კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველთა კავშირები რუსეთის კავკასიასთან

14 თებერვალი, 2011

ელენ ბარი, The New York Times

საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული სატელიტური „ახალი ამებების“ არხი ეთერში, აშკარა ეიფორიის ატმოსფეროში გავიდა. სხვა ქართული არხებისგან განსხვავებით, „პირველი კავკასიურის“ გადაცემები რუსეთში მაუწყებლობს. არხის სამიზნე აუდიტორია იმ მაყურებელს მოიცავს, რომელიც საქართველოს საზღვრებიდან ჩრდილოეთით, რუსეთის მთიან რეგიონში  ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობს.

დებიუტის მოახლოებასთან ერთად, არხის გენერალურმა დირექტორმა არაერთხელ გაიმეორა, რომ Kanal PIK-ს, როგორც ამ არხს უწოდებენ, ანტირუსული პროპაგანდისთვის  არ გამოიყენებენ. შემდეგ მაუწყებლობაც დაიწყო და პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში „დასვით კითხვა პირდაპირ ეთერში“, რომელიც ორ საათსა და 40 წუთს გაგრძელდა, განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ერები მოსკოვის მართველობის ქვეშ დატანჯულები არიან  – და რომ საქართველოში მათ სამოთხე ელით.

„ჩრდილოეთ კავკასია გეტოდ გადაიქცა“, – თქვა მან, - „ეს ადამიანები ადგილობრივ ფეოდალებს მიუგდეს, რომლებსაც შეუძლიათ მათი მოკვლა, გაუპატიურება, ფეხებით დაკიდება,  წამება და მათთვის ყველაფრის წართმევა. ცხადია, რომ ეს ადამიანები, რომლებიც იქ ისე იქცევიან, ისეთ ქვეყანაში მოხვედრის შემდეგ, სადაც კანონის უზენაესობაა, სხვაგვარად მოიქცევიან“.  

რეპლიკამ ხაზი გაუსვა იმ სარისკო სტრატეგიას, რაზეც ბატონმა სააკაშვილმა გასულ შემოდგომაზე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ისაუბრა. მაშინ მან მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის გაერთიანებას, რომელიც „საქართველოს გზის კვლადაკვალ შეუერთდება თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახს“  (მან აღნიშნა, რომ ეს ხედვა საზღვრების შეცვლისკენ მოწოდება არ არის).

საქართველომ სავიზო რეჟიმი გაამარტივა ჩრდილოეთ კავკასიასთან, მათ შორის რუსეთის ისეთ რესპუბლიკებთან, როგორებიცაა: დაღესტანი, ინგუშეთი და ჩეჩნეთი. ახალი რეჟიმით ამ რესპუბლიკის მცხოვრებლებს 90 დღის განმავლობაში საქართველოში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას ეძლევათ. ქართველი ჩინოვნიკების თქმით, ამ წინადადების წყალობით, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ქვეყანას 12 000 ტურისტი ეწვევა, მათ შორის მრავალი მუსულმანი მომლოცველი, რომლებიც ჰაჯისთვის საცალფეხო მარშრუტს იყენებენ.

ამავდროულად, კავკასიური სოლიდარობა თბილისში სულ უფრო მოდური ხდება. შარშან საქართველოს დედაქალაქმა ორ კონფერენციას უმასპინძლა თემაზე: რუსეთის მხრიდან ჩადენილი სისასტიკე ჩერქეზების - მეფის რუსეთის დროს რეგიონიდან დეპორტირებული ეთნიკური ჯგუფის მიმართ. ორგანიზაციამ, რომელიც დიდოელების, დაღესტნის პატარა ეთნიკური ჯგუფის ინტერესებს წარმოადგენს, დეკემბერში საქართველოს პარლამენტს ქართულ იურისდიქციაში მიღების თხოვნით მიმართა.

პრეზიდენტის ინიციატივა კავკასიის გაერთიანების შესახებ მოსკოვისთვის ყველაზე მტკივნეულ ადგილზე დარტყმაა. Kanal PIK-ის გახსნამდე ერთი დღით ადრე მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში ტერორისტმა-თვითმკვლელმა ათობით ადამიანი მოკლა – ერთ-ერთი ბოლო ტერაქტი ჩრდილო-კავკასიელ მებრძოლთა თავდასხმების სერიიდან. კრემლი ამ რეგიონში წინააღმდეგობის აღმოფხვრას საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ სხვადასხვა ტაქტიკით ცდილობს: ორი სამოქალაქო ომით, სერიოზული პოლიციური წარმომადგენლობით, ძალაუფლების გაზიარებით ადგილობრივ რეპრესიულ მართველ ელიტებთან და უზარმაზარი ფულადი დოტაციებით. მაგრამ არეულობის საფრთხე ჯერ კიდევ ემუქრება მოსკოვის გრძელვადიან ინტერესებს, მათ შორის კავკასიის დასავლეთით, ქალაქ სოჭში 2014 წელს დაგეგმილ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისის გადაწყვეტილებას სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე „მორიგი პროპაგანდისტული ნაბიჯი“ უწოდა, მაგრამ სხვა ჩინოვნიკებმა ღიად დაადანაშაულეს საქართველო ტერორისტებისთვის დერეფნის გახსნაში. დასავლელმა დიპლომატებმა გააფრთხილეს საქართველო, რომ პირდაპირი ურთიერთქმედება ჩრდილოეთ კავკასიასთან შეიძლება სარისკო იყოს.

ვაშინგტონის Center for American Progress-ის მიერ ამ თვეში გამოქვეყნებულ ვრცელ ანგარიშში, სემუელ ჩარაპი და კორი ველტი აცხადებენ, რომ პოლიტიკა დაიწყო „ცალმხრივად, ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში და რუსეთის იმ ნაწილთან მიმართებაში, რომელიც მისი შიდა უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა: ძალადობრივი და მზარდი ისლამისტური აჯანყება“.     

„მიუხედავად იმისა, თუ რა მოტივები აქვს საქართველოს მთავრობას, მოსკოვის მხრიდან ის უპირველესად აღიქმება, როგორც არასტაბილურობის გაღვივებისკენ მიმართული პოლიტიკა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ქართველი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ რუსეთთან ხანგრძლივი სამხედრო დაძაბულობის ფონზე, მათ სხვა გზა არ დარჩათ, თუ არა განამტკიცონ ურთიერთობება ყველა მეზობელთან. ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ რუსეთის შეტევებში საქართველოს წინააღმდეგ ზოგჯერ ჩრდილო-კავკასიელთა დანაყოფებიც მონაწილეობდნენ.

„ზოგიერთი ჩემი მეგობარი დასავლეთიდან მეტყოდა - რისთვის გჭირდებათ ჩრდილოეთ კავკასია, ეს ხომ დამატებითი თავისტკივილია?“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა PIK -ის ეთერში, - „და შემდეგ მე ვკითხულობ: როცა შემდეგ ჯერზე ჩვენი მეგობარი ვლადიმერ პუტინი 50 000 ჩეჩენ ჯარისკაცს გამოგვიგზავნის, თქვენი ჯარისკაცები დაგვიცავენ?“

Kanal PIK-ის გახსნიდან მალევე პოლიტიკური კითხვები ლოჯისტიკურმა გადაფარა. არხის ყოველდღიური ექვსსაათიანი მაუწყებლობა გულუხვად ფინანსდება – ტელეკომპანიამ დასაწყისისთვის 7 მილიონი ევრო, დაახლოებით 9,5 მილიონი დოლარი მიიღო. მის სტუდიას კაკაოს ზეთის სუნი ასდის და შესანიშნავად გამოიყურება; შენობის დიზაინზე მუშაობდნენ დიზაინერები, რომლებიც „ბუგატის“ სპორტული ავტომობილების მწარმოებელთან თანამშრომლობდნენ - ამბობს არხის გენერალური დირექტორი და ტელევიზიის მმართველი კომპანიის თანამესაკუთრე რობერტ პარსონსი.

მაგრამ რუსეთის ჩრდილო–კავკასიაში მუშაობა რეპორტიორებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. ბ-ნი პარსონსი ამბობს, რომ არხს იქ რეპორტიორების მცირე ჯგუფი ჰყავს დაქირავებული, რომლებიც „მართლაც სასტიკად არიან დაშინებულნი“.

„ერთი ჟურნალისტი ზარებს აღარ პასუხობს, როცა ხედავს, რომ თბილისის ნომრებიდან ურეკავენ“, - ამბობს საინფორმაციო სამსახურის დირექტორის თანაშემწე და მმართველი კომპანიის თანამფლობელი ეკატერინე კოტრიკაძე. ოპერატორმა ჩეჩნეთში საკუთარი სურვილით თქვა უარი მუშაობაზე მას შემდეგ, რაც მას ეს პირადად სთხოვა ადგილობრივმა ხელმძღვანელმა და კრემლის რწმუნებულმა რამზან კადიროვმა.

„ისინი ერთი თვის განმავლობაში სოფელში იმალებოდნენ“, – გვიყვება ეკატერინე, - „მათი დამოკიდებულება ჩვენს არხთან თანამშრომლობაზე აბსოლუტურად შეიცვალა“.

ეს საქართველოს მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე „ახალი ამბების“ მაუწყებლობის სფეროში კრემლის სრული მონოპოლიის დარღვევის მეორე მცდელობაა. წინა რუსულენოვანი არხი „პირველი კავკასიური“ შარშან დაიხურა, როდესაც ფრანგული თანამგზავრის ოპერატორმა, რომლითაც ეს არხი მაუწყებლობადა, კონტრაქტი შეწყვიტა, განაცხადა რა, რომ რუსული „გაზპრომ მედია“–სგან უფრო სარფიანი წინადადება მიიღო.

ფრანგული ტელეკომპანია France 24–ს საგარეო პოლიტიკის განყოფილების ყოფილმა ხელმძღვანელმა პარსონსმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის ახალი იერი მთავრობისგან სრული დამოუკიდებლობით ხასიათდება, „აქ პროპაგანდაზე მინიშნებაც კი არ იქნება“ და განაცხადა, რომ შეეცდება რუსეთი ყურადღების ცენტრში არ მოექცეს.

„ტრადიციულად, ისტორიულად, ლინგვისტურად საქართველო გაცილებით დიდხანს იყო დაკავშირებული სამყაროს იმ ნაწილთან, რომელიც სამხრეთით მდებარეობს, ვიდრე იმასთან, რომელიც ჩრდილოეთითაა“, – თქვა მან, - „თუკი თქვენ  ირანთან და თურქეთთან კავშირებს დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ისინი გაცილებით ღრმაა, ვიდრე რუსეთთან ურთიერთობის ფესვები“.

სამუშაო დღე ასე გამოიყურება: ტელეკომპანიის ახალი ამბების განყოფილებაში ჩერქეზული დროშა კიდია. ჩეჩნური საინფორმაციო პროგრამის ყოფილი დირექტორი კანადიდან ჩამოფრინდა და თბილისში საცხოვრებელს ეძებს. ბ–ნი პარსონსი კიდევ ერთხელ უყურებს ახალ დოკუმენტურ ფილმს „ოკუპაცია“, რომელიც 2008 წლის ომის შედეგებს ეძღვნება და დამონტაჟებულია ეპიზოდებისგან, რომელიც ასახავს რუსეთის და საბჭოთა ჯარების ხელით მოკლულ ადამიანებსა და ისტორიულ შეურაცხყოფებს.

„ეს პატარა, საკმაოდ ემოციური ფილმია“, – ამბობს პროგრამების დირექტორის მოადგილე მელანი ენსთი. „აქ არ არის ისე, რომ - ან ერთი, ან მეორე მხრიდან“.         
  
არხის ძველი პროგრამებიდან შემორჩა ალა დუდაევას - ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერის, 1996 წელს მოკლული ჯოჰარ დუდაევის ქვრივის თოქ–შოუ. „კავკასიურ პორტრეტში“ დუდაევა – ქალბატონი თხელი სახის ნაკვთებითა და სასიამოვნო ახალგაზრდა ხმით სტუმარს ინტერვიუს ართმევს და ამავდროულად მის პორტრეტს ხატავს.

მართალია დუდაევა თავის შოუში პოლიტიკურ საკითხებს გაურბის, თუმცა საკუთარ შეხედულებებს არ მალავს: რომ რუსეთის დაშლამდე ერთი ან შეიძლება ორი წელი დარჩა; რომ ხელისუფლებაში პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინის მოსვლა ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა; რომ ბოლო წლების ტერაქტების უმრავლესობის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან; რომ მათ საგანგებოდ გამოიწვიეს იმ თვითმფრინავის კატასტროფა, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა; რომ მებრძოლები, მისი თქმით, „საკმაოდ თამამი ადამიანები არიან იმისთვის, რომ საკუთარი სამშობლოს გათავისუფლებისთვის, ახლა კი კავკასიის გათავისუფლებისთვის იბრძოლონ“.

მას იმედი აქვს, რომ მისი გადაცემა დაარწმუნებს რუსებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლები მათი მტრები არ არიან, რასაც მათ ოფიციალური მოსკოვი უმტკიცებს. „ყველაზე მეტად, მათ სიმართლის ეშინიათ“, – თქვა მან.

წყარო: http://foreignpress.ge/?p=16446  
             
ორიგინალი

ახალი ამბები