კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააკაშვილის ინიციატივას რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონებში დამატებითი სამხედრო ტექნიკის განთავსებით უპასუხა

8 დეკემბერი, 2010
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამატებითი სამხედრო ტექნიკის განთავსების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, საყურადღებოა, რომ „სმერჩის“ ტიპის სისტემები მოქცეულია ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების (ეჩშძ) შესახებ ხელშეკრულებით დადგენილ შეზღუდვებში.

„სმერჩის“ ტიპის სისტემების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთმა ეჩშძ ხელშეკრულების შესრულების უკანონო შეჩერების დეკლარირებით შეიქმნა წინაპირობა ხელშეკრულების მოქმედების არეალში საკუთარი სამხედრო ძალის უკანონო ზრდისათვის“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ ზალპური ცეცხლის „სმერჩის“ ტიპის სისტემების ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განლაგება წარმოადგენს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული იმ აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას არა მხოლოდ კავკასიის, არამედ მთლიანად შავიზღვისპირეთის რეგიონში.

„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამალებული მილიტარიზაცია ნათელყოფს, რომ ეუთო-სა და გაერო-ს სადამკვირვებლო მისიების საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან განდევნისა და ამ ტერიტორიებზე ევროკავშირის დამკვირვებლების არდაშვების მიზანი იყო სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მონიტორინგისა და კონტროლის თავიდან აცილება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყების განცხადებით, ამავე კონტექსტშია განსახილველი რუსეთის ფედერალური და რეგიონალური ხელისუფლების მაღალჩინოსნების სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლური ბრალდებები თითქოს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთს ემუქრება ტერორისტული საფრთხე. საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ მსგავსი განცხადებებისა და ოკუპირებული ტერიტორიების გამალებული მილიტარიზაციის ფონზე რუსეთის მხრიდან მომდინარე სამხედრო საფრთხის ალბათობა მკვეთრად მატულობს.

„ამგვარი „ასიმეტრიული“ ქმედებებით პასუხობს რუსეთი საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივას და ქართული მხარის განცხადებას ძალის არგამოყენების შესახებ, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებრიობამ ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჯეროვანი შეფასება მისცეს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასა და პროვოკაციულ ქმედებებს და გააქტიუროს ძალისხმევა, რათა აიძულოს რუსეთი შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება და მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის სრული და დაუყოვნებელი დეოკუპაცია.

3 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის ე.წ. მეოთხე სამხედრო ბაზაზე შეიყვანეს დამატებითი ცოცხალი ძალა, რომელთაც გადაეცათ ახალი შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა. ამავე დროს სამხრეთის ფედერალური ოლქის ძალოვანი სტრუქტურების წყაროზე დაყრდნობით, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა 6 დეკემბერს გაავრცელეს ცნობა, რომლის თანახმადაც, ცხინვალთან ახლოს განლაგებულ იქნა "სმერჩის" რეაქტიული სისტემით შეიარაღებული არტილერიის დივიზიონი. აღსანიშნავია, რომ ამ შეტევითი საარტილერიო სისტემის მოქმედების არეალი მოიცავს 70-დან 90 კმ-მდე დისტანციას.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები