კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამსახურიდან გათავისუფლებული პედაგოგის თავგადასავალი

28 იანვარი, 2011
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

საქართველოს რეგიონების სკოლებში არსებულ პრობლემებზე და განთლების სამინისტროს პროექტების ხარვეზებზე ბევრს არ საუბრობენ. ეს საკითხები აქტუალური მხოლოდ მას შემდეგ ხდება, როცა მტყუან-მართალის გარჩევის საქმე სასამრთლომდე მიდის.

ერთ-ერთი ასეთი საქმე, განთლების სამინისტროს მიერ ბოლნისის რაიონის სოფელ დარბაზში მივლინებულ პედაგოგს, ლიანა მამულაშვილს ეხება.

მამულაშვილმა 2009 წელს გაიმარჯვა პედაგოგების შესარჩევ კონკურსში  პროექტისათვის - „კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახელებული რეგიონების სკოლებში“. მაშინ მისი ცოდნის დონე და კვალიფიკაცია განათლების სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრისთვის მისაღები იყო.
 
„თავდაპირველად მინდოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში გავენაწილებინეთ, მაგრამ როგორც კოორდინატორმა - ქალბატონმა მაკო ჭილაშვილმა მითხრა, აჯობებდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის საჯარო სკოლაში მემუშავა. მისი თქმით, ეს ადგილი ურთულესი იყო და უნდოდა, ადგილზე მეტად კვალიფიციური კადრი ყოლოდა“, – ამბობს აღნიშნული პროგრამის ახლა უკვე ყოფილი მონაწილე ლიანა მამულაშვილი. მას კონტრაქტი განათლების სამინისტრომ შეუწყვიტა.

ერთ დროს კვალიფიციური კადრი როგორ გახდა უმუშევარი პედაგოგი, ამაზე თვითონ ლიანა მამულაშვილი გვესაუბრება: „დარბაზის სკოლაში მუშაობა ნამდვილად რთული იყო, პირველ რიგში - გზის გამო. უკაცრიელ ტრიალ მინდორზე  6-7 კმ-ის ფეხით გავლა მიწევდა. ორჯერ მეცხვარეების ძაღლებმა კინაღამ შემჭამეს. საბედნიეროდ, გამვლელებმა მომისწრეს. მანქანა ძაღლებს მიაგდეს და გადამარჩინეს.

სოფ. დარბაზის საჯარო სკოლაში როცა მივედი, ქართული ენა მეორეხარისხოვან საგნად იყო მიჩნეული. ცხრილში ბოლო საათებად ჰქონდათ ჩასმული და მეტწილად გაკვეთილები არც ტარდებოდა. სხვაგვარად ვერც აიხსნება ის ფაქტი, რომ მოსწავლეების უმრავლესობას არ ესმოდათ შეკითხვა „რა გქვია“. ჩემი მისვლის შემდეგაც, როგორც მიჩვეულები იყვნენ, თავდაპირველად ზოგიერთმა მოსწავლემ „თავთავის“ წიგნები ან საპირფარეშოში გამოიყენა, ან ღუმელში დაწვა. მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ქართული ენა სკოლაში წამყვან საგნად მექცია.

ქართულის გაკვეთილების გარდა, სასწავლო წლის სხვადასხვა დროს ექვსი ღონისძიება მოვაწყვე. მათ შორის ორი სასკოლო ექსკურსია, რა დროსაც მოსწავლეები პირველად ჩამოვიდნენ თბილისში. ზოგიერთს მანამდე საქართველოს დედაქალაქი მარნეული ეგონა. მოსწავლეები თანდათან გაიხსნენ, დაძლიეს ბარიერი და ნელ-ნელა დაიწყეს ქართულად საუბარი. ეს იყო ყველაზე კარგი შედეგი, რისი მიღწევაც შეიძლებოდა ამ მოკლე დროში.

იმ პერიოდში ცუდი ურთიერთობა არვისთან მქონდა. უკმაყოფილება სკოლის დირექტორთან მაშინ მომივიდა, როცა გაცდენების აღრიცხვა, ანუ არების წერა დავიწყე. ამას მე ჩვენი პროგრამა მავალდებულებდა. დირექტორმა სწორედ ამ არების ნიადაგზე მომაყენა სიტყვიერი შეურაცხოფა. მითხრა, რომ თითქოს მე მისი კონტროლი დავიწყე“.

ლიანა მამულაშვილის თქმით, ბოლნისის რაიონის სკოლებში მოსწავლეთა დასწრება სერიოზული პრობლემაა. კონკრეტულად სოფელ დარბაზის საჯარო სკოლაში 203 ბავშვია აღრიცხული და სკოლაც, შესაბამისად, სახელმწიფოსგან ამავე რაოდენობის ვაუჩერს იღებს. რელურად კი სკოლაში ასამდე მოსწავლე დადის.

მამულაშვილის აზრით, ამ ვითარების შესახებ საქმის კურსშია, მაგრამ არაფერს აკეთებს ბოლნისის რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი შორენა გაბრიჭიძე.

ნახევრადცარიელი კლასები - უეჭველი ფაქტი

humanrights.ge სოფელ დარბაზის საჯარო სკოლას 24 იანვარს ესტუმრა. დღის პირველ საათზე არც ერთ კლასში 10-ზე მეტი მოსწავლე არ იჯდა. მხოლოდ მე-5 კლასში გაკვეთილს 11 ბავშვი ესწრებოდა. დოკუმენტირებისათვის მაშინვე დავიწყეთ კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის გადაღება. ჩვენ ქმედებაზე მალევე უკმაყოფილება გამოთქვა სკოლის დირექტორმა. „თქვენ აქ ჩემს გასაკონტროლებლად ხართ მოსული! რატომ შედიხართ კლასებში?! მომეცით საბუთი, რომ სკოლაში შემოსვლის უფლება გაქვთ?“ – ჩხუბობდა სკოლის დირექტორი მუსეიბ გამბაროვი, რომელმაც სკოლაში შესვლისა და ბავშვებთან გასაუბრების ნევართვა თავდაპირველად უპრობლემოდ მოგვცა.

ვიდრე ჩვენი მუშაობა გააღიზიანებდა, გამბაროვმა ასევე მშვიდად მოგვცა კომენტარი ლიანა მამულაშვილთან დაკავშირებით: „შეგიძლიათ, ბავშვებს გაესაუბროთ. თვითონ გეტყვიან, როგორც ასწავლიდა მათ ლია მამულაშვილი. მე ნამდვილად არ ვამბობ, რომ ის ცუდი მასწავლებელია. უბრალოდ, ბევრს აცდენდა ზამთრის პერიოდში. ხან ჰქონდა დამამტკიცებელი საბუთი, რომ ავად იყო და ხანაც - არა. ისიც პრობლემაა, რომ ყველაფერი თავის ჭკუაზე უნდოდა გაეკეთებინა. თქვენ, მაგალითად, ხომ აკეთებთ ყველაფერს ისე, როგორც თქვენი უფროსები გეუბნებიან? ასევეა ჩვენთანაც. აქ ხელმღვანელი მე ვარ და სკოლოსთან დაკავშირებულ ყველა საქმეში ჩემთვის უნდა დაეჯერებინა. რაც შეეხება სხვა პრეტენზიებს მის მიმართ,  მე ყველაფერი წერილობით დავწერე განათლების სამინისტროში. დანარჩენი მათ ჰკითხეთ“.

სოფელ დარბაზის საჯარო სკოლაში, სადაც 203 მოსწავლე ირიცხება, ჩვენი სტუმრობის დროს მაქსიმუმ ასი მოსწავლე იყო. ერთ-ერთმა მოსწავლემ გვითხრა, რომ მის კლასში ათი ბავშვი დადის და თავადაც კვირაში ორჯერ სტუმრობს სკოლას. მოსწავლის ვინაობას არ ვწერთ, რადგან შევამჩიეთ, რომ ჩვენთან მოსაუბრე ყველა ბავშვს სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები აზერბაიჯანულად ეძახდნენ:  „ჩოხოგლი“. როგორც მოგვაინებით გავიგეთ, ეს სიტყვა ქართულად ნიშნავს: „ძაღლიშვილო“. ამიტომ ადმინისტრაციასთან ბავშვებს დამატებით პრობლემას არ შევუქმნით.

ლიანა მამულაშვილი:  „სატელეფონო საუბრისას ჩემმა კოორდინატორმა, მაკო ჭილაშვილმა მითხრა, რომ ნებისმიერ პედაგოგს დაიცავდა ჩემ ადგილას, მხოლოდ - მე არა. ამისი მიზეზი კი 2010 წლის 25 მარტის კონფერენციაზე ჩემს მიერ გაკეთებული მოხსენება გახლავთ. იქ მე განვაცხადე, რომ  ჩვენ პროგრამაში ჩადებული პუნქტი, რომელიც მოსწავლეთა გაცდენების აღრიცხვას გვავალებს, კონფლიქტურ სიტუაციაში გვაგდებს სკოლის დირექციასთან. აღმოჩნდა, რომ ჩემ კოორდინატორს ეს სიტყვები გულში ჩარჩა და თავისი პროგრამის კრიტიკა ვერ აიტანა. მე ეჭვი არავის კომპეტენციაში მეპარება, მაგრამ ვფიქრობ, თბილისში თბილ კაბინეტში მჯდომი ხალხი კარგად ვერ ხედავს სირთულეებს, რაც პროგრამას განხორციელებისას ხვდება. იდეალური არაფერია და არც მათთვის უნდა ყოფილიყო შეურაცმყოფელი ჩემი მოკრძალებული კრიტიკა“.

ჩვენ დავუკავშირდით პროგრამა „კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახელებული რეგიონების სკოლებში“ კოორდინატორ მაკო ჭილაშვილს. მან თავდაპირველად გვითხრა, რომ არ ეცალა. მოგვიანებით კი თავად დაგვირეკა და გვირჩია სამინისტროს პრესსამსახურისთვის მიგვემართა. „ჩვენთან ასეთი წესებია“, – აგვიხსნა. თავის მხრივ, პრესსამსახურმა როცა მოისმინა, რა იყო ჩვენი ინტერესისი საგანი, ამის შემდეგ მთელი დღე პასუხი ვერ მივიღეთ. მეორეს დღეს კი პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ეკა კაპანაძემ ჩვენს ზარს საერთოდ აღარ უპასუხა.

მამულაშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენატარი მოგვცა ბოლნისის რესურსცენტრის უფროსმა შორენა გაბრიჭიძემ. მასთან საუბარი ჩვენ მუნიციპალიტეტის სკოლებში მოსწავლეთა დასწრების პრობლემით დავიწყეთ.

„რატომ მაშინ არ ამახვილებდა მოსწავლეთა დასწრებაზე ყურადღებას ლიანა მამულაშვილი, როცა სკოლაში მუშაობდა?!“ – გვკითხა შორენა გაბრიჭიძემ. „ანუ თქვენ არ უარყოფთ, რომ ეს პრობლემა არსებობას?“ - ჩავეკითხეთ ჩვენ. „არა, მე ასე გეუბნებით: თუ ეს პრობლემა არსებობდა, რატომ თავიდან არ ამბობდა-მეთქი.  სრული პასუხისმგებლობით ვამბობს, რომ დასწრების მხრივ, რაიმე განსაკუთრებული სირთულე არა გვაქვს. ჩვენთან ისევე ესწრებიან ბავშვები გაკვეთილებს, როგორც სხვა რეგიონებში. ასპროცენტიანი ნამდვილად არაა დასწრება, მაგრამ ეს მოსწავლეთა ჯამრთელობის მდგომარების გამო ხდება. მათ შესაბამისი სამედიცინო ცნობებიც აქვთ“, - გვიპასუხა გაბრიჭიძემ და დასძინა: „რაც შეეხება მამულაშვილისა და სოფელი დარბაზის საჯარო სკოლის დირექტორის დაპირისპირებას, სამწუხაროდ, მე საკმაოდ გვიან გავიგე ამის შესახებ. ჩემთან როცა მოვიდნენ, დირექტორს სამინისტროსადმი განცხადება უკვე დაწერილი ჰქონდა“.

საბოლოო ჯამში ამ ჩახლართულ საქმიდან მრავალი მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა. პირველ რიგში საკითხავია: თუ მოსწავლეთა დასწრება ყველგან ისეთია, როგორც სოფელ დარბაზის საჯარო სკოლაში, სად მიდის რეგიონის სკოლებისთვის ათასობით ტყუილად გამოყოფილი ვაუჩერი?

გოგი ურუმაშვილი სოფელ დარბაზის საჯარო სკოლაში ქალბატონ ლიანა მამულაშვილის მისვლამდე ასწავლიდა.

„სკოლის ჟურნალები კანონით 25 წელი უნდა შეინახოს. მიდით, მოიწვიეთ ვინც გინდათ, წაიღეთ ეს ჟურნალები სასამართლოზე და ყველაფერი გაირკვევა. რას მიკეთებდნენ, იცით?! ჟურნალში ჩემს მიერ ჩაწერილი არების ფურცლებს ჭრიდნენ და ახალს აწებებდნენ. აი, ეს იყო რეალური მიზეზი, რის გამოც მომიცილეს სკოლიდან“, – ამბობს სოფელი დარბაზის საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი გოგი ურუმაშვილი.

გამოდის, ლიანა მამულაშვილი ერთადერთი მასწავლებელი არ არის, ვისაც იგივე მიზეზის გამო სკოლის დირექტორთან პრობლემები შეექმნა. ლიანა მამულაშვილი  საკუთარი რეპუტაციის აღდგენას უკვე სასამართლოში გეგმავს. რეგიონის სკოლებში არსებულ პრობლემებს როდის აღიარებს და შემდეგ უკვე მიხედავს განათლების სამინისტრო, არავინ იცის.

ახალი ამბები