კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი ამბები იყიდება!

24 დეკემბერი, 2010
ლელა ხეჩოშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

მაუწყებლობის შესახებ კანონით ახალი ამბების და საზოგადოებრივ - პოლიტიკური პროგრამების სპონსორობა აკრძალულია. კანონი ასევე კრძალავს კომერციული რეკლამით ისეთი ახალი ამბების, საზოგადოებრივ - პოლიტიკური პროგრამების შეწყვეტას, თუ მათი ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია. ამავე კანონით, ადმინისტრაციული ორგანო არ შეიძლება იყოს პროგრამის სპონსორი. კახეთის რეგიონში მოქმედი ადგილობრივი ტელეკომპანიები და თვითმმართველობის ორგანოები კანონით დადგენილ მოთხოვნებს არღვევენ.

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში სამაუწყებლო ლიცენცია ხუთ ადგილობრივ ტელეკომპანიას აქვს: ტელეკომპანია TV-1“ (ახმეტა), ტელეკომპანია „თვალი“ (საგარეჯო), ტელეკომპანია „ლტვ“ (ლაგოდეხი), ტელეკომპანია „გურჯაანი“ (გურჯაანი) და ტელეკომპანია „თანამგზავრი“ (თელავი). ახმეტის და საგარეჯოს ტელევიზიები უკვე 2 წელია რაც არ მაუწყებლობენ, მაგრამ კანონდარღვევით ლიცენზიას ინარჩუნებენ. ამ საკითხზე სტატია შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე: http://ick.ge/ka/articles/4024-2010-12-20-07-32-13.html

ლაგოდეხის ტელევიზია

ლაგოდეხის ტელევიზიას „L TV“  შპს „ეკომი“ ამუშავებს. „ეკომის“ დამფუძნებლები 60%-ით ევგენი პეტრუსოვი და 40%-ით სიმონ კუკსინი არიან. შპს „ეკომი“ ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს მიერ 1997 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი ლალი ხუბულავაა, ევგენი პეტრუსოვის ცოლი.

ლაგოდეხის ტელევიზია „საინფორმაციო მომსახურებისთვის“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2008 წელს, როცა საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, ტელევიზიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 23 000 ლარი გამოეყო, ხოლო 2009 წელს 9 925 ლარი. შპს „ეკომს“ და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის ხელშეკრულება 2010 წელსაც გაფორმდა. 4 იანვრით დათარიღებულ ხელშეკრულებას ხელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გოზალიშვილი და შპს „ეკომის“ გენერალური დირექტორი ლალი ხუბულავა აწერენ. ხელშეკრულების საგანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის მომსახურება, კერძოდ: „ტელევიზიით გააშუქოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სხდომები, მათ მიერ გამოცხადებული კონკურსები, ტენდერები, განცხადებები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოთხოვნილებისამებრ“. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, კვირის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში „კვირის ქრონიკა“ და ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებაში „ქრონიკა“, ცალკ - ცალკე, ერთი სამწუთიანი სიუჟეტი 250 ლარი ღირს; გადაცემაში „სტუდია - დიალოგი“, რომელიც 50 წუთის განმავლობაში პირდაპირ ეთერში გადის, ასევე ერთი სამწუთიანი სიუჟეტის გაშვება 250 ლარი ღირს. ხელშკრულება 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არის დადებული.

მაუწყებლობის შესახებ კანონის 69-ე მუხლის თანახმად, ახალი ამბების პროგრამებისა და სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე მომზადებული რეპორტაჟების სპონსორობა აკრძალულია. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ჭ.9“ პუნქტი ტერმინს „სპონსორობა“ განმარტავს: „სპონსორობა ნიშნავს პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირ ან ირიბ დაფინანსებას ან თანადაფინანსებას პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით“.

„მაუწყებლობის შესახებ კანონის 67-ე მუხლით, ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს წევრი ან მოხელე არ შეიძლება იყოს პროგრამის სპონსორი“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება“, - აღნიშნავს იურისტი თამარ გურჩიანი.

აკრძალვის მიუხედავად, 2010 წლის 30 ოქტომბრის მონაცემებით, მიმდინარე წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ადგილობრივი ტელევიზიისთვის 8 000 ლარი აქვს ჩარიცხული.

ჩვენს მიერ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტების, კერძოდ, ტელეკომპანიის მიერ შედგენილი შესრულების აქტების (N 1, 2, 4, 5) მიხედვით, 2010 წელს, გამგეობის მიერ დაფინანსებული სიუჟეტები ყოველდღიურ საინფორმაციო და კვირის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებებში გავიდა. მაგალითად: 4 აპრილს - „საკადრო ცვლილებები გამგეობაში“; „წყლის სისტემის მოგვარების სამუშაოები“; 11 აპრილს - „საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობა“; 12 აპრილს - გადაცემაში „სტუდია დიალოგი“ გამგებელი გიორგი გოზალიშვილი მუნიციპალიტეტში შესრულებული სამუშაოების შესახებ“; 18 აპრილს - „გაზის მრიცხველების მონტაჟი“; 2 მაისს - „საოლქო - საარჩევნო კომისიის მუშაობა“; 9 მაისს - „საკრებულოს სხდომა - 4 წლის შედეგები“; 16 მაისს - „გაზიფიცირება სოფელ კაბალში“; 23 მაისს - „საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობა“; 4 ივლისს - „გუბერნატორის ვიზიტი“; „გამგეობის სხდომა“; 18 ივლისს - „შეხვედრა დევნილებთან“; 12 აგვისტოს - „საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ნინიგორში“; 19 აგვისტოს - „სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია ჭავჭავაძის ქუჩაზე“ და ა.შ.

ჩვენ ვკითხეთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გია გოზალიშვილს, რატომ დაარღვია მაუწყებლობის შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნა, როცა ლაგოდეხის ტელევიზიასთან „საინფორმაციო მომსახურებისთვის“ ხელშეკრულება გააფორმა და გამგეობის ბიუჯეტიდან თანხა გადაურიცხა.

„ხელშეკრულების გაფორმების დროს საუბარი იყო იმაზე, რომ ტელევიზია ეთერში გაუშვებდა განცხადებებს, საკრებულოს სხდომებს, რასაც დავუკვეთავდით, იმას გააშუქებდა“.

- ბატონო გია, მაუწყებლობის შესახებ კანონით, მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორიის დროული ინფორმირება მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ფულს რატომ ხარჯავთ, როცა ტელევიზიამ ადგილობრივ დონეზე განვითარებული მოვლენები ისედაც უნდა გააშუქოს?

- ლაპარაკი იყო იმაზე, რომ თუ რამე ახალი კეთდებოდა რაიონში, უნდა გაეშუქებინა ეს ამბები. გასაგებია, რომ ისედაც უნდა გააშუქოს, მაგრამ თუ არ აშუქებს, რა გავაკეთო?

- სანამ საკრებულოს თავმჯდომარე გახდებოდით, თქვენ იყავით მუნიციპალიტეტის გამგებელი და სწორედ თქვენს მიერ არის ტელევიზიასთან დადებული ხელშეკრულება ხელმოწერილი. არ იცოდით, რომ გამგეობა არ შეიძლება იყოს ახალი ამბების პროგრამების ან სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე მომზადებული სიუჟეტის სპონსორი?

- ახალი ამბები ხელშეკრულებაში ნახსენები არ იქნება.

- შესრულების აქტებში პირდაპირ სიუჟეტებია ჩამოთვლილი, რომელიც გამგეობამ დააფინანსა.

- შესრულების აქტებში ჩამოთვლილი ყველა ამბავი ჩვენი დაკვეთით არ არის შესრულებული. ეგ (ტელევიზია) გვაწვდიდა ხოლმე მთელი თვის სამუშაოს, იქიდან ჩვენი დაკვეთა, მხოლოდ ნაწილი იყო.

- ასეთ შემთხვევაში გამგეობას რატომ აქვს ტელეკომპანიის ანგარიშზე თანხა ჩარიცხული იმდენ წუთზე, რამდენიც აქტებში მოცემული ყველა სამუშაოს შესრულებას დასჭირდა?

- ტელევიზიას შეიძლება არასწორი ანგარიშები აქვს წარმოდგენილი. მე ხელშეკრულებით დადგენილ პირობებზე ვაგებ პასუხს“.

ლაგოდეხის ტელევიზიას ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვება აღარ აქვს. მაგალითად, დეკემბრის თვეში საინფორმაციო გამოშვება ეთერში მხოლოდ ორჯერ გავიდა. აქედან, ერთხელ საკრებულოს სხდომა გაშუქდა.


ტელეკომპანია „გურჯაანი“

ლაგოდეხის ტელევიზიის მსგავსად, მაუწყებლობის შესახებ კანონით დადგენილ მოთხოვნებს არღვევს გურჯაანის ტელევიზიაც.

2010 წელს „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესების ოპერატიულად და ობიექტურად გაშუქებისათვის“ ტელეკომპანია „გურჯაანს“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 34 242 ლარი გამოეყო. 2009 წელს, ტელეკომპანია „გურჯაანი“ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის გაწეული მომსახურებისათვის გამგეობიდან 31 860 ათასი ლარით დაფინანსდა, 2008 წელს კი 24 000 ათასი ლარით.

ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე http://gurjaanitv.ge/index.php?option=com_content&view=article&id=164&Itemid=198 გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დაინტერესებულ პირებს გადაცემების სპონსორობის შესაძლებლობა აქვთ. ვებ-გვერდზე მითითებულია ფასებიც: საინფორმაციო გამოშვების სპონსორობა, რომელიც ყოველ სამუშაო დღეს, ეთერში 4-ჯერ გადის, 1000 აშშ დოლარი ღირს, რაც 1 თვის განმავლობაში 240 სარეკლამო რგოლის გაშვებას გულისხმობს, გენერალური სპონსორობა კი 1500 ლარი ღირს, რაც ასევე 1 თვის განმავლობაში 240 სარეკლამო რგოლის გაშვებას ითვალისწინებს. ტელეკომპანიას დაშვებული აქვს  საინფორმაციო - ანალიტიკური თოქ - შოუს „ძალა უძალოთა“ სპონსორობაც, არადა აღნიშნული პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 2009 წელს თოქ - შოუს სპონსორი გურჯაანში მდებარე ავტოგასამართი კომპლექსი „კახეთის გული“ იყო, რომლის მფლობელი დავით ქათამაშვილიც იმ დროისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ მუშაობდა. თოქ - შოუს სპონსორობისა და გენერალური სპონსორობის ფასები იგივეა, რაც საინფორმაციო გამოშვების. ტელეკომპანია დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს სთავაზობს დანარჩენი გადაცემების დასპონსორებასაც: „დიალოგი“, „სტუმარი“, „ჯანმრთელობა“.

ტელეკომპანია „გურჯაანის“ აღმასრულებელი დირექტორის ლევან ალექსიშვილის განმარტებით, საინფორმაციო გამოშვებას სპონსორი არასდროს ჰყოლია. „თოქ შოუ „ძალა უძალოთას“ სპონსორთან კი, რომელიც გადაცემას, ყოველთვიურად 60 ლიტრი ბენზინით ეხმარებოდა, ურთიერთობა შეწყდა მას შემდეგ, რაც მისი მეპატრონე დავით ქათამაშვილი გამგებლის მოადგილედ დაინიშნა“, - ამბობს ალექსიშვილი.
დავით ქათამაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ 2009 წლის 29 იანვარს დაინიშნა და ამ თანამდებობაზე 2009 წლის 9 ნოემბრამდე მუშაობდა. თოქ - შოუ „ძალა უძალოთა“-ს წამყვანი ლევან ალექსიშვილი, ეთერში, 2009 წლის მარტის ჩათვლით აცხადებდა, რომ გადაცემის სპონსორი ავტოგასამართი კომპლექსი „კახეთის გული“ იყო.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ტელეკომპანია „გურჯაანს“ შორის 2010 წელს გაფორმებული, შესრულებული სამუშაოს მიღება - ჩაბარების აქტებიდან (N 4, 11, 19, 21, 46, 49, 54) დასტურდება, რომ გამგეობის მიერ დაფინანსებული სიუჟეტები საინფორმაციო გამოშვებებში გავიდა, რითაც ტელეკომპანიამ „მაუწყებლობის შესახებ კანონი“ არაერთხელ დაარღვია. კერძოდ, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, 2010 წლის 1 იანვრიდან 31 იანვრამდე ეთერში 17 სიუჟეტი გავიდა, რაშიც გამგეობამ ტელევიზიას 2 658 ლარი გადაუხადა. 1 თებერვლიდან 28 თებერვლამდე ეთერში 16 სიუჟეტი გავიდა, გამგეობის მიერ გადახდილი თანხის რაოდენობა ისევ 2 658 ლარია. წინასაარჩევნოდ, მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტელევიზიას ყოველთვიური დაფინანსება 500 ლარით გაუზარდა. გამგეობის მიერ დაფინანსებული სიუჟეტები ისევ საინფორმაციო გამოშვებებში გავიდა.

საინფორმაციო გამოშვებების გარდა ტელეკომპანიამ გამგეობისგან ფული გადაცემა „დიალოგში“ ადგილობრივი ხელისუფლებისათვის მისაღები სტუმრების მიწვევაშიც აიღო. მაგალითად, 26 აპრილს, საზოგადოებრივ - პოლიტიკურ გადაცემა „დიალოგში“, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის უფროსი ლალი გაბიტაშვილი იყო მიწვეული. აპრილის თვის სასაქონლო ზედნადების მიხედვით, ეს „მომსახურება“, ტელევიზიას, გამგეობისთვის 386 ლარად აქვს შეფასებული. 29 აპრილს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ლალი გაბიტაშვილი საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.

29 აპრილს, საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, „ნაციონალურმა მოძრაობამ კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა“. აპრილის თვის სასაქონლო ზედნადების მიხედვით, 3 წუთიანი სიუჟეტის მომზადებისა და ეთერში გაშვებისათვის ტელეკომპანიას გამგეობიდან 150  ლარი აქვს მიღებული. საინფორმაციო გამოშვების ეთერში გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე, ინტერნეტში, გურჯაანში დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შესახებ ვრცელი ინფორმაცია და ფოტომასალა გავრცელდა. კერძოდ, დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას, სამუშაო დროს, ესწრებოდნენ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები, სხვა საჯარო მოხელეები, რაც საარჩევნო კოდექსით აკრძალულია. ამ ფაქტზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მიმართა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განცხადება გაავრცელა.  ტელეკომპანია „გურჯაანი“ კანონდარღვევით არ დაინტერესდა.

„ნამდვილად ვერ ვიხსენებთ, რაზე საუბრობთ. თუ რაიმეს გაშუქება ან არ გაშუქებაზე პრეტენზია გაქვთ, იქნებ მაშინვე აცნობოთ ტელეკომპანიას და არა ახლა, 8 თვის შემდეგ“, - აღნიშნავს ტელეკომპანია „გურჯაანის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ტელეკომპანია „გურჯაანი“ არც 2010 წლის 24 მარტს „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ მიერ გავრცელებული საპროტესტო განცხადებით დაინტერესდა. ასოციაციამ (CENN), გურჯაანის გამგებლის დავალებით, ქალაქის ტერიტორიაზე წიწვოვანი ხეების მასობრივად ჩეხვა გააპროტესტა და ხელისუფლებისგან ხეების ჭრის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა. გარემოსდამცველი ორგანიზაციის განცხადება და ფოტომასალა ინტერნეტში გავრცელდა. ტელეკომპანიამ ყურადღება არც ამ ფაქტს დაუთმო.

ტელეკომპანიას ასევე არ გაუვრცელებია ინფორმაცია 2010 წლის 27 ნოემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი ინციდენტის შესახებ, როცა კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის მითითებით, პოლიციის თანამშრომლებმა 4 უდანაშაულო ადამიანი დააკავეს.

„გარკვეულწილად, ალბათ, მაინც არსებობს რაღაც თემები, რაზედაც თავს ვიკავებთ ხოლმე. სათქმელს ვამბობთ, მაგრამ ისე მწვავედ არა, როგორც შეიძლებოდა გვეთქვა“, - აღნიშნა ტელეკომპანია „გურჯაანის“ გენერალურმა დირექტორმა, თამარ აბელაშვილმა, 2009 წელს, რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტთან საუბარში.

