06:34, Wednesday, 21.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გიორგი ტუღუში: „პატიმართა სიკვდილიანობა 2010 წლის პირველ ნახევარში, ბოლო წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მაღალი იყო“

31.12.2010

ბელა ზაქაიძე „ინტერპრესნიუსი“

ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს ესაუბრა.

- პირველ რიგში, გამოვყოფ ჩვენ მუშაობას სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგის კუთხით. ვერ გეტყვით, რომ სხვადასხვა პრობლემებზე მითითებით პატიმართა განცხადებებმა იკლო. ეს განსაკუთრებით პატიმართა ჯანდაცვის საკითხებს შეეხება. იყო შემთხვევები, როდესაც მოპყრობასთან დაკავშირებული პრობლემებით მოგვმართავდნენ. წელსაც დაფიქსირდა პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის, ცემის ფაქტები. ეს არ ეხებოდა ყველა დაწესებულებას, თუმცა გამოვარჩევდი დაწესებულებებს, რომლებიც წლის პირველ ნახევარშიც პრობლემური იყო. კერძოდ, გეგუთის, პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებას, შემდეგ ამ პრობლემამ ქსანში გადაინაცვლა. აგვისტო და სექტემბერი ქსნის დაწესებულების კუთხით ჩვენთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. კვლავ პრობლემური დარჩა მთელი რიგი ასპექტები სასჯელაღსრულების სისტემაში. ეს ეხება, როგორც ჯანდაცვას, ისე - ზოგადად მთელი რიგი დაწესებულებების მდგომარეობას. ოთხ დაწესებულებაში პატიმრები ახლაც აგრძელებენ ყოფნას არაადამიანურ და ღირსების შემლახავ პირობებში. ეს ეხება ბათუმს, ზუგდიდს, ხონს და თბილისის #1 საპყრობილეს. ყოველთვის ვაფიქსირებ, რომ მთელი რიგი დაწესებულებების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, თუმცა ძალიან მიჭირს პოზიტიურად მოვიხსენიო პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება. წელსაც ამ დაწესებულებამ ულიცენზიოდ გააგრძელა ფუნქციონირება, ვინაიდან არ მომხდარა მისი ლიცენზირება. იგი სამართალსუბიექტს არ წარმოადგენს. ჩვენი მხრიდან არაერთი პრობლემა იყო დაფიქსირებული, რომელიც პატიმრების ჯანდაცვის უფლების დარღვევას ეხებოდა.

პრობლემური დარჩა მოპყრობის თემა, რამდენიმე დღის უკან კიდევ იყო ინციდენტი ქსნის დაწესებულებაში, სადაც ორი პატიმარი მიუთითებდა, რომ სცემეს და არასათანადოდ მოეპყრო ადმინისტრაცია, ძალით გაუხსნეს ამოკერილი პირი. ვერ ვიტყვი რომ 2010 წელი ამ კუთხით დიდად განსხვავდებოდა სხვა წლებისგან, თუმცა რა თქმა უნდა, გაუმჯობესებულმა ახალმა ინფრასტრუქტურამ ხელი შეუწყო ყოფითი პირობების გამოსწორებას. ამ კუთხით საჩივრების რაოდენობამ დაიკლო. იგივე გადატვირთულობის პრობლემაც მეტნაკლებად მოგვარდა. ახალმა ინფრასტრუქტურამ გააჩინა დამატებითი საწოლები და, შესაბამისად, გარდა რამდენიმე დაწესებულებისა, დღეს გადატვირთული არ არის დაწესებულებები, თუმცა კვლავ სავალალო მდგომარეობაშია ე. წ გლდანის საპყრობილის კარანტინის ნაწილი, სადაც ჩემი ბოლო რეკომენდაცია მიუთითებდა, რომ 6-კაციან საკანში მუდმივად 30-35 ადამიანია მოთავსებული. მათ იატაკზე უწევთ ძილი და ხანდახან ეს შეიძლება, 10 დღე ან 2 კვირა გაგრძელდეს. იყო შემთხვევები როდესაც ინდივიდუალური რეკომენდაციით მივმართე სამინისტროს რომ მოეგვარებინა ეს პრობლემა.

ბოლო სპეციალურ ანგარიშში სასჯელაღსრულების მთავარ პრობლემად ჯანდაცვის მომსახურება დაასახელეთ. კონკრეტულად, რა ვითარებაა ამ მიმართულებით?

- პატიმართა სიკვდილიანობა 2010 წლის პირველ ნახევარში, ბოლო წლების პირველ ნახევრებთან შედარებით, ყველაზე მაღალი იყო. 57 პატიმარი გარდაიცვალა და 43 პროცენტის გარდაცვალების მიზეზი სხვადასხვა ფორმის ტუბერკულოზი გახდა.

კვლავ პრობლემური რჩება ვირუსული ჰეპატიტების გავრცელება დაწესებულებებში. ტუბერკულოზთან დაკავშირებული პრობლემა არა თუ მოგვარდა, არამედ გარკვეულწილად გაღრმავდა. ამას ხელი შეუწყო პატიმართა მზარდმა რაოდენობამაც, როცა პატიმართა რაოდენობა ფაქტიურად, თუ არ ვცდები 23 800-მდეა ასული.

გარდა ამისა, იყო არაერთი ინდივიდუალური საქმე, რომელიც ჩვენ შევისწავლეთ. ეს ეხებოდა დაგვიანებულ მკურნალობას, არადროულ გადაყვანას სხვადასხვა დაწესებულებებში. კვლავ პრობლემად რჩება დაწესებულებაში გარედან ექიმის შეყვანა, ასევე, მედიკამენტებით მომარაგება. პოზიტიურად უნდა აღვნიშნო სტომატოლოგიური სერვისის დახვეწა და სტერილიზატორების დადგმა. ეს, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს იმავე ჰეპატიტის და სხვადასხვა დაავადებების გავრცელების პრევენციას, რაც ადრე ძალიან ადვილად ვრცელდებოდა სტომატოლოგიური მომსახურებიდან გამომდინარე.

ზოგიერთი სისტემური პრობლემა კვლავ დარჩა მოუგვარებელი. ეს ეხება იგივე აქტივობების არარსებობას ყველა დაწესებულებაში, დაუსაქმებელ პატიმრებს, ტელევიზორის უქონლობას, პრესის ხელმიუწვდომლობას. ასევე გრძელვადიანი პაემნების არარსებობა ამ ეტაპზე, რასაც ყველა პატიმარი ითხოვს.

- არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როგორია თქვენი დასკვნა, სასჯელარსრულების სისტემაში პატიმრების უფლებები რა მიმართულებებით ირღვევა?

- ადეკვატურ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უფლება არის დარღვეული. ამას არაერთი ფაქტი მოწმობს, რომელიც მოყვანილია ჩემს ბოლო ანგარიშში. იქ არის საუბარი კონკრეტულ ფაქტებზე. კატასტროფული მგდომარეობაა ფსიქიატრიული მომსახურების კუთხით დაწესებულებებში და ეს არის საკმაოდ მძიმე თემა, რადგან სულ 5 ფსიქიატრი ემსახურება ამხელა სისტემას. შესაბამისად, ფსიქიატრის მომსახურება არის საკმაოდ რთული. აქედან 3 სამკურნალო დაწესებულებაში მუშაობს. თითო-თითო ფსიქიატრი ემსახურება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს, თუმცა არაერთი პატიმარი იქნა გამოვლენილი მონიტორინგის პერიოდში, რომელსაც ესაჭიროებოდა სასწრაფოდ ფსიქიატრის დახმარება და არ მიეწოდებოდა შესაბამისი სერვისი.

