კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

85 წლის მოხუცის დასახმარებლად ჩინოვნიკებმა შესწორებულ ბიუჯეტში თანხა ვეღარ გამონახეს

3 თებერვალი, 2011
ინგა გვასალია, სამეგრელო

ალექსანდრა ქაჯაია სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯში, ბათარიას უბანში ცხოვრობს. „ცხოვრობს“ კარგი ნათქვამია. 2000 წელს მას ორსართულიანი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლი თითქმის მთლიანად დაეწვა. სახლისგან მხოლოდ პირველი სართულის კედლებია დარჩენილი. 85 წლის მოხუცი ღამეს ან მეზობლებთან ათევს, ან ნასახლარის უკან, ფარდულში.

,,ვის არ მივმართე დახმარების თხოვნით. პარლამენტარმა გურამ მისაბიშვილმა დროშასავით დაიკავა ჩემი განცხადება და ნორმალურად არც მომისმინა. მხოლოდ წინა გამგებელმა, კობა კილასონიამ ჩემი განცხადების საფუძველზე მომცა ერთჯერადი დახმარება 50 ლარი. ორი თვის წინ ახლანდელ გამგებელს თენგიზ ადამიასაც მივმართე განცხადებით, მაგრამ არავითარი პასუხი არ ჩანს. იქნებ, ეს პირველი სართული მაინც გადამიხურონ, რომ მკვდარი ჩემს სახლში დამასვენონ“, - წუხს ალექსანდრა ქაჯაია.

Humanrights.ge-მ  კომენტარისთვის სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელს თენგიზ ადამიას მიმართა.

,,ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული თანხები იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც 2000 წელს საცხოვრებელი სახლები დაეწვათ. პროგრამა, რითაც ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ვეხმარებით, 2007 წელს მოქმედებდა. ზუგდიდისა და ხობისგან განსხვავებით, სენაკის მუნიცილაპიტეტს ძალიან მწირი ბიუჯეტი აქვს. თუმცა, მალე მეტალურგიულ ქარხანას ავაშენებთ, რაც თავისთავად გულისხმობს მეტ შემოსავალს. ალექსანდრა ქაჯაიას კი, როგორც ასაკოვანსა და შეჭირვებულ მოქალაქეს, სხვა სახით  დავეხმარებით“, - გვითხრა თენგიზ ადამიამ.

როგორც გავარკვიეთ და ამას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარეც არ უარყოფს, 2010 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში სტიქიურ უბედურებებზე გათვალისწინებული თანხა - 12 700 ლარი სხვა პროგრამაზე გადამისამართდა. თანაც, ეს თანხა ბიუჯეტში თავიდან სწორედ ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად იყო გათვალისწინებული.

როგორც სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ნარმანიამ გვითხრა, აღნიშნული 12 700 ლარი ისევ და ისევ სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარების პროგრამაში ჩაიდო: ,,ეს თანხა სოციალურ ფონდში ჩაიდო. ეს არის გაეროს და დანიის დევნილთა საბჭოს პროგრამები. ჩვენ ვეცდებით ამ პროგრამებში ჩავრთოთ ეს ქალბატონი და დავეხმაროთ. ასევე არასამთავრობოებთან ვიმუშავებთ მის დასახმარებლად. რაც შეეხება სტიქიურ უბედურებებს, ამაზე დამატებითი თანხები გადმოირიცხება 2011 წელს“.

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსის, დალი შონიას ინფორმაციით, ალექსანდრა ქაჯაიაზე, როგორც შეჭირვებულზე, მხოლოდ 2008 წელს გაიცა ერთჯერადი დახმარება 70 ლარის ოდენობით.

,,როგორც იცით, 2007 წლიდან მოქმედებს ხანძრით დაზარალებულთა დახმარების პროგრამა. მე ორი წლის წინ მოვედი ამ სამსახურში და ყველას დავეხმარეთ, ვინც კი მოგვმართა. 2010 წლამდე იყო 500-ლარიანი დახმარება, თუ მოქალაქეს სახლი მთლიანად დაეწვა. 2010-წელს უკვე 800-ლარიანი დახმარებაა. ხოლო თუ სახლი მთლიანად არ არის დამწვარი, 400-ლარიანი დახმარება ეკუთვნის მის მეპატრონეს. რაც შეეხება ალექსანდრა ქაჯაიას, მისი განცხადება წელს შემოვიდა, დაახლოებით ორი თვის წინ. პირადად ვიყავი დაზარალებულის ოჯახში და ადგილზე შევისწავლეთ მისი ოჯახური მდგომარეობა. ჩვენ გავიტანთ მის საკითხს მონიტორინგის ჯგუფის სხდომაზე და ვეცდებით, მაქსიმალურად დავეხმაროთ როგორც ეკონომიკურად შეჭირვებულსა და ასაკოვანს“.

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის, დონარა ალანიას თქმით, სტიქიური უბედურებებით გამოწვეული პრობლემების მოგვარება სოციალური სამსახურის პროგრამით ფინანსდება: „შარშან ამ პროგრამას ერქვა ,,სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულთა დახმარების პროგრამა“, წელს კი, ,,ხანძრის შედეგად დაზარალებულთა პროგრამა“ ჰქვია. სტიქიურ უბედურებებით დაზარალებულთა დახმარებებს უფრო მეტი თანხა სჭირდება, რისი საშუალებაც არ არის. ამიტომაც თვითონ სოციალურ სამსახურს აქვს ეს პროგრამა დაკონკრეტებული“.

საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე მურად შამათავა ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტის არამიზნობრივად განკარგვაში ადანაშაულებს: ,,შეჭირვებულთა დასახმარებლად თანხის გადადება ცუდი არ არის. ორივე სფეროს სჭირდება ფინანსები, მაგრამ ბიუჯეტი იმისთვის იგეგმება, რომ მიზნობრივად გაიხარჯოს თანხები. ფაქტია, რომ 12 700 ლარი მოხმარდა სხვა პროგრამას და ეს არის ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის, არასწორად განკარგვის ერთი მაგალითი. მიზნობრივი ხარჯვა იქნებოდა, თუ ჩვენ ამ თანხას ხანძრით და სხვა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულებს მოვახმარდით“.'

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე რევაზ ხულორდავა თვლის, რომ უკეთესი იქნებოდა,  12 700 ლარი ისევ და ისევ ხანძრით დაზარალებულებს მოხმარებოდა: ,, მოქალაქეს როგორც უჭირს, თანხებიც იმის მიხედვით უნდა გადანაწილდეს. სავალდებულო კი არ იყო, ყველა თანხა მოხმარებოდა ქალბატონ ქაჯაიას, არამედ თანხის რაღაც ნაწილით მაინც დახმარებოდნენ. თქვენი თვალით ნახეთ ღია ცის ქვეშ არის ეს მოხუცი დარჩენილი. ერთი ოთახი რომ გადაუხურონ და გაურემონტონ, არ შეიძლება?!“

სენაკის მუნიციპალიტეტის სახანძრო სამსახურის უფროსის დემურ მებონიას მიერ მოწოდებული მონაცემებით, ალექსანდრა ქაჯაიას მსგავსად ხანძარმა 2000 წლიდან 2007 წლამდე 43 ადამიანი დატოვა ღია ცის ქვეშ. მათ საცხოვრებელი სახლები მთლიანად დაეწვათ. ქაჯაიას მსგავსად დახმარებას ისინიც ამაოდ ელოდებიან.

ალექსანდრა ქაჯაიას კი, თავის ერთოთახიან ფარდულში ორი გაყვითლებული გაზეთი აქვს მიმაგრებული. ერთ-ერთზე პრეზიდენტ სააკაშვილის ფოტოა გამოსახული ცნობილი საარჩევნო ლოზუნგით: „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“.

ახალი ამბები