06:35, Wednesday, 21.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პაატა ზაქარეიშვილი: „საქართველოს ორი არჩევანი აქვს - ან კიდევ უფრო დაკარგოს აფხაზეთი, ან...“

23.12.2010

თამარ ჩხეიძე, netgazeti.ge

საქართველოს ორი არჩევანი აქვს– ან კიდევ უფრო დაკარგოს აფხაზეთი, ან მისცეს ხალხს საშუალება, ტელეფონით მაინც დაუკაშირდნენ ერთმანეთს – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან  საუბარში.

დაახლოებით ერთი კვირაა აფხაზეთში სატელეფონო ზარის განხორციელება შეუძლებელია. სატელეფონო კავშირი ცალმხრივად შეწყდა. თუ აქამდე აფხაზეთში როგორც ქართული, ასევე რუსული კოდით შეიძლებოდა დარეკვა, დღეს აფხაზეთთან დაკავშირება მხოლოდ რუსეთის კოდით არის შესაძლებელი. ეს გახდა მიზეზი, რის გამოც, მარეგულირებელმა კომისიამ ოპერატორებს აფხაზეთთან რუსული კოდით დაკავშირება აუკრძალა.

- აფხაზეთთან სატელეფონო კავშირი ცალმხრივად შეწყდა, თქვენი აზრით, ეს რას ნიშნავს?

- ეს არის დამატებითი მტკიცებულებაა იმისა, თუ რამდენად წარუმატებულია საქართველოს პოლიტიკა. ეს ნიშნავს, რომ ხდება აფხაზეთის საქართველოსგან და საერთაშორისო სამყაროსგან კიდევ უფრო მეტი იზოლაცია. 

საქართველოს თუ უნდა, რომ მოსახლეობას თავის მეგობრებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან სატელეფონო კავშირი ჰქონდეს, მაშინ უნდა ისარგებლოს ამ კოდით. საქართველო იძულებულია, რომ აღიაროს ახალი რეალობა, ან შეწყვიტოს კავშირი აფხაზეთთან – რასაც აკეთებს კიდეც, წყვეტს ყოველგვარ კავშირს აფხაზეთთან.

- რას გამოიწვევს სატელეფონო კავშირის ცალმხრივად გაწყვეტა?

- მოხდება კიდევ უფრო დიდი გაუცხოება აფხაზეთის საქართველოს მიმართ. ნათესავებს, მეგობრებს, ახლობლებს გაუჭირდებათ კონტაქტების დამყარება, რაც, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო მეტ გაუცხოებას გამოიწვევს.

- სხვა ქვეყნები აფხაზეთს რუსეთის კოდით უკავშირდებიან...

- აფხაზეთს რუსეთმა მიანიჭა ეს კოდი.  სამართლებრივად აფხაზეთი  რუსეთის ტერიტორია გახდა, სატელეფონო ტერიტორიას ვგულისხმობ. იქ ვრცელდება რუსეთის კანონმდებლობით დადგენილი კოდები. შვიდიანი (7) ვრცელდება მთელი რუსეთის ტერიტორიაზე.

- მაგალითად, გერმანია არ აღიარებს აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყანად, თუმცა სატელეფონო ოპერატორი დოიჩეტელეკომი აფხაზეთთან 7-ით აკავშირებს …

- იმიტომ, რომ ეს ოპერატორი  აკავშირებს აბონენტს რუსეთთან. მას არა აქვს უფლება, არ დააკავშიროს აბონენტი საერთაშორისოდ აღიარებულ კოდთან. მაშინ მსოფლიომ უნდა გამოუცხადოს პროტესტი რუსეთს და ჩამოართვას 7–ანი კოდი, წამსვლელია მსოფლიო ამაზე?

- განახორციელა თუ არა, თქვენი აზრით, საქართველომ ქმედითი ღონისძიებები იმისთვის, რომ აფხაზეთთან დასაკავშირებლად რუსეთის კოდი არ ყოფილიყო გამოყენებული? 

