კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხუთი მიზეზი, რის გამოც საქართველო ომში დამარცხდა

22 თებერვალი, 2011

მაიკლ ჩეჩირე, Eurasia Review

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უამრავჯერ იქნა განხილული, პერიფრაზირებული და არგუმენტირებული ის გარემოებები და მოვლენები, რასაც ადგილი ჰქონდა როგორც ომამდე, ასევე ომის მიმდინარეობისას. თუმცა, ერთი რამ, რაზეც როგორც ჩანს, ყველა მხარე თანხმდება არის ის, რომ ქართულმა არმიამ თავი ცუდად წარმოაჩინა. რთულია ამ შეფასებას არ დაეთანხმო, მით უფრო ამ ხანმოკლე კონფლიქტის აშკარა სამხედრო შედეგის ფონზე: საქართველო დამარცხდა.
 
რა თქმა უნდა, მედია რამდენჯერმე  საპირისპირო შეხედულების გავრცელებასაც შეეცადა, თითქოს საქართველომ „სინამდვილეში ომი მოიგო“. ეს ქართული მხარის მიერ მოვლენების საყოველთაოდ გავრცელებული ვერსია გახლდათ, ან შეიძლება იმიტომ გავრცელდა, რომ საქართველო უფრო დემოკრატიულია და ა.შ. მაგრამ ამ ვერსიის ავტორებიც კი არ აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს არმია რუსეთის ბევრად უფრო დიდი და უკეთ აღჭურვილი არმიის ღირსეული მოწინააღმდეგე არ იყო. თითქოს ამით ყველაფერი უნდა დასრულებულიყო.

მაგრამ Wikileaks-ის მიერ ახლახანს გამოქვეყნებულმა დიპლომატიურმა დოკუმენტებმა აღნიშნული საკითხი კვლავ ყურადღების ცენტრში მოაქცია.  დეპეშები ციტირებენ წყაროებს, რომლებიც სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებენ იმას, რომ რუსეთის დიდი, მაგრამ დაძველებული შეიარაღებული ძალები რაიმე საფრთხეს მაინც წარმოადგენდა ნატო-სთვის. Associated Press-ის სტატიის თანახმად – „რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეეძლო ეპასუხა მხოლოდ მცირე ან საშუალო მასშტაბის ლოკალური კონფლიქტისთვის მის დასავლეთ რეგიონებში“.

„შეფასება რუსეთის მიერ მის დასავლეთ რეგიონებში ჩატარებულ ორ მასშტაბურ მანევრს მოჰყვა. წვრთნები რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოცდისთვის ჩატარდა 2008 წლის სწრაფი გამარჯვების შემდეგ საქართველოზე“.

რა თქმა უნდა, ზოგიერთმა კომენტატორმა ეს „ახალი ამბავი“ საქართველოს არმიის ბრძოლისუნარიანობის ექსტრაპოლირებისთვის საზომად გამოიყენა. პრესტიჟულ თავდაცვით ბლოგ Ares-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ქრისტინა მაკენზი ასკვნის, რომ აშშ-ის მიერ გაწვრთნილი ქართული არმია კიდევ უფრო უარესია.

„ამერიკულ დეპეშაში მოყვანილი ნატო-ს ანგარიში, როგორც ჩანს, გამოყენებულ იქნა აღმოსავლეთ-ევროპელი მოკავშირეების დასამშვიდებლად, რომლებიც საშინლად შეშფოთდნენ რუსეთის არმიის ელვისებურ საპასუხო რეაქციაზე, რაც სამხრეთნ ოსეთის გამოყოფილ რეგიონზე საქართველოს მოულოდნელ თავდასხმას მოჰყვა“, – ამბობს მაკენზი, – „აშშ-ის მიერ გაწვრთნილი საქართველოს არმია თავდასხმის მცდელობიდან ერთ კვირაში განადგურდა, მაგრამ თუკი რუსეთის არმია ისეთი უვარგისია, როგორც ამას ამტკიცებენ, მაშინ როგორ ახასიათებს ეს იმ წვრთნის ხარისხს, რომელიც შეერთებულმა შტატებმა საქართველოს არმიას გაუწია?“

ასეთ დასკვნასთან დაკავშირებულ აშკარა პრობლემასაც რომ თავი დავანებოთ (საქართველოს არმია ბრიტანეთის სპეციალური საჰაერო ძალების და აშშ საზღვაო საჰაერო ძალების წარმომადგენლებისგანაც რომ ყოფილიყო დაკომპლექტებული, ის მაინც ვერ შესძლებდა მასზე ბევრად დიდი რუსეთის არმიის დამარცხებას), საინტერესოა, ზოგადი შეფასება - საქართველოს არმია იმიტომ დამარცხდა, რომ ის ცუდად გაწვრთნილი იყო.

ვებ-გვერდი evolutsia.net წარმოგიდგენთ იმ ხუთ მიზეზს, რომლის გამოც საქართველო აგვისტოს ომში დამარცხდა:

#1 მასშტაბი

რუსეთის შეიარაღებული ძალები, ისევე როგორც ქვეყანა, საქართველოს ბევრად აღემატება.

არ იცოდით, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები რუსეთის არმიაზე პატარაა?
მიუხედავად იმისა, რომ ეს პუნქტი საოცრად ცხადია, უცნაურია ის თუ რამდენად იშვიათად ხდება ამ ფაქტის ციტირება საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედებათა შეფასებისას რუსეთის წინააღმდეგ. მაგალითად, მარტო ჩრდილოეთ-კავკასიაში დისლოცირებული შეიარაღებული ძალები 100 000-ზე მეტ სამხედროს ითვლის, ასობით ტანკს, ჯავშანმანქანას და საარტილერიო ნაწილს და აქ არ იგულისხმება რუსეთის ძალების მულტიპლიკატორები, როგორებიცაა ავიაცია და ლოჯისტიკური რესურსი.

შედარებისთვის - საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სულ დაახლოებით 35 000 სამხედროა და 130 ტანკზე ნაკლები. ეს რიცხვი ისეთ პერსონალსაც მოიცავს, როგორიცაა: დაზვერვა, მომსახურე პერსონალი და ადმინისტრაცია.

მაშინ, როცა 35 000 ჯარისკაცი იყო და არის საკმარისი სამხრეთ-ოსეთის მცირე  შეიარაღებულ ფორმირებებთან გამკლავებისთვის, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ ქართული დანაყოფები სწრაფად დაჯაბნა დიდმა და უკეთ აღჭურვილმა რუსულმა არმიამ.

#2 დოქტრინა და წვრთნა

რუსეთის სამხედრო დოქტრინაში აქცენტი კომბინირებულ შეიარაღებულ ძალებზე კეთდება, საქართველოსაში - ნაკლებად.

პირველ და მეორე ჩეჩნურ ომებში, რუსეთის არმიამ ნების არარსებობასთან გათანაბრებული აბსოლუტური უუნარობა გამოავლინა, როცა საკუთარი ომები ჩეჩენი აჯანყებულების წინააღმდეგ არა აშშ-ის ერაყული და ავღანური ოპერაციების სტილში (ე.წ. სადამსჯელო აქციების (COIN) ტაქტიკით) აწარმოა, არამედ საბჭოთა სტილში, როცა აჯანყებული სეპარატისტების წინააღმდეგ სახმელეთო თავდასხმებსა და დამანგრეველ საჰაერო შეტევებს იყენებდა. ამ ტაქტიკამ პირველ ომში არ გაამართლა და წარმატებას მეორე ომში მხოლოდ მას შემდეგ მიაღწია, რაც  ჩეჩნეთის უდიდესი ნაწილი, მისი სამხედრო და სამოქალაქო ცენტრები ნანგრევებად გადაიქცა.

თუკი ტიპური თავდასხმები ჩრდილო-კავკასიელ აჯანყებულებზე, რომლებიც კლდოვან უღელტეხილებსა და ურბანულ ჯუნგლებში იმალებოდნენ, უფრო ძვირადღირებული გახლდათ, ძალიან ეფექტური აღმოჩნდა შედარებით უკეთ ორგანიზებული და დიდი ქართული ფორმირებების წინააღმდეგ, გორიდან ჩრდილოეთით უფრო ღია რელიეფის პირობებში.

ერთგვარად ირონიულია ის, რომ 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალები რუსეთის არმიაზე გაცილებით უკეთ იყო გაწრთვნილი ე.წ. ურბანული სადამსჯელო აქციების (COIN) ტაქტიკის თვალსაზრისით. 1990-იანი წლების ბოლოს, საქართველოს შეიარაღებული ძალები დიდწილად ფორმაში გამოწყობილ მოხალისეთა ნაკრებს უფრო წარმოადგენდა, რომლებსაც ნომინალური, ხშირად ერთმანეთის კონკურენტი ხელისუფლების წარმომადგენლები მართავდნენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. მოდერნიზაციის მხარდაჭერის მიზნით, 2002 წელს შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნა „საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით“ (GTEP) პროგრამის ფარგლებში, რომლის ხანგრძლივობა 18 თვე იყო, ღირებულება კი 64 მილიონი დოლარი, საქართველოს შეიარაღებული ძალების შეზღუდული კონტიგენტი საბაზისო უნარებში მომზადდა.

საინტერესოა, რომ პროგრამის მთავარი სტიმული საქართველოს პანკისის ხეობაზე თბილისის შეზღუდული კონტროლი გახდა. ხეობაში ეთნიკური ჩეჩნები ცხოვრობდნენ და როგორც ამბობდნენ, დევნილთა ბანაკებს აჯანყებული ჩეჩენი მებრძოლებიც აფარებდნენ თავს. ვლადიმერ პუტინმა, თავის მხრივ, ამ პროგრამას მხარი დაუჭირა. GTEP ასევე ნატო-ს სამხედრო სტანდარტებისკენ საქართველოს მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო.

GTEP შემდგომი პროგრამა „საქართველოს სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციების პროგრამა“ (SSOP) იყო, რომლის მიზანი GTEP-ის ბაზაზე ქართული არმიის ე.წ. COIN-ის ტაქტიკასა და ერაყში ოპერირებისთვის სამშვიდობო ტაქტიკაში მომზადება იყო. ეს და სხვა მსგავსი წვრთნები (სტაბილურობის ოპერაციის ფარგლებში), უშუალოდ 2008 წლის ომამდე მიმდინარეობდა. ბოლოს ქართულ არმიას ავღანეთის ოპერაციებისთვის ამზადებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთის ოპერაციებისთვის მიღებული წვრთნა და გამოცდილება გაცილებით მკაცრი და სერიოზულია, ვიდრე ეს ერაყისთვის მომზადების შემთხვევაში იყო, სადაც საქართველოს გაცილებით შეზღუდული როლი ენიჭებოდა, ქართული არმია დღემდე არ მოუმზადებიათ ტერიტორიის დაცვის ან ერთობლივი შეიარაღებული ძალების ოპერაციებისთვის.

COIN-ის წვრთნები შესაძლოა საკმარისი ყოფილიყო სამხრეთ-ოსეთის ფორმირებების წინააღმდეგობის ჩასახშობად, მაგრამ ის ფაქტობრივად არაფერს ნიშნავდა რუსეთთან სამხედრო წინააღმდეგობის სცენარისთვის. სწორედ ამიტომ არა აქვს აზრი აგვისტოს ომის კონტექსტში ქართული არმიის „ამერიკულ წვრთვნაზე“ აქცენტს, თუმცა ქართველი სამხედროების წარმატებას ერაყსა და ავღანეთში საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევენ.

#3 ქართული ელიტა

საუკეთესოდ გაწვრთნილი ქართული სამხედრო დანაყოფები ერაყში გააგზავნეს.

ერაყზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე კარგად გაწვრთნილი, აღჭურვილი და გამოცდილი ქართველი სამხედროები ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზეც კი არ იმყოფებოდნენ. ერაყში იმ დროს 2 000 ქართველი სამხედრო მსახურობდა, რომლებსაც კონფლიქტში მონაწილეობის არანაირი შანსი არ გააჩნდათ. იმ დროისთვის, როცა ეს ძალები საქართველოში დაბრუნდნენ, ომი დასრულებული იყო. ისინი რომ კონფლიქტის დროს საქართველოში ყოფილიყვნენ, ზოგიერთების აზრით, ამას შესაძლოა, რაღაც დოზით მაინც ომის შედეგზე ემოქმედა (თუმცა ნაკლებად სავარაუდოა). თუმცა, დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ასეთ შემთხვევაში მსოფლიოს ჰქონდა შანსი, შეეფასებინა ის, თუ როგორ მოქმედებენ „ამერიკელების გაწვრთნილი“ ქართველი სამხედროები რუსების წინააღმდეგ.

საქართველოს არმიის საუკეთესო ნაწილი იმ დროს ქვეყანაში არ იმყოფებოდა და ამას ხშირად იყენებდნენ იმის დასტურად, რომ თბილისს ომში ჩაბმის წინასწარი განზრახვა არ ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, იგი ნამდვილად არ აპირებდა რუსეთის არმიასთან ბრძოლას. ბუნებრივია, ეს რომ საქართველოს მიზანი ყოფილიყო, მას ენდომებოდა თავისი კარგად გაწვრთნილი და ბრძოლებში გამოცდილი დანაყოფები საქართველოს ტერიტორიაზე ჰყოლოდა და არა მესოპოტამიაში, სადაც ისინი ტელევიზიით უყურებდნენ, თუ როგორ ანადგურებდნენ მათ ქვეყანას.

#4 ძალის მულტიპლიკატორები

რუსეთმა მნიშვნელოვანი ეფექტის მისაღწევად ძალის რამდენიმე მულტიპლიკატორი გამოიყენა, საქართველომ – არც ერთი.

ძალის მულტიპლიკატორები არის ის, რისი გამოყენებაც საქმეში სამხედრო ოპერაციების ეფექტურობის „მრავალჯერადი გაზრდისთვის“ შეიძლება. მაგალითად, დავუშვათ რომ არმია A  ებრძვის არმია B-ს, ორივე არმიის რიცხოვნება და მომზადების დონე თანაბარია, მაგრამ თუკი არმია A-ს აქვს თვალთვალის აეროსტატი, ხოლო  B-ს არა,  A-ს საკუთარი ოპერაციების სტილის განსაზღვრის უპირატესობა გააჩნია. მათ შეუძლიათ, მაგალითად, დანახონ, რომ არმია B მარცხენა ფლანგიდან დაუცველია, გამოიყენონ ეს სისუსტე და იქ ჯარები გაგზავნონ. არმია B დემორალიზებულია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თვალთვალის აეროსტატი ძალის მულტიპლიკატორია.

რუსეთს საქათველოსთან შედარებით ასეთი უპირატესობები გააჩნდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მის მოცულობით უპირატესობაზე, ადეკვატურ წვრთნასა და ბრძოლებისთვის მზადყოფნაზე. რუსეთის ხელში ერთ-ერთი ასეთი მულტიპლიკატორი საქართველოს საჰაერო სივრცის აბსოლუტური კონტროლი იყო. მართალია, ქართულმა ავიაციამ რამდენიმე მოულოდნელი საჰაერო შეტევა განახორციელა, მაგრამ რუსეთის უპირატესობა არასდროს სადავო არ გამხდარა. ეს რუსეთის ძალებს ინფორმაციის შეგროვების, ქართულ სამიზნეებზე თავდასხმებისა და საქართველოს მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების საშუალებას აძლევდა.

ძალის სხვა მულტიპლიკატორები? ინფორმაცია და თანამგზავრიდან თვალთვალი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა და დიდი საზღვაო ფლოტი შავ ზღვაზე (რომელმაც მეორე ფრონტი გახსნა) ეს მინიმუმია.

#5 ხელმძღვანელობა და კონტროლი

ხელმძღვანელობასა და კონტროლთან დაკავშირებული პრობლემები უარყოფითად აისახა საქართველოს შესაძლებლობაზე  რეაგირება მოეხდინა სწრაფად ცვლად გარემოებებზე.

„მე გამიგია (წამიკითხავს), რომ ქართველებისა და რუსების ავანგარდს შორის ფრონტის სამხრეთ ხაზზე ბრძოლების პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში ნაკლები წინააღმდეგობა იყო“, – წერდა ერთ-ერთი კომენტატორი 2008 წლის ომის დასაწყისში Small Wars Journal-ის ფორუმზე.

„ეს ისე ჩანდა, თითქოს ქართველები შესაბამისი შემაკავებელი ქმედებების გარეშე უკან იხევდნენ და რუსეთის სადაზვერვო ქვედანაყოფებს შეეძლოთ სამიზნეებთან უბრალოდ „მისვლა და დაკავება“. მაგალითად გორი აშკარად ევაკუირებული იყო, როცა იქ რუსები შევიდნენ. როგორც ჩანს, ფრონტის ხაზებზე არ არსებობდა არანაირი უპირატესობა არც რაოდენობრივი და არც სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით, რომელზეც საუბარი შეიძლება“.

ბევრი დამკვირვებელი ეთანხმება აზრს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუკი საქართველო წინასწარ ემზადებოდა აგვისტოს ომისთვის (ეს კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას), მას რუსეთის მონაწილეობაზე გათვლა არ ჰქონდა და რაღა თქმა უნდა, ის არ ფიქრობდა, რომ რუსეთი ომში ასეთი სისწრაფით, შემართებით და ამ დოზით ჩაებმებოდა (მაგალითად, გააფართოვებდა ომს კონფლიქტის ზონების გარეთ), როგორც ეს სინამდვილეში მოხდა. გეგმავდა თუ არა ომს საქართველო, ცხადია, რომ ისინი ვინც პასუხისმგებლები იყვნენ დაგეგმვაზე სტრატეგიულ და ტაქტიკურ დონეზე, საკუთარ საქმეს ვერ გაუმკლავდნენ. კონფლიქტში რუსული არმია როცა ჩაება, ქართულმა წინააღმდეგობამ შთამბეჭდავი კრახი განიცადა.

ხელმძღვანელობის დონეზე ქართულმა არმიამ ვერ შესძლო  სწრაფად ცვალებად პირობებსა და გარემოებებთან ადაპტირება და საბოლოო ჯამში დაიშალა და გაიფანტა. სარეზერვო ძალის გამოყენებაზე მოწოდებაც კი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის დაცვისთვისაა განსაზღვრული, სრული მარცხით დასრულდა და არაფრის მომცემი იყო არც მებრძოლების, არც საბრძოლო აღჭურვილობის და არც ორგანიზაციული მზადყოფნის თვალსაზრისით. არ არის გასაკვირი, რომ ომის შემდეგ რეზერვისტთა ძველი სისტემა ყოველგვარი ცერემონიის გარეშე გაუქმდა და გადაჯგუფდა.

პრობლემა, როგორც ჩანს, სამხედრო იერარქიის ყველა დონეზე არსებობდა – სამინისტროდან დაწყებული, ქვედანაყოფების ხელმძღვანელობით დამტავრებული. ხოლო გეგმები ტერიტორიული თავდაცვის მხარდაჭერის სფეროში, რაც ზოგადად ყველა ნაციონალური შეიარაღებული ძალის არსებობის არსია, ან არ არსებობდა, ან საშინლად შესრულდა. თუკი ქართული არმია რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ისეთი შეტაკებებისკენ უბიძგებდა, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, იქნებოდა თუ არა ამ ომის დასასრული საქართველოსთვის უკეთესი.

წყარო: http://foreignpress.ge/?p=16507 

ორიგინალი

ახალი ამბები