კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გალის რაიონის ქართველთა არჩევანი - ცხოვრება შიშის ქვეშ ან უსახლკარო დევნილობა

10 დეკემბერი, 2010

ეკა მჭედლიძე

ქალბატონი ბელა - აფხაზეთიდან დევნილი ახლა სამეგრელოში ცხოვრობს. ომის შემდეგ იგი მშობლიურ მხარეში არ იყო ნამყოფი. წელს  ზაფხულში პირველად მოახერხა და აფხაზეთში გადავიდა. ბელამ ჯერ თავისი დამწვარი და გაჩანაგებული სახლი მოინახულა, შემდეგ კი მეზობელ სოფელში დარჩა  ნათესავებთან. ბელა  აჩიგვარაში ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩავიდა. იგი თავისი „მეგრული წარმომავლობის“ გამო იმედოვნებდა, რომ იქ ჩასვლით საფრთხე არ ემუქრებოდათ.

გალის ტერიტორიაზე მცხოვრები მეგრელების და ზოგადად ქართველობის მიმართ აფხაზეთში თავიდანვე  ნაკლებ აგრესიას ავლენდნენ. სეპარატისტები  ითვალისწინებდნენ ამ ტერიტორიაზე ხალხის არსებობის საჭიროებას. დღეს გალის რაიონი ერთგვარი პლანტაციაა, რომლის კულტივატორი ქართველი მოსახლეობაა, შემოსავალი კი სხვათა ჯიბეში მიდის.

როგორც ქალბატონმა ბელამ გვიამბო, გალის რაიონში ყველა სოფელს ყავს „ხელმძღვანელი“, პატარა დაჯგუფების სახით. მაგალითად, აჩიგვარას ოთხი–ხუთი კაცისაგან შემდგარი ჯგუფი აკონტროლებს. როგორც ჩანს, ასეთი საპასუხისმგებლო საქმე შესაძლებელია, დაევალოს არა მხოლოდ ეთნიკურად აფხაზს, არამედ ნებისმიერ სხვას, ვინც კი სანდო პირად იქნება მიჩნეული. ზემოხსენებული ჯგუფის მეთაური ეროვნებით თურქი უნდა იყოს, მისი სახელია გომბე ფოცხოოღლი. ეს ადამიანი თავის მხლებლებთან ერთად, ერთგვარი შუამავალია მოსახლეობასა და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის. ჯგუფი  ხელისუფლების დავალებებს ასრულებს - აკონტროლებს მოსახლეობის ცხოვრების წესს და ატყობინებს ხალხს იმ სიახლეების შესახებ, რაც უშუალოდ მათ უკავშირდებათ.

მაგალითად, ის  სახლები, რომლებიც ხალხმა ომის დროს მიატოვა, დე ფაქტო ხელისუფლების ბრძანებით უნდა გაყიდულიყო. თუმცა, სოფლებში სახლებს უცხო ადამიანები ნაკლებად იყიდიდნენ. ამიტომ  ხსენებულმა გომბე ფოცხოოღლმა ადგილობრივებს შესთავაზა, თვითონვე შეესყიდათ თავიანთი ახლობლებისა და ნათესავების საკუთრება. ამ ზაფხულს ერთ–ერთი ასეთი სახლი აჩიგვარაში გაიყიდა 4000 დოლარის ექვივალენტში რუბლად. სახლის მყიდველი მისი ყოფილი მეპატრონის მშობელია, რომელმაც  საკუთარი შვილისთვის ოდესღაც ნაყიდი სახლი კიდევ ერთხელ იყიდა. სად და  ვის ჯიბეში მიდის ეს თანხები, დანამდვილებით არც მან და არც სხვებმა არ იციან. საერთოდ, მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე იქ ძალიან დაბალია და  ხალხი მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობის გამო მოქმედებს ამგვარი დაჯგუფებების მითითებების შესაბამისად.

მოსახლეობის  ძირითადი შემოსავალი არის ყიდვა–გაყიდვა. საკუთარ ნაკვეთებში მოსულ თხილს და მანდარინს ძირითადად სახლიდანვე  ყიდიან აფხაზებზე, რუსებზე  თუ  სომხებზე, რა თქმა უნდა - საბაზრო ფასებთან შედარებით გაცილებით იაფად. მათი სავაჭრო  საქმიანობა კონტროლდება ყველა ნაბიჯზე.  დიდი თანხების შოვნის საშუალებას და უფლებას მათ იქ არავინ აძლევს. აქედან გამომდინარე, აქ ყიდვა-გაყიდვა არ არის რაიმე სახის კერძო ბიზნესი. იგი მხოლოდ წლიდან წლამდე თავის გატანას, სხვა პროდუქტების შეძესაძენად არის საკმარისი. ისინი კი, ვინც გალის რაიონის მოსახლეობისგან იაფად ყიდულობენ საქონელს, შემდეგ  რუსეთში ათმაგად  ყიდიან. 

