კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რა გვეკონცერტება?!“ - საბიუჯეტო სახსრების ხარჯვით უკმაყოფილო ბათუმელები

31 დეკემბერი, 2010
მაკა მალაყმაძე, აჭარა

რაში იხარჯება ბათუმის ბიუჯეტი და ამის შესახებ რა ინფორმაციას ფლობენ მოქალაქეები, ეთანხმებიან თუ არა ისინი თანხების ასეთ განკარგვას - ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ბათუმელებს დაუსვა. ჩვენს მიერ შერჩეული რესპოდენტების უმრავლესობა ბათუმის ბიუჯეტის ოდენობასა და ხარჯვის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს. გაბატონებულია ინდიფერენტიზმიც - ბევრს არც აინტერესებს, რაში იხარჯება სახელმწიფო სახსრები.

„გინდ გაუზრდიათ ბიუჯეტი და გინდ შეუმცირებიათ. განა ეგ ბიუჯეტი მარტო მაგათთვის არაა? ჩვენთვის, როგორც რიგითი ბათუმელისთვის, სამუშო ადგილია მთავარი. მუშად მუშაობის ადგილიც არა მაქვს. 20 დღით მუშაობდა ჩემი ძმა და ამის გამო სოციალური დახმარება მოგვიხსნეს ცხრასულიან, გაჭირვებულ ოჯახს“, - ამბობს თინათინ რუხაძე.

„ბიუჯეტი კი იზრდება, მაგრამ ეს პენსიონერები არ ვახსოვართ. წლები გავიდა უკვე მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ასდოლარიან პენსიას დაგვპირდა. ალბათ დაივიწყეს ეს დაპირება“, - ამბობს ერთ-ერთი პენსიონერი.

„რაღაც ქანდაკებების გახსნისთვის და გახსნის პირდაპირ ეთერში ტრანსლაციისთვის დიდძალი თანხა დაიხარჯა. ჩვენ კი ლუკმა პურს გვართმევენ. მარშუტკის მძღოლებს სამარშრუტო ხაზის მოსაკრებლის რაოდენობას ფიქსირებული 20 ლარიდან 50 ლარამდე გვიძვირებენ“, - ამბობს მძღოლი, ნურიკო ზოიძე.

„კარგია ეს კონცერტები, მაგრამ ამ გაჭირვებულ ხალხს რა გვეკონცერტება?! ოჯახში პური როცა არ გაქვს, სად იშოვო თანხა, იმაზე დარდობ და ამ დროს არანაირი სურვილი არ გაქვს, რომელიმე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ძეგლების გახსნას უყურო“, - გვითხრა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

ბათუმის გასული წლის ბიუჯეტი თითქმის ორი მილიონი ლარით გაიზარდა. ახალი ბიუჯეტის ოდენობის დადგენამდე კი, 30 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტი 3 381 500 ლარით გაიზარდა. მატება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გადმორიცხულმა თანხამ და მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებამ განაპირობა.

ტრანსფერიდან მიღებული ფინანსები, ძირითადად, კულტურულ ღონისძიებებზე ნაწილდება, კერძოდ: 1 453 000 ლარი - პლასიდო დომინგოს კონცერტისთვის, 296 400 ლარი საშობაო-საახალწლო გასართობი და სანახაობითი ღონისძიებების დასაფინასებლად, 72 100 ლარი ქალისა და მამაკაცის ქანდაკების გახსნის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებისთვის, 10 000 ლარი სხვადასხვა კულტურული ღონისძიებისთვის, ხოლო 1 550 000 ლარი ძველი ბათუმის უბნების რეაბილიტაციისათვის.

მაშინ უმრავლესობის მიერ წარდგენილ დადგენილებებს მხარი საკრებულოს ოპოზიაციამ არ დაუჭირა. „ქრისტიან-დემოკრატი“ ვაჟა ვერულიძე მიზეზად თანხების საკრებულოსგან დაუკითხავად გადანაწილებას, შესაბამისი პროექტების მოუმზადებლობას და სარეზერვო ფონდიდან გადმორიცხული თანხის გახარჯვის წინასწარ შემუშავებულ გეგმის არარსებობას ასახელებდა.

ახალი ამბები