კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხეთაში ჩასახლებული დევნილები საყოფაცხოვრებო პირობების მოგვარებას ითხოვენ

21 დეკემბერი, 2010

ინგა გვასალია, სამეგრელო

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, ტექნიკუმის ყოფილ შენობაში აფხაზეთიდან დევნილი ორმოცამდე ოჯახი ჩაასახლეს. ექვსი თვეა, მათ წყალი არ მიეწოდებათ და სასმელად უვარგის ჭის წყალს ეზიდებიან. რამდენჯერმე ბავშვები წყლით მოეწამლათ. დევნილები უხარისხოდ შესრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც საუბრობენ. მათ საცხოვრებელს საკვამურები არა აქვს, რის გამოც ვერ თბებიან.

„ექვსი თვეა, გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ. აქ რაც ჩავსახლდით, შუქი არ გვქონდა. ოცი დღეა, ეს პრობლემა მოგვიგვარეს. ახლა წყალი არა გვაქვს და ერთი წელი არც გვექნება, როგორც ამას გვეუბნებიან. ჭის წყლით ვსარგებლობთ, რომელიც სასმელად უვარგისია და ბავშვებიც მოგვიწამლა. ხუთი შვილის დედა ვარ. აქამდე მცხეთაში ვცხოვრობდი. მეგონა, აქ ჩამოსახლებით რამე შეიცვლებოდა უკეთესობისკენ, მაგრამ ასე არაა. სახლებს საკვამურიც არა აქვს, ზამთარი კარს მოგვდგომია და რითი უნდა გავთბეთ, არ ვიცით?! ვთხოვ ჩვენ მინისტრს, მოვიდეს და ყურადღება მოგვაქციოს“, – გვითხრა მცხეთიდან ჩამოსახლებულმა დევნილმა ფიქრია ცხადაიამ. 

დევნილთა ერთი ნაწილი ფართითაც უკმაყოფილოა. „შვიდსულიანი ოჯახს სამი ოთახი მოგვცეს. სარემონტო სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული. მივმართე ადგილობრივ ხელისუფლებას, სამეგრელოს რეგიონალური დევნილთა სამსახურის უფროს ლევან მიქაიას, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. სულ გვპირდებიან და დროს წელავენ“, - გვითხრა დარეჯან გაბელიამ.

დევნილები ამბობენ, რომ შენობების სარდაფები ხშირად წყლით ივსება, ამოტუმბვაზე კი არავინ ზრუნავს. ეზოში არ დგას სანაგვე ურნები. ეზოც მოუწყობელია. „სარდაფებში რომ წყალი დგას, ამის შესახებ არაერთხელ ვაცნობეთ სოფლის გამგეობას, მაგრამ პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია. შენობის უკან სანაგვეა, რის გამოც ეზოში ანტისანიტარიაა. დევნილები კი ვართ, მაგრამ ჩვენც ხომ ადამიანები ვართ? ჩვენც ხომ გვინდა სისუფთავეში ცხოვრება?“ - ჩივის მარინა კაკულია.

სოფელ ხეთას დევნილთა სამსახურში გვითხრეს, რომ დევნილთა პრობლემების მოგვარება მათ კომპეტენციას სცდება და გამგეობაში გადაგვამისამართეს. გამგეობაში კი ამბობენ, რომ შენობების რეაბილიტაციისას პროექტში საკვამურები გათვალისწინებული არ იყო. წყლის პრობლემის მოგვარებას კი მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ. ეზოს კეთილმოწყობაზეც  მომავალი წლიდან იზრუნებენ.

რალა ჩემია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე: „ჩვენთვის ცნობილია ამ ადამინების პრობლემები. ვიცით, რომ მოსაგვარებელია წყლის საკითხი. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს რეაბილიტირებული ბინები ისე ჩაბარდა, რომ ბევრი აუცილებელი პირობა არ იყო შესრულებული. წყლის პრობლემაზე მინდა გითხრათ, რომ მთლიანად სოფელში არ არის საკმარისი წყლის დებეტი. ვფიქრობთ, ერთადერთი გამოსავალი საქაჩის დაყენებაა. უკვე მივმართეთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას და შესაბამის სტრუქტურებს დახმარებისთვის. დევნილთა სამინისტრო დაგვპირდა, რომ ამ კუთხით მუშაობა ჩატარდება. თუ  ეს ვერ მოხერხდა, ბიუჯეტში გავითვალისწინებთ ამ ხალხის მოთხოვნას. სამწუხაროა, რომ საკვამურები პროექტით არ იყო გათვალისწინებული. ამიტომ ამ ადამიანებს მოუწევთ ინდივიდუალურად მოაგვარონ გათბობის საკითხი“.

დევნილები უიმედოდ არიან. მათი თქმით, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და დევნილთა რეგიონალური სამსახურიდან მათ ჩასახლებას ხშირად სტუმრობენ და დაპირებებსაც უხვად იძლევიან, მაგრამ ასე  საქმე არ კეთდება. ისინი ახლა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოლოდინში არიან.   

ახალი ამბები