კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გრანდიოზულად დახუჭული თვალები

20 იანვარი, 2011
რედაქტორის აზრი

ალეკო ცქიტიშვილი

„რუსთავი 2“-ის ტერმინოლოგიით რომ ვილაპარაკოთ, 2011 წელი გრანდიოზული კონცერტებით დაიწყო. თბილის-ბათუმ-მესტიაში დაგეგმილ საახალწლო კონცერტებს თან ახლდა ეროვნული ტელევიზიების რამდენიმედღიანი გრანდიოზული პრომოუშენი. „რუსთავი 2“-ის, „I არხისა“ და „იმედის“ ჟურნალისტები კონცერტების სამზადისს გრანდიოზულად ერთნაირი სიუჟეტებით აშუქებდნენ. ისინი მაყურებელს უმტკიცებდნენ, რომ საქართველო თითქმის უკვე გაბრწყინდა და „განათებული მთა-ბარის“ მოქალაქეები გრანდიოზულად ბედნიერები არიან - თბილისშიც, ბათუმშიც... თვით მესტიაშიც კი.

რა კარგია!

ეროვნული ტელევიზიების გრანდიოზული აღტკინება გმირთა მოედანზე ვეტერანების საპროტესტო აქციის დარბევამაც კი ვერ შეაჩერა.

3 იანვარს, როცა ვეტერანები დააპატიმრეს, სამივე ტელევიზიამ მაყურებელს გრანდიოზული დუმილი შესთავაზა. ეს მოვლენა მათ მხოლოდ მეორე დღეს, 4 იანვარს გააშუქეს - მას შემდეგ, რაც რამდენიმე დამოუკიდებელმა გამოცემამ ისინი გრანდიოზულ არაობიექტურობაში ამხილა. თუმცა, ტრადიციულად გრანდიოზული ერთფეროვნებით მომზადებულ ტელესიუჟეტებში საუბარი იყო არა უკანონობაზე, არამედ ოპოზიციური პარტიების ლიდერებზე, რომლებსაც თურმე, ქულების დაწერა მონდომებიათ და ვეტერანების დაპატიმრება იმიტომ გაუპროტესტებიათ.

ასეთი ცინიკურად ტენდენციური სიუჟეტები საბჭოთა პერიოდის გრანდიოზულ სადეზინფორმაციო საშუალებებს - „მოამბესა“ და „ვრემიასაც“ კი შეშურდებოდა.

მაგრამ თურმე ჯერ სადა ვართ?!

20 იანვარს ჩვენს ბედკრულ მედიასივრცეს შემორჩენილი ყველა დამოუკიდებელი ქართული მედიასაშუალება ორხევსა და ბაგებში დევნილთა გამოსახლებას აშუქებდა. „გამოსახლება“ მარტივად არის ნათქვამი. იმას, რაც ბაგების სტუდქალაქში და ორხევში, საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობასთან ხდებოდა, „რუსთავი 2“-ს საყვარელი ეპითეტი რომ მივუსადაგოთ, ჰქვია: გრანდიოზული სისასტიკე, გრანდიოზული მხეცობა, ადამიანის უფლებების გრანდიოზული შელახვა.

ამ დროს კი ჩვენს შესანიშნავ ტელესამეულს თვალები გრანდიოზულად დახუჭული აქვს. გრანდიოზული უსინდისობაა, როცა დევნილთა ძალადობრივ გამოსახლება-გადასახლებას მე-9 ან თუნდაც მე-5 სიუჟეტი ეთმობა.

 „რუსთავი 2“-მა თავის მეხუთე სიუჟეტში ბაგების შეხლა-შემოხლას „დევნილთა გეგმიური გამოსახლება“ უწოდა. კონცერტი რომ ყოფილიყო, ცხადია, ეპითეტი „გრანდიოზული“ არ ასცდებოდა. წამყვან სიუჟეტად კი შსს-ს გრანდიოზულ პიარსამსახურთან ერთად მომზადებული მასალა იყო შერჩეული - ამბავი მავანი პოლიციის კაპიტნის შესახებ, რომელიც უფლებამოსილების გადამეტებისათვის დაუკავებიათ. ხედავთ?! შსს წმენდს თავის რიგებს უღირსი თანამშრომლებისგან! რა კარგია! ამას მოჰყვა სიუჟეტები ვანში მომხდარი მიწისძვრის, თსუ-ს ბიბლიოთეკაში მოპარული წიგნების დაბრუნების, მალაიზიაში დაკავებული დარეჯან ჯოხტაშვილის სასამართლო პროცესის გადადების შესახებ.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ (იგივე „I არხი“) უფრო შორს წავიდა და დევნილების დარბევებს მე-9 სიუჟეტი დაუთმო. საინფორმაციო გამოშვება გრანდიოზული თემით -  „მიწისქვეშა ბიძგების“ მიმოხილვით დაიწყო, რასაც მოჰყვა გრანდიოზული თავხედობა -  ამინდის პროგნოზი, რომელიც როგორც წესი, საინფორმაციო გამოშვების ბოლოსკენ უნდა იყოს. პოლიციის კაპიტნის გრანდიოზულ დაკავებას მე-4 სიუჟეტი მიეძღვნა, თსუ-ს ბიბლიოთეკის მოპარულ წიგნებს - მე-5...

და აი, მე-6 სიუჟეტი იწყება აღშფოთების გამომხატველი ფრაზით - „ისევ აქციები, ისევ მასობრივი დაჭერები!..“ („რუსთავი 2“-ზე „მასობრივის“ ნაცვლად, უთუოდ „გრანდიოზულს“ იტყოდნენ). ვიფიქრე, აი, გვეღირსა-მეთქი, რადგან „ინტერპრესნიუსს“ ერთი საათის წინ უკვე გავრცელებული ჰქონდა ინფორმაცია  ბაგებში 10 ადამიანის დაპატიმრების შესახებ. თქვენც არ მომიკვდეთ! თურმე, მოსკოვის ამბებს გვიყვებიან, თითქოს თბილისში აქციები და დაპატიმრებები ღრმა წარსულში დარჩა. ამას მოჰყვა ერთწუთიანი სიუჟეტები გრ. ვაშაძის ბაქოში ვიზიტისა და მალაიზიაში დაკავებული დარეჯან კოხტაშვილის პროცესის გადადების შესახებ და სწორედ იმ დროს, როცა გრანდიოზულად თავმობეზრებულმა მაყურებელმა ტელევიზორი უნდა გადართოს ან გამორთოს, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ დევნილთა გამოსახლების გაშუქება ინება.

არ შემიძლია, გვერდი ავუარო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სიუჟეტში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, კახა კუკავას კომენტარის დამახინჯებულად ჩვენებას. ასეთი ოსტატობა საბჭოთა დემაგოგიის მამებსაც კი შეშურდებოდათ.  „სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა ვიბრძლოთ, რომ სანამ გავათავისუფლებთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს, საქართველოს დედაქალაქი უნდა გავათავისუფლოთ ამ ოკუპანტებისგან, ამ მტრებისგან“, - ამბობს კახა კუკავა სიუჟეტში.  მისი მოწოდება პოლიციელებს ეხება, მაგრამ ისეთ კონტექსტშია ჩასმული, რომ შეიძლება მაყურებელმა იფიქროს, დევნილებზე ამბობსო.

გრანდიოზულად ღრმა უნდა იყოს საზოგადოების მოთმინების ფიალა, რომ ასეთი ვერაგული დეზინფორმაციის ტყვეობაში ცხოვრება დიდხანს აიტანოს.

მეც გრანდიოზული იმედით გემშვიდობებით, რომ ეს ფიალა მალე აივსება.

ახალი ამბები