კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოსები კახეთში თავს დაჩაგრულად გრძნობენ

15 თებერვალი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

კახეთში მცხოვრები ეთნიკური ოსების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ეთნიკური ოსების თქმით, მიგრაცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გაიზარდა. ყვარლის რაიონის სოფელ წიწკანაანთსერში მცხოვრები ლიანა ჯიოევა ამბობს, რომ ომის შემდეგ სოფელში უცნობი ადამიანები დადიოდნენ და ოსებს მოუწოდებდნენ, საქართველოდან წასულიყვნენ. რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ ოსებს ბევრი პრობლემა აქვთ სახნავ-სათესი და საძოვარი მიწებით სარგებლობასთან დაკავშირებით.

ეთნიკური ოსები ძირითადად კახეთის ოთხ რაიონში ცხოვრობდნენ. ლაგოდეხის რაიონის სოფლებში: არეშფერანში, ფონაში, ბოლქვსა და ლაფნიანში; ყვარლის რაიონის სოფელ წიწკანაანთსერში; გურჯაანის რაიონის სოფელ ყიტაანში და ახმეტის რაიონის სოფლებში - ფიჩხოვანში, არგოხში, ქორეთსა და საბუეში.

მოსახლეობის 2002 წლის აღწერით, მაგალითად, ლაგოდეხის რაიონის ტერიტორიაზე 2239 ოსი ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა. ამჟამად, მათი რაოდენობა ათასს არ აღემატება. ოსებისგან თითქმის დაცლილია სოფლები ქორეთი, საბუე და არგოხი. მიტოვებულ სოფლებში საცხოვრებელი სახლები განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აქვს ნაყიდი და სტიქიით დაზარალებული რეგიონებიდან ეკომიგრანტებს ასახლებენ.

მთელი სოფლის მიწები ლაშა პაპაშვილმა და არჩილ გეგენავამ იყიდეს

იმ სოფლებში, სადაც ოსები ამ დრომდე შემორჩნენ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ბევრი პრობლემა აქვთ. სოფლებში არ არის სასმელი წყალი, სკოლა, საბავშვო ბაღი, ექიმი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მიწით სარგებლობაა. ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, როცა მოსახლეობაზე სახნავ-სათესი მიწები განაწილდა, ეთნიკურ ოსებს მხოლოდ 0,25 ჰა მისცეს, ნაცვლად 1 ჰექტარისა. ოსებმა აღნიშნული მიწის ნაკვეთების დაკანონებაც ვერ მოახერხეს, როგორც თავად ამბობენ - ეთნიკური წარმომავლობის გამო. თუმცა სახნავ-სათესი მიწებით წლების განმავლობაში სარგებლობდნენ, მოსავალი მოჰყავდათ და თავს ირჩენდნენ.

2010 წელს ყვარლის რაიონის სოფელ წიწკანაანთსერის მაცხოვრებლები სახნავ-სათესი ნაკვეთების გარეშე დარჩნენ. ადგილობრივების თქმით, სოფლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ბოსტნები ჰქონდათ, ბისნესმენებმა არჩილ გეგენავამ და ლაშა პაპაშვილმა იყიდეს და საჯარო რეესტრშიც დაირეგისტრირეს.

„90-იან წლებში, როცა მიწები დაარიგეს, ყველა სოფელში თითო ოჯახს მინიმუმ 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მისცეს, ჩვენ კი 0,25 ჰექტარი მიწა შეგხვდა. სოფელში არაფერი მუშაობს და ხალხი თავს მიწის დამუშავებითა და მესაქონლეობით ირჩენს. მთელი სოფლის მიწები ლაშა პაპაშვილმა და არჩილ გეგენავამ იყიდეს. აღარც ბოსტნები გვაქვს, აღარც საძოვარი და ტყეში საქონლის გაშვების უფლებასაც არ გვაძლევენ. საქონელიც თუ აღარ გვეყოლება, თავსაც ვეღარ ვირჩენთ. სხვა რა გზა გვაქვს, თუ არა აქედან წასვლა?“ - ამბობს წიწკანაანთსერის მკვიდრი თამაზ ჯაოშვილი.

ეთნიკური ოსები ვარაუდობენ, რომ მიწების გასხვისება სოფლიდან მათი მიგრაციის გაზრდას ისახავს მიზნად.

ამ ეჭვს უსაფუძვლოს უწოდებს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან გამსახურდია: „ეთნიკური ნიშნით ვიჩაგრებითო, ასე რომ არ თქვან, სწორედ ამიტომ დავუშვით გამონაკლისი და ვთხოვეთ ეკონომიკის სამინისტროს, წიწკანაანთსერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები აუქციონის წესით გაიყიდოს, რათა ადგილობრივებს მიწის შესყიდვის საშუალება მიეცეთ“.

წიწკანაანთსერის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ისინი აუქციონის წესით მიწის ყიდვას ვერ შეძლებენ, რადგან ფასის გაზრდის შემთხვევაში თანხის გადახდის საშუალება არა აქვთ.

„აუქციონია და წესებს ვერ დავარღვევთ. ვინც მეტს გადაიხდის, მიწაც მას დარჩება“, - აღნიშნავს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ლაფნიანის მიწები ზურაბ ადეიშვილის ახლობელს გადაეცა

სახნავ-სათესი მიწების გარეშე დარჩა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლაფნიანის მოსახლეობაც. კოლმეურნეობის დაშლის შემდეგ სოფელში სააქციო საზოგადოება „ფიჩხიბოგირი“ შეიქმნა. სოფლის მიწები სააქციო საზოგადოებას გადაეცა, რომელმაც მოგვიანებით სოფლის ვენახების შესაწამლად შპს „იმედიდან“ 21 000 აშშ დოლარის ღირებულების შხამქიმიკატები შეიძინა. ხელშეკრულების თანახმად, თუ სააქციო საზოგადოება ვალს ვერ გადაიხდიდა, „იმედის“ ხელმძღვანელობა შხამქიმიკატების საფასურის სანაცვლოდ, 95 ჰექტარ მიწას წაიღებდა. ლაფნიანის მაცხოვრებლების თქმით, მათ შხამქიმიკატები არ მიუღიათ და შესაბამისად, არც ფული გადაუხდიათ. სოფელს და სააქციო საზოგადოება „იმედს“ შორის დავა 2001 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. სოფლის მკვიდრი ლეილა თაბილოვი ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობამ პროკურატურას სამჯერ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. სოფლის სახნავ-სათესი მიწები და ვენახები სააქციო საზოგადოება „იმედს“ გადაეცა, სადაც აგროფირმამ ზეთისხილის ბაღი გააშენა.

ჩვენთან საუბარში სოფელ ლაფნიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა მამუკა ხიდეშელმა განაცხადა, რომ ზეთისხილის ბაღს ვინმე ადეიშვილი კურირებს, რომელიც ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში ცხოვრობს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ იგი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ახლობელია. ზურაბ ადეიშვილი წარმოშობით სოფელ მთისძირიდან არის. არაერთი მცდელობის მიუხედავად, აგროფირმა „იმედის“ წარმომადგენლებს ვერ დაუკავშირდით. ლაგოდეხის გამგებელმა დიმიტრი ლოლაძემ და კახეთის გუბერნატორის მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა აღნიშნეს, რომ ლაფნიანის მაცხოვრებლების პრობლემას არ იცნობენ.

ადგილობრივ ხელისუფლებას კოლექტიური განცხადებებით დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს გურჯაანის რაიონის სოფელ ყიტაანის მაცხოვრებლებმა. სკოლების ოპტიმიზაციის შედეგად სოფელში სკოლა გაუქმდა. „ცოტა ბავშვები გყავთ და სკოლა არ გინდათო. რამდენჯერმე მოვითხოვეთ, რომ დაწყებითი სკოლა მაინც გახსნან, რადგან ბავშვებს 7 კილომეტრზე სიარული ძალიან უჭირთ, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს“, - ამბობს ვარა ჯეირანაშვილი.

სოფელში კულტურის სახლიც გაუქმდა. შენობა გაიძარცვა და გაპარტახდა. ყიტაანში აღარც ამბულატორია ფუნქციონირებს. სოფლიდან რაიონულ ცენტრამდე არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს.

