კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პიარზე ორიენტირებული ჩინოვნიკები

27 დეკემბერი, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი
გორის მუნიციპალიტეტი

2009 წლის 1 მაისს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გააფორმა ხელშეკრულება ადგილობრივ ტელეკომპანია „თრიალეთთან“, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტი სარეკლამო განცხადებებისა და მორბენალი სტრიქონის განთავსება იყო. ორკვირიანი ხელშეკრულების პირობების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღნიშნულ მომსახურებაში 620 ლარი გადაიხადა.

ამის შემდეგ, 2010 წლის 1 ივლისს გორის გამგეობამ საეთერო დრო შეისყიდა და უფრო მეტიც, სპეციალური გადაცემების მომზადება დაიწყო, რომელსაც სახელად ეწოდა: „ხელისუფლება გისმენთ“. ამ გადაცემაში ძირითადად ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და მოსახლეობას უყვებოდნენ, რა კეთდება და რა არის გასაკეთებელი. ამავე დროს, საკმაოდ, მწირი იყო ასეთ დროს კრიტიკული სატელეფონო ზარები.  როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ პირობას დამკვეთი მხარე კატეგორიულად ითხოვდა. თუმცა, ეს პირობა ხელშეკრულებაში არ იყო ჩადებული. 1 ივლისის ხელშეკრულებით გორის მუნიციპალიუტეტის გამგეობა, ამ გადაცემაში მონაწილეობის მიღების სანაცვლოდ თვეში 2 000 ლარს იხდიდა. როგორც შემდგომ ვნახავთ, სხვა მუნიციპალიტეტები იგივე საეთერო დროის შესასყიდად ანალოგიურ დამატებით თანხებს იხდიდნენ.

2009 წლის 9 დეკემბერს გამგეობამ განახლებულ ხელშეკრულებაში მიუთითა, რომ „ხელისუფლება გისმენთ“ კიდევ ერთი თვით გავა ეთერში. ამჯერად ეს 4 000 ლარი დაჯდა. 2009 წლის 16 დეკემბერს კი სხვა, ახალ და თანაც ორკვირიან ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ გადაცემა „ხელისუფლება გისმენთ“ 1 იანვრამდე დაფინანსდება 2 000 ლარით. ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ გორის გამგეობამ სულ 6 000 ლარი გადაიხადა იმ პირდაპირი ეთერისთვის, სადაც მათ გარდა არავინ უნდა ყოფილიყო.

2010 წელს გორის გამგეობამ განაახლა საკუთარი გადაცემის დაფინანსება. მარტის თვეში კი გადაცემასთან ერთად, ხელისუფლებამ სარეკლამო კლიპების გაშვება დაიწყო. ეს თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიას ემთხვევა. მხოლოდ მარტის თვეში გორის გამგეობამ სარეკლამო კლიპების გასაშვებად 2 500 ლარი გადაიხადა.

2010 წლის დასაწყისში პიარკამპანიაში აქტიურად ერთვება მედია-ჰოლდინგი „დრონი.ჯი“, რომლის რედაქტორი გიორგი კაპანაძე 2010 წლის იანვრის განკარგულებით შიდა ქართლის გუბერნატორის, ლადო ვარძელაშვილის თანაშემწედ დაინიშნა და თვეში 1 180 ლარს იღებდა. ხელშეკრულება სამი თვის ვადით დაიდო. თუმცა, ჩვენ მოგვეპოვება ასევე 2009 წლის განკარგულება, სადაც ის იგივე თანამდებობას ფლობდა. გარდა თანამდებობისა, მუნიციპალიტეტები მის გაზეთს „დრონი.ჯი“-ს ცალკე ურიცხავდნენ თანხებს.

კერძოდ, 2010 წლის 02 თებერვალს გორის გამგეობასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესყიდვის ობიექტი შემდეგი სახით არის აღწერილი: „შესყიდვის ობიექტია „დრონი.ჯი“-ს გამოცემებში ბეჭდურ და ონლაინ-გაზეთსა და ტელევიზიაში, სხვადასხვა სტატიების, რეგიონში განხორციელებული პროექტების, სიახლეების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ვიდეო-სიუჟეტების მომზადება და განთავსება, კონსულტაციების გაწევა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ინტერვიუების გამოქვეყნება“.

ეს ხელშეკრულება სამი თვით დაიდო და „დრონი.ჯი“-მ 2010 წლის თებერვლიდან მაისამდე 2 700 ლარი მიიღო.

