ყოფილი მოსამართლე ავთანდილ ჭაჭუა თბილისში, ბოლქვაძის ქუჩაზე, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევის ადგილიდან „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ცნობით, ბოლქვაძის ქუჩაზე, #3 კორპუსის მე-7 სართულზე კრიმინალისტებმა მუშაობა ისე დაასრულეს, რომ მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ცხედარი კი ექსპერტიზისათვის გადაასვენეს. მას ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი.
60 წლის ავთანდილ ჭაჭუა ბოლო პერიოდში საადვოკატო საქმიანობით იყო დაკავებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, ჭაჭუა მასთან ერთად იგორ გიორგაძის მომხრეებს იცავდა.
90-იან წლებში ავთანდილ ჭაჭუა მოსამართლედ მუშაობდა. შევარდნაძის ხელისუფლების დროს, სხვა მოსამართლეებთან ერთად, იგი თანამდებობიდან დაითხოვეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოს მაშინდელმა თავმჯდომარემ მინდია უგრეხელიძემ განუცხადა, ჭაჭუა ერთადერთი მოსამართლე იყო, რომელმაც მოსამართლეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა და მოიგო კიდეც.
მინდია უგრეხელიძის თქმით, მაშინ მოსამართლეები დაითხოვეს, ვინაიდან სასამართლოებში ახალი კადრების მოყვანა უნდოდათ. საკონსტიტუციო სასამართლემ ეს გადაწყვეტილება უსამართლოდ შეაფასა და მას პოლიტიკური აქტი უწოდა. ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და მოსამართლეები თანამდებობებზე არ დააბრუნა.
გამოძიება ყოფილი მოსამართლის თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
მეზობლები გარდაცვლილს დადებით პიროვნებად ახასიათებენ. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გარდაცვლილის მეზობელმა, ლერი გოცაძემ განაცხადა, რამდენიმე დღის წინ შეხვდა და ესაუბრა კიდეც ნას.
თვითმკვლელობის ვერსიაზე მეზობლებიც საუბრობენ. თუმცა, მათთვის ადვოკატის გარდაცვალების ზუსტი მიზეზები უცნობია. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან კონტაქტს თავს არიდებენ.
ინტერპრესნიუსი