კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება - პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა წარმოადგინოს სრულყოფილი ინფორმაცია, რით და როგორ დაეხმარა ვლ. პუტინს

26 იანვარი, 2011

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო, რომ 2004 წელს იგი დაეხმარა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ჩეჩნეთის საკითხის გადაჭრაში.

„2004 წელს ჩეჩნეთის საკითხში გარდატეხას მიაღწია პუტინმა, რაშიც მე დავეხმარე. ამას შევარდნაძე არ აკეთებდა არასოდეს. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ დიდი შეცდომა მომივიდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ძალადობა და არეულობა საქართველოს არ აწყობს და ლოგიკურად ვიმოქმედე“, – განაცხადა სააკაშვილმა 25 იანვარს „პირველ კავკასიურზე“ ტელეხიდის - „ხალხის შეკითხვებს პასუხობს პრეზიდენტი“ მსვლელობისას.

სააკაშვილმა დასძინა, რომ იმედი ჰქონდა, რუსეთი მადლიერებას გამოხატავდა. თუმცა, რუსეთმა, ჩეჩნეთის პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ, საქართველოს შეუტია.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების გაუჩინარების, დაპატიმრებისა და რუსეთში ექსტრადიციის ფაქტებთან.

ცენტრი ყურადღებით სწავლობს და აკვირდება საქართველოში ჩეჩენი ლტოლვილების მდგომარეობას. ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2003-2010 წლებში, ადგილი ჰქონდა ჩეჩენი ლტოლვილების გაუჩინარების ფაქტებს. ერთ-ერთი ბოლო ფაქტად შეგვიძლია დავასახელოთ ჩეჩენი ლტოლვილის - საიდ ჰუსეინ-ტასბაევის გაუჩინარება, 2009 წლის ოქტომბერში.

არსებობს არც თუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ ზოგიერთი ჩეჩენი ლტოლვილი საქართველოს შსს-მ დაიჭირა და ყოველგვარი სასამართლოს გარეშე გადასცა რუსეთს, რომელიც თავის მხრივ, მათ ექსტრადიციას მოითხოვდა. იყო შემთხვევები, როცა ჩეჩენი ლტოლვილები ღიად დააპატიმრეს და მათი პროტესტის მიუხედავად, რუსეთს გადასცეს.

ეს ფაქტები დაწვრილებით ასახულია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ 2006 წელს მომზადებულ ანგარიშში: „დუმილი კლავს - ჩეჩენ ლტოლვილთა უფლებების შელახვა საქართველოში“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააკონკრეტოს და საზოგადოებას მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია, „ჩეჩნეთის საკითხში“ რით და როგორ ეხმარებოდა ვლადიმერ პუტინს და ზოგადად რუსეთის ხელისუფლებას, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები ჩეჩნეთში საერთაშორისო ინსტიტუტებისა თუ ორგანიზაციების მიერ მკაცრად არის დაგმობილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები