კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოველი მეოთხე დაკავებული ნაცემია

14 იანვარი, 2011

ლელა ხეჩოშვილი
კახეთის საინფორმაციო  ცენტრი

კახეთის დროებითი დაკავების იზოლატორებში (დმი) მოთავსებულ პირებს ძალიან ხშირად აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები, - ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალურ ანგარიშში. ომბუდსმენის თქმით, დაკავებულებს დაზიანებები ხშირ შემთხვევაში დმი-ში მოთავსებამდე აქვთ მიღებული. ანგარიშის მიხედვით, დაკავებულებზე ფიზიკურ ზეწოლას თავად პოლიციის უფროსებიც ახორციელებენ.

„ყველა დმი-ში დამკვიდრებულია არამართებული პრაქტიკა, რომლის მიხედვით, თუ თავად დაკავებული არ აცხადებს პრეტენზიას სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, დაზიანებების შესახებ არ ეცნობება პროკურატურას“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.

ანგარიშის თანახმად, დაზიანებების მიღების ვითარებასთან დაკავშირებით არცერთ შემთხვევაში არ არის აღნიშნული ინფორმაცია კახეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ კახეთის რეგიონში ძალიან ხშირია სხეულის ზოგადი დაჟეჟილობის ფაქტები და გულმკერდის დაზიანებები. კახეთში მაღალია სასწრაფო სამედიცინო დამხმარების ბრიგადის მიერ დაკავებულ პირთა ჰოსპიტალიზაციის რიცხვიც.

ომბუდსმენის განცხადებით, წამების აღმოფხვრას ხელს არასათანადო მოპყრობის ფაქტების არაეფექტური გამოძიება უშლის, რაც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებში დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და წარმოქმნის რისკს, რომ მსგავსი ქმედებები კიდევ განმეორდება.

„სწორედ ამის გამო ევროსასამართლომ არაერთხელ განმარტა, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებში, რომ წამების არაეფექტური, გაჭიანურებული და არაადეკვატური გამოძიება უკვე თავისთავად წარმოადგენს ევროკონვენციის მე-3 მუხლის პროცესუალური მოთხოვნების დარღვევას, მიუხედავად იმისა, წარმოადგინა თუ არა მოსარჩელემ საკმარისი არგუმენტები და მტკიცებულებები თავად წამების ფაქტის დასადასტურებლად“, - ამბობს ტუღუში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებული ბოლოდროინდელი ინფორმაცია და სხვადასხვა მასალებისა და ცალკეული ფაქტების ანალიზი ცხადყოფს, რომ პროკურატურა, ხშირ შემთხვევებში, ზერელედ ეკიდება დაკავებული პირების წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის შემცველი ქმედებების გამოძიების საკითხს და ამგვარი ქმედებების შემცველ სისხლის სამართლის საქმეებს.

გიორგი ტუღუში: „ხშირ შემთხვევაში პროკურატურა ამგვარ ფაქტებს აკვალიფიცირებს არა როგორც წამებისა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის დანაშაულებრივ ქმედებებად, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად ან ცემად. ამგვარ საქმეებზე გამოძიება თითქმის ყოველთვის ატარებს ფორმალურ ხასიათს და ხშირ შემთხვევებში მთავრდება საქმის შეწყვეტით, ან წლების განმავლობაში გამოძიების გაჭიანურებით. რაც ყველაზე უფრო საყურადღებოა, ამგვარ საქმეებზე გამოძიება წყდება თავად სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ჩვენებებზე დაყრდნობით და ზოგიერთ შემთხვევაში, დაზარალებული უარყოფს სახალხო დამცველისთვის მიცემულ ახსნა - განმარტებას და ჩვენებას იძლევა სამართალდამცავთა სასარგებლოდ. ზოგ შემთხვევაში, სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა ინიშნება ისეთ დროს, როცა დაზარალებულს აღარ აღენიშნება დაზიანებები - მომხდარიდან რამდენიმე კვირის შემდეგ“.


ერთ-ერთ მაგალითად სახალხო დამცველს თელავის პოლიციაში მომხდარი ფაქტი მოჰყავს.

„2010 წლის 16 აპრილს პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები შეხვდნენ და გაესაუბრნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქალთა და არასრულწლოვანთა N5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში განთავსებულ არასრულწლოვან პატიმარს მალხაზ მ-ს, რომელსაც სხეულზე აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანებები. არასრულწლოვნის განმარტებით, იგი 2010 წლის 6 აპრილს თელავში დააკავა პოლიციამ მაღაზიის გაქურდვის გამო. იგი აღნიშნავდა, რომ პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდეგ ცემეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც ასევე სთხოვდნენ ველოსიპედის ქურდობის აღიარებას. მალხაზ მ-ს თქმით, პოლიციის უფროსი მას დაემუქრა სოცოცხლის მოსპობით, თუკი იგი აღნიშნულ ფაქტს გაახმაურებდა“, - აცხადებს ტუღუში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2010 წლის 19 აპრილს სახალხო დამცველმა საქმე რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურორს გადაუგზავნა. პროკურატურის პასუხის თანახმად, 2010 წლის 16 აპრილს კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო წინასწარი გამოძიება სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

2010 წლის 06 ივლისს საქართველოს მთავარი პროკურატურიდან სახალხო დამცველმა ისევ გამოითხოვა ინფორმაცია აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების თაობაზე, საიდანაც აცნობეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

ჩვენს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ლია ხუროშვილის თქმით, პოლიციაში არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრის მიზნით, ვარდების რევოლუციის შემდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ბოლო პერიოდში პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების ოდენობა და რისკი ისევ გაიზარდა. ადვოკატი ყვარლის პოლიციაში ცოტა ხნის წინ მომხდარ ფაქტს იხსენებს. მისი თქმით, პოლიციის უფროსს თემურ გურაშვილს და მის მოადგილეებს, დაახლოებით 6 საათის განმავლობაში პოლიციის სამმართველოს შენობაში ჰყავდათ გამოკეტილი ხუთი შვილის დედა თამარ ღელაღუტაშვილი და მასზე ფიზიკური შეურაცხყოფით და გაუპატიურების მუქარით ახდენდნენ ზეწოლას, რათა ღელაღუტაშვილს არჩადენილი დანაშაული ეღიარებინა.

ამ ფაქტზე გამოძიება გურჯაანის რაიონულ პროკურატურაში დაიწყო, თუმცა მოგვიანებით საქმე კახეთის საოლქო პროკურატურამ გაითხოვა. აღნიშნულ საქმეზე უკვე ხუთი თვეა გამოძიება მიმდინარეობს, პროკურატურას პასუხისგებაში არავინ მიუცია.

სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურატურას გაუწია რეკომენდაცია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს დაკავებისას ან დაკავების შემდგომ მიღებულ დაზიანებებზე წარმოებული გამოძიების ეფექტურობა და დროულობა. ასევე,  ყოველ ფაქტზე სავალდებულო წესით და დროულად იქნეს დანიშნული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა. მთავარი პროკურატურა ომბუდსმენის რეკომენდაციას არ ითვალისწინებს.

ახალი ამბები