კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბეჟან ხორავა: „ომის ალტერნატივა ყოველთვის არსებობს და ეს ალტერნატივა არის მშვიდობა“

29 დეკემბერი, 2010
სალომე აჩბა

ქართულ-აფხაზური ურთიერთობები აქტუალობას არ კარგავს და ალბათ, არც არასოდეს დაკარგავს. ორ მოძმე ხალხს შორის კონფლიქტის სათავეებზე, ისტორიულ ფაქტებზე, რამაც სისხლიან დაპირისპირებამდე მიგვიყვანა, კონფლიქტის მოგვარების გზებსა თუ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო საკითხებზე humanrights.ge-ს სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ბეჟან ხორავა ესაუბრება.

- რა ისტორიულმა ფაქტორებმა განაპირობა  ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რამაც საბოლოოდ სისხლიან დაპირისპირებამდე მიგვიყვანა?

- ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის დაძაბვა დაიწყო ჯერ კიდევ XIX საუკუნეში და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის რუსეთის იმპერიას. რუსეთის ხელისუფლება გამიზნულად ცდილობდა ქართული სამყაროსგან აფხაზეთისა და აფხაზების ჩამოშორებას. XIX-XX საუკუნების ქართველი მოღვაწეები იაკობ გოგებაშვილი, კირიონ საძაგლიშვილი, ამბროსი ხელაია და სხვები ამბობდნენ, რომ აფხაზი ესაა დამოუკიდებელი ეთნიკური ჯგუფი და აქედან გამომდინარე, მათ სრული უფლება ჰქონდათ, ჰქონოდათ თავიანთი დამწერლობა. ქართველ საზოგადო მოღვაწეები ყველანაირად ცდილობდნენ, დახმარებოდნენ აფხაზებს, მაგალითად, დამწერლობის შექმნაში და შემდგომში მათი კულტურის წინსვლასა და განვითარებაში. რუსეთის ხელისუფლებამ ეს კულტურული პროცესი თავის სასარგებლოდ გამოიყენა. საბოლოოდ, აფხაზური დამწერლობა შექმნა რუსმა გენერალმა და ლინგვისტმა პეტრე უსლარმა. თუმცა, რუსეთის ხელისუფლების დავალებით, ანბანის შექმნა ემსახურებოდა არა აფხაზური კულტურის განვითარებას, არამედ აფხაზების ქართული სამყაროდან სრულ ჩამოშორებას. ამაზე წერდა მეფისნაცვლის საბჭოს წევრი ევგენი ვეიგენბაუმი: „აფხაზური ენა, რომელსაც არ გააჩნია დამწერლობა და ლიტერატურა, რა თქმა უნდა, განწირულია გასაქრობად. საქმე ისაა, რომელი ენა ჩაენაცვლება აფხაზურს. მოსახლეობაში კულტურული იდეებისა და ცნებების გამტარებლის როლი უნდა შეასრულოს არა ქართულმა, არამედ რუსულმა ენამ. ამიტომ მივიჩნევ, რომ თვითმიზანი  აფხაზური დამწერლობის დამკვიდრება კი არ უნდა იყოს, არამედ ეკლესიისა და სკოლების მეშვეობით, ქართული ენის ნელ-ნელა განდევნა და მისი რუსულით ჩანაცვლება“, - პირდაპირ წერდა ვეიგენბაუმი.

ერთი სიტყვით, რუსეთი ცდილობდა, აფხაზები მოემადლიერებინა, მათი გული მოეგო და თან, დაეპირისპირებინა ქართველებისთვის. წლების შემდეგ ამან გარკვეული შედეგი გამოიღო. მეფის რუსეთის დამხობის შემდეგ, აფხაზთა ერთი ნაწილი პრორიუსულ პოზიციაზე იდგა და ცდილობდა, აფხაზეთი არა საქრთველოს, არამედ რუსეთის შემადგენლობაში შესულიყო. თუმცა, იმ პერიოდში პროქართულმა ორიენტაციამ აფხაზეთში მაინც იმძლავრა და აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა. საბჭოთა კავშირში რუსეთმა კვლავ განაგრძო ჩვეული პოლიტიკის გატარება და კვლავ ყველანაირი ხერხებით ცდილობდა აფხაზებისა და ქართველების დაპირისპირებას. ამ მიზნით მოსკოვმა მხარი დაუჭირა აფხაზეთში ავტონომიურ მმართველობას. აფხაზებს უნერგავდნენ აზრს, რომ ქართველები არიან მათი მტრები, რომ ქართველები XIX საუკუნეში დასახლდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე და იქამდე იქ ქართული მოსახლეობა არ ყოფილა. შესაბამისად, უმტკიცებდნენ, რომ ის მიწა მთლიანად აფხაზებისაა და  ქართველები აფხაზების კულტურისა და თვითმყოფაადობის ასიმილაციასა და შთანთქმას აპირებენ. ამ პროპაგანდაზე ზეგავლენა მოახდინა სტალინის მმართველობის ფაქტორმა. ყველა ის ცოდვა, რაც სტალინს, ბერიას და იმდროინდელ საბჭოთა ხელისუფლებას მიუძღვოდა აფხაზების წინაშე, მიეწერებოდა ქართველებს, სტალინისა და ბერიას  ეთნიკური წარმომავლობის გამო. 