„2009 წელს ეს პრობლემა მართლაც იდგა, მაგრამ მისი (თამარ აბელაშვილის) და ტელეკომპანიის სურვილი, რომ გაზრდილიყო ტელეკომპანიის დამოუკიდებლობის ხარისხი, დღეისათვის უკვე რეალიზებულია. ამას ხომ ჩვენს მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების მასალები, საინფორმაციო გამოშვებები და თოქშოუებიც მოწმობს“, - ამბობს ლევან ალექსიშვილი.

ტელეკომპანია „გურჯაანი“ საინფორმაციო გამოშვებებში გამგეობის მიერ დაფინანსებულ სიუჟეტებს 2010 წლის 30 ივლისამდე უშვებდა. 30 ივლისს, მხარეების შეთანხმებით, ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა. ცვლილების თანახმად, „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები გადაცემა „დიალოგში“ უნდა გაშუქდეს“. გადაცემის საეთერო დროის 1 წუთის ღირებულება 12 ლარით განისაზღვრა.

ლევან ალექსიშვილი, ტელეკომპანია „გურჯაანის“ აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენ შევძელით, რომ ეს თანხა მოშორებოდა საინფორმაციო გამოშვებებს და ერთმანეთისგან განგვემიჯნა საინფორმაციო და სარეკლამო სიუჟეტები. 2010 წლის 30 ივლისს, შპს ტელეკომპანია „გურჯაანსა“ და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის, სახელშეკრულებო ცვლილებებზე გაფორმებული შეთანხმების თანახმად, გამგეობს შეუძლია შეიძინოს ტელეკომპანიის საეთერო დრო მხოლოდ სარეკლამო გადაცემა „დიალოგში“, სადაც 1 წუთის ღირებულება შეადგენს 12 ლარს, ასევე სარეკლამო დრო სარეკლამო ტიხრებსა და მორბენალ სტრიქონში. ტელეკომპანია გამგეობას ყოველთვიურად უგზავნის შეტყობინებას, მათ მიერ მოხმარებული სარეკლამო დროისა და ღირებულების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ანგარიშსწორება. რაც შეეხება გადაცემა „დიალოგს“ მისი ეთერში მსვლელობისას განთავსებულია R ნიშანი, რათა მაყურებელმა იცოდეს, რომ იგი უყურებს სარეკლამო გადაცემას. ამით, ჩვენ ერთის მხრივ, ზედმიწევნით ვიცავთ ადმინისტრაციულ ორგანოსთან კანონის მოთხოვნებს, მეორეს მხრივ კი ეთიკურ სტანდარტს ტელეკომპანიის მაყერებელთან. ვისაც აქვს ეჭვი, რომ აღნიშნული თანხის მიღება შეიძლება გავლენას ახდენდეს სხვა პროგრამების დამოუკიდებლობის ხარისხზე, მას ვურჩევ რომ თუ ვერ შეძლებს სრულყოფილად ჩვენი პროგრამების ხილვას, ნახოს ჩვენს ვებ გვერდზე www.gurjaanitv.ge საგამოძიებო სიუჟეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ და თავად დარწმუნდება ტელეკომპანიის საინფორმაციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის ხარისხში. 2010 წლის 30 ივლისამდე კანონთან მიმართებაში იყო გარკვეული უზუსტობები. ამ პერიოდის შემდეგ სამართლებრივ ჩარჩოში მოვაქციეთ თვითმმართველობასთან ურთიერთობა და რეალურად გავმიჯნეთ სარეკლამო და საინფორმაციო მასალები“.

2009 - 2010 წლებში შპს ტელეკომპანია „გურჯაანმა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვისა და სამოქალაქო განათლების რეგიონალურ ცენტრთან“ პარტნიორობით, „ტელევიზიისა და საზოგადოების განვითარებისათვის“ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან 6 გრანტი მიიღო. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან ალექსიშვილია, რომელიც ამავე დროს ტელეკომპანია „გურჯაანის“ აღმასრულებელი დირექტორია. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გრანტებით მიღებულმა დაფინანსებამ, დაახლოებით, 100 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფინანსური დამოუკიდებლობის შესაძლებლობის მიუხედავად, ტელეკომპანიამ გამგეობისთვის მომსახურების გაწევაზე უარი არ თქვა.

„ჩვენ ვყიდით საეთერო დროს სარეკლამო გადაცემა „დიალოგში“. ამ დროს ყიდულობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა და გადაცემას აქვს R ნიშანი, რაც ნიშნავს, რომ სარეკლამოა. ეს არ არის სპონსორობა. ეს გახლავთ თვითმმართველი ორგანოს მიერ საეთერო დროის შეძენა“, - აღნიშნავს ლევან ალექსიშვილი.  

ნიშანდობლივია, რომ სტუდია „მონიტორმა“, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საგამოძიებო ფილმებს ამზადებს, ტელეკომპანია „გურჯაანს“ ეთერში გასაშვებად რამდენიმე ფილმი გადასცა, თუმცა ტელეკომპანიამ „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიებები ეთერში არ გაუშვა.

ტელეკომპანია „გურჯაანის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ტელეკომპანია თავად ამზადებს ჟურნალისტურ გამოძიებებს. „ვინმე გელა მთივლიშვილის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, რა გავა ტელეკომპანიის ეთერში“, - აცხადებს ტელეკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

ზაქარია იაგანაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: „მთავარია, რომ ტელევიზია მოგვემსახუროს და მოსახლეობამ გაიგოს, რას ვაკეთებთ რაიონში. ჩვენ უნდა გვქონდეს მოსახლეობასთან კონტაქტი. ბიუჯეტიდან ფულს ვიხდით ამაში“.

გიორგი სიბაშვილი, კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე: „სატელევიზიო მომსახურების შესყიდვა არის ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილება. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ცუდი, რადგან მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ მუდმივად ინფორმაცია, თუ რა კეთდება რაიონში, უფრო მეტად იყვნენ ჩართულები მიმდინარე პროცესებში, რათა სისტემატურად იქნას გათვალისწინებული მათი აზრი და შენიშვნები.

- კანონით, ადმინისტრაციული ორგანო არ შეიძლება იყოს ახალი ამბების პროგრამის სპონსორი. გურჯაანის და ლაგოდეხის ტელევიზიების შემთხვევაში, გამგეობები აფინანსებენ ახალი ამბების პროგრამების მომზადებას.

- სპონსორები არ არიან, დამკვეთები არიან. ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგეობა იძულებული გახდა, რომ ტელევიზიისთვის დაეკვეთა მომსახურება, რადგან საზოგადოებისთვის ინფორმაციები ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ეს არის ტელეკომპანიის პრობლემა, რომ არ გაუშვა ის ინფორმაციები ეთერში, რომლის გაშუქებითაც ის უნდა იყოს დაკავებული“.

კახეთის გუბერნატორის მოადგილის ამ კომენტარზე ტელეკომპანია „გურჯაანის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ალექსიშვილი აღნიშნავს, რომ „ტელეკომპანია არ აპირებს უსასყიდლოდ გაავრცელოს რომელიმე სუბიექტის რეკლამა, იქნება ეს კომერციული სტრუქტურა თუ ადმინისტრაციული ორგანო“.

რეკლამა

მაუწყებლობის შესახებ კანონის 64-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია რეკლამით შეწყდეს ახალი ამბების, საზოგადოებრივ - პოლიტიკური პროგრამები, რომელთა ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 30 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ახორციელებდა „ლტვ“-ს და „გურჯაანი“-ს საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგს. პროგრამების ხანგრძლივობა 12 - 20 წუთის ფარგლებში მერყეობდა. მიუხედავად ამისა, ორივე ტელეკომპანია პროგრამას კომერციული რეკლამით შუაზე წყვეტდა. მას შემდეგ რაც ტელეკომპანია „გურჯაანის“ ხელმძღვანელობისთვის ცნობილი გახდა, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრი ტელეკომპანიებთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობდა, 20 ნოემბრიდან ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებას სარეკლამო ტიხარი აღარ აქვს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის პროექტში მედიის მომსახურებისთვის 60 000 ლარია გათვალისწინებული. 2010 წელთან შედარებით, თანხა 14 000 ლარით არის შემცირებული. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში კი მედიის მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხა 44 000 ლარს შეადგენს.

