კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეროსი კიწმარიშვილი: „ბექაურის ბრალდებით გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვარ“

31 დეკემბერი, 2010
მედია.გე

ხელისუფლებასთან დაპირისპირებული „ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი  ეროსი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ გაკვირვებულია ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურ დირექტორის, კახა ბექაურის „უცნაური“ განცხადებით, თითქოს, იგი მას ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას აიძულებდა.

„ბექაურის ბრალდებით გაკვირვებული და  იმედგაცრუებული ვარ“, - განაცხადა კიწმარიშვილმა რადიო „პალიტრის“ ეთერში.

„გაუგებარია ბრალდების შინაარსი და პრეტენზიული ტონი ადამიანისგან, ვისთანაც ბევრი განხორციელებული პროექტი და  თბილი უერთიერთობა მაკავშირებდა“, -  დასძინა კიწმარიშვილმა.

კახა ბექაურმა  29 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ეროსი კიწმარიშვილმა, „რუსთავის მედია-მართვის კომპანიის“ დამფუძნებელმა, ტელევიზიას  „ყველა ფინანსური წყარო გადაუკეტა“, მას შემდეგ, რაც ვერ მიაღწია „მაესტროს“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, მისი პარტიის სასარგებლოდ.

ბექაურმა  დასძინა, რომ ფინანსური კრიზისის გამო, ტელევიზია იძულებული გახდა, „მუშაობის საგანგებო რეჟიმზე“ გადასულიყო და  პროგრამირებაში ცვლილებები შეეტანა.

„რუსთავის მედია-მართვის კომპანიას“ „მაესტრო“ სამწლიანი მართვის უფლებით 2009 წლის ნოემბერში გადაეცა.  კომპანიას   ტელეკომპანიის ფინანსური  უზრუნველყოფა უნდა შეძლებოდა.

კიწმარიშვილის თქმით, მან ტელეკომპანია, „2 მილიონით“ დაააფინანსა, კომერციული ინტერესის გარეშე, და მხოლოდ იმიტომ, რომ ხელი შეეწყო ალტერნატიული საინფორმაციო საშუალების განვითარებისთვის.

„ტელეკომპანიას ვაფინანსებდი საკუთარი ფულით და ჩემს მიერ მოზიდული თანხებით.  მე ჩემი სამუშაო შევასრულე, „მაესტრო“ კრიზისიდან გამოვიყვანე  და ამით ჩემი ფუნქცია ამოვწურე“, - თქვა კიწმარიშვილმა.

„ქართული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა რადიოეთერში განმარტა, რომ მიმდინარე წლის მარტში, მას შემდეგ, რაც პოლიტიკური კარიერა საბოლოოდ აირჩია,  „რუსთავის მედია-მართვის კომპანიასთან“ სამართლებრივი ურთიერთობაც გაწყვიტა. ამდენად, სურვილის შემთხვევაშიც კი, „მაესტროს“ სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაში ვერ ჩაერეოდა.  თუმცა, კიწმარიშვილმა აღიარა, რომ განხორციელებული დაფინანსების ფონზე, ტელევიზიის მუშაობა  „უკმარისობის გრძნობას“ ტოვებდა და ამის შესახებ ბექაურისთვისაც უთქვამს.

2010 წლის მარტში კიწმარიშვილმა კახა ბექაური ტელეკომპანიის ახალ დირექტორად დანიშნა, რომელსაც ტელევიზიის ყოველდღიური მენეჯმენტი ჩააბარა. კიწმარიშვილმა, მას შემდეგ, რაც თანამოაზრეებთან ერთად პარტია შექმნა, რამდენჯერმე განაცხადა, რომ  მას აღარაფერი აქვს საერთო „მაესტროსთან“.

ანალოგიურ განცხადებებს აკეთებდა ბექაურიც 29 დეკემბრამდე, ვიდრე კიწმარიშვილს არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევასთან დაკავშირებით ბრალდებებს წაუყენებდა.

„ვიმედოვნებ, რომ ბექაურმა ცუდი სიზმარი ნახა. ან, რაღაც სხვა ხდება,  რომლის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია“, - განაცხადა კიწმარიშვილმა  ეთერში.

მმართველი კომპანიის დამფუძნებელმა ასევე თქვა, რომ „მაესტროს“ მენეჯმენტზე და თანხების მოზიდვაზეც პასუხისმგებელი იყო ბექაური, როგორც „რუსთავის მედია-მართვის კომპანიის“ მიერ დაქირავებული  დირექტორი.

„ბექაურს ფინანსების, მათ შორის, გრანტების მოზიდვაზე უნდა ეზრუნა“, - თქვა კიწმარიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვას, შეეძლო თუ არა   მმართველ კომპანიას ბექაურის თანამდებობიდან მოხსნა ცუდი მენეჯმენტისთვის, „ქართული პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა უპასუხა, რომ ეს საკითხი „რუსთავის მედია-მართვის კომპანიის“ ახალი ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, რომელიც მისი კომპანიიდან წასვლის შემდეგ განახლდა. თუმცა კიწმარიშვილს არ დაუკონკრეტებია, ვინ ხელმძღვანელობს ამჟამად მის მიერ დაარსებულ  ორგანიზაციას.

კიწმარიშვილმა ისიც თქვა, რომ მმართველი  კომპანიის მენეჯმენტს  „მაესტროს" ერთ-ერთ მფლობელთან, მამუკა ღლონტთან,  პრობლემის განხილვა სურს, თუმცა მან ამ შემთხვევაშიც არ  მიუთითა იმ პირის  ვინაობა, ვინც მმართველი კომპანიის მხრიდან ტელევიზიის მფლობელებთან ისაუბრებდა.

„მაესტროს“ მთლიანი წილის 10-10 პროცენტი კერძო პირებს ეკუთვნის.


ახალი ამბები