კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მანდატურთუხუცესი

28 დეკემბერი, 2010
სალომე აჩბა

პრობაციისა და სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტიდან განთლების მინისტრად დიმიტრი შაშკინის გადაყვანამ საზოგადოებაში იმთავითვე არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. დღეის გადასახედიდან კი, განათლების მინისტრ შაშკინის ე. წ. რეფორმებისა თუ გადაწყვეტილებების მიხედვით, საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს კაცი ძველი ამპლუიდან ვერ გამოდის და განათლების სისტემასაც პოლიციური მეთოდებით მართავს, სასწავლო დაწესებულებები საპატიმროები ჰგონია, მასწავლებლები - ციხეების თანამშრომლები, მოსწავლეები კი - პატიმრები. მანდატურების ინსტიტუტის მთელი ძალით ამოქმედების პარალელურად კი დაიბადა შაშკინის მეტსახელი - „მანდატურთუხუცესი“.

შაშკინის მინისტრობისას განათლების სფეროში ბევრი უცნაური ცვლილება მოხდა: სექტემბერში ერთმანეთის მიყოლებით თანამდებობიდან გადადგა საქართველოს ოთხი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი; ნოემბერში დაიწყო სკოლის მოსწავლეთა საპროტესტო აქციები, რომლებიც 8 საატესტაციო გამოცდის დანიშვნას აპროტესტებდნენ, აქციებს კი 8 დირექტორის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა. ყველაზე დიდი ხმაური მაინც მანდატურების პროგრამამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც სკოლებში ძალადობის პრევენციასა და მის აღკვეთაზე სპეცფორმაში გამოწყობილმა ადამიანებმა - მანდატურებმა უნდა იზრუნონ.

უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს ისევ მინისტრი ნიშნავს

დიმიტრი შაშკინის განათლების მინისტრად დანიშვნიდან მოკლე ხანში, ერთმანეთის მიყოლებით , გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს:  გორის, თბილისის, თელავისა და ქუთაისის უნივერსიტეტების რექტორებმა.

უმაღლესი სასწავლებლებიდან რექტორების „ნებით“ წასვლის პროცესი 2010 წლის 6 აგვისტოს დაიწყო, როცა თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადება გორის უნივერსიტეტის რექტორმა ზაზა ცოტნიაშვილმა დაწერა. მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია  ხუბუა მიჰყვა, რომელმაც იმავე შინაარსის განცხადება 13 აგვისტოს დაწერა. შემდეგი აღმოჩნდა თელავის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი გოცირიძე, რომელიც თანამდებობიდან 8 სექტემბერს გადადგა.  ოთხი დღის შემდეგ - 12 სექტემბერს კი ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი ონიანის ჯერი დადგა.

კონკრეტული ინფორმაცია, თუ რატომ გადადგა ასე ერთდროულად საქართველოს ოთხი უნივერსიტეტის რექტორი, არ ხმაურდება. ეჭვს იწვევს ისიც, რომ რატომღაც ოთხივე რექტორმა დროის თითქმის ერთსა და იმავე პერიოდში იგრძნო სამსახურისგან გამოწვეული დაღლილობა და გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ყველაზე საინტერესო და უცნაური კი ისაა, რომ რექტორებმა თანამდებობები ახალი რექტორისა და აკადემიური საბჭოების არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვეს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რექტორები სამინისტროებში დაიბარეს და თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დააწერინეს. თსუ-ს რექტორის, გია ხუბუას გადადგომას კი თან ახლდა სამთავრობო კონტროლის ქვეშ მყოფ ტელეარხებზე აგორებული შავი პიარი. გია ხუბუას რამდენიმე წლის წინ თსუ-ს ბიბლიოთეკიდან დაკარგული წიგნების ისტორია გაახსენეს. არადა, მაშინ რექტორმა ეს ინფორმაცია თვითონვე მიაწოდა პროკურატურას და დამნაშავეთა გამოვლენა და დასჯა მოსთხოვა. ასევე თსუ-ს რექტორს ადანაშაულებდნენ, რატომ გაუზარდა პროფესორ-მასწავლებლებს ხელფასები, მაშინ როდესაც ეს ფაქტი მის სასარგებლოდ უფრო მეტყველებს.

მაინც რატომ აითვალწუნა შაშკინმა რექტორების მუშაობა? ექსპერტები ამ საკითხს ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ლომაიას რეფორმების გადასინჯვის პოლიტიკას უკავშირებენ. პრეზიდენტი სააკაშვილი დაარწმუნეს, რომ ლომაიას დროინდელი რეფორმები „არ ვარგოდა“. კერძოდ - ლოტოტრონით დირექტორების დანიშვნა, ინტეგრირებული სწავლების შემოღება, გამოსაშვები გამოცდების გაუქმება და ა. შ. სკოლებში წარსულის დაბრუნება შაშკინს დაევალა. უმაღლესი სასწავლებლების რექტორები ლომაიას პერიოდში დანიშნული კადრები იყვნენ. შესაბამისად, შაშკინის ლაშქრობა შეეხო არა მარტო ლომიასდროინდელ რეფორმებს, არამედ კადრებსაც.

ამ მსჯელობას ამყარებს „თავისუფლების ინსტიტუტისა“ და შაშკინის აშკარა დაპირისპირება. ცნობილია, რომ ალექსანდრე ლომაიას რეფორმებს „თავისუფლების ინსტიტუტი“ მხარს უჭერდა. ხოლო თელავის უნივერსიტეტის აწ უკვე ყოფილი რექტორი, გიორგი გოცირიძე რექტორად დანიშვნამდე „თავისუფლების ინსტიტუტის“ კახეთის რეგიონის კოორდინატორად მუშაობდა.

კანონი უმაღლესი  განათლების შესახებ რომელიც 2005 წელს, კახა ლომაიას მინისტრობის დროს მიიღებს, ითვალისწინებდა ინსტიტუციურ ავტონომიას განათლების სფეროში. ეს პირველ რიგში გულისხმობს რექტორების არჩევას მანამდე არჩეული აკადემიური საბჭოების მიერ. სამინისტროს რექტორების მოხსნა-დანიშვნის უფლება აღარ აქვს. თუმცა, როგორც რექტორებზე შაშკინის გალაშქრებამ გვიჩვენა, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურათა გავლენას განიცდიან და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან. 

დირექტორების გათავისუფლება ნაცადი ხერხით

დიმიტრი შაშკინის განათლების მინისტრად დანიშვნის შემდეგ საქართველოში პირველად აგორდა სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები. 2010 წლის ნოემბერში პარლამენტის წინ მე-12 კკლასელებმა აქციები გამართეს. ისინი 8 საატესტაციო გამოცდის დანიშნვნას აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ისინი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებოდნენ, სკოლაში არ მიუღიათ შესაბამისი ცოდნა, განსაკუთებით - საბუნებისმეტყველო საგნებში ამიტომ წლის ბოლოს საატესტაციო გამოცდებს ვერ ჩააბარებენ.

„ჰო, შაშკინს ზუსტად ისეთი „სუსტი“ ნერვები აქვს, რომ ოროსნებს მოგაწყობინებთ რევოლუციას“, - ნიშნის მოგებით გამოეხმაურა პრეზიდენტი მოსწავლეების საპროტესტო აქციას.

გავრცელებული ინფორმაციით, „ოროსნების აქციად“ მონათლული დემონსტრაციის მონაწილე მოსწავლეები დააშინეს. როგორც #19 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი რევაზ რევაზიშვილი აცხადებს, საპროტესტო აქციის შემდეგ, სახლში პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირები დახვდნენ, წაიყვანეს თამარ მეფის გამზირზე მდებარე პოლიციის მეოთხე განყოფილებაში და დაემუქრნენ. კეძოდ, პოლიციელებმა გააფრთხილეს, რომ აქციებში მონაწილეობა არ მიეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამტრედიის სკოლა-ინტერნატში გადაიყვანდნენ, სადაც „ოროსნები“ სწავლობენ.

მოსწავლეთა საპროტესტო აქციებს დაემთხვა საჯარო სკოლის რვა დირექტორის მიერ თანამდებობების დატოვება. მინისტრმა  შაშკინმა ეს ფაქტი ძველებური მიზეზით ახსნა, თითქოსდა დირექტორები თავიანთი სურვილით გადადგნენ და ამ ფაქტთან სამინისტროს არანაირი კავშირი არა აქვს. თუმცა, თავდაპირველად მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დირექტორები სამინიტროში დაიბარეს და გადადგომის შესახებ განცხადებები დააწერინეს.

ამ შემთხვევაშიც უარყოფილია ლომაიას დროინდელი პოლიტიკა, რომ სკოლის დირექტორის დანიშვნას და გათავისუფლებას წყვეტს სკოლშის სამეურვეო საბჭო და არა სამინისტრო. როგორც ჩანს, სკოლების დამოუკიდებლობა კვლავ სამინისტროს დიქტატით იცვლება.

სკოლების მანდატურიზაცია

საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი ვერ გამოვიდა ძველი ამპლუიდან და საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც „პოლიციური“ სისტემით მართავს. ამის ერთ-ერთ დადასტურებად კი მანდატურების  პროგრამა მიიჩნევა, რომელმაც შაშკინს „მანდატურთუხუცესის“ სახელი მოუტანა.

2010 წლის ახალი სასწავლო სემესტრიდან ყველა სკოლაში ამუშავდა მანდატურების პროგრამა. ყოველ საჯარო სკოლაში სპეცფორმაში გამოწყობილი სამი ადამიანი წესრიგის დამყარებასა და ძალადობის პრევენციაზე ზრუნავს. ამ სიახლემ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია  საზოგადოების ნაწილში. ფაქტობრივად, მანდატურის ფუნქციები „გაიბერა“ და გასცდა სკოლებში ძალადობის აღკვეთისა თუ პრევენციის უზრუნველყოფას. მანდატურები არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ მასწავლებლებსაც აკონტროლებენ. მაგალითად, იყო შემთხვევები სკოლებში, სადაც მანდატურები აკონტროლებდნენ, აგვიანებდა თუ რა ვინმე გაკვეთილზე და დაგვიანების შემთხვევაში, წერდა თუ არა მასწავლებელი „არას“. ამან მასწავლებელთა უმრავალესობაში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ეს მასწავლებლის ფუნქციაში ჩარევაა, რაც მოსწავლეთა თვალში მასწავლებლის ავტორიტეტის დისკრედიტაციას იწვევს.

ექსპერტთა აზრით, მანდატურებს დაახლოებით ისეთივე უფლებები და მოვალეობები აქვთ, რაც სასჯელაღსრულების დაცვის თანამშრომლებს ან სახელმწიფო სამსახურის დაცვის თანამშრომელს. მაგალითად, მანდატურს უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური ძალა და „სპეციუალური საშუალებები“ მოსწავლეების წინააღმდეგ, თუკი ამის საჭიროება დადგება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მანდატურები არა შსს-ს არამედ, განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არიან.

განათლების სამინისტროში განმარტეს, რომ მანდატურთა პროგრამა მიზნად ისახავს სკოლებში ძალადობის აღკვეთასა და პრევენციას. მანდატურსაც მოსწავლეებზე კონტროლი მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე ევალება. თუკი მოზარდი სკოლაში კონტროლის ქვეშ იქნება და თანატოლებთან ჩხუბისა თუ დაპირისპირების საშუალება აღარ მიეცემა, „პრობლემას“ სკოლის გარეთ მაინც მოაგვარებს. ამგვარად, თუკი ადრე სკოლა იყო მოზარდებს შორის დაპირისპირების ეპიცენტრი, დიდი შანსია, რომ ამ ეპიცენტრმა სკოლის გარეთ გადაინაცვლოს. რა არის სახელმწიფოს მიზანი - ძალადობის აღკვეთა მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე, თუ მისი საერთოდ აღმოფხვრა მოზარდებში? თუკი ძალადობა მაინც იარსებებს, რა მნიშვნელობა აქვს, სკოლის ტერიტორიაზე გამოვლინდება თუ სკოლიდან ათ მეტრში? 

ფსიქოლოგი ნუგზარ ბაინდურაშვილი მიიჩნევს რომ სკოლებში პირველ რიგში ფსიქოლოგის ფუნქცია უნდა გაიზარდოს და სწორედ მათ უნდა ევალებოდეთ ძალადობის პრევენციაზე ზრუნვა და არა „ფორმიან ადამიანებს“.

„სამწუხაროდ, საქართველოში საზოგადოების განათლებისა და შეგნების დონე იმდენად დაბალია, რომ ფსიქოლოგს სკეპტიკურად უყურებენ და ურჩევნიათ, ამგვარი საქმეები სწორედ „ფორმიან ადამიანებს“ მიანდონ“, – დასძენს ნუგზარ ბაინდურაშვილი.

მანდატურების პროგრამა ყველაფერთან ერთად ძვირიცაა. თუკი მანდატურების საერთო რაოდენობასა და მათ ხელფასებს გავითვალისწინებთ, მხოლოდ ქალაქ თბილისის სკოლებში წელიწადში 7 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაც საკმაოდ დიდი თანხაა განათლების სამინისტროს ისედაც მცირე ბიუჯეტისთვის.

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის, სიმონ ჯანაშიას აზრით, მანდატურების პროგრამის ყველა სკოლაში განხორციელება საჭიროებას არ წარმოადგენს.

„სახელმწიფომ ეს პროგრამა უნდა განახორციელოს მხოლოდ ისეთ სკოლებში, სადაც პრობლემის მოგვარება დამხმარე პერსონალის გარეშე რთულია. დამხმარე პერსონალი სკოლამ უნდა იქირაოს სახელმწიფოს ფინანსებითა და ინსტრუქციების მიხედვით. პერსონალი უნდა განიხილებოდეს არა როგორც პრობლემის მოგვარების მთავარი ინსტრუმენტი, არამედ როგორც ექსპერტი, რომელიც სკოლას პრობლემების მოსაგვარებლად ძალების მობილიზებაში ეხმარება. უსაფრთხოების ექსპერტი არ უნდა განიხილებოდეს როგორც პოლიციელი, დაცვის სამსახურის თანამშრომელი, ან აღმასრულებელი. მისი მუშაობა უნდა იყოს დროებითი და მისი წარმატება უნდა იზომებოდეს იმით, რამდენად მოემზადა სკოლა ძალადობის შესამცირებლად. ამ პრინციპების გათვალისწინებით სავარაუდოა, რომ მანდატურების არსებობას მართლა ექნება მნიშვნელოვანი  გრძელვადიანი, მდგრადი და ეკონომიკურად მიზანშეწონილი ეფექტი მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის“, - წერს სიმონ ჯანაჟია ჟურნალ „ლიბერალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ციხის ზედამხედველის ლექსიკა

მინისტრი შაშკინი უხეში გამონათქვამებითა და მიმართვის ფორმებითაც გამოირჩევა.  ასეთი ტონით, ალბათ, მართლაც შეიძლება ელაპარაკო პოლიციელებს, მაგრამ მასწავლებლებთან და მეცნიერებთან მსგავსი ლექსიკა ყურს ჭრის.