ექსპერტების შეფასებები

ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მოპოვებული ფაქტები ჩვენს ექსპერტებს გავაცანით და შეფასება ვთხოვეთ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველოს“ მედია ანალიტიკოსის მათიას ჰუტერის თქმით, ძალიან ბევრი რეგიონული ტელევიზიისთვის ადგილობრივი ხელისუფლება შემოსავლების უმთავრესი წყაროა. „ადგილობრივი ხელისუფლებისგან შესული თანხის გარეშე ბევრი ადგილობრივი სატელევიზიო არხი არსებობას შეწყვეტდა. იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებაზე არის დამოკიდებული სატელევიზიო არხების არსებობა - არარსებობის საკითხი, მათთვის ძალიან ძნელია დამოუკიდებლობის რაიმე ფორმის შენარჩუნება. როდესაც ტელევიზია თანხმდება სპონსორს „მიყიდოს“ ახალი ამბები, ის ამავდროულად მაყურებლის ნდობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება. თუ ტელევიზია სპონსორს სარედაქციო პოლიტიკის კონტროლის საშუალებას აძლევს, ჩვენ უკვე ვერ ვისაუბრებთ ტელევიზიის ჟურნალისტურ საქმიანობაზე“, - აღნიშნავს მათიას ჰუტერი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, ჟურნალისტ ია ანთაძეს მიაჩნია, რომ ადგილობრივ ტელეკომპანიებსა და გამგეობებს შორის დადებული ხელშეკრულებები, მახინჯი პრაქტიკაა. „ეს ან უნდა აღმოიფხვრას, ან ჯანსაღ ნიადაგზე გადაინერგოს. აუცილებელია, მედიამფლობელებმა, მედიაექსპერტებმა, სახალხო დამცველმა და ჟურნალისტებმა იმსჯელონ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიშალოს ის მახინჯი სისტემა, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება უსამართლოდ, გაუმჭვირვალედ, საბაზრო ეკონომიკის პრინციპიების დარღვევით, აფინანსებს ამა თუ იმ პროგრამას ან მედიასაშუალებას“, - ამბობს ანთაძე.

ჟურნალისტ ზვიად ქორიძის თქმით, სიუჟეტი ან პროგრამა არ შეიძლება იყოს სარეკლამო: „დაფინანსებული სიუჟეტი მოქცეულია დამფინანსებლის პირდაპირი ფინანსური ზემოქმედების, შესაბამისად, მისი გავლენის ქვეშ, რაც პრინციპულად დაუშვებელია“.

„საეთერო დროის შესყიდვა თუ უნდა რომელიმე სამთავრობო ან კერძო სტრუქტურას, ამისათვის არსებობს რეკლამა. პირობა, რომელიც გურჯაანის ტელევიზიასა და გამგეობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაშია ჩადებული, რომ „ტელევიზიამ უნდა გააშუქოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები“, მაპატიეთ, მაგრამ, ეს ტელევიზია ამისთვის არსებობს და ამას ბიუჯეტიდან ფულის გადარიცხვა არ უნდა. ბიუჯეტი ძალიან ხელგაშლილია, როცა ხედავს რომ მაუწყებელი მზად არის ფული მიიღოს“.

- მაგალითად, საზოგადოებრივ - პოლიტიკურ გადაცემა „დიალოგს“, რომელიც ტელეკომპანია „გურჯაანის“ ეთერში გადის, R ნიშანი ადევს.

„R ნიშანი არის პოსტსაბჭოთა ავადმყოფობა. დარღვევაა, როცა საინფორმაციო ხასიათის პროგრამა არის სარეკლამო“.

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში: „ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი კახეთში“ - რომელსაც აფინანსებს  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „საქართველოში მედიის როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება“. სტატიის შინაარსი არ გამოხატავს ევროკავშირისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს. მასზე მთლიანად პასუხისმგებელია კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

ახალი ამბები