კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვიდრე პირდაპირ ეთერში დამიჭერენ...

14 თებერვალი, 2011

რედაქტორის აზრი

ალეკო ცქიტიშვილი

წესით, 11 თებერვალს პრეზიდენტ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლა უნდა მომესმინა, რაკი ჩემი პროფესია მავალდებულებს, მივიღო ინფორმაციები ყველა მხრიდან, გავაანალიზო და გარკვეული დასკვნები გამოვიტანო.

თუმცა, სააკაშვილის გამოსვლების მოსმენას კარგა ხანია, აზრი აღარ აქვს. როგორც მღვდელს ალილუია, ისე გვაქვს დაზეპირებული იმ სიტყვების შინაარსი, რასაც იგი ამ დროს გვეუბნება.

უკვე წინასწარ ვიცით, რას ილაპარაკებს: ქართული პოლიცია ყველა ქვეყნის პოლიციას სჯობია!.. საქართველო პირველ ადგილზეა ხინკლის ჭამაში!.. მესტიაში ყველაზე წმინდა თოვლია!.. ბათუმი ბარსელონაა!.. თბილისში ყველაზე მჩქეფარე შადრევნებია!.. ხათუნა კალმახელიძესა და ვერა ქობალიას თვალები ყველაზე მიმზიდველად უციმციმებთ!..

STOP! 

ამოვიდა ყელში!

ამიტომაც 11 თებერვალს ძვირფასი დრო აღარ დავკარგე და ტელევიზორი არც ჩამირთავს.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რეალურ და მტკივნეულ პრობლემებზე პრეზიდენტს არარეალურად გულუბრყვილო ან თავხედური პასუხები ექნებოდა.

მართლაც, მერე და მერე ნიუსებში აღმოვაჩინე, როგორ არის ჩვენი სუპერმენი პრეზიდენტი ისევ „ნულოვანი ტოლერანტობის“ ერთგული!

თურმე, ქუჩებში ისევ უნდა გაგრძელდეს ხოცვა-ჟლეტა, როგორც ეს მოხდა ქუთაისში რამდენიმე წლის წინ, როცა ძალიან ცუდად დაგეგმილი სპეცოპერაციისას პოლიციელები და შემთხვევით გამვლელი მოქალაქე მოკვდნენ. თურმე, პრეზიდენტი ისევ ამართლებს მსგავს სისხლიან  სპეცოპერაციებს და სინდისი არ ქენჯნის კორტებთან ჩაცხრილული ეჭვმიტანილების, ნაწამები სანდრო გირგვლიანის, ტერორისტული მეთოდებით მოკლული როინ შავაძისა და პოლიციის სხვა გახმაურებული აღვირახსნილი ძალადობების გამო.

ეს ყველაფერი სააკაშვილის პარანოიკულ გონებაში ჩამოიწერა, გაქრა და დარჩა მხოლოდ შადრევნები, მესტიის თოვლი, ხინკლის კუჭები და ქობალიას ჟუჟუნა თვალები...

კითხვები კი დღითიდღე მრავლდება და საზოგადოება პასუხებს ითხოვს!

შემაშფოთებელია ძალადობისა და თავხედობის ახალი ფაქტები:

რატომ დააკავეს და სცემეს ძმები ლუტიძეები უფორმო და უსახო პოლიციელებმა, რომლებიც მათ ყაჩაღებივით თავს დაესხნენ (ვიდეო)?

ეს რა მილიონებს ატრიალებს „სოსო, რომელიც ტელევიზიით ხშირად გამოდის“ და რას უნდა მოხმარდეს ეს ჭუჭყიანი ფული? 

გაოგნებული ვარ ნანა ლეჟავას სპეციალური რეპორტაჟით ( http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=maestro&seekTime=13-02-2011%2021:01 ).

შეიძლება, ვიღაცას ქურდული მენტალიტეტი აქვს, მაფიოზ შაქრო კალაშოვთან მეგობრობს და არაკანონიერი შემოსავლებით მდიდრდება. მე არანაირი სიმპატია არ მიჩნდება ამ ადამიანის მიმართ. თუმცა, უფრო მეტად ამაზრზენია, როცა სახელმწიფო მას დანაშაულს ვერ უმტკიცებს და შსს-ს მაღალჩინოსანი 3 (სამი) მილიონი ევროს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვას ან „ქეშად“ სოსო თოფურიძესთან მიტანას სთხოვს. თუკი ეს კაცი საერთაშორისო ნარკოტრაფიკშია ეჭვმიტანილი, ინტერპოლი რატომ არ იჭერს? რატომ ცხოვრობს მშვიდად და აქვს ბიზნესი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში?

არ მიყვარს პოლიტიზებული მიტინგები!..

არ ვმონაწილეობდი 2007-2009 წლების საპროტესტო მოძრაობაში!

მაგრამ აღშფოთებული ვარ და ვფიქრობ, როგორ დავუპირისპირდე ხელისუფლების ყოველ თავხედობას!

ვფიქრობ და ბოლოს, ალბათ, რაღაცას მოვიფიქრებ, თუკი მანამდე პირდაპირ ეთერში არ დამიჭირეს.

ახალი ამბები