კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის საკაბელო ტელევიზია მეორე არხსაც თიშავს

8 დეკემბერი, 2010
თელავის საკაბელო ტელევიზია „გორდამ“ „მაესტროს“ და „კავკასიის“ ტრანსლირების შეწყვეტის შემდეგ, 25 - 26 ნოემბერს, როცა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხიც გათიშა. „გორდამ“ მეორე არხის ტრანსლირება 18 ნოემბერსაც შეწყვიტა, როცა „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ საინიციატივო ჯგუფი თელავში მხარდამჭერებს შეხვდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი ოპოზიციის პრესკონფერენციებს, შეხვედრებს და აქციებსაც აშუქებს. მეორე არხის მაუწყებლობა რეგიონებში საკაბელო ტელევიზიების მეშვეობით ვრცელდება.

თელავის საკაბელო ტელევიზიას რაიონში დაახლოებით 5 000-მდე აბონენტი ჰყავს.

ხელშეკრულების თანახმად, საკებელო ტელევიზიის დამონტაჟება აბონენტის კუთვნილ შენობაში 50 ლარი ღირს, ხოლო სააბონენტო გადასახადი 10 ლარია. ხელშეკრულების მიხედვით, საკაბელო ტელევიზია მომხმარებელს აწვდის 30 სატელევიზიო არხს. „მაესტროს“ და „კავკასიის“ ტრანსლირების შეწყვეტის შემდეგ „გორდამ“ გასართობი არხები დაამატა და საერთო ჯამში აბონენტებს 30 სატელევიზიო არხზე მეტს აწვდის.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელის მარეხ მგალობლიშვილის თქმით, ხელშეკრულება არ უკრძალავს „გორდას“ ხელმძღვანელობას რომელიმე არხის მაუწყებლობის შეწყვეტას, ამიტომ ისინი თავს არ იზღუდავენ და არასასურველ არხებს სურვილისამებრ თიშავენ.

ტელეკომპანია „გორდას“ ხელმძღვანელი გივი მამუკელაშვილი აცხადებს: „ტელევიზია ჩემია და რასაც მინდა იმას ჩავრთავ და გამოვრთავ“, თუმცა იქვე განმარტავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის, ისევე როგორც „მაესტროს“ და „კავკასიის“ ტრანსლირებაც, ტექნიკური ხარვეზების გამო შეწყდა.

შეგახსენებთ, რომ თელავის საკაბელო ტელევიზიამ „მაესტროს“ და „კავკასიის“ გადაცემების ტრანსლირება 29 სექტემბერს შეწყვიტა. „გორდას“ ხელმძღვანელობამ ტელეკომპანიების ტრანსლირების შეწყვეტა ტექნიკური მიზეზებით ახსნა და არაერთი დაპირების მიუხედავად, ტრანსლირება დღემდე არ აღუდგენია.  „გორდას“ ხელმძღვანელობა უარს ამბობს თელავის დამოუკიდებელი ტელეკომპანია „თანამგზავრის“ ტრანსლირებაზეც.

ცოტა ხნის წინ „გორდამ“ საკუთარი საინფორმაციო გამოშვების გაკეთებაც დაიწყო, რომელიც ეთერში კვირაში ორჯერ გადის. საინფორმაციო გამოშვება ძირითადად სამთავრობო ღონისძიებებს აშუქებს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები