საზოგადოებისგან ფარული ცვილილება შედის

6 დეკემბერი, 2010
ინტერპრესნიუსი

2011 წლის 1  იანვრიდან ძალაში შევა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმადაც, პოლიციასა და პროკურატურას პირის დაპატიმრების განუსაზღვრელი უფლებები ეძლევათ.

კონსტიტუციაში აღნიშნული ცვლილების საზოგადოებისგან ფარულად შეტანის შესახებ გაზეთი „რეზონანსი“ სკანდალურ სტატიას აქვეყნებს.

საკონსტიტუციო საკითხების ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვის პროცესში, გაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტს მიმდინარე წლის ივლისში წარედგინა და რომლის განხილვაც შემდეგ პარლამენტში მოხდა, ეს ცვლილება გათვალისწინებული არ იყო.

ხმალაძის განმარტებით, მოქმედი კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს, ხოლო ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა - 9 თვეს, შეცვლილია. კერძოდ, მე-6 პუნქტიდან ამოღებულია წინადადების პირველი ნაწილი, და აღნიშნული პუნქტი გამოიყურება შემდეგნაირად – „ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს“, რაც, ხმალაძის განცხადებით, ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში უკვე აღარ არის ნორმა - „ეჭვმიტანილის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს“.

„სავსებით შესაძლებელია, კანონში აღარ ჩაიწეროს, რომ ეჭვმიტანილს უნდა წარედგინოს ბრალდება დაკავებიდან 3 დღის ვადაში. შესაძლოა, ეს ნორმა საერთოდ გაქრეს კანონიდან, ან კიდევ – 72 საათი შეიცვალოს 5 დღით, 10 დღით, 1 თვით, 5 თვით და ა. შ.“ - აღნიშნავს ექსპერტი.

ხმალაძე 72 საათის მნიშვნელობას საგანგებოდ განმარტავს. მისი თქმით, 72 საათი, რომელიც მე-6 პუნქტში წერია, ნიშნავს იმას, რომ დაკავებულს 72 საათის განმავლობაში უნდა წარედგინოს ბრალდება – აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება რაში ედება ბრალი: „ამ აქტის წარდგენის შემდეგ, ეჭვმიტანილი მიიჩნევა ბრალდებულად და არა – ეჭვმიტანილად, ხოლო თუ დაკავებიდან 72 საათის განმავლობაში ბრალდება არ იქნება წარდგენილი, მაშინ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს. ეს ჩანაწერი ხელისუფლებას ავალდებულებს იმას, რომ წინასწარ მოიკვლიოს ფაქტი დანაშაულთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ საკმარისი მტკიცებულებები იქნეს შეგროვილი პირის ეჭვმიტანილად მისაჩნევად, რათა ის საფუძვლიანდ იქნეს მიჩნეული ბრალდებულად და არ მოხდეს პირის მცდარად დაკავება“.

ექსპერტის შეფასებით, ცვლილება საფრთხის წინაშე დააყენებს ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს, ხოლო ხელისუფლებას მისცემს უფლებას, დაუსაბუთებელი ეჭვის საფუძველზე დააკავოს ესა თუ ის პირი და ჰყავდეს პატიმრობაში დიდი ხნის განმავლობაში.

რაც შეეხება აღნიშნული ცვლილების კონსტიტუციაში ფარულად შეტანას, ხმალაძის თქმით, ეს არის კონსტიტუციური წესის დარღვევა და ხელისუფლების უპასუხისმგებლობა, „რამდენადაც შესაძლებელია კონსტიტუციის დარღვევით შესრულებულ მოქმედებას უპასუხისმგებლობა ეწოდოს“, - დასძენს ექსპერტი.

აღნიშნული ცვლილების შესახებ ასევე არაფერი იცოდა ყოფილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეკომენდაცია-შენიშვნებს განიხილავდა.

„რეზონანსთან“ საუბრისას დემეტრაშვილი ამბობს, რომ კომისიას კონსტიტუციაში შესული ყველა საკითხი არ განუხილავს და აქედან გამომდინარე, მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის ცვლილებაზე არაფერი იცის, თუმცა აღნიშნავს, რომ თუ შევიდა კონსტიტუციაში ეს ცვლილება, აუცილებლად წინასწარ უნდა განხილულიყო.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილისთვის გაუგებარია კონსტიტუციის გარშემო ატეხილი სკანდალი და არ ესმის, რატომ იგდებენ თავს ამ „სკანდალის ავტორები“ თავს უხერხული სიტუაციაში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პავლე კუბლაშვილმა განუმარტა, კონსტიტუციიდან მართლაც ამოღებულია სიტყვა „ეჭვმიტანილი“, რადგან ეს სიტყვა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით სამართლებრივი სივრციდანაა ამოღებული და ეს საზოგადოებამაც და ე.წ. „სკანდალის“ ავტორებმაც კარგად იციან.

რაც შეეხება საპროცესო კოდექსს, მასზე მსჯელობა რამდენიმე წლის მანძილზე მიმდინარეობდა. „ამ საკითხის გაპროტსტება მათ სულ მცირე, დააგვიანდათ“, – აღნიშნა კუბლაშვილმა.

რაც შეეხება პირის დაკავების ხანგრძლივობას, კუბლაშვილი კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტზე მიუთითებს, სადაც ნათლად არის ჩამოყალიბებული პირის დაკავების ვადები. კერძოდ, ამ პუნქტის მიხედვით, „ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არა უგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს“.

კუბლაშვილის განმარტებით, ამ პუნქტის შესაბამისად, 72 საათთან დაკავშირებული ჩანაწერი აზრს კარგავდა.

რაც შეეხება კონსტიტუციაში ამ ცვლილების „ფარულად შეტანას“, დეპუტატი ამბობს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მართლაც არ ყოფილა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. თუმცა, საჯარო განხილვებისას ქუთაისში, უნივერსიტეტის ერთ-ერთმა ახალგაზრდა პროფესორმა ქალბატონმა დასვა საკითხი სიტყვა ეჭვმიტანილის ამოღების შესახებ.

მისივე თქმით, საკითხზე განმარტება საკომიტეტო მოსმენების დროსაც კეთდებოდა.

შესაბამისად, პავლე კუბლაშვილს არ ესმის რატომ ატეხეს აჟიოტაჟი და რისი მიღწევა სურთ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ აჟიოტაჟის ავტორებს და ინიციატორებს.

ახალი ამბები