კიდევ უფრო შემოსავლიანია მიტოვებული ნაკვეთები, რომელთაც ასევე დამუშავება სჭირდება. ამასაც ადგილობრივი ქართველობა აკეთებს. ისინი ამუშავებენ მიწებს, მოსავალს კი ყველა სოფელი ბოლო მარცვლის ჩათვლით, ხსენებულ დაჯგუფებებს აბარებს. ფაქტობრივად ეს არის ხარკი საკუთარი უსაფრთხოებისა და ლუკმა–პურის სანაცვლოდ. 

„თუ გინდა, რომ შენი  მოსავალი არ გაანადგურონ და ზედ თვითონ შენც არ  მიგაყოლონ, ყოველ სამუშაო სეზონზე უნდა მიიღო მონაწილეობა ნაკვეთის დამუშავებასა და მოსავლის აღებაში. აბა,  გაბედე და ერთი თხილის მარცვალი დატოვე მიწაზე დაგდებული! ხალხს იარაღის ქვეშ უწევს მუშაობა. თუმცა, მიჩვეულებიც არიან ასე ცხოვრებას, როგორც სამსახურში სიარულს. დაჯგუფების მეთაურს მინც აუცილებლად თანა აქვს იარაღი. ეს მისთვის თავდაცვაა, მითუმეტეს - პლანტაციებსა და ტყეებში. ხალხი ფიქრობს, რომ ეს ადამიანები ჩვეულებრივი იარაღასხმული ყაჩაღები არიან“, - ამბობს ჩვენი რესპოდენტი.

ხალხი იმასაც ხვდება, რომ სოფელში არასდროს არ გატყდება ციხე, თუ კარს შიგნიდან არ გააღებს ვინმე. კონკრეტულად ვინ აღებს ხოლმე ციხის კარებს, ესეც კარგად იციან, მაგრამ ძალა აღმართს ხნავს. სწორედ ამ აგენტურული მეთოდით გაიგეს ყაჩაღებმა, რომ ცოლ–ქმარმა ვაჟა და თინა ესართიებმა საახალწლოდ ღორი გაყიდეს ბაზარში. ფულის გატაცების მიზნით მათ თავს დაესხნენ, დახოცეს ისინი და თანხა გაიტაცეს. სოფელმა ხმა ვერ ამოიღო. საქმე დე ფაქტო აფხაზურ მილიციას არ გამოუძიებია და დამნაშავეებიც არ დასჯილან.

ჩნდება კითხვა - რატომ არ ტოვებს დარჩენილი ქრთველობა იქაურობას, თუკი იქ ყაჩაღები დათარეშობენ და ბატონყმური ურთიერთობებთან შეგუება უწევთ? სწორედ ეს ვკითხეთ ქალბატონ ბელას, რომელიც არანაკლებად იყო გაოცებული, შემდეგ კი ალბათ, საკუთარ თავსაც თვითონვე უპასუხა: „ისინი ვერ ტოვებენ სახლ–კარს, რადგან იციან, რომ თუკი წამოვლენ, ენგურს აქეთ ღია ცისქვეშ ცხოვრება ემუქრებათ. ხომ ხედავენ როგორ ცხოვრობს დევნილობის დიდი ნაწილი - დამცირებული და მიგდებული. ვინც მარჯვეა, ის ვაჭრობაშია გადავარდნილი, მაგრამ ზოგი კი თავს იწვავს უსახლკარობის გამო“.   
 
ბევრი ქართველი დღეს ჩვეულებრივ გადმოდის ე.წ. საზღვარს  და შემდეგ ისევ ბრუნდება უკან. მათ აქვთ ქართული პასპორტები და  სარგებლობენ საქართველოს ხელისუფლების მიერ დანიშნული შემწეობებით (რის თაობაზეც კულუარულად ინფორმირებულია რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანლობა); მათ ენგურს გამოღმა აქვთ ნათესავებთან ურთიერთობისა და ოჯახისთვის სხვადასხვა პროდუქტის შეძენის საშუალება. საბოლოო ჯამში, მათ აქვთ თავისუფლება, რომელიც ვრცელდება იქამდე, სანამდეც ეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას სჭირდებათ. ამავე დროს მათ შეუძლიათ, არ იცხოვრონ დაბეჩავებულ მდგომარეობაში იარაღის ქვეშ.  მიუხედავად ამისა, ისინი არ ტოვებენ სახლებს აჩიგვარასა თუ ბარღებში, რადგან არავინ იცის, რა ჯობია ჩვეულებრივი ადამიანისთვის - იცხოვროს შიშის ქვეშ საკუთარ სახლში თუ იცხოვროს თავისუფალმა უსახურ კომპაქტურ დასახლებაში, საიდანაც დევნილებს ხელისუფლება ხშირად ქუჩაში ერეკება.

ახალი ამბები