ქართველ უფლებადამცველებსა და ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სოციალურ-ეკონომიკური პირობების გარდა ოსების საქართველოდან წასვლის მიზეზი ეთნიკური და პოლიტიკური ფაქტორიც არის.

პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი: „2008 წლის შემდეგ ვიყავი სოფელ არეშფერანში და აღმოჩნდა, რომ ომამდე დარჩენილი მოხუცებიც კი, რომლებიც ცდილობდნენ, შეენარჩუნებინათ თავიანთი სახლები შვილებისთვის და მათი მოთხოვნის მიუხედავად, არ მიდიოდნენ და არ ტოვებდნენ სახლებს, 2008 წლის შემდეგ იძულებული გახდნენ თავიანთ შვილებთან გადასულიყვნენ ცხინვალში ან ვლადიკავკაზში. ვერ ვიტყვი, რომ ეს მარტო ეკონომიკურმა სიდუხჭირემ განაპირობა. ოსები საქართველოდან აგვისტოს ომამდეც მიდიოდნენ, მაგრამ ომის შემდეგ ეს პროცესი უფრო მასშტაბური გახდა. ჩემი ზედაპირული გამოკვლევით, 2008 წლამდე დარჩენილი მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტი წასული უნდა იყოს სოფლიდან“.

უჩა ნანუაშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი: „საქართველოდან ეთნიკური ოსების წასვლის მიზეზი ძირითადად სოციალურ-ეკონომიკური პირობებია. თუმცა, არის რამდენიმე საქმე, როცა ოსების წასვლა ეთნოპოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა. ამ ადამიანებს ჰქონდათ ნათესაური და ახლო ურთიერთობები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, იმ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებთან. საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა, ეს ადამიანები გამოეყენებინა პოლიტიკური მიზნებისთვის, რაზეც ეთნიკური ოსების ნაწილმა უარი თქვა და ქვეყანა დატოვა. ხშირია შემთხვევები, როცა ეთნიკური ოსებისგან მტრის ხატის შექმნას ცდილობენ. მათ გაუჩნდათ განცდა, რომ კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროთ. ამიტომ, ეთნიკურმა ოსებმა დატოვეს სახლები და საცხოვრებლად ვლადიკავკაზში ან ცხინვალში გადავიდნენ“.

„ომის შემდეგ სოფელში უცნობი პირები რამდენჯერმე შემოვიდნენ და იძახოდნენ - ოსებო, წადითო. იმ პერიოდში არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მალავდნენ თავიანთ აგრესიას. გვეუბნებოდნენ, რომ დამნაშავეები ვიყავით“, - ამბობს სოფელ წიწკანაანთსერის მკვიდრი ლიანა ჯიოევა.

აგვისტოს ომის შემდეგ ასეთივე მოწოდებებით უცნობი პირები სოფელ არეშფერანშიც გამოჩნდნენ. „ხან თავზე ჰქონდათ ჩამოცმული, ხან უნიღბოდ იყვნენ. დაგვყვიროდნენ, რომ სოფლიდან წავსულიყავით. იმ პერიოდში სოფელი განსაკუთრებით ახალგაზრდებმა დატოვეს“, - აღნიშნავს არეშფერანის მკვიდრი თამარ თედეევა.

ეთნიკურ ნიადაგზე ოსებსა და ქართველებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. 2010 წლის 15 ივნისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონაში მცხოვრებ როინ ბაგიევს რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა სახლში შეუვარდა, ცემეს და სხეულის დაზიანებები მიაყენეს. „აქედან წადითო. სად წავიდეთ?!.. წასასვლელი არ გვაქვს. ეს იწვევს ხოლმე ჩხუბს და დაპირისპირებას“, - აღნიშნეს როინ ბაგიევის მეზობლებმა იზოლდა ბოლოთაევამ და ლალი გამარაევამ. როინ ბაგიევი პოლიციას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სამართალდამცავები ოსების შევიწროვების ფაქტებზე ადეკვატურად არ რეაგირებენ.

ახალი ამბები