საბჭოთა ხელისუფლების მცდელობამ შედეგი 50-იან წლებში გამოღო და დაიწყო აფხაზთა გამოსვლები აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფისა და რუსეთთან შეერთების  მოთხოვნით. რუსეთის ხელისუფლების ხელშეწყობითა და მეცადინეობით, ამ პროცესმა 1989 წელს სისხლიან დაპირისპირებამდე მიგვიყვანა, შემდეგ კი ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა, რამაც 1992-1993 წლების ომი გამოიწვია.

- როგორ ფიქრობთ, ქართულ მხარეს შექმნილ სიტუაციაში რა შეეძლო გაეკეთებინა, რომ სისხლიანი დაპირისპირება არ მომხდარიყო?

- სამწუხაროდ, იმ პერიოდში, როცა კონფლიქტს დაედო სათავე, საქართველო არ იყო დამოუკიდებელი და შესაბამისად, ქართველი ხალხის ნება არ იქნებოდა გათვალისწინებული რუსეთის იმპერიის ხელისუფლების მიერ. ქართველი საზოგადო მოღვაწეები: კირიონ საძაგლიშვილი, ამბროსი ხელაია, იაკობ გოგებაშვილი და სხვები მიუთითებდნენ, რომ აუცილებელი იყო ქართველები დახმარებოდნენ აფხაზებს თვითმყოფადობისა და კულტურის შენარჩუნებაში, მაგრამ ქართველებს არ ჰქონდათ ის ბერკეტები, რითაც ამ ყოველივეს განახორციელებდნენ. რუსეთის ხელისუფლება კი ყველანაირად ბლოკავდა ქართული მხარის ასეთ ინიციატივებს.

კომუნისტების პერიოდში კი აფხაზეთში და ზოგადად, საქართველოში, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიებში, ტარდებოდა საბჭოთა იმპერიალისტური პოლიტიკა. 30-იანი წლების რეპრესიების დროს, პროცენტულად  ბევრად მეტი ეთნიკური ქართველი დაზარალდა, ვიდრე აფხაზი.

კიდევ ერთი საკამათო საკითხი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში არის ქართველთა ჩასახლება აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც 30-იანი წლებიდან 50-იანი წლების დასაწყისამდე მიმდინარეობდა. უნდა ითქვას, რომ ესეც რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკა იყო და აქ ქართველებს არაფრის გადაწყვეტა და განსაზღვრა არ შეეძლოთ. ეს ჩასახლება არ ნიშნავს, რომ აფხაზეთში ქართველები xx  საუკუნის 30-იან წლებამდე არ ცხოვრობდნენ, როგორც ამას აფხაზებს ასწავლიდნენ წლების განვალობაში. ამ ტერიტორიაზე ოდითგანვე ცხოვრობდა აბორიგენი ქართული მოსახლეობა, რომელსაც  მოგვიანებით რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩასახლებული ქართველების ახალი ტალღა დაემატა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჩასახლებებს არ მიუღია ინფილტრაციის სახე - არ მომხდარა ქართველებისა და აფხაზების და მათი ცხოვრების წესისა თუ კულტურის ათქვეფა/ასიმილაცია.

- აფხაზები ხშირად აფხაზთა მუჰაჯირობაში ქართველებს ადანაშაულებენ. ქართველ ისტორიკოსებს რა პასუხი აქვთ ამაზე?