ხშირად გაუმართლებლად მიგვაჩნია მთელი რიგი შეზღუდვები, რომლებიც დაწესებულია პატიმრებისთვის. ეს შეეხება სუფთა ჰაერზე ყოფნას, ბოლოს იყო პრობლემა სატელეფონი ბარათებთან დაკავშირებით, როდესაც მხოლოდ ერთ ნომერზე შეეძლოთ დარეკვა და მერე ის ბარათი იბლოკებოდა. მოვითხოვეთ ამის გამოსწორება, რადგან უპირველესი პრობლემა, რასაც პატიმრები აყენებენ, ეს არის გარე სამყაროსთან კონტაქტი. ყველას სურს, ნორნალური ურთიერთობა შეინარჩუნოს საკუთარ ოჯახებთან, ტელეფონი არის ერთ-ერთი საშუალება. ჩვენ რა თქმა უნდა ვაპირებთ მონიტორინგის გაგრძელებას, შევაფასებთ რა რეაგირება მოჰყვა ჩემს რეკომენდაციებს. მე მოველი პარლამენტი საკომიტეტო დონეზე მოაწყობს ჩემი ბოლო დროს გადაგზავნილი 2 ანგარიშის განხილვას, რომლებიც არის საკმაოდ საინტერესო და დეტალური, ეხება როგორც მოპყრობის თემას ასევე ზოგადად პატიმართა მდგომარეობას და პოლიციასაც.

- რაც შეეხება პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, ამ მხრივ როგორია მდგომარეობა?

-  პოლიციის იზოლატორში, ფაქტობრივად, ვერც ერთი პირი ვერ აღმოვაჩინეთ, რომელიც მიუთითებდა, რომ მათ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა იზოლატორში შეყვანისას ან შეყვანის შემდეგ. იყო შემთხვევები, როდესაც პირებს აღენიშნებოდათ დაზიანებები და მიუთითებდნენ, რომ დაზიანებები მიადგათ დაკავების შემდგომ პერიოდში. ასეთი პირების დიდი რაოდენობა არ იყო, თუმცა ყველა ამ ფაქტზე ჩვენ გამოძიების დაწყება მოვითხოვეთ და, შესაბამისად, გამოვლენა, თუ ვინ დაარღვია ამ პირთა უფლებები, მაგრამ პოლიციაში მოპყრობის კუთხით სიტუაცია გარკვეულწილად უკეთესიც კი იყო - ვიდრე სასჯელაღსრულების სისტემაში 2010 წლის განმავლობაში. თუმცა, იყო რამდენიმე რთული ფაქტი, რომელზეც დაწყებულია გამოძიება, თუმცა გაჭიანურებული გამოძიებები არის კიდევ ერთი თემა, რომელზეც ჩემს ბოლო ანგარიშში ვსაუბრობ. იწყება გამოძიება და არ ხდება კონკრეტული ადამიანის გამოვლენა, რომელმაც ჩაიდინა უფლებადარღვევა. გამოძიებები არის გაჭიანურებული და არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელსაც აწესებს იგივე ევროსასამართლო, როდესაც გამოძიება გონივრულ ვადაში უნდა წარიმართოს, იყოს ეფექტური და შესაბამისად შედეგზე ორიენტირებული. ძალიან ხშირად ვხედავთ გაჭიანურებულ გამოძიებებს, როდესაც დროულად არ იკითხებიან მოწმეები, არ ტარდება დროულად სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, როდესაც ადამიანს დაზიანებების კვალი გაუქრება აზრი აღარა აქვს ექსპერტიზის ჩატარებას. ჩემი ერთ-ერთი რეკომენდაციაა როდესაც საქმე ეხება არასათანადო მოპყრობის, ცემის ფაქტებს დროულად მოხდეს რეაგირება და გამოძიება.

- ასეთ შემთხვეევაში ვინ უნდა მოახდინოს რეაგირება?