ადგილობრივი ეთერით კი გადაცემა „ხელისუფლება გისმენთ“ 2010 წლის მაისიდან-ივლისამდეც გადიოდა. ამ პერიოდში გამგეობამ 10 000 ლარის მომსახურება შეისყიდა. ივლისის დასაწყისში კი ვარძელაშვილი „გადადგა“, ხოლო ზურაბ არსოშვილმა გადაწყვიტა, რომ ხალხს აღარ ჭირდებოდა „ხელისუფლების მოსმენა“. 

„მე არ მჭირდება პიარი“, - გვითხრა ზურაბ არსოშვილმა და მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ მედიაში წინამორბედის მსგავსად თანხებს არ დახარჯავს.

მიუხედავად ამ განცხადებისა, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას სააგენტო „პირველთან“ ხელშეკრულება არ დაურღვევია, რომელიც 2010 წლის 2 თებერვალს დაიდო და რომელიც 2011 წლის იანვრამდე გრძელდება. გამგეობა სააგენტო „პირველს“ თვეში 100 ლარის უხდის.

ხოლო გაზეთი „გორის მაცნე“, რომელიც მანამდე „ლომჭაბუკის“ სახელით გამოდიოდა, წელიწადში კვლავ 30 000 ლარით ფინანსდება. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებით, კერძოდ - გადარიცხვის ქვითრებით დასტურდება, რომ გაზეთი „გორის მაცნე“ გორის ბიუჯეტიდან თვეში 2 500 ლარს იღებს.

კასპის მუნიციპალიტეტი

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას „მედია-პრიორიტეტები“ განსხვავებული აქვს, თუმცა „დრონი.ჯი“-სთან მიმართებაში, ის სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად ურთიერთობს.

კასპის მუნიციპალიტეტი გაზეთ „ახალ განთიათს“ წელიწადში 11 000 ლარით აფინანსებს. გაზეთი თვეში ორჯერ გამოდის და ძირითადად გამგეობებში და სახელისუფლები სტრუქტურებში ვრცელდება.

2009 წლის 31 იანვარს კასპის გამგეობამ გაზეთთან „24 საათი“ ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც აღნიშნულ გაზეთში „სატენდერო განცხადებები უნდა გამოქვეყნებულიყო“. გამგეობამ „24 საათს“ 2 000 ლარი გადაურიცხა. 2010 წელს იგივე მედია-საშუალებასთან მსგავსი ურთიერთობა გაგრძელდა და ამჯერადაც მომსახურების შესყიდვის ფასი 2 000 ლარს არ ასცილებია.

2010 წელს გაზეთ „ახალი განთიადის“ დაფინანსება ოდნავ გაიზარდა. თუკი წლის დასაწყისში ეს მომსახურება წელიწადში 12 000 ლარი ღირდა, 2010 წლის 5 თებერვალს გაჩნდა ახალი ხელშეკრულება, სადაც გაზეთი „ახალი განთიადი“ ახალ ვალდებულას იღებს, რომლის მიხედვით მან ეს გაზეთები სოფლებშიც უნდა გაავრცელოს, კერძოდ ადგილობრივ ტერიტორიულ რწმუნებულების ოფისებში. ამაში გაზეთმა დამატებით 2040 ლარი მიიღო.

რაც შეეხება „დრონი.ჯი“-ს, კაპის ხელისუფლებამ მასთან ხელშეკურლება 2010 წლის 01 თებერვალს დადო. თუკი გორის გამგეობა თვეში 900 ლარს ურიცხავდა, კასპის გამგეობა ამაში 700 ლარს იხიდა და სამი თვის განმავლობაში ჯამში 2 100 ლარით ასარგებლა „,დრონი.ჯი“.

რაც შეეხება სპეციალურ გადაცემას „ხელისუფლება გისმენთ“, მის დაფინანსებაში კასპის გამგეობას მონაწილეობა არ მიუღია.

ქარელის გამგეობა

გადაცემის - „ხელისუფლება გისმენთ“ დაფინანსებაში თავისი წვლილი ქარელის გამგეობამაც შეიტანა. 2009 წლის 1 ივლისს დადებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ გადაცემაში გამგეობა თვეში 1 000 ლარს იხდის. ეს ხელშეკრულება 6 თვით დაიდო. ეს ის გადაცემაა, რომლის შესყიდვაში გორის გამგეობა თვეში 2 000 ლარს ხარჯავდა.

2009 წლის 27 აპრილს ქარელის გამგებელი ილია ბურჯანაძე მოელაპარაკა ინდმეწარმე ინგა ქვარცხავას და მასთან ხელშეკრულება გააფორმა, სადაც ვკითხლობთ: „ხელშეკრულების საგანია ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს შესახებ ინფორმაციისა და ინტერვიუს მომზადება და განთავსება კატალოგში - ფაქტები, საქართველოს რეგიონები 2008“. ამ კატალოგში ილია ბურჯანაძეს ინტერვიუს განთავსება 600 ლარი დაუჯდა.