- აფხაზთა მუჰაჯირობაში ქართველებს არანაირი წვლილი არ შეუტანიათ. მუჰაჯირობას წინ უძღოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ აფხაზთა სამთავროს გაუქმება. აფხაზთა უკანასკნელი მთავარი მიხეილ შერვაშიძე რუსეთში გადაასახლეს და იქ აღესრულა. მისი ნეშტი 1866 წელს ჩამოასვენეს და აფხაზეთის მიწას მიაბარეს. უკანასკნელი მთავრის დაკრძალვის დღეს გაჩნდა  აზრი, რომ აფხაზებს სამაგიერო გადაეხადათ რუსეთისთვის. აფხაზეთის საზოგადოება მოელაპარაკა გიორგი შერვაშიძეს - მიხეილ შერვაშიძის შვილს და  მოუწოდა, სათავეში ჩადგომოდა ანტირუსულ მოძრაობას. 1866 წლის ივლის-აგვისტოში მოხდა აფხაზთა აჯანყება რუსეთის წინააღმდეგ და აჯანყებულებმა მთავრად გიორგი შერვაშიძე გამოაცხადეს. რუსეთმა აჯანყება სასტიკად ჩაახშო. აჯანყების ხელმძღვანელების ნაწილი ჩამოახრჩვეს, ნაწილი გადაასახლეს, აფხაზთა მთავრის შთამომავლებს კი აფხაზეთში ჩასვლაც აუკრძალეს. სწორედ ამ აჯანყებას მოჰყვა აფხაზთა  ოსმალეთის იმპერიაში გადასახლების პირველი ტალღა - ე. წ. მუჰაჯირობა.

რუსეთის ხელისუფლებამ დაინახა საშიშროება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თავიდან უნდა მოეშორებინათ რუსეთის ხელისუფლებისადმი განსაკუთრებით მტრულად განწყობილი აფხაზები. 1867 წლის აპრილ-ივნისში, რუსეთის ხელისუფლების მიერ განხორციელდა აფხაზთა იძულებითი აყრა და გადასახლება აფხზეთიდან. მხოლოდ კოდორის ხეობიდან 15 000 აფხაზი გაასახლეს და საბოლოოდ ეს ხეობა აფხაზებისგან მთლიანად დაიცალა. აფხაზებისადმი რუსეთის ასეთი პოლიტიკის გატარების წინააღმდეგ ქართველებიც გამოვიდნენ. მაგალითად - გუდაუთის მაზრის უფროსი დიმიტრი ჭავჭავაძე აფხაზებს ურჩევდა, არ დანებებოდნენ იმპერიის გადაწყვეტილებას და არ გადასახლებულიყვნენ ოსმალეთში. თუმცა, აფხაზებს  სხვა არჩევანი აღარ ჰქონდათ, რადგანაც ეს გადასახლება იძულებითი იყო.

მუჰაჯირობაში ქართველებს რომ ბრალი არ მიუძღვით, იქიდანაც ჩანს, რომ ამ პერიოდში, აფხაზებთნ ერთად, რუსეთის მთავრობამ უამრავი ქართველიც გადაასახლა. ეს დადასტურებულია ისტორიული წყაროებით. არსებობს გადასახლებულთა სიები, სადაც უამრავ ქართულ გვარს ნახავთ. ამ სიაში ასევე არიან გააფხაზებული ქართველებიც.

მუჰაჯირობის მეორე ტალღა 1877 წელს მოხდა, რასაც წინ რუსეთის წინააღმდეგ აფხაზების კიდევ ერთი აჯანყება უსწრებდა. მუჰაჯირობის  მეორე ტალღაც სწორედ ამ აჯანყებამ გამოიწვია. ოსმალეთის იმპერიაში იძულებით გადასახლებულ აფხაზთა ნაწილი კვლავ შეეცადა დაბრუნებას. თუმცა, მათ  აფხაზეთში შემოსვლა ვერ შეძლეს და აჭარის ტერიტორიაზე დასახლდნენ.

- რას მიიჩნევთ აფხაზების ყველაზე დიდი შეცდომად ქართველების წინაშე და პირიქით - ქართველებს შეცდომად აფხაზების წინაშე?

- რასაკვირველია,  ორივე მხარემ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა,  მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ქართველებს მეტი ისტორიული გამოცდილება გვქონდა და რიცხობრივადაც აფხაზებზე მეტნი ვიყავით, უფრო დიდი  პასუხიმგებლობა გვეკისრება. ვფიქრობ,  უფრო გულთბილი დამოკიდებულება უნდა გამოგვევლინა აფხაზებისადმი. გასაგებია, რომ ქართულ-აფხაზური ომი რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული და პროვოცირებული, მაგრამ უნდა ითქვას ისიც,  რომ ომის ალტერნატივა ყოველთვის არსებობს და ეს ალტერნატივა არის მშვიდობა. შეცდომა იყო 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ქართული ჯარის შეყვანა. გასაგებია, რომ ჯარი საქართველოს შემადგენელ ტერიტორიაზე - აფხაზეთში გადაადგილდებოდა, მაგრამ ისეთ დაძაბულ ვითარებაში, როგორიც მაშინ იყო, ქართველებს მეტი სიფრთხილე და ყურადღება გვმართებდა. არამც და არამც არ უნდა დაგვეწყო აფხაზებთან იარაღის ენით სუბარი. რაც შეეხება აფხაზების შეცდომას, ისინი, ისევე როგორც ქართველები, წამოეგნენ რუსეთის ანკესს.

- 90-ანი წლებიდან დღემდე, თქვენი აზრით, რა გაკეთდა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის და კიდევ რა დარჩა გასაკეთებელი?

- კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის თითქოს ბევრი კეთდებოდა სახალხო დიპლომატიისა თუ სამთავრობო დონეზე, მაგრამ ამ მცდელობებს რეალური შედეგი არ მოჰყოლია. შესაძლოა, ეს იმის ბრალიც იყო, რომ იმდროინდელმა ხელისუფლებამ ხელი დააკლო და სათანადო ყურადღება არ მიაქცია ამ პროცესებს. გასაგებია, რომ რუსეთი ყველანაირად ხელს უშლიდა ურთიერთობების ნორმალიზებას, მაგრამ ეს მაინც არ გვამართლებს. 2003 წელს ვარდების რევოლუციის გზით საქართველოს ხელისუფლება როცა შეიცვალა, ვფიქრობ, კიდევ შეიძლებოდა რაღაცის გაკეთება - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება. სამწუხაროდ, ეს შანსიც ხელიდან გავუშვით. ერთი მხრივ, ვცდილობდით აფხაზებთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმოებას, მეორე მხრივ კი ქართულ მედიასივრცეში, განსაკუთრებით - ტელევიზიებში აქტიურად ჟღერდებოდა საომარი რიტორიკის შემცველი მუსიკალური კლიპები თუ სხვა მასალები. ეს კი, რასაკვირველია, აფრთხობდა და აფერხებდა აფხაზებს, დაეწყოთ ქართველებთნ მოლაპარაკებები.

- ახლა რა რესურს ხედავთ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისთვის?

- ერთადერთ რესურსად, რასაც ჩატეხილი ხიდის აღდგენა შეუძლია, სახალხო დიპლომატია მიმაჩნია. ამასთანავე, საქართველო  აუცილებლად უნდა გახდეს ისეთი ქვეყანა, რომ აფხაზს მოუნდეს მის შემადგენლობაში ცხოვრება.
 
- როგორი იქნება ისეთი საქართველო, რომელშიც აფხაზს ცხოვრება მოუნდება?

- ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერი საქართველო, რომელშიც დაცული იქნება არა მარტო აფხაზის, არამედ ქართველის და ზოგადად, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლებები.

- ვინ უნდა იყოს კონფლიქტის მოგვარებაში მთავარი მქომედი გმირი: ძველი თაობა, რომელსაც აქვს ძველი მეგობრულ-მეზობლურ-ნათესაური კავშირები, მაგრამ ამავე დროს კარგად  ახსოვს სისხლიანი დაპირისპირება,  თუ ახალი თაობა, ვისთვისაც ომი ნაკლებად მტკივნეულია, რადგან მისი უშუალო თვითმხილველები არ ყოფილან, სამაგიეროდ, არ იციან, არ ახსოვთ აფხაზეთი?

- მე ვფიქრობ, ამ საქმეში ძველმა და ახალმა თაობამ თანაბრად უნდა მიიღოს მონაწილეობა. ორივეს აქვს საკმარისი რესურსი. ძველ თაობას დღემდე აქვს შენარჩუნებული ურთიერთობა აფხაზებთან. ახალ თაობას კი შეუძლია, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა აფხაზ თანატოლებთან. ოსმალებთან და სპარსებთან საუკუნოვანი დაპირისპრება ჰქონდათ ქართველებს, მაგრამ ეს პრობლემა დროთა განვალობაში გადაილახა. დღეს ირანიც და თურქეთიც საქართველოს უხლოესი მეზობლები არიან და მათთან ჩვენ ქვეყანას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ასე რომ, მთავარია, ორივე მხარის პოლიტიკოსებმა გამონახონ საერთო ენა, თორემ უბრალო ხალხს ურთერთობის მოგვარება არ გაუჭირდება.

ახალი ამბები