კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილები სატვირთო მანქანების მოლოდინში

28 იანვარი, 2011
ალეკო ცქიტიშვილი

დევნილების გამოსახლება თითქოს უკვე დასრულდა და თბილისის კომპაქტურ ჩასახლებებში შეწყდა აწიოკებული ადამიანების მოთქმა-გოდება. თუმცა, დევნილთა ნაწილი კვლავ ავბედითი მოლოდინით ცხოვრობს. მათ იციან, რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც ისევ მოადგებიან მათ ეზოებს ხელკეტიანი პოლიციელები, სატვირთო მაქნანები და ყვითელი ავტობუსები.

სამოქალაქო საზოგადოება ცდილობს, თავისი ძალებით დაუპირისპირდეს ხელისუფლების ძალადობრივ პოლიტიკას და დაეხმაროს დევნილებს.  რამდენად შედეგიანი იქნება ეს მცდელობა, ცალკე საკითხია, მაგრამ დევნილებისადმი სოლიდარობა უკვე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტისა“ და „კავკასიის ქალთა ქსელის“ ინიციატივით, 26 იანვარს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციები შეიკრიბნენ. შეხვედრას უშუალოდ დევნილთა ინტერესების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, როგორც დევნილთა გამოსახლებების პროცესის მონიტორინგის გასაგრძელებლად, ასევე მათი სამართლებრივი დახმარებისა და ადვოკატირებისათვის. ამ პროცესში „ადამიანის უფლებათა ცენტრიც“ არის ჩართული.

„ეს ხელისუფლება ისეთი ტონით მედავება, თითქოს გაგრიდან თბილისში იმიტომ ჩამოვედი, რომ აქ ბაგა-ბაღში მეცხოვრა. ბაგა-ბაღში ბავშვობისას არ მივლია და ახლა რაღა მინდოდა?!“ - თქვა შეხვედრაზე ერთ-ერთმა დევნილმა, რომელსაც გამოსახლება შეეხო.

დევნილებმა კიდევ ისაუბრეს რამდენიმე საინტერესო ფაქტზე და საკითხზე, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები სამუშაო ჯგუფებში ყურადღებით შეისწავლიან:

„აქედან რომ გვასახლებთ, სად წავიდეთ? - ვეკითხებოდით პოლიციელებს, რომლებიც ავტობუსებში ძალით გვტენიდნენ. ერთადერთი პასუხი ჰქონდათ: „ფოცხოში წადით!“ კი მაგრამ, ამ ფოცხოში ამდენი დევნილის ადგილი აღარ არის და ყველა ფოცხოში როგორ მივყავართ?!“

„ე. წ. ძველი და ახალი დევნილების გარდა, საცხოვრებლებიდან რუსეთიდან დეპორტირებული მოქალაქეებიც გამოასახლეს. მათ წასასვლელი არსად ჰქონდათ და სადაც მოახერხეს, იქ შესახლდნენ. ახლა კი სახელმწიფომ ისევე გამოყარა საცხოვრებლებიდან, როგორც რუსეთმა - ქვეყნიდან“.

„ერთ-ერთ ობიექტზე ავტობუსი დევნილებით გაავსეს და ვინც იქ ვერ ჩაეტია, საბარგო ავტომანქანებით გაუყენეს გზას. სააკაშვილი რომ იძახდა, რუსეთიდან ჩვენი მოქალაქეები საბარგო თვითმფრინავით რატომ გამოამგზავრესო, ახლა საკუთარ მოქალაქეებს სატვირთო მანქანებში რატომ ყრის?!“

„ჩემს ცხოვრებაში არის ორი ტკივილიანი თარიღი - 1993 წლის 27 სექტემბერი, როცა მე იძულებით დამატოვებინეს ჩემი ქალაქი - სოხუმი და 2011 წლის 24 იანვარი, როცა უკვე თბილისიდან მასახლებენ ჩემთვის გაუგებარი მიზეზით. სოხუმი რატომ უნდა დამეტოვებინა ეს ჩემთვის გასაგები იყო, მაგრამ თბილისიდან რატომ მაგდებენ, ეს ვერავინ ამიხსნა!“

„სახელმწიფო სტრატეგიაში წერია, რომ მისი მიზანი არის დევნილთა ინტეგრაცია საზოგადოების დანარჩენ ფენებთან. გამოდის, ეს გამოსახლება მთლიანად ეწინააღმდეგება სახელმწიფო სტრატეგიას. ჩვენ ხომ უკვე ინტეგრირებულები ვიყავით აქ და ახლა კიდევ სხვაგან, სრულიად უცხო გარემოში მივყავართ, რომელსაც როგორ შევეგუებით, აღარ ვიცით“.

ახალი ამბები