კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს შესაძლოა, ქონება გაუყიდონ

18 თებერვალი, 2011
„მოდიან, ინსტიტუტის ტერიტორიას ზომავენ, სურათებს უღებენ და მიდიან. ჩვენ არავინ გვისმენს“ - ჩივიან მეცნიერები

მარი ოთარაშვილი, გაზეთი „რეზონანსი“

ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი და მისი ტერიტორიები ეკონომიკის სამინისტრომ, შესაძლოა, გაყიდოს, პერსონალი კი დიღომში ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში გადაიყვანოს - ამაზე თავად ინსტიტუტის წარმომადგენლები საუბრობენ და იმასაც ამბობენ, რომ ინსტიტუტის ლაბორატოების გადატანა დაუშვებელია.

თავად ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო ნუსხაში ანიშნული ობიექტი ჯერჯერობით არ არის.

ინსტიტუტი ტერიტორიულად ვაშლიჯვარშია და წლების განმავლობაში მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში შედიოდა. ცოტა ხნის წინ იგი საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტს მიუერთეს, თუმცა - რა ფორმით, ეს უცნობია. კვლევითი დაწესებულება საკმაოდ დიდ ტერიტორიას ფლობს, რაზეც წლების განმავლობაში მრავალწლიან ნარგავებს აშენებდნენ. ინსტიტუტს სამკურნალო მცენარეთა ნარგავები ჰქონდა კახეთშიც და აჭარაშიც, სადაც სამკურნალო მცენარეებს ზრდიდა.

იველ ქუთათელაძემ ინსტიტუტი 1932 წელს დააარსა. იგი ივანე ჯავახიშვილმა მის დაარსებულ პირველ ქართულ უნივერსიტეტში ფარმაციის კურსის წასაკითხად რუსეთიდან მოიწვია.

ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, რომელიც საბჭოეთში ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი დაწესებულება იყო, დაარსების დღიდან საქართველოს ფლორის სამკურნალო მცენარეებს სწავლობს და მათგან მედიცინაში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფა-დანერგვაზე მუშაობს. ინსტიტუტში შექმნილი ქართული ფლორის ბაზაზე რამდენიმე ორიგინალური პრეპარატია, რომელიც მთელს საბჭოეთს მიეწოდებდა.

როგორც ინსტიტუტის თანამშრომლები ამბობენ, ინსტიტუტი დღესაც კი მომგებიანია და ახლაც ჰყიდის საკუთარ ორიგინალურ პრეპარატებს არა მარტო საქართველოს, არამედ რუსეთის, უკრაინის, ბელორუსისა თუ კავკასიის ბაზარზე. აქვთ კავშირები უცხოეთთან და ჰყავთ დასავლეთში მომზადებული ახალგაზრდა კადრებიც. ყოველწლიურად სახელმწიფოს 40 000 ლარამდე მოგების გადასახადს უხდიან იმ პირობებში, როცა სახელმწიფო მხოლოდ კომუნალურ გადასახადს უხდის და მიზერულ ხელფასს (მეცნიერ-მუშაკს - 200 ლარამდე). ანუ ეს ხალხი საკუთარ თავს თავად ინახავს და სხვასაც არჩენს.

„თვითონ საწარმოს გადატანა გამორიცხულია, რადგან იქ ქარხანა თავიდან იქნება ასაშენებელი და ვინაა ამშენებელი?! ამას მილიონები დაჭირდება. ანუ ეს აპარატურა და საწარმოო ტექნიკა ჩათვალეთ, რომ მოისპობა. წარმოების გარეშე მეცნიერებიც რამდენ ხანს გაძლებენ 200 ლარზე?! ფინალი წარმოსადგენია“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ფარმაკოქიმიაში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვახტანგ მშვილდაძე, - „სახელმწიფო იღებს რამდენიმე მილიონს შენობისა და ტერიტორიის საფასურად. სამაგიეროდ, კარგავს აწყობილ, მომგებიან ინსტიტუტს 80-წლიანი გამოცდილებით; კარგავს დარგის ექსპერტებს; კარგავს მომავალ თაობას ამ სფეროში. ეს ინსტიტუტი თუ გაყიდეს, მართლა ძალიან ცუდი იქნება საქართველოსთვის. ეს კვლევითი დაწესებულება უნიკალურ ექსპერტიზას ფლობს სამკურნალო მცენარეებში და მათგან წარმოებულ მედიკამენტებში“.

ეკონომიკის სამინისტროდან ინსტიტუტში დიდი ხანია უკვე რომ დადიან, სურათებს იღებენ და ზომავენ ყველაფერს, ამაზე ინსტიტუტის ყველა თანამშრომელი საუბრობს.

„ყველა ასე მოსულს ველაპარაკებით, ვეხვეწებით და ვუხსნით, რო არ შეიძლება წარმოების და ინსტიტუტის გადატანა. ყველაფერს დეტალურად ვეუბნებით, მაგრამ ჩვენ არავინ გვისმენს... მოდიან, ზომავენ, სურათებს უღებენ და მიდიან. სამედიცინო უნივერსიტეტთან შეერთება, ფაქტობრივად, ჩვენს დახურვას ნიშნავს. ჩვენ როგორც ვიცით, ეკონომიკის სამინისტრო ამ ინსტიტუტსა და მის ტერიტორიებს ჰყიდის, ჩვენ კი დიღომში ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში გადავყავართ. ჩვენ სამედიცინო უნივერსიტეტი კი არ გვძულს და მასთან შეერთებაზე კი არ ვართ უარზე; უბრალოდ, როგორც ყველა კვლევით ინსტიტუტს ამ შეერთებით რაც უყვეს, ჩვენც ის მოგვივა - ბოლოს გაგვაუქმებენ!“ - ამბობს „რეზონანსთან“ საუბრისას ინსტიტუტის ერთ-ერთი თანამშრომელი (მისი თხოვნით, გვარ-სახელს არ ვასახელებთ).

ინსტიტუტის უხუცესი, აკადემიკოსი ეთერ ქემერტელაძე კვლევითი დაწესებულების ლაბორატორიების მნიშვნელობაზე საუბრობს და
ამბობს, რომ მათი გადატანა ტექნიკურად ვერ მოხერხდება, რადგან
მწყობრიდან გამოვა.

ეთერ ქემერტელაძე, აკადემიკოსი: „ამ ლაბორატორიების გადატანა სხვა  ადგილას არ შეიძლება. აქ აწყობილი გვაქვს პატარა ექსპერიმენტული
ბაზა და ჩვენი საცდელი სადგურები. სიტუაციას ვართ მორგებულები. როგორც გვსმენია, ეკონომიკის სამინისტროდან აქ იყვნენ მოსულები, მაგრამ რა გეგმები აქვთ, ან რას გვიპირებენ, არ ვიცით. აქ ლაბორატორიების მოშლა კი ნიშნავს მთლიანად ამ დარგის მოშლას. ქართული ფარმაკოქიმია აღარ იქნება. მოგეხსენებათ, სამკურნალო მცენარეებს ვიკვლევთ, აქედან პრეპარატებს ვამზადებთ... როგორმე უნდა მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას, რომ ეს დარგი არ მოიშალოს. ფარმაკოქიმია სპეციფიური დარგია და მისი მოშლა არ შეიძლება“.

რა ბედი ელის ფარმაკოქიმიის კვლევით დაწესებულებას - ამის გასარკვევად „რეზონანსი“ სამედიცინო ინსტიტუტის კანცლერს, ზურაბ ორჯონიკიძეს ესაუბრა. 

„ეს სამედიცინო-კვლევითი ინსტიტუტი როგორც სტრუქტურული ერთეული თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტს გადმოეცა. ჯერჯერობით გადმოცემულია მხოლოდ ინსტიტუტი, ქონების გარეშე. ანუ მისი ქონება
კვლავ სახელმწიფო საკუთრებაა. ისეთი აქტი, რომლითაც ინსტიტუტის ქონება ჩვენზე გადმოვიდა, არ არსებობს. გაიყიდება თუ არ არა ეს ქონება, არ ვიცით. მოგეხსენებათ, სახელმწიფო თავად განკარგავს თავის ქონებას. თვითონ ინსტიტუტს ბიუჯეტი რაც ჰქონდა, სახელმწიფომ იგივე გამოუყო. ანუ მას დაფინანსება არ დაკლებია და მეცნიერებს აქვთ სრული უფლება, გააგრძელონ თავიანთი კვლევები. ეს ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ. ამ ეტაპზე არც ერთი თანამშრომელი არ შემცირებულა. ჩვენ მათ საქმიანობაში არ ვერევით. მათ ჰყავთ თავინათი დირექტორი. პირიქით, ყველაფერში ხელს შევუწყობთ. სხვა არაფერი ვიცით“.

ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო ნუსხაში ინსტიტუტის შენობა გასაყიდ ობიექტებში შეყვანილი არ არის. თუმცა როგორც ვერა ქობალიას უწყების პრესსამსახურიდან გვაცნობეს, საპრივატიზაციოდ გამზადებული სამედიცინო ობიექტები ნუსხაში ამ დღეეებში შევა.

ახალი ამბები