კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს მთავრობა ბურებს 80,000 ჰექტარ მიწას დაპირდა

26 იანვარი, 2011

 „რათ გვინდა ბურები?! ბურებზე ნაკლები ვართ ჩვენ?!“ - ამბობს ქართველი ფერმერი

ზაზა წულაძე, რადიო „ამერიკის ხმა“

24 იანვარს საქართველოში სამხრეთ აფრიკელი ბური ფერმერების მორიგი ვიზიტი დაიწყო, რომელიც 29 იანვრამდე გასტანს. 7 და 21 თებერვალს კი, ოთხდღიანი ვიზიტით ბურების კიდევ ორი ჯგუფი ჩამოვა. დელეგაციის შემადგენლობაში, სოფლის მეურნეობის დარგში ორი პროფესორია - კოოს დე ლა რეი და ბენ სტენდერი. ისინი მთავრობას აგრარული რეფორმის გარატებაში კონსულტაციებით უნდა დაეხმარონ.

ორივე დელეგაციის მიზანი საქართველოს აგრარული სექტორის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა იქნება, რაც ბურებს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებაში უნდა გაეხმაროს: გადმოსახლდნენ თუ არა სამხრეთ აფრიკიდან საქართველოში ბიზნესის საკეთებლად. ახალი წლიდან, საქართველოს მთავრობამ ბურებისთვის უკვე ჩაუშვა ინტერნეტ საიტი „სამხრეთ აფრიკელი ფერმერები საქართველოში“.- www.boers.ge. ამ პროექტის მენეჯერი ჯუბა მარუაშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს:

„საწყის ეტაპზე ნამდვილად არ არის ისე, როგორც რამდენიმე მარგინალურ მედიასაშუალებაში ვრცელდება ინფორმაციები ბურების ჩამოსახლებაზე. ეხლა მიდის ჩვეულებრივი წინასაინვესტიციო პროცესი, რომელიც არის ხოლმე მოსამზადებელ ეტაპზე. სხვა რაიმე კონკრეტულის თქმა, ამ ეტაპზე ნამდვილად არ შემიძლია“.

მესამე თვეა  რამდენიმე ბური ფერმერი, ბენი ვან ზილის მეთაურობით უკვე საქართველოში ცხოვრობს. ვან ზილი სამხრეთ აფრიკის აგრარული კავშირის გენერალური მენეჯერია. სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში პაპუნა დავიათაიამ, გასული წლის ზაფხულში სწორედ ამ კავშირთან გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი. მემორანდუმის სრული ტექსტი დღემდე კონფიდენციალურია. ცნობილია მხოლოდ, რომ საქართველოს მთავრობა  ბურებს აფრიკიდან ევროპაში ბიზნესის გადმოტანას სთავაზობს. ბური ფერმერების პირველი დელეგაცია საქართველოს გასული წლის სექტემბერში ეწვია. შეხვედრები ჰქონდათ პრეზიდენტთან, რამდენიმე მინისტრთან და ასევე პირველ ლედი  სანდრა რულოვსთან.  აფრიკელების კიდევ ერთი ჯგუფი 13 იანვარს ჩამოვიდა. სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაია ამბობს: „აქ საუბარია სამხრეთ აფრიკაში წარმატებულ ჰოლანდიური, ბრიტანული და ფრანგული წარმოშობის ფერმერებზე. მათ შეუძლიათ შექმნან უამრავი სამუშაო ადგილი საქართველოში. შექმნან ეკონომიკის საკმაოდ დიდი სეგმენტი, რომელიც ძალიან წაადგება ჩვენს ბიუჯეტს. ეს ადამიანები თავიანთი ფერმერული ბიზნესებისთვის ეძებენ დივერსიფიკაციის გზებს. ეძებენ უფრო ახლო ადგილებს ევროპულ და აზიურ ბაზრებთან და კარგი იქნებოდა თუ ისინი გადმოიტანენ თავიან მეურნეობებს საქართველოში“.

მთავრობის სპეციალური ინტერნეტ-საიტი, საქართველოში გადმოსახლების მსურველ ბურ ფერმერებს, ონლაინ რეჟიმში აძლევს საშუალებას პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად მიმართონ. აპლიკანტმა ამისთვის 36 კითხვას უნდა უპასუხოს. მთავრობას აინტერესებს აპირებს თუ არა აპლიკანტი ბიზნესის საქართველოში გადმოტანას; როგორია მისი  ბიზნესის წლიური ბრუნვა და შემოსავალი; ოჯახის რამდენი წევრი აპირებს გადმოსახლებას და სურს თუ არა მიწის შერჩევაში მთავრობის დახმარება.

სამხრეთ აფრიკული პრესის ცნობით, დღეისათვის სამოცამდე ბურ ფერმერს აქვს გადაწყვეტილი გადმოსახლდეს საქართველოში ან  სამხრეთ აფრიკიდან მართოს აქ საკუთარი ბიზნესი. ჯერჯერობით, საქართველოს პასპორტი მხოლოდ ერთ ბურს - უილიამ სტერნბერგ დე კლერკს აქვს, რომელიც ბოლნისში ცხოვრობს და კომპანია „მადნეულში“ მუშაობს. რამდენმა ბურმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მისაღებად ან მიმართა თუ არა საერთოდ, ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. ცნობილია მხოლოდ ბურების შარშანდელი ვიზიტის შთაბეჭდილებები, რომელიც თხუთმეტგვერდიანი წერილის სახით გამოქვეყნდა.  ჩვენ რამდენიმე საინტერესო ციტატას გთავაზობთ: „დღეისათვის, საქართველოში საკვები პროდუქტების 70 პროცენტი იმპორტირებულია. მთავრობას სურს, მომავალი ხუთი წლის მანძილზე, ეს ციფრი 30 პროცენტამდე შემცირდეს.  საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც იმპორტიდან, დიდ ფულს იღებენ, ამიტომ ისინი არ იქნებიან ბედნიერები, თუ ჩვენ საკმარისს საკვებს ვაწარმოებთ და ბაზრებს დავუნგრევთ. ჩვენს ფერმერებს აქვთ საშუალება დაკავდნენ ბიზნესით სხვა კონტინენტზე, გაცილებით  უსაფრთხო გარემოში. საქართველოში არის იმის პოტენციალი, რომ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სეგმენტში შევქნათ წარმატებული ფერმერული მეურნეობები. ჩვენ გვაძლევენ საშუალებას საქართველოში ვიყიდოთ 80 ათასი ჰექტარი მიწა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები, ქვეყნის ათივე რეგიონშია ხელმისაწვდომი“.

ყველაზე მეტ კითხვას სწორედ ბურებისთვის მიწის მიყიდვის საკითხი იწვევს. საიტზე http://www.boers.ge./index-2.html გამოქვეყნებული იყო იმ მიწების ამსახველი რუქები, რომლებსაც მთავრობა ბურებს სთავაზობს, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბევრმა მოქალაქემ რუქებზე საკუთარი მიწა აღმოაჩინა, საიტიდან რუქები ამოიღეს. ბევრი ექსპერტი საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ბოლო სამი თვის მანძილზე, პროკურატურამ მთელი საქართველოს მაშტაბით, ორ ჰექტარზე მეტი, უკვე პრივატიზებული მიწის ფართობების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

არაოფიციალურად ცნობილია, რომ უკვე ასზე მეტმა კერძო პირმა, პროკურატურის ზეწოლით, სახელმწიფოს უკან „აჩუქა“ მიწის ფართობი, რომელიც მიწის ლეგალიზაციის კომისიის მიერ დამტკიცებული ჰქონდათ. ამის გამო, საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების გარკვეული ნაწილი ბურების ჩამოსახლებას ეჭვის თვალით უყურებს. მათ შორისაა, ფერმერი ალექსი ცინცაძეც: „მთავრობამ მოგვცეს მიწა, მოგვცეს არენდით მიწა და ტექნიკა, მოგვცეს მუშაობის საშუალება, მოგვცეს ცოტა შეღავათიანი სესხები და მუშაობა ჩვენ არ გვეზარება. კოლექტიურ ბრიგადას ჩამოვაყალიბებთ, შევქმნით კოოპერატივს. ამ ყველაფერს ძალიან დიდი თანხები სჭირდება და თუ სესხებს მოგვცემს მთავრობა და გვერდში დაგვიდგება რათ გვინდა ბურები?! ბურებზე ნაკლები ვართ ჩვენ?! შრომა გვიყვარს და სამშობლო გვიყვარს!“

ბურები მე-17 საუკუნეში ჰოლანდიიდან აფრიკაში გადასახლებულთა შთამომავლები არიან. ბური ჰოლანდიურ ენაზე გლეხს ნიშნავს, აფრიკაანსულზე კი, რომელიც დღეს ბურების მშობლიურ ენად ითვლება - ფერმერის აღმნიშვნელი სინონიმია. ბური ფერმერების ბუმი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო, როცა ფერმერული მეურნეობების განსავითარებლად, აპარტეიდის წყალობით, ისინი სახელმწიფოსგან უზარმაზარ სუბსიდიებს იღებდნენ. ეს ვითარება 1994 წლამდე, სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის დაცემამდე გაგრძელდა. შემდეგ კი საპირისპირო პროცესი დაიწყო - შავკანიანების მიერ ბურების შევიწროება. ბოლო ჩვიდმეტი წლის განმავლობაში რასობრივ ნიადაგზე სამი ათასზე მეტი ბური ფერმერი მოკლეს. ამის გამო ბური ფერმერების ნაწილი უკვე 22 ქვეყანაში გაიფანტა. აღსანიშნავია, რომ ბურების პირველი კონტაქტი ქართველებთან ინგლის-ბურების მეორე ომის დროს შედგა, როცა ქართველი თავადი, ნიკო ბაგრატიონ-მუხრანსკი (იგივე ნიკო ბური) 1899 წელს აფრიკაში ბურების დასახმარებლად ჩავიდა.

ფოტო „ამერიკის ხმა“: მიხეილ სააკაშვილი და ბური ფერმერი ბენი ვან ზილი

წყარო:http://www.voanews.com/georgian/news/---80000--------------------------114491959.html 

ახალი ამბები