2009 წლის 15 აპრილს გამგეობამ გადაწყვიტა სხვა საეთერო დროის შესყიდვა სამი თვით, ჯამში 4 500 ლარი გადაიხადა.

2009 წლის 26 ოქტომბერს ქარელის გამგეობის დაფინანსებით გამოვიდა გაზეთი „ქარელის მოამბე“, რომელიც 350 ლარი დაჯდა.

2009 წლის 01 ოქტომბერს ქარელის გამგეობამ, გაზეთში „თვითმმართველობის მაცნე“, საკუთარი საქმიანობის შესახებ სტატიის გამოსაქვეყნებლად, გადაიხადა 400 ლარი.

2010 წელს 10 თებერვალს ქარელის გამგეობამ საეთერო დროის შესყიდვა გააგრძელა და თებერვლიდან ივლისამდე ამის განხორციელება 4 800 ლარი დაუჯდა.

2010 წლის 19 თებერვალს ქარელის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან აბაშიშვილმა იმ კატალოგში მოსახვედრად, რომელსაც ჰქვია - „ფაქტები - საქართველოს რეგიონები 2009“ - 600 ლარი გადაიხადა. ამ კატალოგის შემქნელი კვლავ ინდმეწარმე ინგა ქვარცხავაა.

2010 წლის 28 აპრილს ქარელის გამგეობამ გამოსცა გაზეთ „ქარელის მოამბეს“ ახალი ნომერი, რაც 700 ლარი დაჯდა.

2010 წლის 21 იანვარს ქარელის გამგეობამ „დრონი.ჯი“-სთან გააფორმა ხელშეკრულება სამი თვით და მას 2 100 ლარი გადაურიცხა. ჩვენ ხელთ გვაქვს ეს ხელშეკრულება, სადაც ოდნავ განსხვავებული პირობებია ჩამოწერილი. კერძოდ: დრონი.ჯი ვალდებულია საკუთარ გაზეთში, ვებ-გვერდზე და ტელევიზიაში (რეალ-ტივი) უზრუნველეყო სხვადასხვა  პიარ-სტატიების, სიახლეების, ვიდეო-სიუჟეტების მომზადება და განთავსება, წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება, საინფორმაციო მხარდაჭერა.

ხაშურის მუნიციპალიტეტი


2009 წლის 18 მარტს ხაშურის გამგეობამ ადგილობრივ ტელეკომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, გამგეობამ იყიდა  საეთერო დრო. საფასურში შევიდა განცხადებების გამოქვეყნება თვეში 2-ჯერ, თვეში 7 სიუჟეტი და მორბენალი სტრიქონი 60 სიტყვით.

2009 წლის 28 მაისის ხელშეკრულებით, ხაშურის გამგეობამ გაზეთი „ხაშურის მოამბე“ წელიწადში 10 000 ლარით დააფინანდა.

2009 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, გაზეთმა „24 საათი“ სატენდერო განცხადებების გამოსაქვეყნებლად ხაშურის გამგეობისგან 1000 ლარის შეკვეთა მიიღო. 

2009 წლის 1 ივლისს ხაშურის გამგეობამ გადაცემის - „ხელისუფლება გისმენთ“ დაფინანსებაც დაიწყო. 6 თვის განმავლობაში ამ გადაცემის ფინანსებს ხაშურის გამგეობა თვეში 1000 ლარს ამატებდა.

2009 წლის დეკემბერში ხაშურის გამგეობამ 1000 ლარი გადაურიცხა ტელეკომპანია „დეას“ საახალწლო შოუს მოსაწყობად. ამ ტელეკომპანიის 51% ხაშურის გამგეობას ეკუთვნის.

2010 წლის 4 იანვრის ხელშეკრულებით, ხაშურის გამგეობამ გადაცემის - „ხელისუფლება გისმენთ“ დაფინანსება შეამცირა და თუკი წინა წელს თვეში 1000 ლარს იხდიდა, ამჯერად 875 ლარამდე ჩამოვიდა.

გაზეთ „ხაშურის მოამბის“ დაფინანსება 2010 წელს 12 500 ლარით განისაზღვრა.
„დრონი.ჯი“-მ კი ხაშურის გამგეობისაგან 2100 ლარი მიიღო.

2010 წლის 5 თებერვლის ხელშეკრულებით გაზეთმა „24 საათი“ 840 ლარის შესყიდვა მიიღო სატენდერო განცხადებების გამოსაქვეყნებლად.

2010 წლის 1 თებერვალს ტელეკომპანიამ „თრიალეთი“ 5 თვით ხაშურის გამგეობას საეთერო დრო მიჰყიდა 5 000 ლარად.

ახალი ამბები