კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტაძარი, სადაც ომში დაღუპულ აფხაზ და ქართველ მეომრებს ერთად მოიხსენიებენ

16 დეკემბერი, 2010
სალომე აჩბა

სამების ტაძრის ეზოში, საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ომში დაღუპული აფხაზი და ქართველი მეომრების სახელზე ტაძარი აშენდება. იდეა „დევნილთა კონგრესს“ და „საქართველოს მეომართა კავშირს“ ეკუთვნის. ამჟამად ტაძრის დაპროექტების ეტაპი სრულდება, მშენებლობა იანვარში დაიწყება და ერთ წელიწადში დასრულდება.

ტაძარი საპატრიარქოსთან არსებული ფონდის „მზე შინა და მზე გარეთას“ ფინანსური მხარდაჭერით აშენდება. ფონდის თანადამფუძნებელი, 23-ე ბრიგადის ოფიცერი, ვეტერანი, ამჟამად რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი მინდია გულუაა. „მზე შინა და მზე გარეთას“ საპატიო პრეზიდენტი კი საქართველოს პატრიარქია და ტაძარიც სწორედ მისი ლოცვა-კურთხევით შენდება. საპატრიარქომ მშენებლობისთვის მიწა სამების საკათედრო ტაძარში უკვე აკურთხა.

დევნილთა კონგრესის თვმჯდომარის, აფხაზეთის შსს-ს ყოფილი მინისტრის, დავით გულუას განცხადებით, ტაძრის აშენება ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავყოფას და ქართველი და აფხაზი ხალხის დაახლოების იდეას ემსახურება: „მნიშვნელოვანია, რომ ეს ტაძარი არა მხოლოდ ომში დაღუპულ ქართველთა, არამედ აფხაზ მეომართა სახელზე შენდება. ცხადია, გადაჭარბებული იქნება მტკიცება, რომ ეს ფაქტი გარდამტეხ სასიკეთო ცვლილებებს შეიტანს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, მაგრამ დადებით როლს რომ შეასრულებს, გვჯერა. ამ იდეის შესახებ აფხაზებმაც შეიტყვეს და გვითხრეს, რომ ტაძრის მშენებლობაში ისინიც ჩაერთვებიან და გვერდით დაგვიდგებიან“, – აცხადებს დავით გულუა, დევნილთა კონგრესის თავმჯდომარე.

როგორც დევნილთა კონგრესში აცხადებენ, ტაძრის მშენებლობაში ჩაერთვებიან აფხაზეთში, საქართველოს სხვა რეგიონებში და საზღვარგარეთ მცხოვრები აფხაზები, დევნილები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები.

დევნილთა კონგრესის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა აჩბა მიიჩნევს, რომ ეს ტაძარი იქნება ქათველებისა და აფხაზების ერთობის სიმბოლო: „მე ვფიქრობ, ეს იქნება ორი ხალხის კვლავ დაახლოებისა და ურთიერთობის გაღრმავებისკენ წინგადადგმული ნაბიჯი. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ტაძრის მშენებლობის ინიციატორები მეომრები და ომის ვეტერანები არიან. პირველ რიგში, სწორედ აფხაზი და ქართველი მეომრები და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები უნდა შერიგდნენ“.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ტაძრის აშენება ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობებში განსაკუთრებულ ცვლილებებს ვერ შეიტანს. როგორც Humanrights.ge-სთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, ერთადერთი, რასაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირება შეუძლია, საქართველოს ხელისუფლების სწორი პოლიტიკა და გონივრული ნაბიჯები იქნება: „ასეთი ტაძარი რომ შენდება და დაღუპულთა სულებზე ლოცვა რომ შეგვეძლება, ძალიან კარგია. თუმცა, არა მგონია, ამან განსაკუთრებულად დიდი ცვლილება შეიტანოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში. ტაძარი საერთოდ იმისთვისაა, რომ იქ ვილოცოთ. ეს ტაძარი კი მარტო იმისთვის თუ შენდება, რომ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში რაიმე ცვლილება მოხდეს, ეს გონივრული არ არის. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების საქმეში, შედეგს გამოიღებს მხოლოდ ხელისუფლების გონივრული ქცევები. დანარჩენი, მათ შორის - ტაძრის მშენებლობაც, არის დამატებითი ღონისძიება, რისთვისაც განსაკუთრებული ფუნქციის მინიჭება არ შეიძლება“.


მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში: „შესაძლოა, ამ ტაძრის მშენებლობამ გადამწყვეტი როლი არ შეასრულოს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნორმალიზაციის საქმეში, მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს მაინც შეასრულებს. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ მართალია, საქართველოს ეკლესია პრაქტიკულად ვერ ახერხებს აფხაზეთში შესვლას და ღვთისმსახურებას, მაგრამ ფორმალურად აფხაზეთი საქართველოს ეპარქიაა. დაახლოებით ამგვარი რამ გაკეთდა ესპანეთშიც სამოქალაქო ომის შემდეგ. ისტორიამ გვაჩვენა, რომ ამან თავისი დადებითი როლი შეასრულა“.

ტაძრის მშენებლობის იდეას დადებითა ეხმაურება აფხაზეთიდან დევნილი მწერალი, გურამ ოდიშარია: „შესანიშნავ საქმეს ეყრება საფუძველი. ბევრად ადრეც რომ გაკეთებულიყო ასეთი რამ, ძალიან კარგი იქნებოდა. ეს ომი დიდი უბედურება იყო ქართველებისა და აფხაზებისთვის. ორივე მხარე მსხვერპლია. ის ტაძარი, რომელიც სამების ეზოში აშენდება, ვფიქრობ, იქნება განგაშის ზარი, გაფრთხილება და შეხსენება, რომ აღარასოდეს აღარ უნდა განმეორდეს ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ჩვენ ხომ ის ხალხები ვართ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ერთად ვაგებდით ეკლესიებსა და ტაძრებს? ერთად, ერთმანეთის გვერდით ვლოცულობდით.  ამგვარი ტაძრის არსებობა, რომელიც აფხაზი და ქართველი მეომრების სახელზე იქნება აშენებული, ვფიქრობ, დადებითად იმოქმედებს ქართულ-აფხზურ ურთიერთობებზეც. ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მეომრებს, ვეტერანებს, დევნილებს, ახალგაზრდებს და საერთოდ მთელ საზოგადოებას გვექნება ტაძარი, სადაც ყველანი ერთად ვილოცებთ ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებლად“.


გარდა ტაძრის მშენებლობისა, დევნილთა კონგრესი დევნილებისთვის პოლიკლინიკის მშენებლობასაც გეგმავს, სადაც დევნილებს, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ვეტერანებს უფასო სამედიცინო დამხარებას გაუწევენ. პოლიკლინიკის მშენებლობისა და ინვენტარით უზრუნველყოფის თანხებს ფონდ „მზე შინა და მზე გარეთას“ თანადამფუძნებელი ბიზნესმენი მინდია გულუა გაიღებს.

ახალი ამბები