კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მინისტრის ბრძანებამ შესაძლოა, კონსტიტუციური უფლება შეზღუდოს

22 დეკემბერი, 2010

ლიკა გიგინეიშვილი, netgazeti.ge

სასჯელაღსრულების მინისტრის # 89 ბრძანებულების თანახმად, თუ ადვოკატს რამდენიმე პატიმართან სურს შეხვედრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ყოველ ჯერზე რიგში თავიდან უნდა ჩადგეს. საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, ამან შესაძლოა, ბრალდებულის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლების, დაუყოვნებლივ მოითხოვოს დამცველის დახმარება, შეზღუდვა გამოიწვიოს.

საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს,  გაუმჯობესდეს ადვოკატსა და პატიმარს/მსჯავრდებულს შორის პირად შეხვედრათა ეფექტურობა და მოწესრიგდეს შესაბამისი ინფრასტურქტურული საკითხები.

ასევე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 10 ივნისის #89 ბრძანების მე–4 მუხლი ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ დაცვის უფლების განხორციელება იყოს  რეალური და არ იქნეს ეს უფლებაშეზღუდული.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა  მინისტრის 2010 წლის 10 ივნისის #89 ბრძანებულების მეოთხე პუნქტის მიხედვით, ადვოკატს უფლება აქვს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთ შესვლაზე შეხვდეს მის დაცვის ქვეშ მყოფ მხოლოდ ერთ პატიმარს, ხოლო სხვა მსჯავრდებულთან შეხვედრის სურვილის შემთხვევაში, უნდა დაიცვას რიგში მდგომ ადვოკატთა რიგითობა.

საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, ასეთი რეგულირების პირობებში, დაცვის უფლების განხორციელება შესაძლოა შეიზღუდოს  და არსებობს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების შელახვის რისკიც.

ომბუდსმენი ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუცია საკმაოდ მკაცრ ვადებში მოითხოვს მსჯავრდებულის სასამართლოში პირველად წარდგენას (დაკავებიდან 72 საათში). ამიტომ დამცველს ეძლევა საკმაოდ მცირე დრო, შეხვდეს ბრალდებულს და შეამოწმოს დაპატიმრების კანონიერება.

ასეთი რეგულაციის პირობებში, სახალხო დამცველის მოსაზრებით,  შესაძლოა შეიზღუდოს ბრალდებულის კონსტიტუციით განსაზღვრული ეფლება – დაპატიმრებისთანავე მოითხოვოს დამცველის დახმარება (18 მუხლი).

„როდესაც კონკრეტულ პირს ჰყავს ისეთი ადვოკატი, რომელიც სხვა პირის ინტერესებსაც იცავს, რეალურად იქნება ინტერესთა კონფლიქტის მდგომარეობა და ადვოკატს უწევს ავტომატურად თანაზომიერად ორივე (ან მეტი) ბრალდებულის დაცვის უფლების შეზღუდვა, რასაც, რა თქმა უნდა, აქვს გავლენა შემდგომ სამართალწარმოებაზე, პატიმართა საუარესოდ. ეფექტური დაცვის უფლების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია პატიმრებს მიეცეთ არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ საკმარისი დრო ადვოკატთან შესახვედრად“, - აღნიშნულია რეკომენდაციაში.

გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის ჯგუფი 2010 წლის 20 სექტემბერს იმყოფებოდა.

„აღნიშნული დაწესებულება არის შედარებით ახალი აშენებული და  მასში კარგი პირობებია სხვებთან შედარებით, მაგრამ აღნიშნულიც ვერ ახდენს ადვოკატთა ყოველდღიური რიგის შემცირებას“, -  ნათქვამია ომბუდსმენის რეკომენდაციაში.

გლდანის #8 საპყრობილეში სულ 22 ოთახია, სადაც პატიმრები ადვოკატებს ხვდებიან.

ადვოკატებისა და პატიმრების შეხვედრისთვის საჭირო ადგილების არასაკმარისობაზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მიხეილ ღოღაძეც. მისი თქმით, ერთ პატიმართან შეხვედრისას ადვოკატს ერთი საათი მაინც სჭირდება იმისათვის, რომ გაერკვეს საქმის ვითარებაში. შეხვედრისთვის გამოყოფილი ოთახების ნაკლებობა კი სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ადვოკატების დიდ რიგს ქმნის.

„მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, რომ მივედი 11 საათზე ციხეში და სიაში უკვე 203 კაცი იყო. გამოხვიდე გარეთ და თავიდან ჩადგე რიგში, ეს ნიშნავს, რომ შესვლა თუ მოგიწია, მოგიწევს დღის ბოლოს. როცა ადვოკატი ხარ, მაგდენი დრო არ გაქვს, რომ მთელი დღე იქ იდგე. ციხეში უნდა იყოს იმდენი ადგილი, რომ როცა ადვოკატი მიდის, მოახერხოს შესვლა“, - ამბობს ღოღაძე.

მისი აზრით, ასეთ პირობებში ადვოკატს უნდა ჰქონდეს საშუალება, ერთ შესვლაზე რამდენიმე პატიმარს გაესაუბროს.

სასჯერაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროში მინისტრის #89 ბრძანებულების მეოთხე პუნქტის შინაარსს ადვოკატების თანაბარუფლებიანობით ხსნიან.

„ეს წესი ყველა ადვოკატს აყენებს თანასწორ უფლებაში. ერთი ადვოკატი რომ შევიდოდა და 10-15 ბრალდებულს ნახულობდა, დანარჩენები უცდიდნენ გარეთ, ასე კი დაცულია რიგითობა და ყველა თანაბარუფლებიანია“, - ამბობს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა სუხიშვილი.

მისივე თქმით, #8 საპყრობილეში მიმდინარეობს მსჯავრდებულთა და ადვოკატთა შეხვედრისათვის დამატებითი ოთახების რეაბილიტაცია.

„ვაცნობიერებთ რა ინფრასტრუქტურის ამ პატარა ხარვეზს, სულ ცოტა ხანში შეემატება #8 საპყრობილეს შეხვედრისათვის საჭირო ახალი ოთახები. ეს გაკეთდება ყველაგან, სადაც საჭიროება იქნება“, – ამბობს სუხიშვილი.

სახალხო დამცველის რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ მას ხშირად მიმართავენ ადვოკატები და ამბობენ, რომ არ ეძლევათ საშუალება, თავიანთი საქმიანობა ეფექტურად განახორციელონ, ინფრასტრუქტურის არარსებობის ან გაუმართაობის გამო.

ობმუდსმენის რეკომენდაციით, სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ადვოკატებისა და პატიმრების ეფექტური შეხვედრის შესაძლებოლობა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში.

ახალი ამბები