- ცხინვალი არ უნდა დაგვებობმა – აქედან იწყება ყველაფერი. უფსკრულში რომ გადახტება ადამიანი, მერე აღარ აქვს მნიშვნელობა, ათჯერ გაიქნევს ხელს, თუ ათჯერ გაიქნევს ფეხს. თავი და თავი ის არის, რომ ჩვენ დავუშვით რუსეთის პროვოკაციაში მონაწილეობა და რუსეთმა დაგვაწყებინა ცხინვალში ომი. რუსეთს ომი ომისთვის კი არ ჭირდებოდა, იმისთვის ჭირდებოდა, რომ ახალგორში ლარი გაეუქმებინა, ბაზები გაეკეთებინა, ქართული სატელეფონო კოდი გაეუქმებინა. უფსკრულში გადახტომა ჩემი ნებაა, მაგრამ ფრენა უკვე აღარ არის ჩემი ნება, ეს არის გრავიტაციის კანონი.

- არსებულ რეალობაში, როცა ომიდან ორი წელიწადია გასული, როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება?

- რუსეთზე ნაკლებად გავლენიანი სახელმწიფოა თურქეთი, ჩვენი მეზობელი და მეგობარი სახელმწიფო, მაგრამ ის ზუსტად იგივე პოლიტიკას ახორციელებს ჩრდილოეთ კვიპროსში, როგორსაც რუსეთი –აფხაზეთში. თურქეთი, რომელსაც ნაკლები გავლენები აქვს, რასაც უნდა იმას აკეთებს. მსოფლიო თურქეთსაც კი ვერ ერევა. რადგან ხალხი, ვინც იქ ცხოვრობს, მზად არის მიიღოს ის, რასაც სთავაზობენ.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სულ სხვა საქართველო დავანახოთ აფხაზეთს. თუ ჩვენ გვინდა ტელეფონების საკითხი მოვაგვაროთ, ეს უნდა გადავიტანოთ პოლიტიკურ ჭრილში და გავცვალოთ ეს პოზიციები 5–10 წელიწადზე.

2008 წლის აგვისტომდე აფხაზები ქართული კოდით რეკავდნენ, 2008 წლის პროვოკაციამ და ავანტიურამ,  ომმა შეცვლა ვითარება. უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ აგვისტოს ომმა სერიოზული, კატასტროფული შედეგები მოიტანა და მასზე პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ რუსეთზე, ჩვენზეცაა, საქართველოზე და ქართულ საზოგადოებაზე.

ტელეფონები არ არის დიდი პრობლემა, ტერიტორია არ მადარდებს, ხალხი უცხოვდება ჩვენგან. მათ შორის ამ ტელეფონების საშუალებითაც.

- თქვენი აზრით, ჰქონდა არჩევანი საქართველოს?

- დღეს საქართველო დგას იმ არჩევანის წინაშე, რა არჩევანის წინაშეც იდგა აფხაზეთი 2008 წლამდე, როდესაც საქართველოს კოდით რეკავდნენ.

ქართული სახელმწიფო ამ არჩევანის წინაშე დგას: ან კიდევ მეტად კარგავს აფხაზეთს, ან რაღაც ფორმით აძლევს საშუალებას ხალხს, კონტაქტი ჰქონდეს აფხაზეთთან. კოდის აღიარება არ ნიშნავს აფხაზეთის აღიარებას.

გამოუვალ მდგომარეობაშია ქვეყანა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო თავი ხელისუფლებამ, შემეცოდებოდნენ კიდეც, მე რომ მაყურებელი ვიყო, ძალიან შემებრალებოდნენ, აქ რომ  არ ვცხოვრებდე, მაგრამ ჩემს ტერიტორიაზე ხდება ეს ყველაფერი და არ მებრალებიან.

ტელეფონი აქ არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, რომ, ზოგადად, ეჭვქვეშ დადგა ქვეყნის პერსპექტივები.  სააკაშვილის ხელისუფლება აბნევს და აბრუებს საზოგადოებას ფასადური ინფრასტრუქტურული ცვლილებებით და ამ ფონზე ჩვენ ვკარგავთ და ვკარგავთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.

- თქვენ ინტერნეტით ეკონტაქტებით  თქვენს ნაცნობებს აფხაზეთში, სატელეფონო კოდის ცვლილებაზე თუ ესაუბრეთ და რას ამბობენ ისინი?

- არა, ეს არ არის თემა. ეს არის რეალობა, როგორც ზამთარზე ვამბობთ, რომ ცივა, ისევეა ეს. გამოსავალი მოსაძებნი აქვს ქართულ მხარეს, როგორ მოიქცეს. აფხაზები არ დარდობდენ ამაზე. თუ გინდათ, აკრიფეთ შვიდიანი, თუ გინდათ, არ აკრიფოთ, ასე, რომ მათთან საუბარს ამ თემაზე აზრი არ აქვს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC