კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მცხეთის რაიონული სასამართლოს განმარტება ვალერიან ჭილაშვილის საქმესთან დაკავშირებით

1 თებერვალი, 2011
მცხეთის რაიონული სასამართლო განმარტებით ეხმაურება „ინტერპრესნიუსით“ გავრცელებულ ინფორმაციას 64 წლის ვალერიან ჭილაშვილის საქმესთან დაკავშირებით. განმარტებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად ავრცელებს:

„2010 წლის 4 სექტემბერს მცხეთის შ.ს სამმართველოს საგურამოს პოლიციის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ვალერიან ჭილაშვილის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, ვალერიან ჭილაშვილმა 2010 წლის 4 სექტემბერს, გამთენიისას, მცხეთის რაიონის სოფელ წიწამურის მიმდინარე ტერიტორიაზე მდებარე სატყეო უბნიდან ფარულად გაიტაცა 35 ლარის ღირებულების ხის მასალა, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფის მიერ იქნა ამოღებული და დასაწყობებული იყო სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებების სახით.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული ვალერიან ჭილაშვილი წარდგენილ ბრალდებაში, რაც დადასტურებული იყო მოწმეთა ჩვენებებით და ამოღებული ნივთმტკიცებით, არ ცნობდა თავს დამნაშავედ და არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, მისი პიროვნების გათვალისწინებით, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ გამოყენებული იქნა გირაო, მხოლოდ 2000 ლარის ოდენობით და ამასთან გირაოს გადახდის ვადად, ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი მცირე ვადის ნაცვლად ,დაუდგინდა 30 დღე.
2010 წლის 2 დეკემბერს, ვინაიდან ჭილაშვილმა არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გირაოს გადახდა ან გირაოს ქონებით უზრუნველყოფა, მის მიმართ გამოყენებული ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, კანონით დადგენილი წესით შეიცვალა დაპატიმრებით.

2011 წლის 22 იანვარს, მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ ვალერიან ჭილაშვილის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რასაც საფუძვლად დაედო საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას გაითვალისწინა ჭილაშვილის ასაკი და თუმცა, იგი არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, მას სასჯელის მინიმალური ზომა, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
 
ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სასჯელის სახით პირობითი მსჯავრის დანიშვნა დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.


რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის განმარტებას, რომ დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც ფორმალურად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რაც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, აღსანიშნავია ის, რომ არ შეიძლება ზიანში განმარტებული იქნეს მხოლოდ გატაცებული საგნის ღირებულება, ვინაიდან, სწორედ ხსენებული მუხლი ყურადღებას ამახვილებს ზიანის საფრთხეზეც, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ვერ შეფასდება მხოლოდ გატაცებული საგნის ღირებულებით, რადგან ეს საგანი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილი იყო ნივთმტკიცებად და საფრთხე ექმნებოდა ხსენებული საქმის შემდგომ სამართლებრივ პერსპექტივას“.

ვალერიან ჭილაშვილის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ 28 იანვარს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან მიაწოდეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები