კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით წიქარიშვილი: „სკოლა არ უნდა იქცეს შსს-ს საქვეუწყებო დაწესებულებად“

27 დეკემბერი, 2010
სალომე აჩბა 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობით განხორციელებული სასკოლო  კონკურსის  - „მე მიყვარს ჩემი პოლიცია“ გამარჯვებულები  22 დეკემბერს გამოავლინეს. მათ პორტატული კომპიუტერები და ფულადი პრიზები გადასცეს. სასკოლო კონკურსის შესახებ humanrights.ge-ს ესაუბრება განათლების მუშაკთა თავისუფალი პროფესიული კავშირის - „ერთობის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, დავით წიქარიშვილი.

- რამდენიმე დღის წინ სკოლებში  კონკურსი „მე მიყვარს ჩემი პოლიცია“ ჩატარდა. საინტერესოა თავად კონკურსის სათაურიც. აქ კითხვა კი არ ისმის - „მიყვარს თუ არა პოლიცია?“ არამედ, მოცემულობაშივე დევს, რომ თუკი ხარ სკოლის მოსწავლე და საქართველოს მოქალაქე, ე.ი აუცილებლად გიყვარს შენი პოლიცია. საკითხავი მარტო ისაა, რატომ. აღსანიშნავია,რომ ორიოდე თვის წინ შსს ამაზრზენი მეთოდებით მუშაობდა იმ ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომლებმაც მე-12 კლასის დამამთავრებელ გამოცდებს გამოუცხადეს პროტესტი და აქციები მოაწყვეს.

ჩემი ბავშვობა რომ მახსენდება, ექსკურსიებზე დავყავდით ქართული ისტორიული ძეგლების სანახავად. დავდიოდით თეატრში, კინოში... მერე თემებს გვაწერინებდნენ და ეს იყო სკოლის ღონისძიება. არ მახსოვს მსგავსი პოლიციურ-პროპაგანდისტული ტიპის კონკურსი და, მითუმეტეს, არ მახსოვს ფასიანი საჩუქრები. საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა ერიდებოდა მილიციისა და უშიშროების რეკლამას ამ ფორმით. ახლანდელი რეჟიმი კი პირდაპირ ნერგავს.

- „ფასიანი საჩუქრები“ რას ნიშნავს? 

- გამარჯვებულ მოსწავლეებს ისეთი ლეპტოპები და სხვა პრიზები გადასცეს, სერიოზული შემოსავლის პატრონ კაცსაც კი გაუხარდებოდა. ბავშვებისათვის კი პირდაპირ განძია. ეს ბავშვების მოსყიდვაა. თუმცა, საინტერესო  ფაქტი იყო ის, რომ თელავში ამ კონკურსისთვის თემის დაწერის ნაცვლად ბავშვმა პოლიციელის კარიკატურა დახატა - რქებიანი და კუდიანი პოლიციელი. ძალიან სასიამოვნოა, რომ თუნდაც ერთ მოსწავლეს აღმოაჩნდა  დამოუკიდებელი და აქტიური პოზიცია და გამოხატა პროტესტი ამ ყველაფრის მიმართ - ღიად, უშიშრად დააფიქსირა თავისი აზრი. 

- პრობლემას რაში ხედავთ?

- თავისთავად, ეს კონკურსი უკვე საგანგაშოა, მაგრამ თუ სკოლისა და დამსჯელი სტრუქტურების ურთიერთობის დინამიკას გადავხედავთ, სურათი დამძიმდება. ჯერ (2004 წ.) ციხეებსა და წინასწარი დაკავების ადგილებში ატარეს მოსწავლეები ექსკურსიაზე. ეს ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი იყო. ამას მოჰყვა პროკურორებთან შეხვედრები, რომლებიც ტარდებოდა როგორც სკოლებში, ასევე პროკურატურებში (მოსწავლეებთან სამართლებრივ განათლებაზე ან ადამიანის უფლებებზე თუ უნდოდა ვინმეს მუშაობა, ცხადია, პროკურორები არ უნდა აერჩიათ). პარალელურად, ჩატარდა მასწავლებლების გამოკითხვა - რა ღონისძიებები ჩავატაროთ სკოლაში, რომ კრიმინალური ფონი შევცვალოთო. მასწავლებლების უდიდესმა ნაწილმა, უბრალოდ, უყურადღებოდ დატოვა ეს კითხვარი, მაგრამ ვინც შეავსო, იმათთან გარკვეული მუშაობა დაიწყო პოლიციამ. შედეგად, ზოგი მათგანი პოლიციის მოენე და დამსმენი გახდა. შემდეგი ეტაპი იყო ჟურნალისტების შესვლის აკრძალვა სკოლებში - გაუგონარი თავხედობა. მანდატურების შესვლამ კი სკოლები ციხის მსგავს დაწესებულებად აქცია, სადაც ბუზი ვერ შეფრინდება. ამან საზოგადოებაშიც დიდი უკურეაქცია და პროტესტი გამოიწვია, მით უფრო - მას შემდეგ, რაც სკოლის დირექტორების მოხსნა და ამ თანამდებობაზე მანდატურების დანიშვნა დაიწყო.
 
ახალგაზრდული პოლიტიკა საქართველოში პრაქტიკულად არ ტარდება. სამაგიეროდ, შსს და განათლების სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ, რომ პოლიცია მომარაგდეს მუქთი აგენტებით. „მე მიყვარს ჩემი პოლიციაც“ ამ პროგრამის ნაწილია. 

- როგორ ფიქრობთ, ეს სიტუაცია შაშკინის მინისტრად მოსვლის შემდეგ შეიქმნა თუ იქამდეც არსებობდა? 

- პოლიციისა და ძალოვანი უწყებების პროპაგანდა სკოლებში ჯერ კიდევ კახა ლომაიას მინისტრობის დროს დაიწყო. სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ძალოვან უწყებებში ბავშვების ექსკურსიებზე წაყვანასა თუ პროკურორების  სკოლებში სტუმრობას, მოზარდების დამუშავებას. ეს ყველაფერი კომკავშირზე ბევრად უარესია. სასწავლო დაწესებულება უნდა იყოს ურთიერთნდობაზე დაფუძნებული და იქ ფორმიან ადამიანებს არაფერი ესაქმებათ. დაანებონ სკოლას თავი! მისი ძირითადი ფუნქცია აღმზრდელობითია და ეს სკოლამ არ უნდა დაკარგოს. ის არ უნდა იქცეს შსს-ს საქვეუწყებო დაწესებულებად.

ახალი ამბები