„თქვენს სისხლს დავლევ, პირდაპირ გეუბნებით“, - ამ სიტყვებით მიმართა დიმიტრი შაშკინმა საჯარო სკოლების  დირექტორებს ერთ-ერთი შეხვედრისას. ამ დროს მან დირექტორებს ახალი გადაწყვეტილება აცნობა, რომლის მიხედვითაც სკოლის ეზოებში სპორტული მოედნების მოსაწყობი თანხმა სამინისტრო უშუალოდ სკოლის ადმინისტრაციას გადასცემდა განსაკარგავად.

„სამინისტრო გადასცემს სკოლას ამ ფულს და სკოლა გააკეთებს. თქვენს სისხლს დავლევ, პირდაპირ გეუბნებით! თქვენ იქნებით პასუხისმგებელი ამ კონკრეტულ საკითხზე, თქვენ მოძებნით, თქვენ ჩაატარებთ, თქვენ მოაგვარებთ. ვიცი, ბევრს მოეწონება, ბევრს არ მოეოწონება. მირჩევნია, რომ სკოლის დირექტორი იყოს ამაზე პასუხისმგებელი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ - სისხლს დავლევ! თითო სანტიმეტრს დავუთვლი...“ -  ბობოქრობდა შაშკინი შეხვედრაზე.

საჯარო სკოლების შემდეგ, კერძო სკოლების ჯერიც დადგა. მინისტრმა საზოგადოებას პირობა მისცა, რომ განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოყოფილი 20 მლნ ლარი კერძო სკოლებისთვის ზეწდმიწევნით გაკონტროლდება. „მოვიცალე. რაღაც-რაღაცეები დავამთავრე და მოვიცალე ახლა კერძო სკოლებისთვის. ძალიან მაინტერესებს სწავლების დონე ამ სკოლებში. 20 მილიონ ლარს ვხარჯავთ ყოველწლიურად მათთვის და ამ 20 მილიონს ახლა ყელიდან ამოვუღებ!“ - ისევ ციხის ზედამხედველის ტონი და ლექსიკა.

„ამ სკოლის დირექტორები დასაჭერები იყვნენ, მივქარე რომ საქმე ბოლომდე არ მივიყვანე“, - ეს სიტყვები განათლების მინისტრა სკოლა-პანსიონატების დირექტორების მისამართით წარმოთქვა.

გაუგებარია, უწინ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ახლა კი განათლების მინისტრი რატომ უნდა წყვეტდეს, დასაჭერია ვინმე თუ არა. მოქალაქე თუ თვლის, რომ მეორე მოქალაქემ დაარღვია კანონი, უნდა მიმართოს სასამართლოს და მხოლოდ მას აქვს უფლება, დამნაშავედ და დასაჭერად მიიჩნიოს ადამიანი.

მინისტრი შაშკინი საზოგადოებასთან ურთიერთობისას არც ქუჩური ჟარგონის გამოყენებას ერიდება. „ვიცი, ძალიან ბევრს გაუტყდა, ჩემი 173-ე სკოლაში მისვლა. ვაცხადებ ყოველთვის მივალ იქ, სადაც მსგავსი სიტუაცია იქნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრმა, როცა 173-ე სკოლაში ყოფილი დიორექტორის გათავისუფლებას მოსწავლეები პროტესტით შეხვდნენ. მინისტრი სკოლაში სახელმწიფო დაცვის მთელი რაზმით გამოცხადდა, თითქოს ციხის ბუნტს ახშობდა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მართლაც პარადოქსულად გაიჟღერა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული კვლევის შედეგებმა. კვლევა მიზნად ისახავდა განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ მოსახლეობის დამოკიდებულებისა და მოლოდინების გამორკვევას. კვლევის მიხედვით, საქართველოს განათლების სფეროში ბოლო ერთი წლის მანძილზე მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა; მშობლები და მოსწავლეები კი, თურმე, მანდატურის ინსტიტუტს ემადლიერებიან.

ახალი ამბები