- პროკურატურა არის ერთადერთი ორგანო. საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა ამ კუთხით. საქმეების უმეტესობა დღემდე გამოუძიებელია და, შედეგი არ დამდგარა თუ არ ვცდები არც ერთზე. იყო რამდენიმე შემთხვევა პოლციის რიგებიდან ადმინისტრაციული წესით თანამშრომლების დათხოვნის, თუმცა მე ვგულისმობ სისხლის სამართლებრივ დევნას. როდესაც გამოძიება წარმოებს იმ მუხლებით, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ სანქციას იმ პირების მიმართ, რომელმაც ჩაიდინეს წამების, ღირსების შემლახავი და არაადამიანურ მოპყრობის დანაშაული.

- სასამართლოს კუთხით როგორი ვითარებაა?

- როდესაც საკითხი, გარკვეულწილად, დაუსაბუთებელ განაჩენს შეეხებოდა, რამდენიმე საქმე გახდა ჩვენი ინდივიუალური განცხადების საგანი. ეს, ძირიდათად, წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ეხებოდა, ასევე წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელებას. ეს პრობლემა სასამართლო სისტემაში კვლავ რჩება, როგორც ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანი, რომელზეც 2009 წლის მეორე ნახევარშიც ვუთითებდით როგორც სასამართლო სისტემაში არსებულ სისტემური პრობლემად.

დაუსაბუთებელი განაჩენი ლახავს ადამიანის უფლებას, ეს არის პირდაპირი წესით ევროკონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევა და დაუსაბუთებელი განაჩენი იგივე დარღვევაა ჩვენი საპროცესო კანონმდებლობის. კანონმდებლობა მიუთითებს, რომ თითოეული განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს უტყუარ მტკიცებულებებს და, შესაბამისად, იყოს დასაბუთებული. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელი განაჩენი შეიძლება გახდეს ადამიანის ყველაზე ფუნდამენტური უფლების დარღვევის საგანი, რომელიც არის პირადი თავისუფლების უფლება.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში ადამიანები პოლიტიკური კუთხით იდევნებიან, თქვენი მონიტორინგის შედეგების მიხედვით, თუ არსებობენ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულები?

- არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე საქმეში, რომელიც კონკრეტულად შეგვისწავლია, არსებობდა რაიმე სახის პოლიტიკური მოტივაცია. თუმცა, არაერთხელ მითქვამს, რომ პოლიტპატიმარი ეს არ არის სამართლებრივი ცნება. სახალხო დამცველი ვერავის ამ სტატუსს ვერ განუსაზღვრავს და ვერ დაუდგენს. ამის უფლებას მე არც კანონმდებლობა მაძლევს ზოგადად და, შესაბამისად, ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ესაა სამართლებრივი შესწავლა იმ საქმეების, რომლებსაც უწოდებენ პოლიტიკურს. არაერთი საქმე იყო ჩვენს მიერ შესწავლილი. ერთ-ერთი იყო ჩაკვეტაძის საქმე. იგი  თუ არ ვცდები „ეროვნული ფორუმის“ წევრია. ჩემი განცხადებაც გავრცელდა. ჩავხედეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. სახალხო დამცველმა იგი შეაფასა, როგორც დაუსაბუთებელი. იგივე ეხებოდა ეკა ბესელიას ძმისა და ვაჟის საქმეს. ჩვენ ყველგან დავდეთ სამართლებრივი დასკვნები, სადაც მივუთითეთ, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა ევროკონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევას. აქ საუბარია საქმეების სამართლებრივ შეფასებაზე, რაც სახალხო დამცველის ოფისის კომპეტენციაა და ჩვენ არასდროს უკან არ დაგვიხევია რომ იგივე ე.წ. პოლიტიკური საქმე შეგვესწავლა. თუ აღმოვაჩენდით იქ კონკრეტულ დარღვევებს ეს ანგარიშში აგვესახა და მედიასაშუალებებით გაგვევრცელებინა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC