კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეკლამა კანონს მიღმა

20 იანვარი, 2011
გიორგი მგელაძე, სტუდია „მონიტორი“

სტუდია „მონიტორის“  ჯგუფი რამდენიმე თვის განმავლობაში მედია სარეკლამო ბაზარზე ორი მთავარი მოთამაშის - „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“  მონიტორინგს აწარმოებდა. ჯამში 50-მდე ჩანაწერი დაგროვდა - საინფორმაციო გამოშვებები, მხატვრული ფილმები და სხვა პროგრამები.  საბოლოოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის რამდენიმე ათეული ფაქტი გამოიკვეთა.

ტელევიზიების შემოსავლები და სარეკლამო წილი

მაუწყებლების საერთო შემოსავლებმა, რომლებიც  2005 წლიდან იზრდება, 2008 წელს 100 მილიონ ლარს  გადააჭარბა. აგვისტოს ომის და ეკონომიკური კრიზისის ფონზე 2009 წელს შემოსავლებმა 11 მილიონით დაიკლო.

ოფიციალური  მონაცემები ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლების თაობაზე არ არსებობს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2008 წლის კვლევის მიხედვით, ტელევიზიების საერთო შემოსავლებიდან მხოლოდ რეკლამაზე 2008 წელს - 58, 2009-ში კი  35-38 მილიონი ლარი მოდის.

ორგანიზაცია „თვ-ემ-არ საქართველომ“ გასულ წელს 8 ქართული არხის მონიტორინგი განახორციელა. მათი მონაცემებით, 2009 წელს ეთერში ყველაზე მეტი კომერციული რეკლამა „იმედმა“ გაუშვა -  დღეში 125 წუთი, „რუსთავი 2“-მა - 111 წუთი, ტელეკომპანია „მიუზიკ ბოქსმა“ - 80 წუთი, „კავკასიამ“ - 76 წუთი, „მაესტრომ“ - 72 წუთი, „პირველმა სტერეომ“ - 72 წუთი, „პირველმა არხმა“ - 52 წუთი და ტელეკომპანია „მზემ“ - დღიური 32 წუთი.

კომერციული რეკლამის და ტელეშოპინგის ეთერში განთავსების წესებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-8 თავი ადგენს. ამ თავშივეა იმ პროგრამების ჩამონათვალი,  რომელთა შეწყვეტაც და წყვეტაში რეკლამის განთავსებაც აკრძალულია.

მაგალითად, ახალი ამბების გამოშვება  (რომლის ხანგრძლივობაც 30 წუთზე ნაკლებია) არ შეიძლება, რეკლამით  შეწყდეს. თუმცა, ეთერზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ  ხშირად კანონი ირღვევა.

წელს, ტელეკომპანია „იმედის“ 10 თებერვლის საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკა“ 11 საათზე დაიწყო და სულ 23  წუთს გაგრძელდა. თუმცა, გადაცემა ორწუთნახევრიანი სარეკლამო გაჭრით შეწყდა. იგივე მოთხოვნა 5 იანვრის 11-საათიან „ქრონიკაშიც“ დაირღვა. გამოშვება სულ 19 წუთს გაგრძელდა და მასში სამწუთნახევრიანი სარეკლამო ბლოკი კანონდარღვევას წარმოადგენდა. დარღვევა დავაფიქსირეთ 23 იანვრის 18-საათიან „კურიერშიც“, 26-წუთიანი გადაცემა, აკრძალვის მიუხედავად, 4-წუთიანი სარეკლამო ბლოკით შეწყდა.

მაუწყებლობის შესახებ კანონი მაუწყებელს საინფორმაციო გამოშვების რეკლამით შეწყვეტის  ნებას იმ შემთხვევაში რთავს,  თუ გამოშვება 30 წუთზე მეტ ხანს გრძელდება, ამ შემთხვევაში შესაძლებელია შეწყვეტა  არაუმეტეს 15 წუთში ერთხელ და მთლიანი ეს წყვეტა არ უნდა იყოს 2 წუთზე მეტი.  ჩვენ მიერ გაკეთებულ ჩანაწერებში ჩანს, რომ 15-წუთიანი შუალედიც და 120-წამიანი ლიმიტიც  ხშირად ირღვევა. მაგალითად, 21 იანვრის 21-საათიან „კურიერში“ სარეკლამო ჭრებს შორის შუალედი 9 წუთი იყო, 25 იანვრის 18-საათიან კურიერში კი  სარეკლამო ჭრამ 5 წუთს გასტანა.  ასევე, თითქმის 5 წუთს გაგრძელდა სარეკლამო ჭრა 11-საათიან „ქრონიკაში“. სარეკლამო ჭრების ხანგრძლივობის ლიმიტს ხშირად არღვევს „პოსტ სკრიპტუმი“, „ბიზნეს კურიერი“, „კურიერი“ და „ქრონიკა“.

კანონი უფრო მკაცრია, როცა განსაზღვრავს რეკლამის ადგილს და ხანგრძლივობას საბავშვო პროგრამებში. ასეთი ტიპის გადაცემები მხოლოდ 15 წუთში ერთხელ შეიძლება, შეწყდეს და ისიც - მაქსიმუმ 45 წამით.

გადაცემა „საბავშვო ამბები“ „რუსთავი 2“-ის ეთერით ყოველ კვირას გადის, დადგენილი ლიმიტი აქაც ირღვევა.  14 თებერვლის გადაცემაში სარეკლამო ჭრა დადგენილი 45 წამზე  3-ჯერ მეტი იყო. ჭრებს შორის შუალედი კი - მხოლოდ 7 წუთი.

მაუწყებლობის შესახებ კანონით დადგენილი კიდევ ერთი შეზღუდვა მხატვრულ ფილმებს ეხება. კანონით, თუ მხატვრული ფილმის ხანგრძლივობა 45 წუთს აღემატება, მისი შეწყვეტა მხოლოდ 45 წუთში ერთხელ შეიძლება და მაქსიმუმ - სამჯერ.   ქართული მხატვრული ფილმი „მანანა“  "იმედის" ეთერით 29 აგვისტოს გავიდა  და ფილმი რეკლამისთვის 5-ჯერ შეწყვიტეს. წყვეტებს შორის შუალედი, ნაცვლად 45 წუთისა, 10 წუთს შეადგენდა. ჯამში, ფილმში, რომლის ხანგრძლივობაც 1 საათსა და 10 წუთს შეადგენს, დაახლოებით 40-წუთიანი რეკლამა განთავსდა.

ჩამოთვლილი მაგალითები რომ კანონის დარღვევის ნიმუშია, ეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურისტმა კახი ყურაშვილმაც დაგვიდასტურა. თუმცა ყურაშვილი ამბობს, რომ კანონის ამოქმედებიდან, ანუ  2005 წლის იანვრიდან დღემდე, ამ ტიპის დარღვევები კომისიას არ დაუფიქსირებია. „ჩვენ მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-8 თავის დარღვევისთვის არცერთი ტელეკომპანია არ დაგვიჯარიმებია, სამართლებრივ დეპარტამენტში მათ მიერ კანონის დარღვევის შესახებ შეტყობინება არ შემოსულა“,- აცხადებს ყურაშვილი.

არადა, კანონის ზემოთჩამოთვლილ წესებს მაუწყებლები თითქმის ყოველ დღე არღვევენ. კანონით,  დარღვევის აღმოჩენა და რეაგირება თავად კომისიას  ევალება და ვინმეს საჩივრით მიმართვა სავალდებულო არ არის.
 
დაფინანსებული ახალი ამბები

რეკლამის ლიმიტის დადგენის გარდა, კანონით აკრძალულია ახალი ამბების, პოლიტიკური ტოკ-შოუების და სოციალურ თემაზე მომზადებული რეპორტაჟების სპონსორობა. ეს მოთხოვნაც ირღვევა, მაგალითად „ბიზნეს კურიერს“ ჯერ „სოკარ ჯორჯია“ სპონსორობდა, შემდეგ „საქართველოს ბანკი“, დღეს კი კომპანია „ავერსი".

კანონი ირღვევა გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ შემთხვევაშიც, სადაც სოციალური რეპორტაჟების სპონსორი კარგა ხნის განმავლობაში კომპანია „ავერსი“ იყო. კანონში კი ცალსახად წერია, რომ სოციალურ საკითხებზე მომზადებული რეპორტაჟების  სპონსორობა აკრძალულია.

„ახალი ამბების დასპონსორება კატეგორიულად დაუშვებელია, ახალი ამბების ერთადერთი ღირებულება არის საზოგადოების ინფორმირება. როცა ახალ ამბებს ჰყავს სპონსორი, ეს ნიშნავს, რომ ახალი ამბები შეიძლება, მოხვდეს სპონსორის გავლენის ქვეშ და მაყურებელს დამახინჯებული ინფორმაცია მიეწოდოს“, - ამბობს მედიაექსპერტი ნინო დანელია.

„ნიჭიერი“, მერი და 2 ვანო

სპონსორობასთან დაკავშირებით კანონი  ადმინისტრაციულ ორგანოს, სახელმწიფო მოხელეს,  თანამდებობის პირსა და პოლიტიკურ პარტიას ტელეგადაცემების სპონსორობას უკრძალავს. მიუხედავად აკრძალვისა, „რუსთავი 2“-ის პროექტს -  „ნიჭიერი“, რომელიც ეთერში 3 თვის განმავლობაში გადიოდა, მხარს თბილისის მერია უჭერდა.  ამით ქალაქის მერი ამაყობდა კიდეც: „ზედგამოჭრილია გამოთქმა - „მიეცით ნიჭსა გზა ფართო“, ჩვენ ასეთ პროგრამებს მხარს ყოველთვის დავუჭერთ“, -  უთხრა გიგი უგულავამ „პოსტ სკრიპტუმს“.

ჩვენ თბილისის მერს წერილობით ვკითხეთ, რა დაუჯდა ბიუჯეტს „ნიჭიერის“ მხარდაჭერა. 7 თვე გავიდა, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ. „რუსთავი 2“-ის მიერ მოწოდებული ფასებით თუ ვიმსჯელებთ, „ნიჭიერის“ სპონსორობა 60-დან 150 ათას დოლარამდე ჯდება.

კიდევ ერთი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონს არღვევს, შინაგან საქმეთა სამინისტროა. „ვანოს უწყება“ „რუსთავი 2“-ზე „ვანოს შოუს“ სპონსორია. სამინისტროსგან მოწოდებული ხელშეკრულების მიხედვით, დაცვის პოლიციის რეკლამირებაში 116 000 ლარია გადახდილი.

„თბილისის მერია და დაცვის პოლიცია  ადმინისტრაციული ორგანოები არიან, აქედან გამომდინარე, მათ მიერ კონკრეტულ გადაცემაზე  სპონსორობის გაწევა და მხარდაჭერა კანონდარღვევაა“, -ამბობს იურისტი ირაკლი ცნობილაძე.

ვიდეოჩანაწერი, სადაც დარღვევაა დაფიქსირებული, ჩვენ მარეგულირებელი კომისიის იურისტს ვაჩვენეთ. იგი შეგვპირდა, რომ ამაზე რეაგირებას მოახდენს.

„სახელმწიფო უწყებებს არა აქვთ უფლება, ბიუჯეტის თანხები თავიანთი საქმიანობის რეკლამირებისთვის  დახარჯონ, რეკლამაში გადახდილი ფული არამიზნობრივად გაწეული ხარჯია, რაც კანონით ისჯება. ამისთვის განსაზღვრულია ძალიან მძიმე სანქციები. სისხლის სამართლის კოდექსით, ეს სამსახურებრივი დანაშაულია“, - ამბობს იურისტი ლია მუხაშავრია.

„სწრაფად ჩაჩავაში!"

კანონი გარკვეულ შეზღუდვებს ტელევიზიების ჟურნალისტებსაც უწესებს. მაგალითად, ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და საარჩევნო გადაცემების წამყვანს ან ჟურნალისტს  კომერციულ რეკლამაში მონაწილეობა ეკრძალება. მიუხედავად აკრძალვისა, "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი წამყვანი ნინო შუბლაძე მაყურებელს ჩაჩავას კლინიკაში ეპატიჟებოდა.

ჟურნალისტის კომერციულ რეკლამაში მონაწილეობას დაუშვებლად მიიჩნევს ჟურნალისტური  ეთიკის საბჭოს ხელმძღვანელი ეთერ თურაძე: „მე ვიცი ერთი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი ფრანგული არხის ძალიან პოპულარულმა წამყვანმა სარეკლამო კლიპში მიიღო მონაწილეობა. არხმა ეს ჟურნალისტი დაითხოვა სამსახურიდან. ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ჟურნალისტი არ უნდა იყოს რომელიმე კომპანიის სახე“.

ი ყ ი დ ე ბ ა !

მაუწყებლობის შესახებ კანონის ზემოთ ჩამოთვლილ წესებს ტელეკომპანიები „იმედი“ და „რუსთავი 2“ ღიად არღვევენ, მაგრამ არის დარღვევები, რომლებიც მაყურებლისთვის  ხშირ შემთხვევაში უცნობია. მაგალითად, სიუჟეტები რომლებშიც ფულია გადახდილი, სარეკლამო ხასიათს ატარებს, მაგრამ ჩვეულებრივ საინფორმაციო გამოშვებაში გადის და არა - სარეკლამო ბლოკში.

ჟურნალმა „ლიბერალმა“ შეკვეთილ სიუჟეტებს სტატია მიუძღვნა, სახელწოდებით - „იყიდება".

„ლიბერალმა“ გამოიკვლია, რომ ძეხვების ხარისხის შესახებ მომზადებული რეპორტაჟი, რომელიც წესით მაყურებელს უსაფრთხო ხორცის პროდუქტების შერჩევაში უნდა დახმარებოდა, კომპანია „მითანამ“ დაუკვეთა.

„რუსთავი 2“-ის და „იმედის“ წარმომადგენლებს ჩვენ  რეკლამის დამკვეთის სახელით ვესაუბრეთ. მათ დაგვიდასტურეს, რომ საინფორმაციო გამოშვებებში შეკვეთილი სიუჟეტების  განთავსება შესაძლებელია. იმედის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ მათ საინფორმაციო გამოშვებაში შეკვეთილი სიუჟეტი 1500 დოლარი ღირს, „რუსთავი 2“-მა კი ე.წ. პრაისლისტი გამოგვიგზავნა, სადაც შეკვეთილი სიუჟეტების ტარიფებია ჩამოთვლილი.
 
გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“

1. კადრ-სინქრონი - $700  ღირს

2. სიუჟეტი - $800

3. სტუმრის მოწვევა სტუდიაში- $800

4. პირდაპირი ჩართვები (1 დღე) - $900

5. საიტის განხილვა ინტერნეტის მიმოხილვის ჩართვაში - $500

6. პრესის განხილვა ქირიას ჩართვაში - $500

გადაცემაში „ბიზნეს კურიერი“

1. სიუჟეტი და სტუმრის მოწვევა ჯამში - $1000* ღირს

2. პროდუქტის რეკლამირება - $1000

3. სიუჟეტი 2 წუთამდე - $800

4. სიუჟეტი 1 წუთამდე - $500

გადაცემაში „პოსტ სკრიპტუმი“

1. სიუჟეტი (ქრონომეტრაჟი - თემატიკიდან გამომდინარე) - $3000
სარეკლამო სიუჟეტს რომ სათანადო მინიშნება უნდა ახლდეს, ამაზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურისტი კახი ყურაშვილიც გვეთანხმება.

უმოქმედო კომისია

ზემოთ ჩამოთვლილ დარღვევებზე რეაგირება და შესაბამისი სანქციების გატარება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ევალება, მაგრამ მათ არც ერთი ტელეკომპანია არ დაუსჯიათ. არადა, კომისიას სოლიდური ადამიანური რესურსი და ფინანსური შემოსავალი  აქვს.  კომისიის წლიური ბიუჯეტი 4 მლნ 700 ათასი ლარია, აქედან 3 მლნ ლარი თანამშრომლების ხელფასებს და პრემიებს ხმარდება. კომისიას აქვს  მონიტორინგის და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტები, რომლებსაც უშუალოდ მაუწყებლების ეთერის მონიტორინგი ევალებათ. მიუხედავად ასეთი რესურსისა, ჩვენ მიერ აღმოჩენილი ფაქტები კომისიას  არც ერთხელ არ დაუფიქსირებია.

კომისიის უმოქმედობის მიზეზი შესაძლოა ისაა, რომ ის თავად არის სარეკლამო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე.

არველაძე, ჩიქოვანი, დამენია

ეს სამი გვარი სარეკლამო ბაზრის მთავარი მაკონტროლებელია. სატელევიზიო რეკლამის ბაზარზე ორი მთავარი მოთამაშეა - „მედია ჰაუსი" და „ტაჩ მედია“. ბაზრის 70%-ზე მეტს ეს ორი ფირმა აკონტროლებს.

„მედია ჰაუსი“ ემსახურება შემდეგ ტელეკომპანიებს: „რუსთავი 2“, „პირველი არხი“, „I სტერეო“, „მიუზიკ ბოქსი“, ტელეკომპანია „საქართველო“. „ტაჩ მედია" კი - მხოლოდ ტელეკომპანია „იმედს".

ორგანიზაცია "თვ-ემ-არ საქართველოს" მონაცემებით, 2009 წელს ტელევიზიების ეთერში ჯამში 13 მლნ წამი რეკლამა გავიდა, აქედან  56 % "მედია ჰაუსის" მომსახურე ტელეკომპანიებზე მოდის, 20% - "ტაჩ-მედიის" დამკვეთ  ტელეკომპანია "იმედზე",  დარჩენილი 24 % კი ტელეკომპანია "მაესტროსა" და "კავკასიაზე" განაწილდა.

საინტერესოა „მედია ჰაუსის“ და „ტაჩ-მედიის“ დამფუძნებლების ვინაობა.

„ტაჩ-მედიის“ დამფუძნებელი „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპია“, ამავე კომპანიას ეკუთვნის ტელეკომპანია „იმედი“. ამ კომპანიის დირექტორი გიორგი არველაძეა. სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მიხედვით, გიორგი არველაძეს შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება როგორც "ტაჩ მედიაში", ისე - ტელეკომპანია "იმედში".  აქედან გამომდინარე, რეკლამის მომძიებელიც და ეთერში გამშვებიც ერთ ხელშია.

ანალოგიური სიტუაცია იყო „მედია ჰაუსშიც“ - მისსა და „რუსთავი 2“-ის წილებს ერთდროულად ფლობდა ირაკლი ჩიქოვანი,   უფრო მეტიც - ამ წლის 18 აგვისტომდე ჩიქოვანი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეობის პარალელურად, „მედია ჰაუსის“ მეწილეც იყო. ამ შემთხვევაში, რეკლამის მომძიებელი, ეთერში განმთავსებელი  და ამაზე კანონით კონტროლის განმხორციელებელიც - ერთი პირი ირაკლი ჩიქოვანი იყო.

დღეს უკვე „მედია ჰაუსის“ ასივე პროცენტს კახაბერ დამენია ფლობს, კახა დამენია 2005-08 წლებში ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, მისი ძმა ლაშა დამენია პარლამენტარია და  ფრაქცია "ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის" წევრია.

კონტროლირებადი მედიაბაზარი

მედია ბაზარზე მომუშავე ადამიანების ნაწილი თვლის, რომ საქართველოში სარეკლამო ბაზარი ხელისუფლებისგან კონტროლდება და საბაზრო პრინციპებს არ ექვემდებარება.

„2008 წლის ივლისში, ერთ დღეს დაიბარეს ძალიან ბევრი ბიზნესმენი და პირდაპირ უთხრეს - არ მიიტანოთ რეკლამა „კავკასიაში", თორემ შეგექმნებათ სერიოზული პრობლემები. ერთ კვირაში ათმა კომპანიამ  კონტრაქტი შეგვიწყვიტა, მათ შორის „ბილაინმა", რომელსაც 1-წლიანი კონტრაქტი 1 კვირის დადებული ჰქონდა", - იხსენებს ტელეკომპანია "კავკასიის"  დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი.

„კავკასიის“ ხელმძღვანელის მსგავს ისტორიებს ყვება „მაესტროს“ დამფუძნებელიც.

„კომპანიების ხელმძღვანელებთან  მოვილაპარაკეთ, რეკლამა უკვე უნდა გავიდეს, ისმის ზარი, რომ იცით, რა არის, გადავიფიქრეთ. რატომ?  მიზეზი მრავალია - ავად გახდა, ზოგს ასე ურჩიეს. ტელეკომპანიების მფლობელები პირდაპირ, უშუალოდ არიან სარეკლამო კომპანიების მფლობელები და მთელი რეკლამა  მიდის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფ ტელევიზიებში“, - ამბობს მამუკა ღლონტი.

„ფაქტობრივად, „ლიბერალს“ რეკლამა არ ეკარება. ჩვენ გვაქვს კიდევ ორი სხვა გამოცემა „ცხელი შოკოლადი“ და „ბიზნესი“. შევთავაზეთ ბიზნესმენებს, რომ თუ იყიდი რეკლამას „ცხელ  შოკოლადში“ და „ბიზნესში“, „ლიბერალში“ მოგცემთ ძალიან დაბალ ფასად. ამაზე არ წამოვიდნენ. შემდეგ ვთავაზობდით, რომ „ლიბერალში“ რეკლამას უფასოდ განვუთავსებდით. ამით იმის გარკვევა გვინდოდა, იყო თუ არა ფასი დამაბრკოლებელი. აღმოჩნდა, რომ უფასოდაც არ უნდათ „ლიბერალში“ რეკლამა - მიუღებელი გამოცემაა“, - ამბობს „ლიბერალის" გამომცემელი შორენა შავერდაშვილი.

რეკლამის დამკვეთებისთვის ფასი რომ არ ყოფილიყო დამაბრკოლებელი, ამაზე მამუკა ღლონტმაც იზრუნა, მან კომპანიებს "მაესტროს" ეთერში რეკლამის გაშვება სიმბოლურ ფასად მხოლოდ 1 ლარად შესთავაზა. იმ დროს მაესტროზე გადაცემა "საკანი #5" გადიოდა.

„მაესტროს“ გვერდი იყო პირველ ადგილზე. ყველამ კარგად ვიცით, რომ მთელი თბილისი ღამეებს ათენებდა „საკნის“ საყურებლად. ამ პერიოდში რეკლამა 1 ლარად! თუ შენ არავისი არ გეშინია, ბიზნესი თავისუფალია, დემოკრატიაა, წარმოიდგინეთ - რამდენი რეკლამა უნდა შემოსულიყო. თუმცა, საერთოდ არავინ გაგვკარებია“, - ამბობს ღლონტი.

პირდაპირი მტკიცებულება, რომ კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებში რეკლამას ხელისუფლება ბლოკავს, არ არსებობს. თუმცა, არის ამის ირიბი ნიშნები. მაგალითად, „მაესტროსა“ და „კავკასიის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთან არასდროს მისულა სახელმწიფო უწყებების სარეკლამო რგოლები, რომლებიც ასე მრავლადაა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ არხებზე.

სარეკლამო ბაზრის სახელისუფლებო კონტროლზე მედია ექსპერტებიც საუბრობენ.

„ტელეკომპანია „კავკასია“ მთელ თბილისში მაუწყებლობს, მაგრამ ქალაქის მერია ამ კომპანიაში არანაირ რეკლამას არ ათავსებს“, - ამბობს მედია ექსპერტი ნინო დანელია.

„მაქვს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ არსებობს სისტემური მიდგომა, რომელიც კრძალავს რეკლამის ჩადებას ზოგიერთ მედია ორგანიზაციებში, როგორიც არის ტელეკომპანია „მაესტრო“, „კავკასია“ და ჟურნალი „ლიბერალი“, - ამბობს მედია-ექსპერტი ია ანთაძე.

სარეკლამო ბაზრის სახელისუფლებო კონტროლზე საუბრობს  მედია ანალიტიკოსი მათიას ჰუტერი, რომელიც მეორე წელია, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ეგიდით ქართულ მედიას სწავლობს. „საქართველოში სარეკლამო ბაზარს ძალიან ვიწრო სექტორი აკონტროლებს და ამ ადამიანებს ან კომპანიებს შესაძლოა, ძალიან ახლო კავშირები ჰქონდეთ  გავლენიან ადამიანებთან და პოლიტიკოსებთან.  ძნელია იმის თქმა, ეს სიმართლეა თუ არა, მაგრამ საუბრები ამ კომპანიების მფლობელებსა და პოლიტიკურ ფიგურებს შორის არსებულ კავშირებზე ძალიან ხშირია“.

P.S.მხოლოდ პარლამენტის იმედად...

ტელეკომპანიები „რუსთავი 2“ და „იმედი“ კანონის დარღვევას განაგრძობენ,  არ იცავენ წამობრივ ლიმიტს, არღვევენ სარეკლამო ჭრებს შორის ინტერვალს, არღვევენ სპონსორობასთან დაკავშირებით კანონით დადგენილ წესებს და ყველა ამ დარღვევის ხარჯზე ფლობენ სარეკლამო ბაზრის მნიშვნელოვან წილს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამ ყველაფერს ხელს უწყობს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის უმოქმედობა. კომისიისადმი პასუხის მოთხოვნა კი მხოლოდ საქართველოს პარლამენტს შეუძლია. წესით, ტელევიზიები კომუნიკაციების კომისიის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი; თავის მხრივ,   კომისია - საქართველოს პარლამენტის, პარლამენტი კი - საზოგადოების წინაშე. თუმცა, ამ შემთხვევაში, კომისია თვალს ხუჭავს კანონის დარღვევაზე, ისევე როგორც - პარლამენტი. საზოგადოება კი დაზარალებულის როლშია...

* ჟურნალისტური გამოძიება მომზადდა „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს",  „ევროკავშირის“ და „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით.

ახალი ამბები